ქართველი კათოლიკენი XVII საუკუნეში და კაპუცინების მოსვლა ქართლსა (1600-1700)


1 2 3 4 5

პროპაგანდა, 7 ივლისსა 1670 წ., სწერს ამავე პატრს სერაფინოს, რომ ორი ახალ-გაზდა ქართველი გაგზავნოს პროპაგანდის კოლეგიაში სასწავლელად. ამ ორი ქართველის სამგზავროდ ფული მიუცია 50 სკუდი იმ კაპუცინებისათვის, რომლებიც ამ დროს რომიდგან საქართველოს მოდიოდენ. ამათგანი ერთი იყო შესანიშნავი პატრი ბერნარდე ნეაპოლელი. ერთი სხვა ვრცელი მოხსენებაც გვაქვს, რომელიც მოკლედ შეიცავს მისიონის თითქმას ყველა შესანიშნავ ამბებს. 1671 წელს ახლად მოსულ პატრი ბერნარდე ნეაპოლელს იგი დაუწერია და გაუტანებია რომას მიმავალი პატრი ფრანჩისკე პიემონთელისათვის, რომელიც შავ ზღვაში დაღუპულა. ეს რა შეუტყვიათ ტფილისში, ხელმეორედ დაუწერინებიათ იგივე მოხსენება, თანაც დაუმატებინებიათ რაც წინანდელ დაწერილის შემდგომ მომხდარა და გაუგზავნიათ რომას. ამას თარიღი არა აქვს. ვგონებთ დაწერილი უნდა იყოს 1672 წ. საკმაოდ ვრცელი წერილია, ამიტომ ჩვენც მარტო იმ ადგილებს მოვიყვანთ. რაც უფრო შეეხება ჩვენს საგანს. ვინაიდგან იგი ერთმა ძველებურმა ფრანგულმა გაზეთმა ფრანგულად გამოსცა, ამისათვის ჩვენც ფრანგულის ტექსტის მოყვანას ვარჩევთ.
„ათი წელიწადია, რაც თქვენის ყოვლად უმაღლესობის ბრძანებით კაფუცინები წამოვიდენ საქართველოს კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად. მოკლე დროს განმავლობაში ღვთის ძრიელებამ ისე დააგვირგვინა მათი შრომა, რომ დიდათ საძრახისი იქმნება ეს ამბავი სიჩუმით დაფარული დარჩეს. მისი გამოქვეყნება შეეწევა ღვთის დიდების გამობრწყინებას და მასთანვე შეიქმნება თქვენთვის ერთი საშუალება, როდესაც ამა ყველას სცნობთ, კარგად მართოთ ეს მისიონი და გაუძღვეთ მის წარმატებას. ...ამ დროს წამლობის მიზეზით კაფუცინები ეცადნენ და მოიგეს თბილელი ეპისკოპოსის გული, როგორათაც უკვე მოგებული ჰქონდათ კათალიკოსისა. თუ ერთთან და თუ მეორესთან და ეგრეთვე დანარჩენ საეკკლესიო პირებთან დაიწყეს ხშირად ბჭობა. შემდგომ ბევრი და მრავალ გზის ილაპარაკეს რომის პაპის ხელმწიფების და უპირატესობის თაობაზე.... უდიდესი რწმუნება და ნდობა დავიმსახურეთ მეფის სახლში; მეტადრე ჩვენი ხორცის სიწმინდის სახელ განთქმულობამ კარები გაგვიღო დედოფლის სასახლისა, რომელიც სხვათათვის დახშულია; იქ თავისუფლად შესვლა, დედაკაცებთან სხვის დაუსწრებლად ლაპარაკი შეგვეძლო; თუ ვინმე შემოგვესწრებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდარა. მეფე გვაქცევდა უდიდეს ყურადდებას და გვიცხადებდა უდიდეს პატივისცემას; ერთი დიდი სახლი და ბაღი მოგვცა. ჩვენი სინიდისიერება და მეცნიერება ერს დიდათ სწამდა და ამიტომ ივერიელების და ქართველების სათნო საყოფელი ვიყავით, ამათგანი რავდენიმე კიდეც იყო ჩვენს სარწმუნოებასთან შემოერთებული, როდესაც კათალიკოსმა დევნა დაგვიწყო. შემდგომ რა მოგვივიდა რავდენჯერ შემწეობა და ეგრეთვე ახალი მისიონერები, ავაშენეთ საჯაროდ ეკკლესია, იქამდე კი კერძოდა გვქონდა. ამის აშენების დროს კათალიკოსს საჩუქარი არაფერი მივეცით, თუმცა ჩვეულებად აქვს ყველას უბრძანოს ხოლმე და გამოართვას ეკკლესიის აშენების დროს, თვით სომხებსაც, რომლებიც მასზე დამოკიდებულნი არ არიან. ჩვენს წინაადმდეგ ყველა ღონისძიება იხმარა; ჯერ ხალხს აუკრძალა ჩვენთან ბავშვების მობარება ჩვენს ეკკლესიაში მოსვლა;
შემდგომ მივიდა მეფესთან და ბევრი ეცადა, გავედევნეთ მთელი ივერიიდგან. ესრეთ სამწუხარო მდგომარეობაში ჩავარდნილთა, მოვილაპარაკეთ. მეფეზე კათალიკოსის დიდ ხედმოქმედებას სხვა ვერაფრით ვეწინაღმდეგებოდით, რათა სამწუხარო შედეგი აგვეცილებინა თავიდგან, თუ არ მეფისავე გულკეთილობით, რომელიც მას ჰქონდა ჩვენდამი. ეს მისი გულკეთილობაც შერყეული იყო ნათესაობის გამო, რადგან იგი კათალიკოსი ძმის (ანუ დის) წულია (20). გარდა ამისა ჩვენის დიდის გაჭირვების შესამსუბუქებლად გავწყვიტეთ ექიმობით მოგვეპოებინა ღონისძიება. ამან ძრიელ დაგვიმცირა სახელი და ეგრეთვე ბევრის მეგობრობაც მოგვაკლო. გარნა მეფის გულმოწყალებამ სძლია და ჩვენმა განუწყვეტელმა სამსახურმა გაიმარჯვა კათალიკოსის მრისხანებაზე. იგი გარეგნად შეგვირიგდა და ამით ვითომ დაჰფარა თავისი მტრობა და ლათინთა სარწმუნოების მიმართ სიმძულვარე. იტალიიდგან მოსულმა შემწეობამ მალე გვიშველა, დავიწყეთ უსასყიდლოთ კურნება; სკოლაც კვალად გავაღეთ, რადგან დაკეტილი იყო ბავშვების წასვლის გამო. შემდგომ დავიწყეთ ეკკლესიაში ჟამ-კანონის თქმა, ღამით გალობა და თუ დიდისა და თუ პატარა მარხვის დაცვა, რომლებიც აქეთ ძრიელ ბევრი იციან... ამ საშუალებით შემდეგ დიდ მარხვაში დიდი ხალხი მოვიზიდეთ და გულმოდგინებით ვუქადაგებდით, რადგან საზოგადოთ ეს ერი დიდი მოსურნეა ღვთის სიტყვის მოსმენისა. ამ დროს ჩვენი ყოველი შრომა ძრიელ კარგად წავიდა; ას კაცამდე თუ ტფილისს და თუ გორში მოვიდა ჩვენთან და აღსარება სთქვა; სხვა ბევრმა ჩვენი სარწმუნოება აღიარა და დაიწყო საიდუმლოს ხშირად მიღება, თუმცა კი ფარულად, შიშის გამო. ამ ნაირად იქმნა ჩვენი მისიონის დასაწყისი და წარმატება. ახლა საქმე ისეა წასული, რომ ყველაფერი იმედს გვაძლევს, სარწმუნოება დიდ წარმატების გზას დაადგეს, განსაკუთრებით ვიდრე ეხლანდელი მეფე ცოცხალია. ეხლა გვაქვს ორი სახლი და ორი ეკკლესია ერთი ტფილისსა და ერთი გორში. ისიც არა ფარულად, არამედ ცხადად და ყველას წინაშე (რაც იშვიათია აღმოსავლეთში)... მესამე სახლიც გვქონდა იმერეთში ქუთაისსა, მაგრამ ომებისა და ეგრეთვე ცხოვრებისათვის საჭირო ღონისძიების უქონლობის გამო თავი დავანებეთ; ხოლო ისევ შევიძენთ, როდესაც შეძლება გვექმნება. გურულები და ოსები გვიწვევენ იმათთან წასასვლელად: პირველნი იმიტომ, რომ მღვდლები ჰყავდესთ, ხოლო მეორეთ მკურნალები სჭირიათ... მარტო ეს არ არის: პირველში თუ სასაცილო და სამასხარო ვიყავით, ეხლა მთელის სამდვდელოებისაგან დიდათ პატივცემული ვართ ჩვენის მეცნიერების გამო; ამიტომ მღვდლები, ეპისკოპოსები და თვით კათალიკოსიც, როცა გაუჭირდებათ, რჩევას გვთხოვენ. ხალხსაც, რომელმაც შეიტყო ჩვენი უანგარობა, დიდათ უკვირს, რომ ეგრედ შორიდგან მოსულნი აქ თავგანწირულად ვშრომობთ სულთა ცხონებისათვის და სასყიდელს კი არ დავეძებთ. ეხლა, გარდა იმ მცირედი რიცხვისა, რომელიც ღმერთმა გამოირჩია ყოველ ოჯახში, ეგრეთვე გარდა ერთის ურიის ჩამომავალი აბრაჰამ იბერიელი მღვდლისა, რავდენიმე ოჯახი თავიანთის ყმებით აღიარებენ კათოლიკე სარწმუნოებას, ზოგი ფარულად და ზოგი ცხადად... სწავლის დროს ბავშებს ვწვრთით სარწმუნოებისა და კეთილ ზნეობაში. გარნა თავიანთის ხასიათის სისუსტისა და თუ მათის მშობლების სიხარბის გამო, ისწავლიან თუ არა ქართულ წერა-კითხვას და რა მოიზდებიან, მიდიან სკოლიდგან და ქუჩებში ყველა ნაირ ბოროტ ჩვეულებას ითვისებენ. ამ სენის საწინადმდეგოთ, რადგან კარგა ხანია სურდათ ლათინურის და და იტალიურის სწავლა, დავაწყებინეთ გრამატიკის სწავლება ამ ენებზე, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ როდესაც მათ იტალიანური იციან, მაშინ ვერც თავიანთი ამხანაგებას დაცინვა და ვერც თავიანთი მშობლების სიმკაცრე მათ ვერ აშორებს ჩვენგან და სარწმუნოებისაგან... იმერეთში ერთ სოფლის ბატონთან პატრი ანჯელო ვიტერბელმა გაატარა ცოტა ხანი მკურნალობის გამო; მისი დარიგებისა და კაი ყოფაქცევის მიზეზით დაიბარეს პატრი იოსებ კორსელი. თავისი მეცადინეობით მიაღებინა კათოლიკე სარწმუნოება, რომელიც წინათვე გაეცნოთ, არა მარტო მრავალ წევრს იმ კეთილშობილი ოჯახისას, არამედ მრავალ გლეხთაც, რომელთაც სარწმუნოება აღიარეს, ასიოდე კაცი მას გაენდო და ერთგულათაც დარჩნენ. მრავალმა სხვამაც, რომელიც ან კარგად, ან სულ არ იყო მონათლული, დიდის ამბით მიიღეს ნათლიდება, თუმცა მშობლები არ იყვნენ თანახმა. ამას ესეც უნდა დავუმატოთ, რომ თერთმეტი წლის განმავლობაში, რაც ჩვენი პატრები საქართველოში არიან, ათას სულზე მეტი ხელახლავ მონათლეს ზოგი კერძოდ ზოგი საჯაროდ, რადგან წესიერად არ იყვნენ მონათლულნი. ეგრეთვე ტფილისში ჩვენ მიერ ფარულად განსწავლული კათოლიკები წინეთ ვერ ჰბედავდენ გამოცხადებით აღესრულებინათ კათოლიკობა, თავიანთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჰფარავდენ, გულში კი ჰქონდათ ჩანერგილი; ახლა სულ ერთიან შეიცვალა. სარწმუნოების წარმატება ეგოდნათ შესანიშნავია, რომ ახლა სულ აღარაფრად ვრაცხვთ, რაც უწინ დიდ რამედ მიგვაჩნდა. კაცს ეგონება რომ უწინდელი დრო მარტო თესვის დრო იყო, ახლა კი მკისა... გარდა იმისა, რომ, როგორც კი შემთხვევა მოგვეცემა, ხშირად ვუქადაგებთ ერსა. უკანასკნელ დიდმარხვიდგან ეკკლესიაში ზეპირად ბავშებს რიგ-რიგად ვამეორებინებთ საქრისტიანო მოძღვრებას ბელარმინესგან შედგენილს. ერთმა ჩვენთაგანმა სთარგმნა ქართულად. მოძღვარი შემდგომ უფრო ვრცლად უმარტებს კათეხიზმოს წესზედ. უწინარეს ამ წვრთნისა, იმავე ენაზედ ამბობენ ღვთის მშობლის „სავარდის" ლოცვას მის საიდუმლოს თავებს კითხულობენ. თავისი ბრწყინვალებით და დიდებულებით ეს ცერემონია მუდამ დიდ ხალხს იზიდავს. ხოლო ერი დიდ განცვიფრებაში იმან მოიყვანა, რომ ღვთის მშობლის მიძინების დღეს, პირველ გზობის მოისმინა ბავშის ქადაგება მარიამის დიდებასა და ხელმწიფებაზედ... სოფლებში წამლობის დროს ბევრი დავიყოლიეთ, კარგად ჩავაგონეთ და დავატოვებინეთ თავიანთებური შეცთომილებანი, თუმცა კი თავიანთი ჩვეულების დაგვარ მუდამ ბჭობდენ. ამ უკანასკნელთა შორის მოიპოება ერთი დიდათ შესანიშნავი პირი არდაშელი რომელსაც აქვს ნათესაობა დიდ ოჯახებთან, პირველ ერისთავთან და თვით მეფესთანაც. ამან თავისი მამის ეპასკოპოსის ბრძანებას ყურადღება არ მიაქცია, ჯერ გორში მოვიდა ჩვენთან და შემდგომ ტფილისში, დიდის სიხარულით და მოწადინებით დაუტევა აღმოსავლეთელების შეცთომილება და შემოგვიერთდა. ამისი საშუალებით დიდი იმედი გვაქვს, რომ კათოლიკე სარწმუნოება ძრიელ გავრცელდეს...".
პროპაგანდა 14 მარტს 1672 წ. პიემონთელ პატრი ფრანჩისკეს სწერს, რომ თავისი ქართულად ნათარგმნი კათეხიზმო საჩქაროდ გაგზავნოს რომში დასაბეჭდათ. ამას გარდა ამ დასაბეჭდ კათეხიზმოს შესახებ სხვა საბუთები არაფერი გვაქვს. ამიტომ დანამდვილებით არ ვიცით ეს კათეხიზმო დაიბეჭდა თუ არა.

