ქვემო ქართლის კლდის სოფლები განვითარებულ შუა საუკუნეებში

1 2

ამ ძეგლთა საფორტიფიკაციო თვალსაზრისით მიმოხილვისას იკვეთება კიდევ ერთი გარემოება: მრავალიარუსიან და მრავალსათავსიან კომპლექსებში ჩართულ ასეთ ციხე-ქვაბებს, ძალზე ხშირად მთელი კლდის სოფლის დამცველი, სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაგრის პრეტენზია არ გააჩნია და მათი ერთადერთი დანიშნულება უშუალოდ ამ ქვაბნაშენთა ბინადრების ან მათში თავშეფარებული პირების დაცვა იქნებოდა. მეორე მხრივ, კომპლექსებში გვხვდება მთელი სოფლის მისადგომებზე გაბატონებული ციხე-ქვაბებიც და საერთო სარგებლობის ტერასული გზების ჩამკეტი გოდოლ-ბურჯებიც.

naxiduris qvabTa II kompleqsi. cixe-qvabis gegma. naxiduris qvabTa II kompleqsi. cixe-qvabis Wrili.

ვფიქრობთ, რომ ინდივიდუალური” ციხე-ქვაბები ამავე სოფლების მკვიდრი, სოციალურად დაწინაურებული პირების საკუთრებას წარმოადგენდა: შესაძლოა, ასეთი ნაგებობების ფუნქცია წვრილი აზნაურების სოციალური სტატუსისთვის აუცილებელი ციხის ან კოშკის ანალოგიური იყო. ცხადია, ასეთი ციხე-ქვაბები, საჭიროების შემთხვევაში ალბათ სოფლის სხვა მცხოვრებთა თავშესაფარ სიმაგრედაც იქცეოდა ხოლმე.
წარმოდგენილი კომპლექსების არქეოლოგიური კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ აღნიშნული (ორივე კატეგორიის) ციხე-ქვაბებისა და კომპლექსთა შემადგენელი რიგითი, თავდაცვით ელემენტებს სრულიად მოკლებული ქვაბსაცხოვრებლები სინქრონულად ფუნქცირებდა სულ ცოტა ერთი საუკუნის განმავლობაში, ამ რიგის სამოსახლოებზე ინტენსიური ცხოვრების პრაქტიკულად ერთდროულად შეწყვეტამდე. როგორც საფორტიფიკაციო მნიშვნელობის ქვაბნაშენების, ისე საცხოვრებელი და სამეურნეო ქვაბ-სათავსების იატაკების სულ ზედა, ე. ი. შუა საუკუნეების ფენებში, პრაქტიკულად ერთმანეთის იდენტურ სტრატიგრაფიულ ვითარებაში, დავადასტურეთ დაახლოებით ერთსა და იმავე ხანაში (XII-XIV სს.) დამზადებული ნივთიერი მასალის ნიმუშები. ჩვენს მიერ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა, მრავალი დამატებითი არგუმენტი გამოავლინა იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ქვემო ქართლის ქვაბთა კომპლექსები, შუა საუკუნეების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სტაციონარულ საერო საცხოვრებლებად, კლდის სოფლებად გამოიყენებოდა.
არქეოლოგიურად მოსინჯულ თითქმის ყველა ქვაბში შუა საუკუნეებში სპეციალურად მოწყობილი იატაკები აღმოჩნდა. ქვაბთა უსწორმასწორო, კლდოვანი ძირები მიწით ან წვრილი ღორღით მოუსწორებიათ და თიხით მოუტკეპნიათ, ზოგი კი მოუკირწყლავთ. ქვაბების უმეტესობაში კედლების მიწით დაფარული ნაწილები, თიხით ან ნამჯანარევი ბათქაშით შელესილი აღმოჩნდა, რაც იმას მეტყველებს, რომ სათავსები ადრე მთლიანად იყო შელესილი.
ამ ქვაბებში სოფლების ფუნქცირების დამადასტურებელი ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცებაა შუა საუკუნეებში რეოკუპირებულ თითოეულ კომპლექსში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დადასტურებული თონე-კერიები. ეს კომბინირებული საყოფაცხოვრებო მოწყობილობანი, რომლებიც სამმაგ მიზანს: სათავსთა გათბობას, პურის გამოცხობას და ცხელი საკვების დამზადებას ემსახურებოდა, არქეოლოგიურად შესწავლილ თითქმის ყოველ, საცხოვრებლად ადაპტირებულ ქვაბთა ჯგუფში აღმოჩნდა. თონეები თიხისაა, უფრო ხშირად ადგილზე გამომწვარი (როგორც ჩანს, ადგილზევე ამოყვანილი), თუმცა გვხვდება კერამიკულ ქურაში გამომწვარი და აქ ჩადგმული ნიმუშებიც. ისინი კონუსის ფორმისაა. ზოგიერთ ნიმუშს პირი გადმოკეცილი და მარტივი ჭდეული ორნამენტით შემკული აქვს. ამ ტიპის თონე-კერებს შუა საუკუნეების საქართველოს მრავალ განათხარ ძეგლზე მოეპოვება პარალელები (გუდარეხი, დმანისი, რუსთავი, თბილისი). ყველა მათგანი XI-XIV საუკუნეებით თარიღდება.
ამ კომპლექსებში გვხვდება სხვა ტიპის გასათბობი მოწყობილობებიც – დაბალი (20 სმ-მდე სიმაღლის), წრიული გეგმის, ადგილზე გამომწვარი თიხის კერიები, რომლებიც ცხადია პურის საცხობად არ გამოდგება. ჩვენი დაკვირვებით, ასეთი გასათბობი კერიები უფრო იმ სათავსებში ეწყობოდა, რომლებიც ადამიანთა მიერ საკვების დამზადება-მიღებასთან არ იყო დაკავშირებული (მაგ., საწოლ ოთახებში ან საქონლის სადგომ გომურებში). განვითარებული შუა საუკუნეების ქართული არქეოლოგიური ძეგლებიდან, ანალოგიები მათაც მოეძებნათ.
თავისთავად, ასეთი სტაციონარული საკვების დასამზადებელი და გასათბობი მოწყობილობები (ზოგჯერ ორნამენტირებულებიც), რომლებიც ლამის ყოველ მეორე ქვაბშია შემორჩენილი, აღნიშნულ ეპოქაში ამ კომპლექსების პერიოდულად, მხოლოდ დროებით თავშესაფრად გამოყენების ვერსიას მეტად საეჭვოს ხდის.

