ლიპარიტის დატყვევება თურქების მიერ და ბაგრატ მეფის გაძლიერება
ლიპარიტის განთავისუფლება
ბაგრატ მეფისა და ლიპარიტის დაზავება
ლიპარიტის დატყვევება
თურქების შემოსევა
კახთა მეფის ღალატი
ბაგრატის ბრძოლა ფალდონის წინააღმდეგ
ბაგრატ მეფის ავადმყოფობა და გარდაცვალება
ბაგრატ მეფის დახასიათება
სასარგებლო ბმულები
ლიპარიტის დატყვევება თურქების მიერ და ბაგრატ მეფის გაძლიერება
ბაგრატ მეფისათვის ლიპარიტის დატყვევება სასიხარულო ამბავი იქმნებოდა; იმის შიშით მას მეფობა აღარ შეეძლო და მიუვალს ადგილებში გახიზნული იყო. რაკი მისი მოსისხლე მტერი თურქებს ტყვედ ჩაუვარდათ, ამიერითგან ბაგრატს საფრთხე თავითგან მოცილებული ექნებოდა. იმიტომაც იყო, რომ «დიდებულთა ამის სამეფოსათა და შვილთა ლიპარიტისთა, ივანე და ნია-ნია, იძებნეს უშიშოება და გამოიყუანეს მეფედ»). ბაგრატი კვლავ განძლიერდა და ურჩი დიდებულების წვრთნა დაიწყო: «შეიპყრნა შვილნი ლიპარიტისნი, აღიღო უფლისციხე და გაუშვა ივანე»; ნია-ნია, ალბათ, მძევლად შეუნახავს.
რომ ბიზანტიის კეისრის გული მოეგო, ბაგრატ მეფემ ბერძნებს უშველა თურქთა წინააღმდეგ, ქართველი მემატიანე მოგვითხრობს, რომ როდესაც თურქებს განძის აღება ჰსურდათ და «წასაღებად მიეწურა განძა, გამოგზავნა თავის ნაცულად ბერძენთა მეფემან ლიხუტი ლაშქრითა დიდითა და აწუიეს ბაგრატს ლაშქრითა მისითა და წაჰყუა თანა». ბერძენ-ქართველთა მხედრობის მიშველებამ თურქები შეაფიქრიანა და «მორიდეს თურქთა», განძა გადარჩა და მოკავშირენი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ.
ამ ლაშქრობის შემდგომ «კუალად უჴმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი ბაგრატსა და შეიყუანეს შინა და იყო სიხარული და მშვიდობა დიდი». მხოლოდ ბაგრატ მეფის ბატონობა თბილისში არც ამ შემთხვევაში ყოფილა ხანგრძლივი. ლიპარიტის ტყვეობითგან განთავისუფლება და მეფის ტფილისითგან გაქცევა ერთი იყო. მემატიანე ამბობს: «ეჴსნა ლიპარიტ თურქთა და შემოვიდა ანისსა, დააგდო ბაგრატ ტფილისი ლიპარიტის გზითა და აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს».
იმ წლითგან მოყოლებული, როცა ლიპარიტი სულტანმა ტყვედ წაიყვანა, ბიზანტიის კეისარი ყოველს ღონისძიებასა ხმარობდა, რომ თავისი ერთგული და ძლიერი ქართველი მოკავშირე ტყვეობითგან დაეხსნა. ჯერ კიდევ 1048 წელს კეისარმა ნოტარი გეორგი დროზი საგანგებო საჩუქრებითა და ფულით სულტანს მიუგზავნა, რომ მას ლიპარიტი განეთავისუფლებინა.
ლიპარიტის განთავისუფლება
მათე ურჰაელის სიტყვით, ლიპარიტი სულტან ტოღრულბეგთან ტყვეობაში ორს წელიწადს ყოფილა და ეს ცნობა უახლოვდება ლიპარიტის განთავისუფლების თარიღს. როგორც სინას მთის მონასტრის ერთი ქართული ხელნაწერის (№38) მინაწერითგანა ჩანს, ლიპარიტი ტყვეობითგან 1051 განთავისუფლებულა; «კ˜ე ოკმელი სახელით ოდენ ხუცესი» თავის მინაწერში ამბობს სახელდობრ: სინას მთის ქართველთა მონასტერში მე «მოვიწიე ქორონიკონსა ს˜ოა, მას ჟამსა დავწერე ესე, ოდეს ლიპარიტ თორქთა გაუშვეს»-ო. მაშასადამე, ლიპარიტი სულტანს 1051 წელს განუთავისუფლებია და ტყვეობაში ყოფილა 3 წელიწადს. განთავისუფლებული ლიპარიტი ანისს მოვიდა თუ არა, ბაგრატმა, როგორც უკვე აღნიშნული იყო, ტფილისი მიატოვა “ლიპარიტის გზითა” და ჯავახეთში გადიხიზნა; ეტყობა ბაგრატი ისე ყოფილა დაშინებული ლიპარიტისაგან და მისი ძლევის იმედი გადაწყვეტილი ჰქონია, რომ უბრძოლველად გაცლასა რჩეობდა.
საქართველოში დაბრუნებული ლიპარიტი “განძლიერდა”, რომ თავისი მდგომარეობა უფრო განემტკიცებინა, იგი საბერძნეთში წავიდა და «მოირთო ბერძენთა მეფისა გან ძალი», ან რა გასაკვირველია, რომ ბიზანტიის კეისარს ლიპარიტისათვის ხელი გაემართა? ქართველი მემატიანე სამართლიანად ამბობს, რომ ლიპარიტი «მსახურებისა მისისათჳს ტყუე ქმნილ იყო» და მეტის მეტი უმადურობა იქმნებოდა, რომ ესოდენ ერთგულს მოკავშირეს არ დაჰხმარებოდა.
ბაგრატ მეფეს ისედაც წინააღმდეგობა ვერ გაეწია ლიპარიტისათვის და კეისრის დახმარებით ხომ ლიპარიტი სრული მბრძანებელი გახდებოდა. აკი ასეც მოხდა: «ვერღარა დაუდგა ბაგრატ» ლიპარიტს; თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი უფლისწული «დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა და წარვიდა საბერძნეთს». ამაზე მეტი გამარჯვება შეუძლებელი იყო: ქვეშევრდომმა მეფე იძულებული ჰყო საკუთარი სამეფოთგან უცხოეთში წასულიყო. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ ბაგრატმა, ბიზანტიაში გამგზავრებამდე, თავისი შვილი გიორგი მთელ საქართველოს, ქართლისა, მესხეთისა და აფხაზეთის მეფედ-კი არ დასვა, არამედ მარტო «სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა». როგორც ჩანს, ქართლი და მესხეთი ლიპარიტსა სჭერია და ბაგრატს კი ხელი არ მიუწვდებოდა.