კათოლიკობის გავრცელების საქმე ამ ნარად წინ მიდიოდა, ყოველი წოდების პირი უერთდებოდა კაფუცინებს. სჩანს მეორედ კიდევ მოუწადინებიათ და ლაპარაკი დაუწყიათ საქართველოს ეკკლესიის რომის ეკკლესიასთან შეერთებისათვის. მოუწადინებიათ არა მარტო კაფუცინებს, არამედ თვით კათოლიკოსსაც. ამის შესახებ თუმცა მისიონერების წერილი არავითარი გვაქვს, მაგრამ ერთის, თვით ამ საქმეში მყოფი პირის საბუთი კი მოგვეპოება. იგია ერთი სომეხი პეტროს ბედიგ (მისი უწინდელი სახელი მანუკ ავეტიკ იყო), რომელიც ბავშობიდგანვე წასულა სპარსეთიდგან რომსა, საცა სწავლა დაუსრულებია და შემდგომ უცხოვრია ვენაში. იქიდგან სპარსეთს გაჰყოლია მათე არქიეპისკოპოსს, რომელსაც პაპის წიგნი მოჰქონდა შაჰთან. იგი დარჩა სპარსეთში 1672-დან 1676 წლამდე. ხოლო თავისი აღწერილობა გამოსცა ვენაში 1678 წელს. ამან აქ მეფე ერეკლე პირველიც ნახა. სხვათა შორის, იგი მოგვითხრობს: „იქვე ზის მათი პატრიარქი, რომელიც პატიოსანია და მიდრეკილია რომის ეკკლესიასთან შესაერთებლად. ამის წინათ თვით განგებ მივიდა კაფუცინებთან მოსალაპარაკებლად. ამათგანი ახლა რავდენიმეა ზემო ხსენებულ ქალაქში (ტფილისში) და მთელი ხალხი პატივსა სცემს... კაფუცინების უფროსის საშუალებით ხსენებულმა პატრიარქმა თავისი აზრი გამოუცხადა ნეტარ ხსენებულ პატრი პრისკოს და მეც, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანა ვეღარ შეიძლო, რადგან დიდი მთავარი (მეფე) მისი ძმისწული განუდგა სპარსეთის მეფეს და მიჰმართა ოსმალებს. ამიტომ მთელი საქართველო სულ არეულ-დარეულია სპარსეთის მეფის შიშის გამო; ამ საქმისთვის მოსალაპარაკებლად პატრიარქთან მისვლა ჩვენც ვეღარ შევიძელით... სპარსეთის სხვა-და-სხვა ადგილებში მოიპოებიან კათოლიკები, რომელთა შორის უმეტესნი არიან სომხები და ქართველები და ზოგიერთი სპარსელებიც. როდესაც ხსენებული პატრი პრისკო მეორედ სადილად მიიწვია შაჰმა, იქ დაესწრო ეგრეთვე ქართველების უწინდელი უძლიერების თეიმურაზ მეფის შვილის შვილი, ერეკლე... ხოლო იმავე პატრმა გვაუწყა, თუ როგორ გამოეცხადებინა ხსენებულ ერეკლეს თავისი მიდრეკილება კათოლივე სარწმუნოებისადმი ერთის თავის საყვარელის დიდათ თავგანწირულის მისიონერის, კაფუცინის ანტონ რუფინოს საშუალებით და ეთქვა, დიდის სიამოვნებით მივიდოდი ხსენებულ პატრი პრისკოსთან, სპარსელების ჩვეულების წინააღმდეგი რომ არ ყოფილიყო". მისიონერებმა 1671-დგან 1674 წლამდე ბევრი წერილი გამოგზავნეს რომსა აქაური მისიონის შესახებ, ეგრეთვე განგებ პატრი ანჯელო ვიტერბელიც გაგზავნეს, რათა აქაური გარემოება კარგად ეცნობებინა, და თუ ფულით და თუ კაცით საკმაო შემწეობაც ეთხოვნა. არც ეს წერილები და არც ამ პატრის მოხსენება ხელთ არა გვაქვს. ხოლო მოგვეპოება ერთი წერილი, რომელიც პატრ უფროსს სერაფინოს გაუგზავნია 19 ოქტომბერს 1674 წ. და სადაც იხსენიებს თავის წინანდელ გაგზავნილ წერილებს. იქვე მოგვითხრობს, რომ ერთ გაკათოლიკებულ ახალგაზდა ქართველს ტფილისში ცხვირი მოუჭრია კათოლივე სარწმუნოების გამო, რათა სპარსეთის ყეინთან აღარ გაეგზავნათ. კაფუცინებს წინეთ თურმე მისი რომსა გაგზავნა მოუნდომებიათ სასწავლებლად კარდინალის ნებართვაც აუღიათ, მაგრამ მეფეს არ დაუნებებია, რადგან მისი მოყვანილი ყოფილა იმერეთიდგან. ის ახალგაზდა ქართველი თავადი ალავერდის შვილი ყოფილა, რადგან კარდინალი თავის წერილში ასე უწოდებს: Nobile Georgiano Deodato. ამის სამგზავროდაც 25 სკუდი გამოუგზავნია.
იმავე წერილში კარდინალი აცნობებს პატრ უფროსს, რომ ქართულად ნათარგმნი კათეხიზმო კარგად შეასწოროს და გაუგზავნოს რომს საბეჭდათ. პატრი უფროსი ხსენებულის წერილით ეგრეთვე უთვლის კარდინალს თავის თხოვნას სომეხთა შურისა და დევნის შესახებ. როგორც ჩანს, წინეთ რომისათვის უთხოვნია, რომ საქართველოს მისიონი დაევედრებინათ ევროპის ყველა იმ მთავრებისათვის, რომელთა ქვეყნებშიც სომხები სცხოვრობდენ, რათა აქ სომხებს აღარ ედევნათ მისიონერები. აქამდინ არ მოვიყვანეთ იმერეთის მეფის და რაჭის ერისთავის წერილები, რადგან მათ თარიღი არ უზის და ზედ მიწევნით არ ვიცით, რომელს წელიწადს ეკუთვნიან. ის წერილები მოხსენებულია მარტო აქ დასახელებულ კაფუცინის წერილში, რომლითაც კარდინალს აუწყებს ესრედ: „იმერეთში ორ ადგილს გვიწვევენ; იქაური მთავრების წერილები ხელში მაქვს, აქამდინ ვერ შევიძელით წავსულვიყავით. ქუთაისს მყოფ ჩვენს ერთგულს კათოლიკეს მივანდე, რომ აცნობოს, როდესაც საკმაო საშუალება მექმნება, თუ ორთავ ალაგს არა, ქუთაისს მაინც გავგზავნი მისიონერებს, რადგან იქ უფრო მეტად სასარგებლონი არიანო."
აი ეს ხსენებული წერილებიც:
„ქ. მეფე ბაგრატ ვიკადრებ მესტუმროვო (sic). ჩვენ მაგიერად ფრანგსა პატრი სერაფიონს და მის ამხანაგებს მრავალნი მოკითხვა მოგახსენეთ. აწე თუ ჩვენი თავი უნდათ ორიოდე კაი მეცნიერი და კაი აქიმი პატრი მათის კაი საექიმოს წამლებით და წიგნებითა მოვიდენ და ღვთით ვეცდებით, რომ ალაგიც გაუჩინოთ და სარჩოს საქმეც გაურიგოთ და როგორიც წიგნიც უნდოდეს იმისთანა წიგნიც რომის პაპს მიუწეროთ. სიკეთის მეტი ამ ქვეყანას მაგათ არა უშამს რა ესემცა არ გიქმნიათ რომე არ წამოხვიდეთ”.