TrialeTis axalqalaqis qvabTa I kompleqsi. saTavsTa jgufis gegmebi.

TrialeTis axalqalaqis qvabTa I kompleqsi. saTavsTa jgufis Wrilebi.

აღნიშნულ ქვაბთა კომპლექსებში დროის საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში, მუდმივი საერო საცხოვრებლების, სოფლების ფუნქცირებაზე მეტყველებს აგრეთვე მათი არქეოლოგიური კვლევის შედეგად ჩვენ მიერ მოპოვებული საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების ნაკეთობანი. განათხარი ფართობების სტრატიგრაფიამ დაგვარწმუნა, რომ განვითარებული შუა საუკუნეების ნივთები აღნიშნულ ქვაბ-სათავსთა კულტურულ ფენებში ძირითადად შემდეგი პროცესების წყალობითაა მოხვედრილი: ა) ყოფა-ცხოვრებისას ექსპლუატაციაში მყოფი ნივთების დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოსული ნაწილის (ძირითადად მათი ფრაგმენტების) იატაკებში შემთხვევით ჩატკეპნის ან გაუქმებულ სამეურნეო ორმოებში ჩახვეტის შედეგად; ბ) მტრის მიერ კომპლექსების დარბევისას მომხვდურთათვის უსარგებლო ნივთების იატაკებზე მიმოფანტვის შედეგად (ნივთიერი მასალის ეს კატეგორია იმ შემთხვევაშია ხოლმე ფაქტიურად ხელუხლებლად შემონახული, თუკი შემდგომ ეპოქებში დასახლებაში ინტენსიური ცხოვრება აღარ აღდგენილა).
ქვემო ქართლის ქვაბთა კომპლექსებში ამ ორივე გზით მოხვედრილი ნივთების წყება ტიპოლოგიურად ერთმანეთის იდენტურია და დიდად არც დამზადებამოხმარების სავარაუდო ქრონოლოგიური კლასიფიკაციით განსხვავდება.
წარმოვადგენთ აღნიშნულ ქვაბ-სათავსებში მიკვლეული ყველაზე ტიპური ან განსაკუთრებით უნიკალური ნაკეთობების არასრულ აღწერა-ჩამონათვალს, ჩვენი კომენტარითურთ მათი ფუნქციური და ქრონოლოგიური კუთვნილების შესახებ.
ქვემო ქართლის ამ კლდის ძეგლების ქვაბ-სათავსთა იატაკებზე არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებულ ნივთიერ მასალას უმთავრესად თიხის ნაწარმი შეადგენს. ეს ნაკეთობანი მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭლითაა წარმოდგენილი.
მოუჭიქავი თიხის ნაწარმი გაცილებით ჭარბობს მოჭიქულს. თავის მხრივ, მოუჭიქავი კერამიკიდან შეიძლება გამოიყოს უბრალო ფერადკეციანი, წერნაქით დაფარული და მოხატული ჭურჭელი.
მოუჭიქავი თიხის ჭურჭლიდან აქ ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი ნაკეთობების ფრაგმენტები:
1. წითლად გამომწვარი დოქები, კვერცხისებრი მუცლით და მაღალი ყელით. ზედაპირები მოწერნაქებულია. შემკულია სველ თიხაზე ამოკაწრული “თევზიფხური” ორნამენტით ან პარალელური, რელიეფური ზოლებით. ზოგიერთ ეგზემპლარს ვერტიკალურად ნაპრიალები ზოლებიც დაუყვება.
2. ღია ყავისფერი, სქელკედლიანი, მოზრდილი ხელადები და ჩაფები განიერი პირით, ძირსა და მხარზე მიძერწილი ბრტყელი ყურით.