როდესაც ბაგრატი საბერძნეთში გამგზავრებულა, «მას ჟამსა იყო ბერძენთა მეფე [კოსტანტი] მონომახი და [შემგომად] მიხაელ». რაკი ქართველი მემატიანე ამტკიცებს, რომ ბაგრატი საბერძნეთში 3 წელიწადს დარჩა, ხოლო მიხაელ VI სტრატიოტიკოსი 1056-1057 წელს მეფობდა, კონსტანტინე მონომახი-კი 1054 წელს გარდაიცვალა, ამიტომ ირკვევა, რომ საბერძნეთში ბაგრატი წასულა კონსტანტინე მონომახის მეფობის უკანასკნელს წელიწადს, ანუ 1054 წ. და სამი წელიწადი დარჩენილა, ესე იგი საქართველოში 1057 წელს მიხაელ სტრატიოტიკოსის მეფობის დროს დაბრუნებულა. რომ ბაგრატ IV ბიზანტიაში კონსტანტინე მონომახის კეისრობაში მისულა, ეს ალავერდის სახარების შემდეგის წარწერითგანაც ნათლადა ჩანს: «დაიწერა კალიპპოს ლავრასსა... მეფობასა კონსტანტი მონომახისასა... და ბაგრატის აფხაზთა მეფისა ნოველისიმოსისა სამეფოს ყოფასა».
ბაგრატ მეფისა და ლიპარიტის დაზავება
ბიზანტიელი მემატიანე გიორგი კედრენი მოგვითხრობს, რომ ბაგრატი ჯერ ტრაპიზუნტში მივიდა, იქითგან კეისარს მოციქული გაუგზავნა და დარბაზობა სთხოვაო როგორც იმედი ჰქონდა ისე მალე თავის საქმეს ვერ მორჩა: ლიპარიტის წყალობით «სწრაფით ვერღარა მოიქცა თავისსა მამულსა ზედა». როდესაც ბაგრატი კეისარმა სადარბაზოდ მიიღო, მან კეისარს უსაყვედურა, მე მეფე ვარ და არა-მცირედის ქვეყნის, - აფხაზეთის, - მფლობელი და მაინც ლიპარიტს, ჩემს მეამბოხე ყმასა და ქვეშევრდომს, უპირატესობას აძლევთო. თანა სთხოვა შეგვარიგეთო. კეისარმაც მოწინააღმდეგენი დააზავა და ამგვარად შეათანხმა: ბაგრატი იქმნებოდა მთელი იბერიისა (ქართლ-მესხეთის) და აფხაზეთის პატრონადა (“კჳრიონ”) და მეფედ (“არხეგონ”), ხოლო ლიპარიტი სანამ ცოცხალი იყო მესხეთის ნაწილის მთავრად (“არხონ”) იქმნებოდა და ბაგრატს პატრონადა და მეფედ მიიჩნევდა.
სანამ ბაგრატი ბიზანტიაში იყო, «ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი გიორგი მეფედ და მოსცა იგი დედამან და დიდებულთა მის ქუეყანისათა». მცირეწლოვანი უფლისწული, მამის მიერ უკვე ერთხელ ქუთაისში სამეფო ტახტზე დასმული, «მოიყუანეს საყდარსა რუისსა, აკურთხეს მეფედ და მოიყუანეს მზრდელად მისსა ლიპარიტ და პატრონად დაჲ ბაგრატისი გურანდუხტ დედოფალი, კაცი სრული და უნაცვალო». ეხლა-კი მთელ სამეფოს ნამდვილ ბატონ-პატრონად ლიპარიტი უნდა გამხდარიყო.
გიორგის მეფედ კურთხევის «შემდგომად მცირედისა ჟამისა მოითხოვა გურანდუხტ ბაგრატ ბერძენთა მეფისაგან». კეისარმა მეფე გამოისტუმრა «დიდითა დიდებითა, ნიჭითა განძითა მიუწდომელითა». რაკი ქართველი მემატიანე ამტკიცებს, ბაგრატ მეფემ საბერძნეთში «დაყო... სამი წელიწადი დაბასა ბერძენთასა»-ო, ამიტომ, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ცხადია, რომ ბაგრატი საქართველოში 1057 წელს დაბრუნებულა. სამშობლოში დაბრუნებული მეფე დიდის ამბით მიიღეს, «მიეგება ყოველი ლაშქარი აფხაზეთისა ზღვის პირსა ხუფთას»; იქითგან ბაგრატი გადავიდა «სახლად თჳსად ქუთათისს». შეთანხმების ძალით მეფე «ბაგრატს აქუნდა ლიხსა ქუემოთ კერძი»; დანარჩენი სამეფო ლიპარიტს ეჭირა; «მოირჭუნა ზემო კერძო დაუკლებელად»; ამასთანავე იგი «ზრდიდა ბაგრატის ძესა გიორგის მცირესა სახელითა მეფობისათა».ლიპარიტი კვლავინდებურად ძლიერი იყო და გავლენიანი, «იყო მოყუარედ მისსა ხურასანს დოღრულბეგ სულტანი და საბერძნეთს მეფე ბერძენთა».
ლიპარიტის დატყვევება
მაგრამ ლიპარიტის ბატონობა არაფრად მოსწონდათ დიდებულებს და «მცირედისა ჟამისა შემდგომად ამის სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობა ლიპარიტისი». ამიტომ სულა კალმახელმა და მესხმა დიდებულებმა «შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია გარდაიხუეწა» და რაკი კლდეკარში მისის მამის ციხოვანთა არ შეუშვეს, ანისში გაიქცა. სულა კალმახელმა შეპყრობილი ლიპარიტი და მისი შვილი ივანე კალმახის ციხეში წაიყვანა და მეფე ბაგრატს სასიხარულო ამბავი აცნობა და მიიწვია. ამ ამბავის შეტყობაზე ღრტილაში მყოფნი გურანდუხტ დედოფალი და უფლისწული გიორგი ძე ბარატისა ახალქალაქს წავიდნენ და იქ «მოილოდინეს ბაგრატ». ბაგრატი საჩქაროდ მივიდა და თავისი ერთგული მოყმე სულა კალმახელი ღირსეულად დაასაჩუქრა: «ამის მსახურებისა ნაცულად მეფემან უბოძა მამულობით ციხისჯუარი და ოძრჴე, ბოდო კლდითა და სხუაცა მრავალნი საქონელნი და სამღუდელთ-მოძღურონი და რაცა უნდოდა».
