ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია და ოჯახები
ამის თაობაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრი გამოთქმულა. ჯერ კიდევ მარი ბროსემ წამოაყენა დებულება (1834 წ.) _ ქართული ენა ინდოევროპულ ენებთანაა ნათესაურ კავშირშიო. ათიოდე წლის შემდეგ ფრ. ბოპმა (`ინდოევროპულ ენათა ოჯახის
წევრები კავკასიაში", 1847 წ.) სცადა დაემტკიცებინა _ ქართველური ენები ინდოევროპულ ენათა ოჯახს ეკუთვნიანო. ფრ. ბოპის ეს შრომა მოხსენებად იყო წაკითხული ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში. მაგრამ ვერც ამ მაღალმა ტრიბუნამ, ვერც ფრ. ბოპის დიდმა ავტორიტეტმა ვერ გაუკაფეს გზა წამოყენებულ დებულებას. ერთადერთი შედეგი, რაც ფრ.ბოპის ცდას მოჰყვა, იყო უარყოფითი: ამის შემდეგ არავის უცდია ემტკიცებინა ჩვენი ენების ნათესაობა ინდოევროპულ ენებთან. ფრ. ბოპის მტკიცება დამაჯერებელი არ იყო; ბუნებრივი იყო ეფიქრათ: რაკი ფრ.ბოპმაც კი ვერ დაამტკიცა ქართველური ენების ნათესაობა ინდოევროპულ ენებთან, ჩანს, ეს დებულება უსაფუძვლო ყოფილაო... კიდევ ერთი ათეული წლის შემდეგ (1855 წ.) ინგლისელმა მეცნიერმა მაქს მიულერმა გაკვრით აღნიშნა _ კავკასიური ენები (და მათ შორის ქართველურიც) თურანულ (ე. ი. ალათაურ) ენათა ოჯახის შორეულად მონათესავე წევრებიაო. ავსტრიელმა ენათმეცნიერმა ფრიდრიხ მიულერმა 1864 წელს წამოაყენა დებულება, კავკასიური ენები ამჟამად განმარტოებით მდგომი ჯგუფია (ისევე, როგორც ბასკური ენაო). სხვა ამჟამად ცნობილ ენათა ოჯახებთან ნათესაურ კავშირში ენათა ეს ჯგუფი არ იმყოფება, კავკასიური ენები ნაშთია ენათა ოჯახისა, რომელიც კავკასიაში და კავკასიის სამხრეთით იყო ფართოდ გავრცელებული ჯერ კიდევ მანამ, სანამ აქ ინდოევროპული და სემიტური ენები გაჩნდებოდაო. ფრ. მიულერის ამ აზრის მხურვალე დამცველი იყო ჩვენში პროფ. ალ. ცაგარელი, რომელიც მიუცილებლად თვლიდა ქართულის, ჭანურ-მეგრულისა და სვანურის ისტორიული გრამატიკისა და შედარებითი ლექსიკონის დამუშავებას: ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ენების სხვა ენებთან ნათესაური ურთიერთობა ვეძიოთო.
1888 წელს გაზ. `ივერიაში" გამოქვეყნდა წერილი: `ბუნება და თვისება ქართული ენისა"; მისი ავტორი, პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სტუდენტი ნიკო მარი გადაჭრით ამბობდა: `ქართული სემიტურ ენებს ენათესავებაო". ოცი წლის შემდეგ, 1908 წელს გამოვიდა იმავე ავტორის, უკვე პროფესორის, გამოკვლევა: `ძველი ქართულის ძირითადი ტაბულები წინასწარი ცნობებით ქართული ენის სემიტურ ენებთან ნათესაური ურთიერთობის შესახებ". აქ ქართული, ჭანურ-მეგრული და სვანური წო-დებულია `იაფეტურ შტოდ" ნოეტურენათაოჯახისა;
იმავე ოჯახის მეორე შტოდ აღიარებულია სემიტური ენები.
ტერმინი `იაფეტური" ავტორმა აირჩია იმ მიზნით, რომ იმთავითვე ხაზი გაესვა _ სემიტური ენების მონათესავე ენებთან გვაქვს საქმე ო: რაკი სემისა და ქამის სახელები უკვე იხმარებოდა ენათა ოჯახების აღსანიშნავად, მესამე შვილის, იაფეტის, სახელი ქართველური ენების აღსანიშნავად იქნა გამოყენებული. შემდეგში აკად. ნ.მარისათვის ცხადი გახდა, რომ შედარებისას არ შეიძლება ქართველური ენების გამოყოფა, რადგანაც ქართველური ენები ნათესაურ კავშირშია მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან. ქართველური სხვა კავკასიურ ენებთან ერთად გამოცხადებულ იქნა იაფეტურ ენათა ოჯახად, სემიტურ ენებთან ნათესაობის საკითხი უკანა რიგში მოექცა, და თვით იაფეტურ ენათა ოჯახის მრავალრიცხოვანი წევრების ბუნება-თვისებების გარკვევა დადგა ყურადღების ცენტრში.