3. წითლად და ყავისფრად გამომწვარი სხვადასხვა ზომის ჯამები და ფიალები. ზოგიერთ მათგანს ბორბლისებრი, გამოყვანილი ქუსლები აქვს; ქიმსა და გვერდს შორის გადასვლა გლუვია, ბაკოები ბრტყელია ან ჩაღარული. ჯამების მეორე ნაწილს ბრტყელი ძირები, ძაბრისებრ გადაშლილი კალთები და ვერტიკალური ბორტები აქვს. კალთისა და ბორტის შეერთების ადგილზე წიბო შემოუყვება.
4. სხვადასხვა ზომის თეფშები, ძლიერ გადაშლილი გვერდებით და შესქელებული პირებით. შიდა პირი უმეტესად წითელი წერნაქითაა შეღებილი.
5. სხვადასხვა ფერის, განსხვავებული ზომის ქილები. ისინი დაბალყელიანია, აქვთ განიერი მუცლები, გადმოკეცილი პირები და ბრტყელი ძირი. მრავალ ეგზემპლარს პირთან ახლოს, მუცელზე წმინდა სავარცხლით ამოკაწრული ჰორიზონტული ზოლები შემოუყვება.
6. თეთრად შეღებილი, თხელკეციანი პატარა ჭინჭილები, რომლის პირ-ყელი და მუცელი მოხატულია შავი ზოლებით, მათ შორის კი ტალღისებრი წითელი საღებავით.
გარდა ჩამოთვლილი სახეობებისა, გამოქვაბულებში ხშირად გვხვდება სხვა სახეობის მოუჭიქავი ჭურჭელიც: მოზრდილი დერგები, შავად გამომწვარი ე.წ. “სამზარეულო”ჭურჭელი, სარქველები, ჭრაქები და სხვ.
მოჭიქული თიხის ჭურჭლიდან კომპლექსებში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი შემდეგი სახეობები:
1. კარგად განლექილი, წითლად გამომწვარი თიხის ჯამები, გამოყვანილი, ბორბლისებრი ქუსლით, ჩაღარული ან ბრტყელი ბაკოებით; გადავლებული აქვთ თეთრი ანგობი, რომელზედაც ამოკაწრულია მარყუჟისებრი სახეები ან პარალელური ხაზები; მოჭიქულია მწვანედ, ფირუზისფრად, სოსანისფრად ან ღვინისფრად.
2. ასეთივე ფორმის ჯამები, თეთრ ანგობზე ამოკაწრული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით, ზოგჯერ ფრინველთა და ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით. ორნამენტი და გამოსახულებები მრავალფერადაა მოხატული, გადავლებული აქვთ უფერო ჭიქური.
3. ასეთივე ანგობირებული ჯამები, ამოკაწრული მცენარეული ორნამენტით შემკული, რომელიც მწვანედაა მოხატული. გადავლებული აქვთ სუსტი, უფერო ჭიქური.
4. წითელკეციანი, ზიგზაგისებრი ანგობის ზოლებით მოხატული, მწვანედ მოჭიქული დოქები.
5. ძირგამოყვანილი, ბაკოჩაღარული, თეთრ ანგობზე ცისფრად ან მწვანედ მოჭიქული სამარილეები.
6. ცისფრად ან მწვანედ მოჭიქული ნიჟარისებრი ჭრაქები.
კერამიკული ნაწარმის აღწერილ ნიმუშებს მრავალი პარალელი ეძებნებათ საქართველოს XII-XIV საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლებიდან (მაგ., დმანისის, თბილისის, რუსთავის, ჟინვალის, თელავის ნაქალაქარების, გუდარეხის და დავით გარეჯის მონასტრების განათხარი მასალებიდან)
.