წერილი რაჭის ერისთავისა შაშიტასი. Dell Eristavi di Racia in Imereti, detto Sciascia:
„ქ. შაშიტა ერისთავი ვიკადრებ ძმაო ბატონო პატრი სერაფინო და მისნო ამხანაგნო მრავალი თქვენისა კაისა და ჭკუანისა თავის შესაფერი მოკითხვა და ნახვის ნატრა მოგვიხსენებიათ. აწე მეფემანცა წიგნი მოგწერათ და ჩვენც ყველას დიდათ გვეამების რომე ორიოდე კაი მეც. ნიერი და აქიმი პატრი აქ იქნებოდეთ. სიკეთის და კარგად მოპყრობის მეტი თქვენ აქა არა გიშავდეს რა და ალაგისა და სარჩოს საქმეც გაგირიგოთ და რომ პაპთანაც როგორიც წიგნი გინდოდესთ იმისთანა წიგნი მიგიწეროთ".
ზედმიწევნით არ ვიცით, თუ როდის შეუსრულეს ეს თხოვნა კაფუცინებმა და როდის ჩავიდენ იმერეთს. არც ის ვიცით, პაპსა მეფე ბაგრატმა მისწერა წერილი თუ არა, რადგან ამ დროების საბუთი ბევრი გვაკლია. ზემოდ ვნახეთ, რომ კაფუცინებმა რომიდგან საკმაო შემწეობა მიიღეს და ტფილისში გაიშენეს ეკკლესია. ამ შემწეობის საშოვნელად იძულებულნი გახდენ ორ-სამ გზის განგებ კაცი გაეგზავნათ, რადგან წერილები ვერას აწყობდენ. ამის შემდგომ გავიდა რამდენიმე წელიწადი, რომ კაფუცინებს საკმაო შემწეობა აღარ მოსდიოდათ რომიდგან, რაის გამო ისე უწინდელათ სიგლახაკეში ჩაცვივდენ. თავიანთ გაჭირვებას პროპაგანდას თითქმის ყველა წერილებში უმეორებდენ კაფუცინები და განუწყვეტლივ სთხოვდენ შემწეობას. რომი შემწეობის შესახებ კაფუცინთა თხოვნას ადვილად ყურადდებას არ აქცევდა ორი მიზეზას გამო: პირველად საქართველო იმიტომ მიანდო კაფუცინებს და არა სხვა მონაზონებს, რომ ისინი სხვებზე უფრო გლახაკურად სცხოვრობდენ. რომს იმედი ჰქონდა, დაგლახაკებულ საქართველოში ამათ დიდი ხარჯი არ დასჭირდებოდათ; მაგრამ სულ წინაადმდეგი გამოდგა. მეორე მიზეზი იყო, რომ თეათინელებს უწინ არც ქართლსა და არც სამეგრელოში ეგოდენი სახარჯო არ მოუთხოვიათ, როგორც კაფუცინებსა; ამის გამო პროპაგანდა ხშირად ეკითხებოდა თეათინელებს, რასაც ესენი საჭიროდ დაინახავდენ, იმას უგზავნიდა, და არა იმდენს, რამდენსაც კაპუცინები სთხოვდენ.
თავის დროზე რომ ვეღარ მიიღეს კაფუცინებმა რომიდგან საკმაო შემწეობა. პატრი რაფაელი გაგზავნეს რომს და წერილები გაატანეს. ამას აგრეთვე მეფემაც გაატანა ორი წერილი: ერთი პაპთან და ერთი კაფუცინების გენერალთან, რათა შემწეობა მიეცათ. აქვე მოგვყავს მეფის ორივე წერილი. შაჰ-ნავაზის წიგნი პაპი კლემენტე მეათესადმი - ქართულად მიწერილი.