ნ. მარმა კავკასიური ენები ფონეტიკური პრინციპის მიხედვით სამ ძირითად ჯგუფად დაყო; ესაა: სიბილანტური, სპირანტული და სონანტური ჯგუფი; როცა სიბილანტურ ჯგუფში, ვთქვათ, სისინა ს გვაქვს, სპირანტულში მას ქ შეესატყვისება (სონანტურში _ ნ|რ?); შდრ. მაგ., ქართული `სული" და სვანური `ქჶინ"... სიბილანტურ ჯგუფში შედის ქართული (სისინა: `სვამს") და ჭანურ-მეგრული (შიშინა: `შუმს|შუნს").
ნ.მარის ზემოხსენებული კლასიფიკაციის მიხედვით სპირანტული ჯგუფის წარმომადგენლებია კავკასიის მთიანეთის ენები (ადიღეური, ყაბარდოული, ქისტური და დაღესტნური ენები მთლიანად). შემდგომში იაფეტურ ენებს აკად. ნ. მარმა დაუკავშირა ბასკური (პირენეის მთებში) და ვერშიკული _ პამირში _ (სისინა-სიბილანტური და სპირანტული ჯგუფის ნარევიაო), ძველი იტალიის აწ მკვდარი ენა _ ეტრუსკული (შიშინა-სიბილანტური და სპირანტულის ნარევიო), ძველი წინა აზიისა და მცირე აზიის აწ მკვდარი ენები: ელამური, სუმერული, ურარტული (სამივე სპირანტული და სონანტური ჯგუფის ნარევია); ხეთური. 1920 წელს ნ. მარმა წამოაყენა დებულება: იაფეტურ ენებზე მოლაპარაკე ხალხები წარმოადგენენ მესამე ეთნიკურ ელემენტს ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში, _ მესამე ეთნიკურ ელემენტს, რამდენადაც მეცნიერებაში ჯერ ინდოევროპელები და სემიტები ითვლებოდნენ ამ კულტურის შემქმნელ ეთნიკურ ელემენტებად, იაფეტიდების საკითხი ამის შემდეგ გაირკვა. რაც შეეხება ისტორიულ ვითარებას, იაფეტიდები პირველი ეთნიკური ერთეულია ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში, იაფეტიდები უსწრებენ ინდოევროპელებსაც და სემიტებსაცაო. ნ. მარის ეს აზრი არსებითად სწორი იყო. სამწუხაროდ, მას აკლდა დასაბუთება, რომ სარწმუნო გამხდარიყო სპეციალისტებისთვის. შემდეგი წლების შრომებში ნ. მარს ეს დასაბუთება არ მოუცია. მეტი კიდევ: თვით ენათა წარმოშობითი ნათესაობა ნ. მარმა უარყო (1923 წლიდან). ე. წ. `ახალ საენათმეცნიერო მოძღვრებაში" `იაფეტური ენები" უკვე არ ნიშნავს ერთი წარმოშობის ენებს, `იაფეტური ენები" განვითარების საფეხურზე მიუთითებს, სტადიური კლასიფიკაციის ცნებად არის ქცეული.
წინა აზიის და შუამდინარის ძველი ენები
იბერიულ-კავკასიურ ენათა წარმოშობასთან დაკავშირებით ბუნებრივად დგება წინა აზიისა და შუამდინარის ძველი, აწ მკვდარი ენების საკითხი. ეს ენებია: შუმერული ენა, ხეთური ენები, ჰურიტული ენა, ურარტული, ელამური (ანუ სუზური). შუმერულ ენაზე შუამდინარეთში დამწერლობა შეიქმნა მეოთხე ათასეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ეს არის ყველაზე ძველი დამწერლობა, რაც კი არის ისტორიულად ცნობილი. დაიწყო ის პიქტოგრაფიით და შემდეგ ლურსმული წარწერის სახე მიიღო. შუამდინარეში შუმერები შეცვალეს სემიტებმა _ ასურელებმა და ბაბილონელებმა. მაგრამ სემიტების ბატონობის დროსაც `შუმერული ენა მრავალი საუკუნის განმავლობაში რჩებოდა მოგვთა საღმრთო ენად... დამხოლოდ თანდათანობით... შუმერული გაქრა და ადგილი დაუთმო სემიტურს. შუმერული ენა საბოლოოდ მიეცა დავიწყებას და ფირფიტები შუმერული წარწერებით გაქრა ასურელთა ეპოქაში, დაახლოებით 1000-600 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე"41. მცირე აზიაში მეორე ათასეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე (2000-1200 წ.წ.) არსებობდა ხეთების ძლიერი სახელმწიფო. ანატოლიაში სოფ. ბოღაზქოი-ში (150კმ. ანკარის აღმოსავლეთით), იქ, სადაც ძველად ხეთების დედაქალაქი ხატუშა უნდა ყოფილიყო, აღმოაჩინეს ხეთების მეფეთა არქივი თიხის ფირფიტებზე; წარწერები ოთხ ადგილობრივ ენაზე იყო შესრულებული. ამ ენებიდან ორი _ ნესიტური და ლუვიური _ მორფოლოგიით ეკედლება ინდოევროპულს. ორი სხვაც _ ხეთური (ე. წ. პროტოხეთური ანუ საკუთრივ ხეთური) და ფალაური _ მკვლევრების აზრით, უახლოვდება იბერიულ კავკასიურ ენებს.