zurtaketis qvabTa IV kompleqsi. vizualuri ganSla.

zurtaketis qvabTa IV kompleqsi. saTavsTa jgufis
gegmebi da Wrilebi.

აღნიშნული ძეგლების არქეოლოგიური კვლევისას, განსხვავებით ამავე რეგიონის მონასტრებად ადაპტირებული უძველესი გამოქვაბული კომპლექსებისგან, ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის ფაიანსის ნაკეთობათა ნიმუშები, რაც კიდევ ერთი არგუმენტია იმ აზრის სასარგებლოდ, რომ შუა საუკუნეებში ამ ქვაბებში, იშვიათად თუ ბინადრობდნენ მაღალი სოციალური ფენების წარმომადგენლები.
სამაგიეროდ, ამ ძეგლებზე დიდი რაოდენობით მივაკვლიეთ ქართული შუა საუკუნეების არქეოლოგიისათვის საკმაოდ არატრადიციულ, უნიკალური სახის ნივთიერ მასალას - ორგანული ნივთიერებებისაგან დამზადებულ ნაკეთობებს.
ქვემო ქართლის გამოქვაბულთა კომპლექსებს, ამ რიგის ნივთიერი მასალა გამორჩეულად უხვად შემდეგი გარემოების გამო შემოუნახავს: ამ კომპლექსთა უმრავლესობაში, ცხოვრების საბოლოო ფაზა უეცრად ჩანს შეწყვეტილი მტრის გამანადგურებელი ლაშქრობის შედეგად. ამის შემდეგ მათში ცხოვრება აღარ აღორძინებულა და აღნიშნული ტრაგედიის დროს იატაკებზე მიმოფანტული სხვადასხვა ნაკეთობანი, მათ შორის ორგანული ნივთიერებების ნაწარმიც, ქვაბებში საუკუნეების განმავლობაში შემოტანილმა მშრალმა, მტვრისებრმა მასამ კარგად “დააკონსერვა”.
გამოქვაბულთა ამ კომპლექსებში (ისევე როგორც მონასტრებად გამოყენებულ ქვაბებში), აღწერილ სტრატიგრაფიულ ვითარებაში იქნა აღმოჩენილი შუა საუკუნეების არქეოლოგიური ქსოვილების, მათ შორის ხალიჩა-ფარდაგების ფრაგმენტების უმდიდრესი კოლექცია, რომელსაც ბოლო წლებში, სხვადასხვა რანგის საერთაშორისო კონფერენციებზე და სიმპოზიუმებზე დიდი რეზონანსი ჰქონდა. ძალზე საყურადღებოა აგრეთვე სამშვილდის ქვაბებში დადასტურებული, თითქმის მთლიანად შემონახული ბავშვის ტილოს პერანგი და მამაკაცის ქუდი.
გამოქვაბულ კომპლექსებში აღმოჩენილ ამ “არატრადიციულ” ნივთიერ მასალაში ყურადღებას იქცევს ტყავის ფეხსაცმლის ნიმუშებიც. ძალზე კარგადაა შემონახული მოზრდილი ადამიანისა და ბავშვის ჭვინტიანი ქოშები.
ქვემო ქართლის გამოქვაბულ კომპლექსებში მოპოვებული ნივთიერი მასალიდან მრავალფეროვნებითა და რაოდენობით გამოირჩევა ხისგან დამზადებული ნივთებიც. აქ წარმოდგენილი ხის ნაკეთობები მოხმარებული ყოფილა როგორც შინაურ ყოფაში,  ისე მეურნეობაში. ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებულ ანალოგიებთან მეტად ახლოს დგას განვითარებული შუა საუკუნეების ფენებში აღმოჩენილი შემდეგი ხის ნივთები: Mმომკელის სათითეები, ორმხრივ მწკრივიანი სავარცხლები, თითისტარები, კვირისთავები, ძაფის დასახვევი კოჭები, სხვადასხვა ფორმის კოვზები, დანის ტარები, ხელსაქმესთან დაკავშირებული მინიატურული ზარდახშები, ხის ჭურჭლის ფრაგმენტები, სათამაშოები და სხვა მრავალი.