სულა კალმახელმა მეფეს შეპყრობილნი ჯავახეთში მოჰგვარა. ბაგრატმა ჩამოართვა, «აიხუნა ლიპარიტისაგან ციხენი არტანუჯი და ყუელი, უფლისციხე და ბირთჳსი». კლდეკარი ლიპარიტის ციხოვანთა მეფეს მანამდის არ დაუთმეს, სანამ «შემდგომად დღეთა მრავალთა მოიმტკიცნეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოსანი... მშვიდობით გაშუებისათჳს ლიპარიტისა და ივანეს თჳს». როდესაც ბაგრატმა უვნებლობის პირობა მისცა, კლდეკარი მეფეს დაუთმეს.
ლიპარიტმა კლდეკარითგან «გამიოღო თჳსი ხუასტაგი და ჩაიცუნა ჩუხანი», ბერად შედგა, ხოლო თავისი შვილი ივანე მეფეს შეავედრა და «დარჩა არგუთის მამული ივანეს». მონაზონად აღკვეცილი ლიპარიტი საბერძნეთში წავიდა; იქვე გაიპარა «შემდგომად მცირედისა ჟამისა» ივანეც, მაგრამ მერე მისმა მამამ, ლიპარიტ ყოფილმა, ანტონმა ბაგრატს სთხოვა, რომ ივანესთვის სამშობლოში უვნებლად დაბრუნების ნება მიეცა. ამას თვით მეფეც იყო მოწადინებული და რასაკვირველია თანხმობა გამოაცხადა, «გამოიყუანა ამას სამეფოსა». ბაგრატმა დაბრუნებულს ივანეს «უბოძა მამული არგუეთისა და ქართლისა». ეს ამბავი, ივანე ლიპარიტის ძის სამშობლოში დაბრუნება, მომხდარა 1059 წელს, კაცხის მონასტრისათვის შეწირულს ერთს ხელნაწერში შემდეგი ცნობა მოიპოვება ამის შესახებ: «ესე ანდერძი მე, ივანე პროედროსმან. ძემან ლიპარიტის[მან] ერისთავთა ერისთავმან, პროედროსისა და პროტოარხონისამან, დავწერე მას ჟამსა ოდეს... ძლიერმან აფხაზთა და ქართუელთა მეფემან და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისიმოსმან კონსტანტინოპოლით მომიყვანეს და მოვედ კაცხს»-ო. ამავე ხელნაწერში ივანეს ყმებს დაუწერიათ «ქ. ადიდენ ღ˜ნ, ძლიერი და უძლეველი ბაგრატ, აფხაზთა და ქართუელთა მეფემან და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისიმოსმან, გამოიყუანა კონსტანტინეპოლით იოვანე პროჲედროსი, ძე ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავისა... და მოიყუანეს კაცხს, ეკლესიასა მათსა, თუესა აპრილსა ია (11) დღესა ახალკჳრიაკესა...». როდესაც «ესე წყალობაჲ მოიწია ღმრთისა მიერ ჩუენ მონათა მათთა ზედა... ქორონიკონი იყო სოთ» (279) ანუ 1059 წელს საქართველოში დაბრუნებული ივანე ლიპარიტის ძე ბაგრატ მეფეს სპასალარად დაუდგენია.
ბაგრატ-ივანეს შერიგების შემდგომ მეფე ბაგრატი «განძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა ამის ქუეყანისათა» და დაიპყრა «ციხენი ყოველნი ჰერეთისა და კახეთისანი თჳნიერ კუეტარისა და ნახჭევანისა». ამასთანავე 1060 წელს მას კეისრისაგან სევასტოსობა მიუღია. საქართველოში ერთხნობით მყუდროება და მშვიდობა დამკვიდრდა.
თურქების შემოსევა
მაგრამ ეს მყუდროებაც მალე დაირღვა: მცირე აზიასა და საბერძნეთის საზღვრებზე ამ დროს «იქმნეს დიდნი საქმენი, აღძრვანი დიდითა მეფეთანი» (იქვე). ტოღრულბეგს დარჩა მემკვიდრედ მამაზე, ჩაკირ-ბეგზე, და ბიძაზე უფრო გამბედავი და გულადი შვილი ალფარსლანი, რომლმაც მცირე აზიაში ბევრი სახელოვანი ომი გადაიხადა. ვერც საქართველო გადაურჩა მის შემოსევას. «გამოვიდა სულტანი ალფარსლან, მეფე სპარსეთისა, დასხმის გუარად, უგრძნეულად... შემუსრა კანგარი და თრიალეთი». აქეთგან სულტანმა ერთბაშად «მარბიელი» ჯარები დაგზავნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და «დღესა ერთსა მარბიელმან მიუწია ყუელის ყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს ვიდრე ფანასკერტადმდე და მასვე დღესა ჩამოუწია თორს და ღუიის ჴევს», თითონ სულტანი «დადგა თრიალეთს სამ დღე». მეფე ბაგრატი თავისი ცოლშვილითურთ ტაოში იყო და იქითგან მომავალი ხეკრებულთას ძლივს გადაურჩა სულტანის მდევრებს და ქართლში გადმოუსწრო.