ხეთური დამწერლობა ორგვარია: იეროგლიფური და ლურსმული. ენა, რომლისთვისაც ხეთური იეროგლიფებია გამოყენებული, არ არის ნესიტური (მას ფალაურად თვლიან). ხეთურ ლურსმულ წარწერაში შემოვიდა პირველად ხმოვნის სიგრძის ნიშანი. ხეთები აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა დამაკავშირებელ რგოლად გვევლინებიან (ჟ. კონტენო). ხეთური კულტურის დიდ გავლენას მოწმობს ძველი კულტურა, რომელიც აღმოაჩინეს ინდოეთში, მდ. ინდის ველზე მოხენჯო-დაროსა და ხარაპში, ჩანხუ-დაროსა და ჯხუკარუში 1926 წელს ძველი ნაქალაქარების გათხრისას. ეს კულტურა წინარეინდურია; თარიღდება 2400-2100 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე. `ნაპოვნი მხატვრული ნაკეთობანი, ვაზები, ქანდაკებანი, სამუშაო იარაღები, საოჯახო ნივთები, ტუალეტის კუთვნილება და სხვ. ცხადად მოწმობს, რომ ეს კულტურა მომდინარეობს მთლიანად წინა აზიიდან". ბ. ჰროზნიმ დაადგინა, რომ `ხეთურ იეროგლიფურსა, კრეტულსა და წინარეინდურ დამწერლობაში" საერთო ნიშნები მოიპოვებაო. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება ეხებოდეს ხეთურს ან ფალაურს და არა ნესიტურ ენას: ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ტომთა ექსპანსია მცირე აზიაში მეორე ათასეულზე ადრე არ მომხდარა. ჰურიტული (ანუ ჰარიული) ენა (ჳჳ ათასეული ჩვენს წელთაღრიცხვადმე) ეკუთვნის იმავე წრეს, რასაც ეკუთვნის ხეთური (ე.ი. საკუთრივ ხეთური). ელამური ენა (XV-VIII ს.ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე), აგრეთვე ურარტული (ანუ ხალდური) ენა ვანის სამეფოსი, ეკედლება წინა აზიისა და შუამდინარის ზემოხსენებულ ენებს.
ენები: შუმერული, ხეთური, ჰურიტული, ურარტული, ელამური (და მცირე აზიის რიგი ძველი ენა: ლიდიური, ლიკიური, კარიული...) ზოგჯერ იწოდელბა აზიანურ ენებად, რაც გამართლებულია იმდენად, რამდენადაც ამ ენათა თავისებური ადგილი სხვა ენათა შორის გაიხაზება. ეს ენები დიდი ხანია, რაც აღარ იხმარება; მკვდარი ენის შესწავლა მაშინაც კი ძნელია, როცა ამ ენაზე დიდძალი მასალა გვაქვს შემორჩენილი. ამ შემთხვევაში კი მასალა მცირეა, თან ეს მასალა ლურსმულად ან იეროგლიფური წესით არის დაწერილი. ეს აძნელებს დაწერილის სწორად წაკითხვასა და ზუსტად გაგებას: როგორც შენიშნავენ სპეციალისტები, იეროგლიფის იდეოგრამები გასაგებია, მაგრამ უცნობია, როგორ გამოითქმოდა სათანადო სიტყვა; ლურსმულად ნაწერი შედარებით ადვილად იკითხება , მაგრამ მნიშვნელობის ზუსტად დადგენა ჭირს. და მაინც, ამ ძველი, მკვდარი ენების შესწავლის თანამედროვე დონეზე სპეციალისტები იმ აზრს ადგანან, რომ ეს ენები _ შუმერული, ხეთური, ჰურიტული, ურარტული, ელამური _ არ არის არც ინდოევროპული, არც სემიტური და არც თურქულ-მონღოლური. როდესაც ბ. ჰროზნიმ ხეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი ენა _ ნესიტური _ ინდოევროპულ ენად მიიჩნია, ხეთური ენები საერთოდ ინდოევროპულად გამოაცხადეს, თუმცა ყველა აღიარებს, რომ საკუთრივ ხეთური (`პროტოხეთური") ინდოევროპულ ენად არც ბ. ჰროზნის მიუჩნევია და არც სხვა ვისმეს.