„ქ. ბრძანებითა ღთისათა და წყალობითა მეუფისათა, რომელი განაგებს ყოველთა არსთა, შესაქმისთა ქვეყანისათა იპყრობს და მჭირველობს მისთა ძალითა დადგინებული ხელმწიფე, ტახტსა ზედა მჯდომარე ვახტანგ გორგასლანისა და დავით აღმაშენებელისათა წინასწარმეტყველისა დავითისა და სოლომონის ტომი და ნათესავი, მპყრობელი და მფლობელი ქართლისა და კახეთისა, მპყრობელი და მჭირავი საბარათიანოსა და სომხითისა, მპყრობელი და მჭირავი ლიხთ იმიერისა და ლიხთ ამიერისა, მპყრობელი და მჭირავი საათაბაგოსი, ტაოსი, ბასიანისა, ლიგანისხევისა და ჯავახეთისა, მპყრობელი და მჭირავი ოდიშისა და გურიისა, მპყრობელი და მჭირავი აფხაზეთისა, სვანეთისა, რაჭისა, ლეჩხუმისა, მპყრობელი და მჭირავი ოსეთისა, დვალეთისა, ხევსურეთისა, ფშავისა, თუშეთისა და მათთა გარეშემოთა მამორჩილებელი და ხელისა ქვეშე მქონებელი მეფე ხელმწიფე...

„მოგიკითხავ სიყვარულითა და გაქებ სახელის დიდებით თქვენ აღმაღლებულო და ყოველთა ცისკიდეთა ქუეშთა საჩინო მნათობო ელვარეო, მწყემსად ცხვართა პირმეტყველთა გამორჩეულო და ქრისტეს მცნებისა ქადაგებად გამოჩენილო, მაღალისა და აღმატებულისა სამოციქულოსა საყდარსა გამორჩევით და უსასყიდლოდ დადგინებულო, პეტრე მოციქულისა ტახტის მჭირველო და ცხვართა მისთა დამცველო კლდეო სიმტკიცისაო, ვითარც უბრძანა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან: შენ ხარ კლდე და ამასა კლდესა ზედა აღვაშენო ეკკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო და მოგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათასანიო სიმართლისა და მართლის განჩინებისა საქმისათვის ბოროტისათვის შემკვრელო და კეთილისათვის გამხსნელო და მრავალთა სულთა ხელთა ქვეშე მქონებელო, სიყვარულითა მათისა ცხოვრებისა თავისმდებელო, მამაო მართლმორწმუნეთა შვილთა მოყვარეო ზე აღმატებულო და დიდებულო...
„მრავალნი თქვენის სახელი გასულისა და სიკეთეზედან ხმა გასმენილს თავის მოკითხვა და კარგად ყოფნის ნეტარება მოგვიხსენებია. მერმე ეს მოგახსენოთ - ეს თქვენი გამოგზავნილი პატრები მოვიდეს აქა და აქ მყოფობა და დადგომა მოინდომეს ჩუენს ქუეყანასა არც საყდარი ჰქონდა და არც დგომილი იყვნენ. ჩვენ თქუენის სახელისა და სიკეთისათვის კიდეც შევიწყნარეთ, კარგაც მოვეპყარით, სასახლე და სადგომიც მივეცით და საყდარიც აღვაშენებინეთ. ამდენი ხანია, აქ არიან არც ჯამაგირი მოუვიდათ, აღარც თქვენი წყალობა. ეს არ ვიცით, თუ გამოუგზავნეთ რამე და არ მოუვიდა. თუ არ მოიგონეთ და არ გამოუგზავნეთ, ეს ვერ შევიტყეთ სადაც სხუაგან, ან ისპაანს და თავრეზს, სადაც გარეშემოში თქუენის სახელით დადგინებული პატრები არიან, ყველას წელიწადში ჯამაგირი მოუა. ამათ ხუთი წელიწადია არა მისვლია რა, თუ ჩუენს ქუეყანას ყოფისათვის არას უგზავნით და არას ნაღვლობთ, ჩუენც არ დავაყენებთ, საყდარს ისევ დავაქცევთ და ამათ გამოვყრით, თუ მათი აქ დგომა გინდათ, ჯამაგირი მართალი გაურიგეთ როგორც სხუა ალაგის დგომს პატრებს აქუს და ეს პატრი რაფაელი ისევ გამოგზავნეთ. ამან ჩუენის ქუეყნის ენა იცის და ყოველს კაცს იცნობს და ყველანი ეწყობიან და ყუელას სიყუარული აქუს ამისი და თქუენის სახელისათვის დიდათ სჯობს ამის აქ ყოფა”.
ეს წერილი დაუწერია თბილელ ეპისკოპოსს, ამას უჩვენებს იტალიანური ზედ წარწერა. რიცხვი არ აქვს. გარნა მეორე წიგნის რიცხვიდგან სჩანს, რომ დაწერილია 1675 წ. ივლისში.