სულტანი ალფარსლანი თავის ლაშქრითურთ «წავიდა ჯავახეთს და მოადგა ახალქალაქს». თუმცა ჯავახეთის ახალქალაქი ჯერ კიდევ მთლად არ იყო «ზღუდითა მტკიცითა» გამაგრებული, მაგრამ «მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძისანი ძლიერად დგეს» და მტერს მედგარს წინააღმდეგობას უწევდნენ. თურქებიც სასტიკად «ჰბრძოდეს სამ დღე» ახალქალაქს. რაკი ქართველებმა იცოდნენ, რომ უზღუდო ქალაქში მტრისათვის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლებოდა, ამიტომ ისევ ხელჩართული და პირდაპირი ომი ირჩიეს: «აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი და განახუნეს კარნი და შეიბნეს ძლიერად». გამარჯვება, რასაკვირველია, თურქებს დარჩათ: მათ ქართველნი მებრძოლნი «მოსრნეს პირითა მახვილისათა», ხოლო შემდეგ «შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყუე ყურეს ურიცხვი ერი ქრისტიანეთა». გიორგი მთაწმიდელის «ცხოვრების» დამწერი მოგვითხრობს, რომ ამ ქალაქის აღების დროს «არათუ (მხოლოდ) ახალქალაქისა მკჳდრნი მოისრნეს, არამედ (აგრეთვე) დიდ-დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეფოსა ჩუენისანი ძჳრ-ძჳრად მოისრნეს და წარწყმდეს»-ო. ამ ბრძოლაში ისეთი საშინელი სისხლის ღვრა იყო, რომ ქართველი ისტორიკოსის სიტყვით «შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა»-ო, ხოლო სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც ქართველი მემატიანის ყველა ცნობებს ადასტურებს, მოგვითხრობს «მთელი ქალაქი სისხლით აივსო»-ო. დიდძალი ტყვე, «ურიცხვი ერი ქრისტიანეთა» ორისავე სქესისა წაასხეს თურქებმა სპარსეთში და თან წაიღეს დიდი “განძი” ნატყვენავი, “ურიცხვი ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი”. “მტ˜ნე ქ˜ჲ”-ს ცნობითგანა ჩანს, რომ სულტან ალფარსლანის საქართველოში მეორე დიდი შემოსევა მისის საქართველოში პირველის გალაშქრების «შემდგომად სამისა წლისა» ყოფილა, ხოლო რაკი ამავე მატიანისაგან ვიცით, რომ მეორე დიდი ლაშქრობა ყოფილა ქრონიკონსა 288 ანუ 1068 წელს, მაშასადამე, ალფარსლანის პირველი შემოსევა და ქ. ახალქალაქის აოხრება 1065 წელს იქნებოდა. მათე ურჰაელის სიტყვითაც ეს ამბავი 1064-1065 წელს მომხდარა; ამასთანავე ესევე თარიღი გიორგი მთაწმიდელის ცხორებასაც კარგად უდგება. ამ მოულოდნელისა და საშინელი სისხლის ღვრის და ქვეყნის დაწიოკების გამო «მეფე ბაგრატ დიდსა მწუხარებასა შთავარდა».
სულტანმა ბაგრატ მეფეს “სთხოვა დისწული ცოლად”, ხოლო თვით წავიდა და ქ. ანისისაკენ გაემგზავრა, «წაიღო ანისი, მოსრნა და ტყუე ყუნა ურიცხუნი სულნი»; ამასთანავე მან ეს ქალაქი წაართვა, «წაუღო ბერძენთა და მისცა მანუჩას, ძესა აბულსავარისასა». ბაგრატ მეფის დისწული, რომელსაც სულტანი ითხოვდა ცოლად, სომეხთა მეფის კჳრიკეს ასული იყო. ამიტომ ბაგრატმა შეუთვალა თავის სიძეს, შენი ქალი სულტანს მიათხოვეო; მაგრამ “არა მოსცა სომეხთა მეფემან”. რაკი ამ გზით თავისი წადილი ვერ განახორციელა, მან კჳრიკე მეფს საიდუმლო მინდობილობით თავისი ერისთავი ვარაზბაკურ გამრეკელი მიუგზავნა, რომელმაც სომეხთა მეფის კაცები გადმოიბირა ისე, რომ «სამშვილდეს შემომავალი სომეხთა მეფე კჳრიკე და ძმა მისი სუმბატ შეიპყრეს ქუეშის ჭალას», მხოლოდ მათმა ძმამ ადარნასემ შეასწრო სამშვილდეში.
ეს ამბავი უმალ ბაგრატ მეფეს აცნობეს, რომელიც მაშინვე ქუაჴრელითგან აიყარა და კლდეკარს რომ მოუახლოვდა, იქ «მოგუარნეს პყრობილნი». თუმცა თავდაპირველად შეპყრობილნი სამშვილდის მიცემაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ და «მოსცეს სამშვილდე». ამავე დროს ბაგრატთან მოვიდნენ «ორნი ერისთავნი სომეხთა მეფისანი, ლოკის ერისთავი და კაქვაქარისა», ისინი კიდევ სამს ციხეს აძლევდნენ ბაგრატს: ოფრეთს, “კობას” (=კობა[ირ]ს?) და ვარზაქარს, მაგრამ «შეეწყალნეს ბაგრატ მეფესა» სომეხთა მეფე კჳრიკე და მისი ძმა და სამშვილდის გარდა არაფერი არ ჩამოურთმევია; საქართველოს ბატონმა «ოდენ სამშვილდე იპყრა სახლად თჳსად და ეგრეთვე მონებდეს სომეხნი». ამასთანავე მან თავისი სიძე დაიყოლია და დისწული მოაცემინა და «შერთო სპარსთა მეფესა სულტანსა».