ხეთებს (`ხათებს"), როგორც ზევით ითქვა, ეგვიპტელები სწორედ ე. წ. `პროტოხეთებს", ე. ი. მცირე აზიის ძველ მკვიდრ ხალხს, უწოდებდნენ. რაკი საკუთრივ ხეთური (`პროტოხეთური") არ არის ინდოევროპული ენა, არ არსებობს არავითარი მეცნიერული საფუძველი იმისათვის, რომ `ხეთური" დავარქვათ ნესიტურს, ხოლო ეს სახელწოდება არ ვუწოდოთ იმ ხალხს, რომელსაც ის ერქვა ძველთაძველი დროიდან. ხეთური ენა (ენები) _ არის მცირე აზიის სწორედ არა ინდოევროპული, ძველი, ენა (ენები), რომელიც ხეთურ იეროგლიფებსა (და შემდგომ _ ლურსმულდამწერლობაში) შემოგვენახა. ნესიტურს რომ ხეთური დავარქვათ და ნამდვილ ხეთურს `პროტოხეთური", ეს ნიშნავს ტერმინოლოგიური არევ-დარევა შევიტანოთ იქ, სადაც ისტორიული ურთიერთობა ისედაც ძალზე დახლართულია. ხეთური (`საკუთრივ ხეთური"), ფალაური, ჰურიტული, ურარტული, ელამური, შუმერული _ ეს არის ენები იმ ხალხებისა, რომლებმაც შექმნეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის კერა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისტორიულ ასპარეზზე არ იყვნენ გამოსული არც ინდოევროპულ, არც სემიტურ და არც თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხები. ამ მკვდარ ძველ ენებს, რომლებიც არც ინდოევროპულია, არც სემიტური, არც თურქული, ბუნებრივად უკავშირებენ ცოცხალ იბერიულ-კავკასიურ ენებს, რომლებიც ამ ძველი ენების მეზობლად არის გავრცელებული და არც ინდოევროპულია, არც სემიტური და არც თურქული. როგორც მორფოლოგიური წყობა, ისე კულტურულ - ისტორიული კონტექსტი წინა აზიის ძველი ენებისა და იბერიულ-კავკასიური ენების ისტორიული ერთიანობის შესახებ ლაპარაკობს.
ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რომ მთელი რიგი მკვლევრები ცდილობდნენ და ცდილობენ დაუკავშირონ იბერიულ-კავკასიურ ენებს ბასკური, აგრეთვე მცირე აზიის ძველი, ამჟამად მკვდარი, ენები. ჰუგო შუხარდტი ბასკურს უკავშირებს ქამიტურ ენებს (სახელდობრ, ნუბა ენას); იმავე დროს შუხარდტი ბასკურისა და იბერიულ-კავკასიური ენების ნათესაური ურთიერთობის საკითხს დადებითად ეკიდება; საამისო გამოკვლევათაგან: `იბერიული ბრუნება" გამოქვეყნებულია 1907 წ., `ენათა ნათესაობის მეთოდური კვლევისათვის" _ 1912 წ., `ბასკურ-ქამიტური სიტყვათტოლობა" _ 1913 წ., ხოლო მრავალმხრივ საყურადღებო გამოკვლევა: `გარდამავალი ზმნის პასიური ხასია-თისათვის კავკასიურ ენებში" ჯერ კიდევ 1895 წ. ეკუთვნის. ბასკური ქამიტურ-სემიტურ ენებს ენათესავება, მაგრამ უფრო ახლოს კავკასიურ ენებთან დგასო, ამტკიცებს კ. ოშტირი (`მასალები ალაროდიული ენათმეცნიერებისათვის", 1921). ბასკურისა და მცირე აზიის ძველი ენების კავშირის მომხრეაჰ. ვინკლერი. ელამურსა (და ხალდურს) კავკასიურ ენებს უკავშირებს გ. ჰიუზინგი, აგრეთვე ფ. ბორკი . გ. ჰიუზინგის სათანადო გამოკვლევები ეკუთვნის 1908, 1916 წწ.; კერძოდ, იბერიულ-კავკასიურ ენათაგან გ. ჰიუზინგი წახურულს უკავშირებს ელამურს; იმავე ელამურს იგი მეორე მხრივ აკავშირებს დრავიდულ ენებთან (ცეილონზე). მიტანი-ენას (ჰურიტულს) იბერიულ-კავკასიურ ენებს აკუთვნებდა ჯერ კიდევ ლ. ესერშმიდტი (1899 წ.), შემდეგ _ ფ. ბორკი (1909_1913 წწ.); ამასვე უჭერს მხარს ა. ტრომბეტიც. შუმერული ენა იბერიულ-კავკასიურ ენად მიაჩნიათ ფ. ბორკსა და ი. ტრომბეტის; ზოგი ავტორი შუმერულს აკავშირებდა ქართულთან.
