Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

kulbiTis RvTismSoblis
eklesia
(XVIII s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეს ძეგლი საინტერესოა, როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის – გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის – კუპელჰალეს ნიმუში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გეგმისა და შიდა სივრცის აგებულების მიხედვით, ეს ეკლესია ქართულ არქიტექტურაში კუპელჰალეს თემის არსებობის მანძილზე ერთადერთი ძეგლია, რომელიც ყველა იმ ელემენტს ატარებს, რაც მკვლევართა წარმოდგენით, ”სუფთა” გუმბათოვანი დარბაზის ტიპს უნდა ჰქონდეს.

3. adgilmdebareoba

კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ცხინვალის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით  13 კმ–ში მდებარე სოფელ კულბითში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ეკლესიას არა აქვს დამათარიღებელი წარწერა. მის იატაკში ორი საფლავია- ლუარსაბ და დიმიტრი ჩერქეზიშვილებისა. ისინი, როგორც ეტყობა ძმები იყვნენ  ორივე იორამის ძედ მოიხსენიება, მათი დედა კი ამილარბარ-სახლთუხუცესის ასულად. თოთხმეტი წლის ლუარსაბის საფლავის ქორონიკონი (უპბ) 1794 წელს იძლევა, დიმიტრისა - 1818 წელს. ამ ცნობების მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკლესია აშენდა 1794 წლამდე. სხვა წერილობითი მასალა არ მოგვეპოვება.
მკვლევარი ვ. ბერიძე, ითვალისწინებს რა ერთი მხრივ, ფასადების მორთულობის ხასიათის ძლიერ დაშორებას ტრადიციული სისტემისგან და მეორე მხრივ, ირანიზმების არარსებობას, მას XVIII საუკუნით ათარიღებს. მკვლევარი იშველიებს ადგილობრივ გადმოცემებსაც, რომელთა მიხედვით ეკლესიის აგება ერეკლე II-ის ხანას უკავშირდება; იხსენიებს აგრეთვე ისტორიულ ცნობასაც: ერეკლეს ერთ-ერთ ვაჟს იულონს კავშირი ჰქონდა იმ კუთხესთან; თანაც არც ვახუშტი იხსენიებს ეკლესიას თავის 1730-იან წლებში დაწერილ ”აღწერილობაში”. ამის გამო ვ. ბერიძე ტაძარს XVIII საუკუნის ბოლოს მიაკუთვნებს.

ამჟამად, ეკლესია რუსი ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ადგილობრივი გადმოცემა კულბითის ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობას ერეკლე II-ის ხანას უკავშირებს.