შაჰნავაზ მეფის წიგნი კაფუცინების გენერალ პატრი ბონავენ-თურა ლეკარტისადმი, 1675 წ. ივლისის თვეში (ქართულად):
„ქ. წყალობითა და განგებითა ღვთისათა, რომელი უფლებს და განაგებს მეუფების ტახტსა და წყალობის მისთა მოსავთა თვის რომელმან განაგო მეუფება დავითისი კოსტანტინესი მიხაელისა და ლეონისა მისისავე განგებისა და საფარველისა ქუეშე მისსა მეფობის ძალითა მისითა დადგინებული დამყარებული ხელემწიფე სრულიად საქართველოისა, მპყრობელი მქონებელი და მჭირავი იესიან დავითიან სოლომონიან ბაგრატოვან გვარითა და მოდგმობითა მეფობასა შინა წარმოვლილი და დამყარებული ჴელემწიფე მეფე...
„მოგიკითხავ სიყვარულითა და ხსენებულ გყობ სარწმუნოებითა თქუენ ღირს და პატიოსანს მონაზონთა დასისა განმამშვენებელთა ეკლესიათა შემამკობელსა სულისა საუნჯესა და ღთისათვის თავ გარდადებით საკუთარ მონასა და საუკუნოს მოლოდინებისათვის გარჯისა შეჭირვებისა არა მზარებელსა, ქრისტესათვის თავ გადადებულსა და მისისა მცნებისა აღსრულებისა მოსაწადესა დიდისა სამოციქულოისა რომისა საყდრისა და მასზედ მპყრობილისა პაპისა რჯულისა ქვეშე მყოფსა, სულისა სიყვარულისათვის წამებად გამზადებულსა, მისთა მორჩილთა მონაზონთა უცთომელად და კეთილად წინამძღუარსა და განმგესა პატრსა... მრავალი მოკითხვა და კარგად ყოფნის სიხარული მოვახსენოთ. მეორე ეს მოვახსენოთ. ეს უმცროსნი მორჩილნი და ჴელქვეშ მყოფნი პატრები ავდენი ხანია აქ არიან. ჩუენ თქუენის სათნოსა და დიდისა რომ პაპისა სათნოსა და სიკეთისათვის ამათ სასახლე და ალაგი მივეცით და საყდარი ავაშენებინეთ. რომ თქვენი საყდარი აქ არ ყოფილ იყო. კარგად იღუაწიან და არიგებენ, მაგრამ ეს ხუთი წელიწადია არც ჯამაგირი მოსულია და არც არა გინაღვლიათ ამათი. რისათვის ისე მოიძულეთ და ჴელიდან გაუშვით, რომ ამათი არა ინაღვლეთ რა. ისპაანს თავრეზს, სადაც თქვენი პატრები დგანან, ყუელას ჯამაგირი და წყალობა მოსდის. ამათ არა მოსდის რა. ეს ვერ შეიტყუეს აქ მდგომა პატრებმა, თუ გამოგიგზავნიათ რამე და არ მოსულა. თუ არ გინაღვლიათ და არ გამოგიგზავნიათ რა, რისათვის აგრე უზამთ. დიად თქუენს მცნებას და სწავლას და ლოცვას ეკერძებიან და უდგანან. თუ თქუენ არას ინაღვლით და არ გინდათ, არც ჩვენ გვინდა. აღარავის დავაყენებთ. საყდარსაც დავაქცევთ და ამათ გამოვჰყრით. თუ თქვენ გინდათ, მართლა ყური უგდევით, ჯამაგირს ნუ დააკლებთ, რომ ილოცონ და დარჩნენ. ახლა პატრი რაფაელი წამოვიდა, ამას საქართველოს კაცი დიაღ კარგა გაეწყო. ჩვენი ენა და წიგნი კარგად ისწავლა. ეს ისევ გამოგვიგზავნეთ. მანდ ნუ დააყენებთ. თქუენთვისვე სჯობს. ჯამაგირისა და სარჩოს საქმე მართლა გაურიგეთ, რომ ამისი ჭირნახული არ მოიშალოს. სხუას ჩუენს და აქაურს ამბავს ეს მოგახსენებს".
ეს ორივე წიგნი პატრი ბერნარდეს ლათინურად უთარგმნია აგუსტოს თვეში 1675 წ. ეს ნათარგმნი ჩვენ ვერ ვიპოვეთ. მეფის ეს მუქარა კაფუცინების განდევნის შესახებ ჩვენ არ უნდა მიღოთ ნამდვილ მუქარად. ეს რომ ნამდვილი ყოფილიყო, მაშინ აღარ სთხოვდა პატრი რაფაელის უკან დაბრუნებას. მეფემ კარგად იცოდა, რომ კაფუცინებს თუ იმერეთსა და თუ სხვა ადგილებში იწვევდნენ, თუ მათ თავის სამეფოდან განსდევნიდა, სხვაგან სიხარულით შეიწყნარებდენ. ხოლო თუ ასე მისწერა, მარტო იმიტომ, რომ მათთვის საჭირო შემწეობა უფრო ადვილათ გამოეგზავნინებინა. ამავე კაფუცინების არხივში ბევრი სხვა წერილებიც შეგვხვდა. ჩვენ ზოგიერთს მოვიყვანთ აქ. ვგონებთ უადგილო, არ იყოს. ამ წერილებს ბევრს თარიღი არ აქვს. ამ უთარიღოთაგანი ერთია, რომელსაც პატრებს სწერს, ვგონებთ სპარსეთიდგან, ალექსი გიორგიანიანი (Ghiorghianiani), ძმა ფარსადან ბეგისა, რომელსაც ჰქონია სოფლები გორის ახლოს.
„ქ. ღ ̃თნ პატრის სერაპინოსა და პატრი რაფაელისა და სულერთობით პატრების ჭირი და სატკივარი ყველა ამ თქვენს ნახვისა და სამსახურის დიდად მონატრეს ამ თქვენს ალექსის მისცეს მრავალი თქვენის კაისა და ჭკვიანის თავის შესაფერი მოკითხვა ნახვისა და სამსახურის დიდათ ნატრა მომიხსენებია და ნათლით სავსეს ჴელებზედ მთხვევა. აწე აქაურს ამბავს იკითხავდეთ, რა თქვენ გამოყრივარ, ათი წიგნი მომიწერია და თქვენ პასუხი არ მომწერეთ. რა გავიგონე ფრანგზისის ელჩი ბანდარაბაზის მოსულაო და ლევჰის ჴელემწიფე მომკვდარაო და ამ ელჩის წასვლა არ უნდა ლივჰსაო, ძმა გაუგზავნია ყეინის კარს რუბსათი უყონ და გამოუშვან მანდ საქართველოს წამოვიდესო. აწე რაც ამბავი გაგეგონოს, თქვენ ყველა წიგნათ მომწერეთ. მე მწუეთ მინდა რომს წასულა, თუ ღმერთმან ხელი მომივართა. თქვენც მომეხმარეთ ეგების ღმერთმან იპრიანოს ასეთი საქმე მომიხდინოს, რომ წავიდე რასაც ჩემს ესტატეს წიგნსა და ენას ასწავლით, თქვენ იცით. თუ პატრის ანტონს გამოაგზავნით რომე ხელსა და ფერხს ვაკოცო და შენდობა მოვთხოვო და მე და ის ხოჯა აზარია ერთათ ისპაანს წავიდეთ ელჩთან კაი იქმნების, თორემ თქვენ კარგად იყვენით. ანბავი შემატყობინეთ ბატონო. ჩემი ძმის სოფელში ვიქმნები”.
აქ ხსენებული პატრი სერაფინო უფროსად იყო ვიდრე 1675 წლამდე. მაშ ეს წერილი ამაზედ უგვიანეს არ უნდა იყოს მიწერილი. ესტატეს მიერ ქართულად დაწერილი ეს შემდეგი წიგნი პატრებს მიურთმევიათ შაჰნავაზის შვილის გიორგისათვის, როდესაც, მეფის სხვაგან ყოფნის დროს, მისი ადგილი ეჭირა.
„ქ. ღმერთმან ბატონის შვილის გიორგის ჭირი პატრებს მისცეს მერმე თქვენ მოგეხსენება თუ ბედნიერის მამის თქვენისაგან რა პატივი გვქონდა, ანუ როგორ მეგობარია ჩვენი თავათ ანუ ჩვენც როგორც თავშედებით გვიმსახურებია თქვენთვის აწ მარტო მე აქ ვარ სამი პატრი თქვენს სამსახურზე არიან. არც მოსამსახურე მყავს, არც ვისმე ვიცნობთ აქა. ისე, მარტო მე ვარ სახლთხუცესმან ციციმ ერთი ბიჭი წყალობა გვიყო ახლა გორელმა ნაზარამ შემოგვიხდა და ის ბიჭი წაგუართო. აწა ამისთანა კაცმან რომ, ისე გვიყოს, ნახეთ თუ სხუა რას გვიზამს. თუ ამის სამართალი დაგვემართება ის არის, თუ არა და დასტური გვიბოძე. აქ სადგომი პირი აღარა გუაქვს, რომე ყოველი კაცი გვზაბუნოს ჩვენი დიდიაუგი და სირცხვილი ჩუენი გალახვა და ჩაგურა სირცხვილით შინიდამ ვერ გავსულვარ".