მეფე კჳრიკეს ასულის სულტანზე მითხოვება მათე ურჰაელსაცა აქვს მოთხრობილი, მაგრამ სხვაგვარად: მისი სიტყვით ვითომც ეს ამბავი სულტანის საქართველოში შემოსევის უწინარეს მომხდარიყოს; ამას გარდა იქ ნათქვამია, სულტანმა სთხოვა კჳრიკეს ქალი ცოლადა და მან მისის შიშით უარი ვერ უთხრა და მისცაო; ბაგრატ მეფე ამ საქმეში და მოლაპარაკებაში მონაწილედ მოხსენებული არ არის. სელჩუკიანთა ამ ლაშქრობის შესახებ საქართველოში სპარსულს საისტორიო მწერლობაშიაც არის შენახული ცნობები. სახელდობრ ისტორიკოსი ჰამდალაჰ მუსტოუფი ყაზვინი თავის განთქმულს თხზულებას “ტარიხი გუზიდე”-ში მოგვითხრობს: “სულტანი ალფარსლანი საქართველოს (გურჯისტან) დასაპყრობად გაემგზავრა; ბრძოლის შემდგომ ამ ადგილის მმართველმა ბაგრატ გიორგის ძემ სულტანთან ზავი დასდო. საქრთველოს ზოგიერთი ერისთავთაგანი (ამირათაგანი) სულტანმა ტყვედ წაასხა, ზოგი მათგანი მუსლიმანად იქცა... (შემდეგ) სულტანი სომეხთის დასაპყრობად წავიდა და იმ ადგილის მეფესთან ზავი დასდო და მისი ასული ცოლადა სთხოვა. შემდეგ მან იგი განუტევა (გაეყარა) და (თავისს ვაზირთა უპირველესს) ნიზამ ულ-მულკს უბრძანა ცოლად აეყვანა”-ო. თუ ქართულ-სომხურ-სპარსულ ცნობებს ამ ლაშქრობის შესახებ ერთიერთმანეთს შევადარებთ, გამოირკვევა, რომ ქართველი ისტორიკოსების მოთხრობა ჯავახეთში საშინელი სისხლის ღვრის შესახებ მტკიცდება მათე ურჰაელის მოწმობით: ჰამდალაჰ ყაზვინის ამ ომის შესახებ დაწვრილებითი ცნობები არა აქვს, მაგრამ ისიც ადასტურებს, რომ ქართველები დამარცხებულები იყვნენ და ზოგიერთი დიდებულთაგანი ტყვედ იყვნენ წასხმული. სპარსელი ისტორიკოსის მოთხრობა ახალს ცნობას შეიცავს იმის თაობაზე, რომ სულტანმა ალფარსლანმა საქართველოს მიწაწყალი მიატოვა მხოლოდ ბაგრატ მეფესთან ზავის ჩამოგდების შემდგომ. “მტ˜ნე ქ˜ჲ”-ც ამბობს, «მოუვლინა ახალქალაქით მოციქული სულტანმან ბაგრატ მეფესა, და აჰკიდა მზახობა, სთხოვა ასული მისის დისა და მიიქცა სულტანი ანისად», - და ამ სიტყვებითგანაც ჩანს, რომ სულტანს ელჩის პირით მზახობაზე, მაშასადამე მშვიდობიანობაზე, ჩამოუგდია ლაპარაკი; მაგრამ მაინც ქართველი მემატიანის ცნობა მეტად მოკლეა და ამ მხრივ სპარსელი მემატიანის სიტყვები ჩვენს ცნობებს ავსებენ.
ამას გარდა ჰამდალაჰ ყაზვინის მოთხრობა ქართული მატიანის ამ ცნობასაც, რომელიც ალფარსლანის სომხეთში ლაშქრობას შეეხება, ადასტურებს: ქართველი ისტორიკოსსავით იმასაც სულტანის გალაშქრება სომხეთში საქართველოს აოხრების ამბავის შემდგომ აქვს აღწერილი; ამ მხრივ, მაშასადამე, ქართული მატიანის მოთხრობა მათე ურჰაელისაზე უფრო სწორია. პირიქით, სომეხთა მეფის ასულის სულტანზე გათხოვების ამბავში მათე ურჰაელსავით არც სპარსელს მემატიანესა ჰყავს საქართველოს მეფე მონაწილედ დასახელებული. მაინც “მტ˜ნე ქ˜ჲ”-ს ეს შემთხვევა ისე დაწვრილებით და ზედმიწევნით აქვს მოთხრობილი, რომ უპირატესობა აქაც ვგონებ ქართველი ისტორიკოსის ცნობას უნდა მიენიჭოს.
მაგრამ, ვიდრე თავის დისწულს ალფარსლანს ცოლად მისცემდა, ბაგრატმა თავისი ასული მართა ბერძენთა მეფეს მიათხოვა. ამაზე უფრო ვრცელი ცნობები გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში მოიპოვება. ეს ამბავი თურმე ასე მომხდარა: «მი-რა-იცვალა თეოდორა დედოფალი (+1056) მეყსეულად მართა, ასული ბაგრატისი, სამეუფოდ შემოიყვანეს... ხოლო მაშინ დაყო მცირედი ჟამი და კუალად ზემოვე წარიყვანეს მართა; ხოლო, ოდეს მოიწია ჟამი, კუალად მოსთხოვა დუკიწმან და სძლად თჳსად სამეფოსა ამას ქალაქსა შემოიყვანა». მაშასადამე, თავდაპირველად, ალბათ, ნიშნობა ყოფილა მხოლოდ.
ამ ორს ზემოაღნიშნულს ცნობას საქართველოს ისტორიისათვის მხოლოდ ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ სპარსეთის სულტანისა და ბიზანტიის კეისრის ბაგრატ მეფესთან დამოყვრებას საქართველოსათვის მშვიდობიანობა და მყუდროება უნდა მოეტანა და ძლიერ მეზობელ სახელმწიფოთა შემოსევისაგან უნდა უზრუნველ ეყო.
კახთა მეფის ღალატი
მაგრამ მომავალმა ეს იმედიც გააქარწყლა. 1067-1068 წელს, როდესაც გარეშე მტრებისგან დამშვიდებული მეფე ბაგრატი იყო «გალაშქრებული აღებად კახეთისა» და ძლევამოსილი საქართველოს მეფის წინაშე კახთა მეფემ აღსართან გაგიკის ძემ და «ყოველთა დაყარნეს ციხენი მათნი და ივლტოდეს კავკასიად», სრულებით მოულოდნელად “უგრძნეულად” სპარსეთის სულტანი შევიდა ჰერეთად,” რომლის დიდებულნიც ბაგრატის ერთგულნი იყვნენ. სულტანის შემოსვლისთანავე ბაგრატ მეფის მეწინავე მხედრობამ დაპყრობილს ციხეებს თავი მიანება, უკან დაიხია და «შემოიქცეს მშვიდობით»; ბაგრატ მეფეს პირველად სწორედ ამ მეომრებმა «უამბეს შემოსულა სულტანისა». მეფეც სწრაფად აიყარა და ქართლში გადავიდა.
კახთა მეფე აღსართანი მიერთო სულტანს, ქრისტიანობა უარჰყო, წინადაიცვითა და სულტანს «აღუთქვა ხარაჯა». სამაგიეროდ მან კახთა ბატონს დაუბრუნა ყველა ის ციხეები, რომლებიც ბაგრატ მეფის ლაშქარს დაპყრობილი ჰქონდა და სულტანის შემოსევის დროს «აფხაზთა მეფისა კაცთა დაეყარნეს». კახეთში სულტანი სამს კვირას დარჩა.