7. arqiteqturuli aRwera

კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია კუპელჰალეს ნაგებობათა ტიპს მიეკუთვნება. მისი გეგმა გარე სწორკუთხედში თავსდება, თუმცა გრძივი კედლების სიგრძე ოდნავ განსხვავებულია (გარე ზომები - 9,98-10,20X7,05 მ.). შიდა სივრცეში გუმბათის საყრდენად ორი წყვილი შვერილია. ისინი სივრცეს სამ ნაწილად ყოფს, რომელთაც აღმოსავლეთით აფსიდიც ემატება. საკურთხევლის წინა მონაკვეთი ყველაზე ვიწროა, გუმბათქვეშა ანუ ცენტრალური კი - განიერი. გრძივი კედლების გაყოლებაზე, შვერილებსა და კედლებს შორის თაღ-კამარებია გადაყვანილი. შუაში მაღალი კამარით ჯვრის მკლავებია გამოყოფილი, კუთხის უბეები კი შედარებით ნაკლები სიმაღლის კამარებით სრულდება. დასავლეთი შვერილებიდან დასავლეთი კედლისკენ გადასროლილი თაღი ეყრდნობა პილასტრს, რომელიც იატაკამდე არ ჩამოდის და კედლის შუა ნაწილში წყდება.
საკურთხევლის აფსიდი ნახევარწრიულია და აქეთ-იქით მცირე ზომის თითქმის კვადრატული პასტფორმიუმები აქვს. პასტფორმიუმებში გასასვლელები აღმოსავლეთი კუთხის უბეებიდან არის მოწყობილი. საკურთხეველში ნიშები არ არის; კონქის ძირში ქვევრებია ჩაყოლებული ხმის გასაძლიერებლად.
გუმბათის ყელი დიდი ზომისაა და შიდა სივრცის ფორმირებაშიც დიდ როლს ასრულებს. იგი ეკლესიის ცენტრალურ, ყველაზე განიერ ნაწილს აგვირგვინებს და მთელი სივრცის ვერტიკალურ მიმართულებას აპირობებს. გუმბათქვეშა კონსტრუქციებად აქ აფრებია გამოყენებული; შიგნიდან გუმბათის ყელი ცილინდრულია.
შესასვლელი ორია: დასავლეთი კედლის ცენტრალურ ღერძზე და სამხრეთით, ჯვრის მკლავის ცენტრში. ორივე შიგნიდან თაღოვან ნიშაშია ჩასმული. ყველა სარკმელი ვიწრო ჭრილს ქმნის და შიგნითკენ კი ძლიერ ფართოვდება. ისინი ნახევარწრიულად ბოლოვდება. ქვედა კორპუსში სამი სარკმელია გაჭრილი - აფსიდში და ჯვრის სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში. გუმბათში რვა სარკმელია. პასტფორმიუმებსაც აქვს წრიული ფორმის აღმოსავლეთით მიმართული სარკმლები, რომლებიც ერთიანი ქვის ჩახვრეტითაა მიღებული.
კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ყველა ნაწილი - შვერილები, გუმბათქვეშა თაღები, სარკმლები, გასასვლელები, გუმბათის ყელის ძირი - კარგად გათლილი და ერთმანეთთან მორგებული ქვის კვადრებითაა ამოყვანილი. დანარჩენი კედლები რიყის ქვისაა. ეს ნაწილები შელესილი იყო. ინტერიერში იგრძნობა მხატვრული გაფორმებისკენ სწრაფვა: თლილ ქვაზე ჩრდილო-აღმოსავლეთით შვერილის დასავლეთ მხარეს ვარდულებია ამოკვეთილი: ოდნავ განსხვავებული ვარდულია სამხრეთ-აღმოსავლეთ შვერილზე (ოღონდ ქვემოთ ჩასმული), ვარდულების ნახვა შეიძლება სამხრეთ-დასავლეთ შვერილზეც. თაღების ქუსლებთან იმპოსტებიც სუფთად დამუშავებული სამსაფეხუროვანი ფორმით იკვეთება. მხატვრული გაფორმების პრეტენზია იგრძნობა გუმბათქვეშა შვერილების კუთხეების დამუშავებაშიც. სწორკუთხა ბაზისებზე ”შემოდგმულ” შვერილებს მთელ სიმაღლეზე აუყვება ჩაჭრილი ღარი. ზემოთ ის სამკუთხა ფოსოს სახეს იღებს და მოხდენილად ესაფუძვლება იმპოსტის კუთხეებს. ლილვის ფორმის სალტე გუმბათის ყელის ძირშიცაა შემოყოლებული.