ადოლფ დირი 1928 წ. გამოსულ საცნობო ხასიათის შრომაში (`შესავალი კავკასიურ ენათა შესწავლაში") წერს: `დღესდღეობით კავკასიურ ენებს _ ამ სიტყვის ფართო გაგებით _ განაკუთვნებენ წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ენათა მთელ წყებას, რომელთაგან ერთადერთი ენა ბასკურია, ჯერ კიდევ რომ ცოცხლობს. ალფ. ტრომბეტი თავის შრომაში `ენათმეცნიერების ელემენტები" _ განაგრძობს ა. დირი _ საქმის ვითარებას ასე წარმოგვიდგენს: `ჩვენ უნდა დავეთანხმოთ შუხარდტსა და სხვა მკვლევრებს იმაში, რომ კავკასიის მიწა-წყალზე თავმოყრილი არიან ხალხები, რომლებიც წინათ გავრცელებული ყოფილან გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიაზე და რომ ამ ხალხთა ნაწილი შეისრუტეს სხვა ტომებმა. უახლესი გამოკვლევები, როგორც ჩანს, მართლაცდა იმ დებულებას უჭერენ მხარს, რომ კავკასიურ ენათა ოდინდელ ჯგუფს მეტ-ნაკლებად უშუალოდ უკავშირდება შემდეგი ენები, რომელთაც მე სამ ჯგუფად ვყოფ:
I. 1. ხალდური ანუ ვანური [ურარტული], წინარესომხური, 2. მიტანი, 3. ელამური და კოსეიური ანუ კასპიური, 4. ხეთური და არზავი.
II. 1. მცირე აზიის აბორიგენთა ენები (ლიკიური, ლიდიური, კარიული, მიზიური, შემდეგ _ პისიდიული, ისავრიული, ლიკაონური და კაპადოკიური), 2. ეტრუსკული და ლემნური, 3. კრეტული.
III. იბერიული და ბასკური.
სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია, როცა `საქართველოს ისტორიის" ავტორები ხეთურ-იბერიული ოჯახის ხალხებისა და ენების შესახებ ლაპარაკობენ. მთელი კულტურულ-ისტორიული კონტექსტი ამას გვიკარნახებს. ამასვე გვაფიქრებინებს ამ ენათა ზოგადი თვისებები. მაგრამ ერთია დებულების სისწორე იგრძნო და მეორე _ დაამტკიცო ეს დებულება მკაცრი მეცნიერული წესით. ამისათვის კი აუცილებელია საფუძვლიანად იქნეს შესწავლილი თვით იბერიულ-კავკასიურ ენათა უაღრესად რთული და მეტისმეტად მდიდარი სამყარო, კერძოდ, გაირკვეს ამ ენათა ისტორიული ურთიერთობა. ეს არ არის ადვილი საქმე. ხშირად, როცა ამ ენებში მსგავს მოვლენებს ვხვდებით, ძნელი გადასაწყვეტია, საერთო მემკვიდრეობის დიფერენციაციად უნდა მივიჩნიოთ იგი, თუ სხვადასხვა ენის დაახლოება-შერევის შედეგად დავსახოთ. და მაინც: რაც უფრო ახლოს ვეცნობით ამ ენათა ურთიერთობას, მით უფრო ცხადი ხდება, რომ სწორედ ეს საერთო, მსგავსი, მოვლენებია პირველადი მონაცემი, განსხვავებული მოვლენები კი წარმოშობილია ამ ენათა ხანგრძლივი დამოუკიდებელი ისტორიული განვითარების პროცესში. მეორე მხრივ, რაც უფრო შორს ვიხედებით ქართველური და სხვა იბერიულ-კავკასიური ენების ისტორიულ წარსულში, მით უფრო ხელშესახები ხდება ამ ენათა წარმოშობითი კავშირი წინა აზიისა და შუამდინარის ძველი ცივილიზაციის ენებთან (ურარტულთან, ჰურიტულთან, ხეთურთან, ელამურთან, შუმერულთან).
უნდა აღინიშნოს, რომ ძველ მკვდარ ენებთან იბერიულ-კავკასიური ენების დაკავშირების ცდას (ჰიუზინგი, ბორკი, ტრომბეტი, ვაიდნერი, ფორერი, კონტენო...) ხშირად აკლია დამაჯერებლობა, რადგანაც შედარების აუცილებელი მოთხოვნილება დაცული არ არის: იბერიულ-კავკასიური ენების ფაქტებს იყენებენ შესადარებლად ისე, რომ ანგარიში არ ეწევა ამ ფაქტების ისტორიას სათანადო ენაში (ან ენათა ჯგუფში). ისტორიულ-შედარებითი მეთოდის მოთხოვნილება თუ არ დავიცავით, მეცნიერულად მკვიდრ შედეგს ვერ მივიღებთ, სწორი აზრი კვლავ დაუსაბუთებელი დარჩება. მეტი კიდევ: აზრის სისწორეც კი შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს.
იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება მის წინაშე მდგარი ამოცანის გადაჭრას შეიძლებს მხოლოდ როგორც ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება.
ჩინურ–ტიბეტურ ენათა ოჯახი
ეს ენები იყოფა ორ შტოდ: ჩინურ - სიამურ შტოდ და ტიბეტურ - ბირმულ შტოდ. ჩინურ - სიამურ შტოში შედის ენები: ჩინური, ტაი (ანუ სიამური), ვიეტნამური (ანამური).
ჩინური ენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (დედაქალაქი _ პეკინი) სახელმწიფო ენაა. იგი, ჩინეთის გარდა, გავრცელებულია ინდონეზიაში, კამბოჯაში, ლაოსში, ვიეტნამში, მალაიზიაში, სინგაპურში, ტაილანდსა და სხვ. ჩინური ენა მასზე მოლაპარაკე ადამიანთა რიცხვის მიხედვით ყველაზე დიდი ენაა. ჩინურში გაირჩევა რიგი დიალექტები, რომლებიც ქმნიან ორ ჯგუფს: ჩრდილოურსა და სამხრულს. დიალექტებს შორის განსხვავება დიდია იმდენად, რომ ზოგჯერ ერთმანეთის გაგება სხვადასხვა კუთხის ჩინელს (მაგალითად, ტიანცზინელსა და კანტონელს) უჭირს. იდეოგრაფიულ პრინციპზე აგებული დამწერლობა ყველა ჩინელს თანაბრად კარგად გაეგება, თუმცა შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოთქვას სათანადო ცნების სახელი (ასე, მაგალითად, კაცის აღმნიშვნელი იდეოგრამა წარმოითქმის, როგორც: ~ან, ჟან, ნიინ, ნოოანგ _ დიალექტების მიხედვით). ოფიციალურ ენაში იხმარება ოთხი ათასამდე იდეოგრამა და ოთხასამდე დამხმარე ნიშანი (`გასაღები"). ჩინური ენის ისტორიაში განასხვავებენ ოთხ პერიოდს.
1. უძველესი _ მეორე ათასწლეულიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე) VI საუკუნემდე (ჩვენი წელთაღრიცხვისა),
2. ძველი _ VI საუკუნიდან X საუკუნემდე,
3. საშუალო _ X საუკუნიდან XIII საუკუნემდე და
4. ახალი _ XIII საუკუნიდან.
ჩინური ენა _ უაღრესად მდიდარსა და ძველი კულტურის ენას წარმოადგენს. ისტორიული შემდგომადობა ჩინურში დაცულია, სულ მცირე, სამი ათასი წლის მანძილზე. ჩინური ენის ისტორიას ფასდაუდებელი მნიშვნელობა ექნებოდა, რომ შეიძლებოდეს მისი ზუსტად გათვალისწინება, როგორ წარმოითქმოდა ჩინური იდეოგრამები და რა ცვლილებები მოხდა ჩინური ენის ბგერით შედგენილობასა და გრამატიკულ წყობაში.
2. ენა ტაი (ანუ სიამური); მას რიგი დიალექტი აქვს; მოლაპარაკეთა რიცხვი 30 მილიონამდე აღწევს.
3. ენა კარენი (ბირმაში); მასზე 3,3 მილიონი კაცი ლაპარაკობს.
4. ენა ვიეტნამური (ანუ ანამური), რომელზედაც 55 მილიონზე მეტი კაცი ლაპარაკობს, აგრეთვე ჩინურს ეკედლება (ზოგი ავტორი ვიეტნამურ ენას აახლოებს მონ-ქჰმერ ენასთან).
ტიბეტურ - ბირმული შტო შედგება ორი ჯგუფისაგან. ტიბეტურისა და ბირმულისაგან.
ტიბეტურ ჯგუფში შედის: 1. საკუთრივ ტიბეტური ენა (მასთან ახლო მდგომი 13 დიალექტითურთ); ტიბეტურზე მოლაპარაკეთა რიცხვი 4 მილიონს აღწევს, ტიბეტის ცენტრი _ ლხასა. 2. ტიბეტურ-ჰიმალაიური ენა-კილოები (8 ენა-კილო: გურუნგ, მურლი, ლენჩა...). 3. ჩრდილო ასამის ენები (6 ენა-კილო: აკა, ამბორ-მირი, დაფლა...). ტიბეტურ ენაზე მოიპოვება მდიდარი ბუდისტური ლიტერატურა, ნათარგმნი ინდურიდან (დაწყებული მეშვიდე საუკუნიდან ჩვ. წელთაღრიცხვისა). ცნობილი ჩინურ-ტიბეტური ორენოვანი ხელშეკრულება, ამოკვეთილი ქვის სვეტზე ლხასაში, თარიღდება 822 წლით.