«შემდგომად სამისა კჳრისა» სულტანმა გამოილაშქრა ბაგრატ მეფის წინააღმდეგ. მას მოკავშირედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჰყვანდნენ კახთა მეფე აღსართანი, სომეხთა მეფე კჳრიკე და თბილისის ამირა. შეერთებული მხედრობა შემოსევია ქართლს «თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა შაბათსა, ქრონიკონი იყო ორას ორმოც და რვა» ანუ 1068 წელს ქ. შ. სულტანმა და მოკავშირეებმა “გაუშვეს მარბიელი” რაზმები, რომელთაც მოაოჴრეს ჯერ ქართლი, მერე გადავიდნენ არგუეთს და დაარბიეს ქვეყანა ვიდრე სუერის ციხემდე. იმ დროს სწორედ «იყო ქართლსა შინა პური და ღვინო ფრიადი» და იმ ექვსი კვირის განმავლობაში, როდესაც სპარსეთის სულტანისა და მის მოკავშირეთა მხედრობა საქართველოში დანავარდობდა, ქვეყანა სანოვაგისაგან დაცარიელდა; თანაც «მოისრა ურიცხჳ სული ქრისტიანეთა და ტყუე იქმნა», «მოოჴრდეს ყოველნი ეკლესიანი» და «იქმნა საძაგელ ქუეყანა ქართლისა სახილველად კაცთა» იმიტომ, რომ «სიმრავლითა მძორისათა არა დაედგმოდეს ქეუყანასა თუალნი». ამასთანავე სწორედ იმ დროს სასტიკი ზამთარი და ყინვები დაიჭირა ისე, რომ ვინც მტერს გაექცა და მთებში გაიხიზნა, იმათგანიც ბევრი «მოსწყდა... სიფიცხისაგან ზამთრისა». ქართლი მტრის ლაშქრით იყო მოფენილი; თვით სულტანი იდგა კარებს, მერე ჩამოვიდა შერთულთა; მაგრამ «სიძნელემან ზამთრისამან და ბუქთა ძლიერთა» თავისი სუსხი სულტანს აქაც აგრძნობინეს. ამიტომ, როდესაც აფხაზეთში შეფარებულმა ბაგრატ მეფემ სულტანთან «მიგზავნა მოციქულად ივანე ძე ლიპარიტისი» “ძიებად მშვიდობისა”, სპარსეთის ძლევამოსილი მბრძანებელი მოხარული იყო. მოლაპარაკების შემდგომ სულტანმა მეფის მოციქული თავის პასუხითურთ აფხაზეთში გაისტუმრა. მან «ბაგრატს სთხოვა ხარაჯა და უქადა მშვიდობა». მაშასადამე, სულტანს ჰსურდა, რომ საქართველოს მეფე თავის მოხარკედა და ყმად გაეხადა; მხოლოდ ამ პირობით იყო იგი თანახმა ზავი და მშვიდობა ჩამოეგდო. მაგრამ მოუდლოდნელად მოლაპარაკება მოპირდაპირეთა შორის შესწყდა: სულტანმა «სიფიცხისაგან ზამთრისა ვერღარა მოილოდინა» ბაგრატ მეფის პასუხი და «წარვიდა ქართლით».
შინისაკენ მიმავალმა სულტანმა ჩამოაშორა, «მოსწყჳდა ტფილისი და რუსთავი ამას სამეფოსა» და «მისცა ფალდონს, განძისა პატრონსა». მკაცრს თოვლიან ზამთარს გაზაფხულზე მოჰყვა «სიმდიდრე წყალთა ძლიერი» და წყალდიდობისა გამო მოზღვავებული მდინარეები, განსაკუთრებით-კი მტკუარი, მონდორ-ველებს მოეფინნენ და იმსხვერპლეს «მრავალი სული, რომელი დარჩომილ იყო სულტანისა» აოხრების შემდგომ; ამგვარად, ისედაც დაზარალებულს საქართველოს ბუნებამაც აუნაზღაურებელი ვნება მოაყენა.
ბაგრატის ბრძოლა ფალდონის წინააღმდეგ
რაკი გათამამებულმა ფადლონმა თბილისში და მის მიდამოებში პარპაშობას ხელი მიჰყო, გაზაფხულზე მეფე ბაგრატი ქართლში გადმოვიდა და “ჩადგა დიდგორთა”, მეფეთა საზაფხულო სადგომ ადგილში. ამ გარემოებისათვის თავგასულს ფალდონს ყურადღება არც-კი მიუქცევია, «არად შერაცხა დიდგორთა დგომა მეფისა» და 33000 მეომარით თბილისში მოვიდა. თავის ჯარითურთ მან კარავებში დაიბანაკა ისნის ველზე, ხოლო იქითგან მუხნარისაკენ გაემგზავრა და «არბივნა ქართლისა ნაპირნი». ეს რომ ბაგრატ მეფემ შეიტყო, ერისთავი ივანე ძე ლიპარიტისი და ნიანია ძე ქუაბულისი და ერისთავი ყუელისა მურვან ჯაყელი და სხვანი აზნაურნი რჩეულის ლაშქრითურთ ფალდონს უკან დაადევნა. მაგრამ ამ ჯარმა ფალდონს ქართლში ვეღარ მიუსწრო; იგი თავისის მარბიელი ლაშქრითურთ უკან გაბრუნებულიყო. ქართველებმა მტერს კვალ-და-კვალ მისდიეს და წილკნის კართან ფადლონის “უკანაკერძს”, უკანმავალს ლაშქარს დაეწივნენ და მტერს შეებნენ. «პირველსავე ჴრმლის მოკიდებასა» ფადლონი და მის მხედრობა გაიქცა. ლტოლვილ მტერს ქართველთა ჯარი უკან მისდევდა და «მიჰჴოცდეს». ფადლონის გაქცეული ლაშქარი წააწყდა ნარეკუავის ხრამს, რომელიც “აღმოეგო” თავზარდაცემულ ოტებულ ლაშქრის “ცხენითა და კაცითა” ისე, რომ «ზედა ლაშქარმან მეოტმან გასულა იწყო»; ამასთანავე გზა-და გზა ქართველი მეომრები ტყეებში მიმალულს ფადლონის ჯარის კაცებს იჭერდნენ და ტყვედ მოჰყავდათ. ქართველთა მხედრობის მეორე რაზმმა მზირი უყო და ფადლონის გადარჩენილს ლაშქარს წინ გადაეღობა, «შემოუსწრეს წინა იწროსა ღართისასა» და გზა შეუკრეს; იმ მცირეოდენ მტერს, რომელმაც გაუსწრო და სანამ გზას შეუკრავდნენ გაქცევა მოასწრო, მათ «სდევნნა ლაშქარმან ბაგრატისამან ვიდრე მთადმდე ხერკისა» და აქ ყველანი ამოხოცეს.