არც ამ წიგნს აქვს თარიღი. ვგონებთ ესეც უნდა იყოს 1675 წინ მიცემული. მისიონის საქმე მუდამ დღე წარემატებოდა. მისიონერები ყველგან უახლოვდებოდენ ერსა. თავიანთ მკურნალობით და სწავლა-დარიგებით ყველა წოდების წარმომადგენელთ იზიდავდენ. ხალხი მათ გულგრილად არ უყურებდა, მეტადრე როდესაც სცნო მათი უანგარობა. ამისგამო დიდ თანაგრძნობის უჩენდა პატრებს და მათ შრომა-ცდას ყურადუღებელ არ სტოვებდა. ქართველთა ესრეთმა მოწადინებამ მისიონერებს იმედი მისცა და გული გაუკეთა. ამისგამო ისენი ხშირად სწერდენ რომში და უთვლიდენ, რომ საქართველო ყველა მისიონზე უფრო საუკეთესო არისო. აქ უფრო ბევრი ნაყოფი მოგვაქვს ვიდრე სხვაგანაო. პატრი იოსებ რომელმა, 10 დეკემბერს 1675 წ., მისწერა რომში ერთი წერილი საკმაოდ ვრცელი, რომლითაც აცნობა საქართველოს სხვა და სხვა გარემოება. ამ წერილიდგან მოვიყვანთ ერთ ნაწილს. „მთელი აზია დავიარე ინდოეთამდე და დავრწმუნდი, რომ საქართველოს მისიონი ყველაზე უფრო ნაყოფიერია მთელს აზიაში. რადგან ეს ქრისტიანების ქვეყანაა ოსმალებსა და სპარსელებს შუა. მომეტებული ნაწილი სპარსელებს უჭირავსთ და უმცირესი ოსმალებს; ხოლო ბევრს ადგილს კი ქრისტიანე მთავრები განაგებენ დამოუკიდებლად. ამის გამო ძრიელ დიდი თავისუფლებაა: ქადაგება, ზარების რეკვა, ეკკლესიების გაშენება სრულიად თავისუფალია. ეს ყველაფერი დაუბრკოლებლად ხელს უწყობს უდიდესის ნაყოფის გამოღებისათვის, ჭეშმარიტად ღირსია, რომ კაცმა ყველა შეწუხება იტვირთოს, სისხლი დაღვაროს და თავისი ცხოვრება გასწიროს. ოჰ! როგორ დასწყდებოდათ გული წმიდა პეტრე ნოლასკელს და წმიდა პავლინოს აქაური სამწუხარო სრვა რომ ენახათ! უმანკო ბავშებს, თუ ვაჟებს და თუ ქალებს, სავაჭრო მეიდანზე ჰყიდიან ოხერ ფასად, რათა მით დააკმაყოფილონ ოსმალების უწმინდური მადა. გვესმის და ვხედავთ მათს ჟღავილს და ტირილს: ამ დროს ზოგი მდინარეში თავს იგდებს, ზოგი თვალებს ითხრის და ზოგიც ცხვირს იჭრის, რათა ურწმუნოებმან აღარ იყიდონ და წმიდა სარწმუნოება არ დაატოვებინონ... ნაყოფის გამოღება ადვილია. შეიძლება ამ მონათლულ სულთა შესყიდვა და გაგზავნა იმისთანა ადგილს, საცა შეეძლოსთ ქრისტიანურად ცხოვრება და სიკვდილი, რადგან, ვინც უნდა იყოს მყიდველი, ოსმალო, ბერძენი, სომეხი თუ ევროპიელი, კმარა, რომ მომეტებული ფასი მისცეს და იმას დარჩეს. თითოს ჩვეულებრივი ფასი არის 25 ან 30 რომაული სკუდი... ეს საზიზღარი ჩვეულება იმიტომ გავრცელდა ასე ადვილად, რომ ბატონები უღმრთონი და მრავლად არიან, რადგან საქართველო სავსეა თავადებით, რომლებსაც ჩვენში ბარონებს ვეტყვით. ამათ განუსაზღვრელი უფლება აქვსთ, თავიანთ ქვეშევრდომებს რაც უნდათ, ის უყონ, ასე რომ დამშლელი არავინა ჰყავსთ. ბატონების ხელშია ყმათა ქონება, სიცოცხლე და ნამუსი, ამიტომ ყოვლადის სიადვილით, როგორც უბრალო რამე ნივთს, ოსმალებზე ჰყიდიან... ქართველები არასდროს არ ყოფილან მოვაჭრენი. აქ უცხო ვაჭრები მოდიან. გარნა ბოლოს დროს სპარსელებმა ტფილისი საქართველოს დედა-ქალაქი განადიდეს და გაავსეს იგი სომხებით, რისგამო დაიწყო ცოტა ვაჭრობა".
იგივე პატრი ამ წერილით ეგრეთვე შემწეობას სთხოვს ტყვეების დასახსნელად.
მისიონერები, როგორც სამეგრელოს ისე ქართლში მხნედ ებრძოდენ ამ საზიზღარ ჩვეულებას, ტყვეთა გაყიდვისას, თუ ერთიან ვერ სპობდენ, მაინც უნაყოფო არ რჩებოდა მათი ცდა. ხშირად მრავალნი უკანდგებოდენ ამ სამარცხვინო ვაჭრობისაგან, რომელიც ჩვენს ქვეყანას ანადგურებდა. ესრეთი გულშემატკივრობით მოყვასის შესაწევნელად ყველას საყვარელი ხდებოდენ და ყველასაგან იმსახურებდენ დიდ პატივისცემას, რაც დიდათ ეწეოდა კათოლიკე სარწმუნოების გავრცელების საქმეს. ხსენებული პატრი თავის ვრცელ წერილებში აღგვიწერს გორში და მის გარეშე დარჩენილ მამულებსა და სოფლებს აგუსტინიანი და თეათინელი პატრებისას. სხვათა შორის იხსენიებს ორ სოფელს; ერთი ყოფილა სკვითი
(Squitti), გაშენებული არდაშელის მამისაგან ახლოს იქვე და მეორე ტინისხიდი (Tinischidi) ლიახვის გაღმა ყოფილა. ეს მამულები თავადებს ჩავარდნიათ ხელში, მაგალითად, პაპუნია ფალავანდელს ჰქონია სკვითი, და ტინისხიდი ჰქონია ლევან ბატონიშვილს, ხოლო ზოგიერთ თავადებს, როგორც არდაშელს და სხვებს, შეუგულიანებიათ კაფუცინები, რათა ის ფრანგების უწინდელი მამულები ისევ უკან დაებრუნებინათ. ამავე წერილებით პატრი აცნობებს მეფის განდგომას სპარსელების წინააღმდეგ, რაისგამო მისი ორი შვილი, რომლებიც განაგებდენ ორს უმთავრეს პროვინციას, ოსმალებთან გაუგზავნია, ვგონებთ, ახალციხისკენ და თვითონაც მომზადებულა გასაქცევად, თუ ვინიცობაა, სპარსეთის ჯარი შემოვიდოდა. ეს მომხდარა უფრო იმის გამო, რომ ერეკლე პირველი, რომში კარგად ცნობილი, ერთი წლის წინეთ რუსეთიდგან სპარსეთში მოსულა და შაჰისთვის უთხოვნია საქართველოს მეფობა, რადგან მას უფრო ეკუთნოდა. ესევე პატრი 1676 წ. პირველ იანვარს, სწერს რომში და აუწყებს მისიონის დიდ განსაცდელში ჩავარდნას არეულობის გამო, რადგან მოელოდენ თუ სპარსელების და თუ ოსმალების შემოსევას საქართველოში. გარნა კაფუცინებს გადაეწყვიტათ სრულებით არ დაენებებინათ თავი მისიონისათვის, და იმისათვის სიცოცხლეც გაეწირათ.
ამ დროების გვაქვს ერთი წერილი, რომელსაც არც თარიღი აქვს და არც დამწერის სახელი უჩანს. ეს წერილი, ვგონებთ, საქართველოდან მისულს ერთს კაფუცინს უნდა წარედგინოს პროპაგანდისათვის. ამ წერილში ის აღუწერს მოკლედ საქართველოს მისიონის გარემოებას და ქვეყნის მდებარეობას. სხვათა შორის წერილში აცხადებს: „თორმეტი წლის განმავლობაში საქართველოს მისიონმა უფრო მეტი ნაყოფი გამოიღო, ვიდრე სხვა ქვეყნების მისიონმა 60 წლის განმავლობაში გამოიღო. გარდა ორი ეკკლესიისა, გვაქვს სკოლა რომელშიც სწავლობენ 40-50 მოწაფემდე; კაფუცინების საქართველოში მოსვლის დროს ნათლიღების შესრულების წესი თითქმის ერთიან დატოვებული იყო და ღვთიური ბრძანების წინააღმდეგ ბევრი ურიგობა ხდებოდა. რაოდნათაც შეიძლებოდა, ეს ნაკლულევანებანი მოისპო და ნათლიდების შესრულების ნამდვილი სახე აღდგენილ იქმნა, რადგან ხელთნაწერი საქრისტიანო მოძღვრება მთელ საქართველოში მოვფინეთ. მისიონერებმა მთებში მცხოვრებთაგანი ასობით დანათლეს, ეგრეთვე ნათლავენ ურწმუნოთა ბავშებსაც წამლობის დროს, როდესაც სიკვდილის პირას არიან. მესამე მისიონის დამყარება საჭიროა კახეთშიაც, რომელიც ცალკე და უდიდესი სამთავროა, მშვენიერია ჰაერითა მთელს მხარეში, ყველაფრით ძრიელ უხვია, ასე რომ არ განსხვავდების ევროპისაგან. იქ ხშირად მიდიან მისიონერები ტფილისიდგან".