თაღების ფორმა ყველგან ნახევარწრიულია, მხოლოდ სადიაკვნეს აქვს შეისრულთაღოვანი შესასვლელი. უნდა ითქვას, რომ კულბითის ღვთისმშობლის ტაძრის შიდა სივრცე საკმაოდ კარგად არის მოგვარებული და არქიტექტურულ ნაწილებსაც ოსტატობა ეტყობა. გარე მასები კი ცოტა არ იყოს, პროპორციულად აუწყობელ შთაბეჭდილებას ახდენს. ფართო, ცილინდრული გუმბათი შენობის დომინანტია. დასავლეთი და აღმოსავლეთი მხარე  ერთიან, ორფერდა გადახურვაშია მოქცეული, ხოლო სამხრეთით და ჩრდილოეთით მცირედ მაღლდება ჯვრის მკლავები. გუმბათი ახლა გადახურულია თუნუქით, ჯვრის მკლავები და გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეები კი-კრამიტით.
ეკლესია აღმართულია უხეშად დამუშავებულ ქვის ცოკოლზე, რომელიც აღმოსავლეთისაკენ, ნიადაგის უსწორმასწორობის გამო, გაცილებით მაღალია. მთელი კორპუსი კარგად გათლილი, მუქი, მორუხო ფერის ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. გვიანი საუკუნეებისათვის სახასიათო აგური არსად გამოიყენება, დეკორატიული გაფორმებით აქცენტი გუმბათის ყელზეა გადატანილი. აქ მორთულობის სისტემა ლილვებით გამოყვანილი თაღებითაა შედგენილი. თაღნარი ეყრდნობა შეწყვილებულ ნახევარკოლონებს, რომელთაც თავში და ბოლოში ნახევარსფეროები საზღვრავს და სწორკუთხა ბაზისებსაც ეყრდნობა. ამდაგვარი ფორმა განვითარებული შუასაუკუნებისათვის არის სახასიათო, გვიან პერიოდში აღარ გვხვდება.
ფასადთაგან ჩრდილოეთისა გლუვი კედლის სახით გამოდის. აღმოსავლეთის ფასადზე მარტივი რელიეფები გვხვდება. სარკმლის თავზე, სწორკუთხა ფილაზე, რომელსაც ფოთოლთა მწკრივი აჩარჩოებს, რომბში ჩასმული ექვსქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული. მის ზემოთ, მეორე ფილის ცენტრში წრეში ჩასმული, ბოლოებგანიერი ტოლმკლავა ჯვარია. აქვე, ამ ფილათაგან სამხრეთით, ამოკვეთილია ერთმანეთის პირისპირ დაყენებულ ცხენთა ფიგურები. ყველა გამოსახულება, მართალია, ქვაშია შესრულებული, მაგრამ აგურის კედელთა დეკორივით სიბრტყის ორი დონის მონაცვლეობით იქმნება. გამოსახულებათა ზედაპირი სრულიად დაუმუშავებელია, ფორმები - ხისტი.
ასევეა დასავლეთ ფასადზე ჩასმული რელიეფიც. აქ ერთ სიბრტყეზე ადამიანის ორი განსხვავებული ზომის ფიგურაა მოცემული. ერთი, მცირე ზომის, ქვედა კუთხეშია გამოსახული, ხელაპყრობილი, ორანტის პოზაში. მეორე, შედარებით დიდი ზომის ფიგურა ქვის ფილის მთელ სიმაღლეს იკავებს. ერთი ხელი დაშვებული აქვს, მეორე - აღმართული. დაშვებულ ხელში რაღაც ჯოხის მაგვარი საგანი უჭირავს; აღმართული მკლავის გვერდითაც მოგრძო, სამკუთხა საგანი განირჩევა. შესაძლოა, ეს ტაძრის მაშენებლები იყვნენ, ხოლო ორანტა - ღვთის მადიდებლის აზრს გამოხატავდეს. დიდი ფიგურა, ალბათ, ხუროთმოძღვარია. ნიშანდობლივია, რომ სიბრტყის ზედა კუთხეში ცხოველის გამოსახულებაა რქებითა და კუდით. შესაძლოა, ეს იმ ხარების ”წარმომადგენელი” იყოს, რომელთაც ტაძრის მშენებლობისას იყენებდნენ. ყოველ შემთხვევაში, გვიან შუა საუკუნეებში სხვა შემთხვევებიც გვაქვს, როცა მაშენებელ-ხელოსნები თავისი ”კვალის” დატოვებას ცდილობენ ტაძრის კედლებზე. დეკორის ხალხური ხასიათი სხვა მომენტებშიც აშკარაა. მაგალითად, ვარდულები შიდა სივრცეში, რომელთა მსგავსი გარე კედლებზეც გვხვდება; ანდა სარკმლის არშიები, რომელშიც აშკარად ჩანს ხალხური ხეზე კვეთილობის კვალი.

მიუხედავად იმისა, რომ კულბითის ეკლესიის დეკორი მაღალი მხატვრული დონის არ არის, მეტად დაშორებულია ქართულ ტრადიციულ კვეთას, ტაძრის არქიტექტურა საკმაოდ ჩამოყალიბებულ ხასიათს ატარებს და გვიანი შუა საუკუნეების ნაგებობებს შორის გამოირჩევა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

ნ. გენგიური – „კუპელჰალე“, 2005წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016