თვით ფადლონმაც თხუთმეტის ცხენოსნითურთ ქართველთა მდევარს რაზმს ძლივს გაუსწრო, წილკნის გზას მიჰყვა, არაგვის პირს მიადგა, გაღმა გავიდა და ნარღუევთა გზით ერწოში მივიდა. გზა-და-გზა ფადლონი თავის თავს ფადლონის მოციქულად აცხადებდა, ბაგრატ მეფე გააქცია ფადლონმა და აღსართანთან მივდივარ მახარობლადაო. მაგრამ ერთმა კაცმა, რომელიც ფალდონს იცნობდა, მისი ვინაობა გამოამჟღავნა და დაიჭირა. ფადლონი გაჩუმებისათვის დიდძალს ფულსა და საჩუქარს შეჰპირდა, მაგრამ იმ კაცმა დატყვევებულს ამირას უარი უთხრა: «ვერ ვიქმ საქმესა მაგას, რამეთუ მკჳდრი ვარ მე ამის სოფლისა»-ო. დაჭერილი ფადლონი მან ჟალეთში მიჰგვარა აზნაურსა მესხსა ისაკ თოლობელის ძესა. ამ აზნაურმა «გაძარცუა ერი ფადლონისი» და თვით ფადლონი «შესუა ჯორსა ზედა»; მაგრამ იმის მაგიერ, რომ «აფხაზთა მეფისა გან გაქცეული ფადლონ შეეპყრა და შეეგუარა ბოჭორმას ბაგრატისად», მან თავისი მოვალეობა დაივიწყა, «არ იჴსენა მკჳდრობა აფხაზთა მეფისაგან» და ფადლონი საჩქაროდ აღსართანს მიჰგვარა თელავში; ხოლო კახთა მეფემ აღსართანმა ფადლონი სწრაფად ხორნაბუჯში წაიყვანა.
ამ ამბავის გამგონეს ბაგრატს შეეშინდა, ვაი-თუ კახთა ბატონმა ფადლონი განათავისუფლოსო, და აღსართანთან მოლაპარაკება გააბა. მეფემ აღსართანს «მისცა ბოჭორმა და უჯარმო კახთა» და სამაგიეროდ კახთა ბატონისაგან მიიღო ტყვე ფადლონი. როდესაც ბაგრატს მტერი ხელში ჩაუვარდა, იგი მაშინვე შეეცადა თბილისი კვლავინდებურად ხელში ჩაეგდო. რაკი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, თბილისი სპარსეთის სულტანმა ფადლონს გადასცა და იმ დროს მის ხელში იყო, ამიტომ ფადლონი «გასუეს ძელსა და მიუპყრეს ტფილისსა», რომ ფადლონის მიერ დაყენებული ტფილისის მოხელეები დარწმუნებულიყვნენ, რამდენად უნაყოფო და უგუნური იქნებოდა მათი წინააღმდეგობა. მაინც თბილისის დაპყრობა ქართველებისათვის ადვილი არ იყო და თბილისი «აიღეს ჭირვეულად» იმიტომ, რომ ფადლონის მოხელე თბილისში, «თვით გაამირებასა ლამობდა». თბილისი რომ ბაგრატ მეფემ აიღო “თჳსად”-კი არ დაიჭირა, საქართველოს სრულ და განუსაზღვრელ კუთვნილებად-კი არ აღიარა, არამედ თბილისი მისცა საგამგეოდ ვიღაც სითილ, ანუ სილილ არაბს, რომელიც “მემამულე”, ესე იგი თბილისის ამირათა ჩამომავალი ყოფილა. თავისთვის ბაგრატ მეფემ აიღო «ციხენი რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლ-წმიდანი და ქავაზნი»; ამას გარდა ყოველწლიურ ხარკად საქართველოს მეფისათვის უნდა ეძლია «მარადის ორმეოცდაოთხი ათასი დრაჰკანი»; თანაც მძევლები ჩამოართვა როგორც ფადლონს, ისე სითილ არაბს; მეფეს სახელდობრ წაუყვანია «მძევლად ძმისწული მისი, ძე მანუჩასი და [ძენი] სამთა თავადთა განძისათა[ნი]».
დატყვევებული ფადლონის გაშვებას ბაგრატ მეფეს სპარსეთის სულტანი შეეხვეწა და სწორედ «შუამდგომლობითა და სიტყჳთა სულტანისათა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონი და გაგზავნა საჴელმწიფოსა თჳსსა განძას».
ფადლონმა დიდის ხნით ვერ მოისვენა და მაინც «გატეხნა ფიცნი და შუამდგომელობანი დიდისა სულტანისანი»; ისევ საქართველოს სამეფოს მიადგა და ჯერ «მოიპარა ქავაზნი», მერე აგარათაკენ გაილაშქრა; აგარათა ციხისთავმა აგარანი მიატოვა და გასცა. აფხაზეთში მყოფმა ბაგრატ მეფემ რომ ეს ამბავი შეიტყო, საჩქაროდ გადმოვიდა და აგარანი მტერს ისევ გამოჰგლიჯა ხელითგან. ამასთანავე მეფემ თავისი ცოლის ძმა ოსთა მეფე დორღოლელი მეშველად მოიხმო. დორღოლელი ორმოცი ათასითა მხედრითა გადმოვიდა საქართველოში. თავისი შვილის, უფლისწულის გიორგი კარაპალატის, წინამძღოლობით ბაგრატ მეფემ შეერთებული ქართველ-ოსთა ლაშქარი ფადლონის დასასჯელად და სამაგიეროს გადასახდელად გაგზავნა. ამგვარად, მეფემ «მოაოჴრა განძა და აღიღო ტყუე და ნატყუენავი მისი ურიცხვი» და საქართველოში მოიტანა; ომითგან შემობრუნებულმა ოსთა მეფემ «ითხოვა დარბაზობა, ხოლო ბაგრატ ნება სცა». ოსთა მეფემ ნახა თავისი და, დედოფალი, და სიძე, ბაგრატ მეფე, რომელიც იმ დროს «ტინისჴიდს, ჭალასა ნადარბაზევისასა» მდგომი დიდის ამბით მიეგება თავის მეშველსა და ცოლისძმას. რადგან «მიზეზითა ზამთრისათა» ოსთა მეფეს და დიდებულებს ეშურებოდათ, ბაგრატმა 12 დღეს გამასპინძლების შემდგომ თავისი სტუმრები უხვად დაასაჩუქრა და სამშობლოში გაისტუმრა.