ზემოდ დასახელებული პატრი იოსები აპრილის პირველს 1677 წ. სწერს რომსა და აუწყებს სპარსელებისაგან მოწამლულ მეფის სიკვდილს. ხოლო ამავე წლის პირველის დეკემბრის წერილით აცნობებს, რომ ერეკლე მეფის ოჯახობა გაუკურნებიათ ჭირისაგან. ერეკლე სპარსეთს გაბრუნების დროს დაჰპირებია დიდ შემწეობას. იმისასვე ამბობს, ძრიელ დიდი პატივისცემა აქვს რომის ტახტისაო. ეგრეთვე მოუთხრობს, რომ როდესაც ერეკლე გაბრუნებულა სპარსეთს, ყეენს უთხოვნია გამაჰმადიანდიო; რადგან იმას ქრისტეს სარწმუნოების უარი არ უყვია, სპარსელებს მოუწამლავსთ. ამავე წელს ესევე პატრი დაუბარებია საწამლებლად გიორგი გურიელს, გამოუგზავნია ოთხი ცხენოსანი და ერთი აზნაური წასაყვანად. წასულა გურიას, მალე გაუკურნებია თუ გურიელი და თუ მისი მეუღლე, რაისგამო გიორგის მისთვის უჩუქებია ერთი ძვირფასი ვერცხლის ჭურჭელი. ამავე დროს მიუცია პატრისათვის ის წერილი, რომელიც მოვიყვანეთ გურიაში კათოლიკობის აღწერის დროს და რომლითაც ჰპირდება მათ ეკკლესიის დაბრუნებას და ოცი მოსახლის მიცემას, რისგამო ამან მისწერა პროპაგანდას და სთხოვა ახალი მისიონერების გამოგზავნა გურიისათვის.
პატრი იოსები საზოგადოთ გორში სცხოვრობდა. აქ ამას ერთ ღამეს ათი ავაზაკი დასცემია და მათი სახლი სულ ერთიანად გაუქურდავსთ. ეს და მისი ამხანაგი პატრები ავაზაკებს გასძალებიან. ამ შეტაკებაში ერთი ავაზაკთაგანი მოკლულა და ერთიც დაჭრილა. პატრი იოსებიც დაუჭრიათ ფეხში, რაისგამო განკურნების შემდგომ დაკოჭლებულა. ამ ამბავს სწერს რომში პირველ დეკემბერს 1679 წ. გურიიდგან, სადაც ხელახლავ წასულა შაჰნავაზის შვილის, გიორგი მეფის თხოვნით. გარნა გურიის მთავარს მერე აღარსად გაუშვია, იქ დაუჭერია, რათა იქ დაბინავებულიყო და სხვებიც მოეყვანა. იმის იქ ყოფნაში გურიის მისიონის გასაძლიერებლად რომიდგან სამეგრელოში მოსულა სამი კაფუცინი. იმათ ტყვილი ამბავი გაუგიათ, პატრი იოსები მოუკლავსთო და შეშინებულნი, გურიაში წასვლის ნაცვლად, ისევ უკან გაბრუნებულან კოსტანტინეპოლს. კათოლიკობის საქმე თანდათან ძრიელდებოდა, მეტადრე მეფეების მფარველობით და შემწეობით. როგორც შაჰნავაზი, ისე მისი მოადგილე გიორგი მეფეც კარგად ეპყრობოდენ კაფუცინებს და თავიანთს მფარველობას არ აკლებდენ. ხოლო სომხები კი პატრებს მოსვენებას არ აძლევდენ, და მარჯვე დროს ეძებდნენ, რომ ედევნათ. მეორედ დევნა დაუწყეს 1679 წ. თუმცა კი, როგორც უნდოდათ, ისე ვერ ავნეს მათ. ამას უფროსი პატრი რომში სწერს ესრედ:
„თქვენს უაღმატებულესობას უნდა მოვახსენო ერთი დევნულობა, რომელიც აღდგომის უკან სომხებმა დაგვიწყეს: ისარგებლეს იმ შემთხვევით, რომ ახალი მისიონერები აღარ მოდიოდენ, რაც ჩვენ უკანასკნელ მდგომარეობაში გვაყენებდა; ეგრეთვე რა ნახეს, რომ სააღდგომოდ ჩვენთან 60 კაცზე მეტი გაენდვნენ და გაკათოლიკების ეჭვი შეიტანეს მათზე, სომხების მღვდლებმა და ერის კაცებმა კრება ჰყვეს წინააღმდეგად მისიონისა, რათა ან ჩვენ გავედევნეთ საქართველოდგან და ან ჩვენი ეკკლესია დაენგრიათ. ხოლო იმ შემთხვევისათვის, თუ ვერ შეისრულებდენ წადილს, წერილით დაადგინეს, რომ ყველას, ჩვენს ეკკლესიაში მომსვლელებს, გადაეხადათ 200 პიასტრი მეფისა და ქართველების პატრიარქისათვის; მაგრამ ღვთის წყალობით თავიანთი ბოროტი განზრახვა ვერ შეასრულეს, რადგან კურთხეულმა უფალმა იმისთანა გული მისცა ამ ქართველთა მეფეს, თუმცა კი გამაჰმადიანებილია, რომ კრინტიც არ დასძრა სომხების სასარგებლოდ: საკმარისი იქმნებოდა მარტო ერთი სიტყვა ეთქვა, რომ ჩვენი ეკკლესია ერთიანად დაენგრიათ. ამნაირად, იმის წყალობით, ,რომ მისიონერებმა, მისვლა დაიგვიანეს, აქაურმა მისიონმა დიდი გაჭირვება გამოიარა... პატრი იოსებ ბორგოინანელი. ტფილისი, 15 მაისისა, 1679 წ. ამ დევნულობის ამბავი მოხსენებულია ეგრეთვე ერთ ქართულ წერილში, რომელიც 1679 წ. ნეაპოლში პატრი ბერნარდესთან მიუწერია ერთ კათოლიკეს სახელად ესტატე იეგანელს ზურაბის შვილს
(Estate de Jegani): „ქ. ღმერთმან ტკბილმან ყოვლის მპყრობელმან მამა ღმერთმან, ძემან მაცხოვარმან და სულმან წმინდამან, რომელი მამისა და ძისაგან გამოვალს, თქვენ უზეშთაესად მადლი მოგცეს, ვითარცა ივანე ოქროპირს და გრიგოლ თეოლოგოსს, როგორც უბოძებია და გაქუს ჩვენო სულიერო და მაცხონებელო ჩვენის ნებით მამაო სულიერო.... მერმე თქვენი უღირსი და ცოდვილი, რომელი მოელის თქვენგან ცხონებას თქვენის წურთნითა. აწ თუ იკადრებოდეთ, მრავალი თქვენის პატიოსნის და სიკეთე შემკობილს და ღვთის მეტყველების და სიწმიდით თავის შესაფერი მოკითხვა ნახვის დიდი ნატვრა მოგვიხსენებია. მერმე ამას წინეთ წიგნები მოგეწერა, მომივიდა ღმერთმან სასუფეველი გაღირსოს, როგორ გაქვს ოთხჯერ მე გამიგზავნია წიგნი არ ვიცი მოგივიდა თუ არა და ესეც მოგახსენოთ ჩემთვის წმიდა ბერნარდის ხატი გამოგეგზავნა. ღმერთმან კარგად გამყოფოს და წმიდა ბერნარდე მეოხე იყოს შენი თუ აქაურ ამბავს იკითხვიდე მოქალაქენი ორჯერ დაიგროვეს შუღლი ქნეს მაგრამ კათოლიკე ეკკლესია ძლიერ იყო და რომელიც კათოლიკე ვნახე შეიტყეს თქვენთან წიგნის მოწერა თქვენს ხელზე მთხვევა მოგახსენეს".