ბირმულ შტოს შეადგენს:
1. ბირმული ენა (ბირმაში; ცენტრი _ ქ. რანგუნი), ათიოდე დიალექტით, რომელთაგან უფრო ცნობილია _ ხუთი (ბირმულზე მოლაპარაკეთა რიცხვი 29 მილიონს აღწევს).
2. ენა კუკი-ჩინ, ოცდაექვსი დიალექტით. ბირმულ ენაზე დამწერლობა არსებობს XI საუკუნიდან (უძველესი ოთხენოვანი წარწერა ქვის სვეტზე თარიღდება 1084 წლით). ტიბეტურიცა და ბირმულიც ინდურ ანბანს იყენებს.
ტიბეტურ-ბირმულ ჯგუფს განაკუთვნებენ ზემოხსენებულთა გარდა: ენებს ბოდო ნაგა-კაჩინის ჯგუფისა (ოცდათხუთმეტიოდე დიალექტი!), აგრეთვე ენებს: ლო-ლო, ლუ-სო, სი-ხია და სხვ.
დრავიდულ ენათა ოჯახი
დრავიდული ენები ინდოეთშია გავრცელებული; დრავიდულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს უჭირავთ ინდოეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი (კალკუტის დასავლეთით), კუნძულ ცეილონის ნაწილი (გვხვდებიან პატარა კუნძულებად სხვაგანაც ინდოეთში). დრავიდულ ენებზე დაახლოებით 192 მილიონი კაცი ლაპარაკობს. გამოდის, რომ ინდოეთისა და პაკისტანის მოსახლეობის საკმაო ნაწილი დრავიდულ ენებზე ლაპარაკობს. დრავიდული ენები სამი ჯგუფისაგან შედგება:
1. ტელუგუ ენა რიგი დიალექტით (63 მლნ.). მწერლობა აქვს XI საუკუნიდან (გრამატიკა, მაჰა-ბჰარატას თარგმანი).
2. ტამილური ენა (55 მლნ.); მწერლობა აქვს IV საუკუნიდან (ფიქრობენ, რომ ტამილა და დრავიდა ერთი და იგივე ფუძეა: ტამილა _ დამილა _ დავინა _ დავიდა _ დრამიდა _ დრავიდა; პირველი ორი ვარიანტი პალისეულია, მომდევნო ორი _ პრაკრიტისეული,უკანასკნელი ორი _ სანსკრიტისეული). ტამილური ენის ჯგუფში შედის აგრეთვე: მალაიალამ ენა (30,7 მლნ.). კანარა ენა (30,7 მლნ.); მწერლობა აქვს V საუკუნიდან. ტულუ ენა; ახლოს დგას კანარა ენასთან. ტელუგუ და ტამილის ჯგუფის ენები გავრცელების მიხედვით მთლიან მასივს ქმნიან.
3. მესამე ჯგუფს შეადგენენ ის დრავიდული ენები, რომლებიც კუნძულებად არის წარმოდგენილი ინდური და მუნდა ენების გავრცელების არეში. ეს ენებია: კუი ენა, კურუხ ენა, გონდი ენა (3,2 მლნ.), მალტო ენა (`მთიულთა" ენა).
4. შორს დასავლეთით ბელუჯისტანში _ ირანულ ენათა გარემოცვაში _ მთებში შემორჩენილია დრავიდული ენა ბრაჰუი (მასზე 800 ათასზე მეტი კაცი ლაპარაკობს). ძველი მწერლობის მქონე დრავიდული ენები (ტამილური IV ს., კანარა _ V ს.) ხმარობენ ინდურ დამწერლობას და სასაუბრო ენიდან დიდად განსხვავდებიან.
დრავიდულ ენებს ახასიათებს: სუფიქსაცია; აქვს გრამატიკული სქესები; განარჩევს უმაღლესი და უმდაბლესი კატეგორიის სახელებს. სახელის უმარტივესი ფორმა მოცემულია სახელობით ბრუნვაში, ზმნისა _ ბრძანებით კილოში. წინადადება _ სახელადი ტიპისა არის. დრავიდული ენები (აგრეთვე მუნდა ენა) უნდა იყოს ინდოეთის უძველესი მოსახლეობის ენა; ინდოეთში შემდეგღა არის გავრცელებული ინდური ენები (ინდოევროპული ენები).