რაკი სულტანის მეგობარი და მოკავშირე ფადლონი თავხედობისათვის ბაგრატ მეფემ სამაგალითოდ დასაჯა, ეხლა საქართველოს ბატონი უფრო უზრუნველყოფილი იყო აღმოსავლეთის მხრით და უფრო გაბედულად შეეძლო ემოქმედა. ამიტომაც იყო როდესაც «შემდგომად ამისსა არონიებდა სულტანი მოციქულთა» ბაგრატ მეფესთან «და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა», თანაც «ამოთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა», საქართველოს მბრძანებელიც თავის მხრივ სულტანს ზრდილობიანად ექცეოდა, «ავლენდა იგიცა მოციქულთა და უკრებდა იგიცა ძღუენსა და იყო მათ შორის სიტყუათა სიყვარული», მაგრამ მორჩილების ნიშანი-კი იუკადრისა და «არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯა», - საქართველოს პოლიტიკური დამოკიდებულება არ შეალახინა.
ბაგრატ მეფის ავადმყოფობა და გარდაცვალება
ამის შემდგომ ბაგრატ IV დიდხანს აღარ უცოცხლია: «შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშვილდისა ტბათა მდგომსა ბაგრატ მეფესა დაეცა სალმობა მუცლისა»; ავდმყოფი ჴელმწიფე «ჩადგა მარაბდათა», მაგრამ არამცთუ აქ უკეთობა არ დასტყობია, პირიქით “უფრო გაუძნელდა სალმობა”. მაშინ მძიმე ავადმყოფი მეფე “ტახტითა წამოიყვანეს” ქართლში; მისი შვილი უფლისწული გიორგი კურაპალატი “თანა ჰყუა”. აქ მას მიეგებნენ «ყოველნი დიდებულნი მისნი» და «დედა მისი მარიამ დედოფალი და ცოლი მისი ბორენა და ასული მისი მარიამ». რაკი თანდათან მეფე სულ უკან და უკან მიდიოდა და სიკვდილის მოახლოვებას ჰგრძნობდა, ამიტომ ბაგრატ IV «შემდგომად მცირედთა დღეთა მიუთუალა ძე მათი გიორგი კარაპალატი მეფედ დიდებულთა ამის სამეფოსათა ამის სამეფოსათა», ხოლო მეორე მხრივ «ყოველნი შეჰვედრნა მას» თავის მემკვიდრეს და 292 ქრონიკონსა ანუ 1072 წლის 24 ნოემბერს. გარდაიცვალა. მომაკვდავმა 56 წლის მეფემ თავის უბედურს დედას მარიამ დედოფალს გულმტკივნეულობით უთხრა: «დედაო, მეწყალი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგვიქციენ წინა და ეგრეთ-ღა შენ მოჰკუდებიო».
გარდაცვალებული ბაგრატ მეფე «დიდითა დიდებითა და პატივითა წარიყუანეს და დამარხეს ჭყონდიდს». მეფეს წინდაწინვე «თჳსი საფლავი მუნ განემზადა, რათა რაჟამს აღესრულოს მუნ დაემარხოს», და მისგანვე შემზადებულს საფლავში ჩაასვენეს.
ბაგრატ მეფის დახასიათება
ბაგრატ მეფე მემატიანის სიტყვით «იყო კაცი უშუენიერესი ყოველთა კაცთასა» და, მართლაც, ატენის სიონისა და ზარზმის მონასტრის ეკლესიების კედლებზე შენახულ მის სურათებზე იგი ლამაზი სახის კაცად ჩანს. გარეგან სილამაზესთან ერთად იგი გონებრივადაც უხვად ყოფილა დაჯილდოვებული, ფხიზელისა და სკეპტიკოსის მსჯელობით აღჭურვილი, «სრული სიბრძნითა ფილოსოფოსისათა», - გულუხვი და მოწყალეც იყო; მაგრამ ბედმა მას ბევრი გასაცდელი არგუნა და თითონაც მან დიდგვარიან მოხელეთა თვითნებობისა და წინააღმდეგობის ალაგმვა ვერ შეძლო და თითქმის გამუდმებულს ბრძოლაში დალია თავისი დღენი. ხასიათის სიმტკიცე აკლდა, თუ სხვა რაიმე მიზეზი იყო, არა ჩანს, მაგრამ ეს-კია, რომ თუმცა მეფე ყოფილა გულკეთილი, «მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა», მაგრამ მაინც მემატიანე ჩივის, «ჟამთა მისთა ქუეყანასა დაწყნარება არ აქუნდა, ეკლესიანი და გლეხნი [და] აზნაურნი ვერ იკითხებოდეს»-ო. ეს ცნობა გიორგი მთაწმიდელის “ცხოვრების” მოწმობითაც მტკიცდება. გიორგი მთაწმიდელის მოწაფე მოგვითხრობს, რომ როდესაც ჩვენი გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე და მეცნიერი ბაგრატ IV თხოვნისაებრ საქართველოში მივიდა, «პირველად ყოვლისა აღლესა მახჳლი მხილებისა მეფეთა მიმართ მრავალთა უწესოებათათჳს უშიშად და თვალუხავად... კუალად ეტყოდა მსჯავრთათჳს და სამართალთა სამეუფოთა, რათა უსჯიდეს ობოლთა და ქურივთა... რათა არა მისდრეკდეს სასწორსა სიმართლისასა დიდისა მიმართ გინა მცირისა და რათა უმეტეს ყოვლისა წყალობაჲ შეიტკბოს»-ო. როგორც ჩანს, ბაგრატ IV დროს მართლმსაჯულება და მიუდგომელობა მართლაც არა ერთხელ ყოფილა შელახული.
სასარგებლო ბმულები
http://ka.wikipedia.org/
http://qim.ge
http://literatura.mcvane.ge
სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, II ტ, თბილისი, 1983წ.
მასალა ადაპტირებულია ლიდა კაპანაძის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;
|