ზემოდ ხსენებული უფროსი პატრი იოსებ აგზავნის რომში გორს ნამყოფს პატრი იოსებ რომაელს და ატანს წერილს. კარდინალს სხვათა შორის ამას სწერს:

„ღვთის მადლით მისიონის საქმე კარგად მიდის და დიდი ნაყოფი მოგვაქვს. თუმცა კი სხიზმატიკი სომხები ხანდისხან გვეწინააღმდეგებიან და საშინლად გვდევნიან, როგორათაც პატრი იოსებ ანტონი მოგახსენებს, იგივე გაუწყებსთ თუ რა საშუალება უნდა იხმაროს კაცმა მათს დასამდაბლებლად".
ამ უფროსს მომზადებული ჰყოლია პროპაგანდის კოლეგიაში სასწავლებლად ხუთი ყმაწვილი, რომელთა შესახებ წინათვე მოუწერია რომში. კარდინალი, 29 აპრილს 1679, პასუხად სწერს, რომ ამ ხუთ ყმაწვილში გამოგზავნოს სამი უფრო ნიჭიერი, რათა პროპაგანდის კოლეგიაში განაგრძონ სწავლა. ეგრეთვე აუწყებს 7 კაფუცინის გამოგზავნას საქართველოში".
ნეაპოლის სკოლაში ერთი ახალგაზდა ქართველი თავადიშვილი ყოფილა. მისის გვარისა და იქ მოსვლის შესახებ ცნობა არაფერი გვაქვს. ამას პროპაგანდის კოლეგიაში შესვლის ნება უთხოვია. ამიტომ პროპანდიდან ნეაპოლის ნუნციოს ამ წერილს უგზავნიან.
„მათს უსამღვდელოესობის ნეაპოლის ნუნციოს, 16 ივლისს 1681.
„პროპაგანდის კოლეგიაში შესვლის ნება ითხოვა ერთმა გამოჩენილმა ქართველ ოჯახის შვილმა, რომელიც მანდ ნეაპოლში სწავლობს სამოქალაქო მეცნიერებას. ბატონი კარდინალები ნატრობენ, შეიტყონ მისი ვინაობა, ზნეობა და ეგრეთვე ის, თუ რა სარგებლობის იმედი იქმნება, უკეთუ მისი თხვონა შეიწყნარეს. ამისგამო ბრძანეს თქვენთან მოწერა, რომ შეიტყოთ და მისცეთ ერთი გარკვეული მოხსენება, რომელსაც მოელიან თქვენის უზომო გულკეთილობისაგან. ამ მოხსენების მიხედვით ესენი იმ გზას დაადგებიან, რომელსაც უფრო სასარგებლოდ დაინახვენ, ვთხოვთ ღმერთს თქვენს ბედნიერებას „.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ახალგაზდა ქართველი ნეაპოლში კარგა ხნის მოსულ უნდა ყოფილიყო, რადგან ამ დროს საშუალო სასწავლოში ყოფილა. არც კაფუცინების მოყვანილი უნდა ყოფილიყო, თორემ თვით კაფუცინები ითხოვდენ მის ადგილს, და მისი ამბის შესატყობლად რომიც მათ მიმართავდა და არა ნუნციოს. ჩვენ მიერ ხშირად დასახელებული პატრი ბერნარდე ნეაპოლელი, საქართველოში ათი წლის შრომის შემდგომ, წავიდა თავის მამულ ნეაპოლში შესასვენებლად. ამან პროპაგანდას წარუდგინა საქართველოს მისიონის შესახებ საკმაოდ ვრცელი მოხსენება, რომლისაგანაც მოგვყავს ეს შემდეგი ნაწილი:
„პროპაგანდის წმიდა კრების აღმოსავლეთის მისიონებში, საქართველოს მისიონი არა მარტო საუკეთესოა, არამედ, ჩემის აზრით, მას ეკუთნის უპირველესი ადგილი ყველა სხვა მისიონთა შორის თუ იმისთვის, რომ თავისუფლება არის ყველა სამოციქულო და საეკკლესიო სამსახურის აღსრულებისა, ისე როგორც ევროპაში, თუ იმ ნაყოფის გამო, რომელიც ყოველდღივ მოაქვს და მომავალშიაც გამოიღებს, უკეთუ საკმაოდ შემწეობა ექმნა და თუ ეგრეთვე ხალხის თვისებათა გამო. ქართველი ხალხი ყველა აღმოსავლეთის ტომებზე უფრო განათლებული, უფრო განვითარებული და უფრო პატიოსანია და დიდი ნიჭიცა აქვს, რაის გამო უფრო მომზადებულია შეითვისოს სარწმუნოების ჭეშმარიტება, რა დარწმუნდება თავის საღის ჭკუისა და საღმრთო წერილის შემწეობით. ...რაც შეეხება პროპაგანდის კოლეგიაში მისაბარებლად საქართველოდგან ახალგაზდობის გზავნას, უნდა მოგახსენოთ რომ ეს მეტად ძნელი საქმეა და ეს სიძნელე არა ერთგზის გამოგვიცდია. ჯერ ერთი მგზავრობას დიდი ხარჯი უნდა, გარდა ამისა, იძულებულნი არიან ოსმალების ადგილებზე დიდხანს იარონ და აქ საშიშოა ტყვედ არ ჩაუარდენ ურწმუნოთ. მეორე მხრივ იქაურ სკოლებში, რთმლებშიც ჩვენი პატრები ასწავლიან, კარგ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, შეიძლება მოწაფები პატარაობითვე ძრიელ კარგად აღიზარდნენ, გარნა, სამწუხაროდ, რა გახდებიან რვისა ანუ სულ ბევრი, ათის წლისა, მშობლებს ჩვენგან გაჰყავთ და აყენებენ ხელობაზე. მაგრამ უშემწეოდ არ უნდა დავტოვოთ ის ახალგაზდობა, რომელიც თავისი მიდრეკილებითა და ნიჭით და ყველა სხვა კაი ხასიათით ბევრითა სჯობია აღმოსავლეთის სხვა ტომის ახალგაზდობას. ჩემის აზრით, კარგი იქნება, წმიდა კრებამ კეთილ ინებოს, რათა საუკეთესო მასწავლებლის ხელმძღვანელობით საქართველოშივე, ჩვენის მისიონების სახლებში, თუ სამოქალაქო და თუ საეკკლესიო მეცნიერებაში აღიზარდნენ ოთხი ანუ მეტი ყმაწვილი, სხვებზე ნიჭიერი და მათ შესანახავად გაღებულ იქმნეს იგივე ხარჯი, რაც საჭირო იქნებოდა რომის კოლეგიაში საქართველოს ორი ანუ ოთხის ყმაწვილის გასაზრდელად. ამნაირად არა მარტო გზის ხარჯი გადარჩება, არამედ ერთი და იმავე ფულით ორჯელ მეტი ყმაწვილის შენახვა შეიძლება საქართველოში ვიდრე რომში".



1 2 3 4 5


megobari saitebi

   

04.01.2017