ინდონეზიის ენები
ცალკე უნდა გამოიყოს ინდონეზიის ენები (კუნძულებზე: იავა, სუმატრა, ბორნეო, ცელებესი, აგრეთვე ნახევარკუნძულ მალაკაზე); ამ ენებზე ლაპარაკობს დაახლოებით 237 მლნ. ადამიანი. ინდონეზიის ენათაგან პირველ რიგში აღსანიშნავია: იავა ენა (76 მლნ.), სუნდა (21 მლნ.), მადურა (9,2 მლნ.), მალაიური (26 მლნ.) და სხვ. მალაიური ენა ფართოდ გავრცელებულია მალაკის ნახევარკუნძულზე, კუნძულ ბორნეოზე. ამ ენაზე მწერლობა არსებობს XIV საუკუნიდან. მალაიური ენის უძველესი ძეგლები _ წარწერები ქვებზე _ VII საუკუნით თარიღდება. იგი იყო ისლამისა და ქრისტიანობის გავრცელების ენა, რომელზეც შეიქმნა მდიდარი ლიტერატურა. მალაიური ენის გაგრძელებად და განვითარებად მიაჩნიათ მალაიზიური ენა (ოფიციალურად ასე ეწოდა 1969 წ. მალაიზიის ფედერაციის სახელმწიფო ენას). 1945 წლიდან ინდონეზიის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა და ეწოდება ინდონეზიური ენა. იქ იგი სხვადასხვა ხალხთა შორის ურთიერთობის ენაც არის, მასზე ლაპარაკობს 150 მლნ. კაცი. ძველი დამწერლობა აქვს იავას ენას ანუ კავი ენას. ვარაუდობენ, რომ ამ ენაზე მწერლობა არსებობდა პირველი საუკუნიდან. ინდონეზიის ენების გვერდით ასახელებნ პოლინეზიის, მიკრონეზიისა და მელანეზიის ენებს; ეს კვალიფიკაცია გეოგრაფიულია და არა გენეალოგიური.
იგევე ითქმის ავსტრალიის ადგილობრივ მკვიდრთა ტომობრივი ენების შესახებ. ავსტრალიის პრიმიტიულ ტომთა ენებს ყოფენ სამ ჯგუფად: ჩრდილოურ, ცენტრალურ და სამხრულ ჯგუფად.
აფრიკისა და ამერიკის ენები
აფრიკაში ზანგთა 430-მდე ენა-კილოს ითვლიან. მათ შორის გამოიყოფა დიდი ჯგუფები:
1. სუდანის ზანგთა ენები; შედგება თექვსმეტი პატარა ჯგუფისაგან.
2. ბანტუ ენები (ტომთა შორის ურთიერთობისათვის იხმარება სუაჰილი ენა). ბანტუ ენებზე ლაპარაკობს დაახლოებით 160 მლნ.-ზე მეტი კაცი.
3. ბუშმენთა (75 ათასი კ.) და ჰოტენტოტთა (130 ათასი კ.) ენები.
ამერიკის ინდიელ ტომთა ენები მრავალ ჯგუფსა ქმნის.
ძირითად ჯგუფებს წარმოადგენს.
ჩრდილოეთ ამერიკაში:
1. ატაბასკთა ენები (220 ათასი კ.)
2. ალგონკინთა ენები (160 ათასი კ.)
3. იროკეზთა ენები (100 ათასი, მათ შორის 60 ათასი ჩეროკი)
4. სიუ-დაკოტა ენები (70 ათასი კ.)
5. მუსკოგი ენები (18 ათასი კ.)
და სხვ.
მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში:
1. უტო-აცტეკთა ენები (1,5 მლნ. კ.)
2. მაია ენები (1,1 მლნ. კ.)
3. ოტომი-საპოტეკი ენები (1,2 მლნ. კ.)
სამხრეთ ამერიკაში:
1. არავაკათა ენები (400 ათასამდე კ.)
2. კარაიბთა ენები (170 ათასი კ.)
3. ტუპი-გუარანი ენები (3,8 მლნ. კ.)
4. ჩიბჩა ენები (600 ათასი კ.)
5. კეჩუმარა ენები (16,2 მლნ. კ.)
6. კეჩუა ენები _ 12,9 მლნ. კ. და
7. აიმარა ენები _ 3,3 მლნ. კ.).
ჩრდილოეთ ამერიკაში ინდიელთა ტომები პატარ-პატარა ეთნიკურ ჯგუფთა სახით შემოგვრჩნენ. მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში ინდიელი ტომები უფრო მეტად არის გადარჩენილი. აცტეკები მექსიკაში და ინკები პერუში იდგნენ განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზე მაშინ, როდესაც ამერიკას ესპანელი დამპყრობლები მოევლინნენ. აცტეკებს ჰქონდათ პიქტოგრაფიულ-იდეოგრაფიული დამწერლობა. აცტეკთა ენიდან (სახელდობრ, ნავატლ ენიდან) შეითვისეს ევროპის ენებმა სიტყვები: თამბაქო, შოკოლადი, ტომატი...
სტატიის ავტორი – არნოლდ ჩიქობავა;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ენათმეცნიერების შესავალი“; თბილისი, 2008წ. |