ქვემო ქართლის აღნიშნულ კლდის სოფლებში ცხოვრების ბოლო ეტაპის ქრონოლოგიური ჩარჩოების უტყუარად განმსაზღვრელ საბუთს წარმოადგენს აგრეთვე მათი არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა.
ამ ძეგლების ქვაბოვან სათავსებში სულ მიკვლეულია 26 ქართული სპილენძის მონეტა (აქედან 21 მონეტა ტილოს ქისაში იყო ჩაწყობილი და განძის სახით იყო ჩაფლული ნახიდურის პირველი კომპლექსის ერთ-ერთი საცხოვრებელი ქვაბის იატაკის თიხატკეპნილში, ზედაპირის მახლობლად). ამ მონეტებიდან უადრესი მეფე გიორგი III-ის მიერაა მოჭრილი 1174 წელს, ხოლო უგვიანესი მეფე რუსუდანის მიერ, 1227 წელს. დაახლოებით ამავე ეპოქას, XIII საუკუნის დასასრულს განეკუთვნება ზურტაკეტის ქვაბთა პირველ კომპლექსში აღმოჩენილი, თბილისში მოჭრილი ვერცხლის მონეტა (ე.წ. “ყანური”).
როგორც ვხედავთ, ქვემო ქართლის ქვაბთა ამ კომპლექსებში მიკვლეული ცხოვრების უკანასკნელი ეტაპის ნივთიერი მასალა, გარდა იმისა, რომ საკმაოდ დამაჯერებლად განსაზღვრავს ამ ძეგლთა ხელმეორედ ათვისების ქრონოლოგიურ ჩარჩოებს, უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტებს გვაწვდის XII-XIV საუკუნეების ქვემო ქართლის და საერთოდ, საქართველოს სოფლის მოსახლეობის ყოფაცხოვრებისა და მეურნეობის გაძღოლის მრავალი ასპექტის თაობაზე.
დავუბრუნდეთ აღნიშნულ ძეგლთა ფუნქციის შესახებ ზემოთ დასმულ საკითხს. ამ თემაზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალის ტიპოლოგიურ მრავალფეროვნებას, ისე მრავალრიცხოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ მტრის შემოსევებისას სახიზრებში თავშეფარებული მოსახლეობის მიერ იქ წყლისა და სურსათის მარაგთან ერთად არსებობისათვის აუცილებელი ნივთების ან თუნდაც განსაკუთრებით ღირებული ნაკეთობების გარკვეული რაოდენობის შეტანა სავსებით ლოგიკურად გამოიყურება, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ ძირითადი საცხოვრებლებიდან თავშესაფრად გამოყენებულ ამ ქვაბებში გადაეტანათ მთელი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ინვენტარი. ამ კომპლექსებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალის შემადგენლობა კი სწორედ ასეთ ყოვლისმომცველ ნივთიერ გარემოცვაზე მიგვანიშნებს.
ეს სრულიად ბუნებრივ კითხვას ბადებს: განა რამდენი დრო უნდა ჰქონოდა მოსახლეობას გახიზვნისას, რომ თავშესაფარ ქვაბებში შეეზიდათ როგორც დიდძალი
თიხის ნაწარმი (დაწყებული მოზრდილი დერგებით და დამთავრებული უნატიფესი სუფრის ჭურჭლით), ისე სოფლის მეურნეობისა თუ ხელსაქმისათვის აუცილებელი მოწყობილობანი? ან შეეძლოთ კი იმის პროგნოზირება, რომ სამალავებში მეტად ხანგრძლივად მოუწევდათ ცხოვრება?
დავუშვათ, ასეთი სამზადისი სახიზრებში ცხოვრებისთვის თეორიულად მაინც დასაშვებია. სამაგიეროდ, ამ კომპლექსთა თავდაცვით ფუნქციას დიამეტრალურად ეწინააღმდეგება დროთა განმავლობაში წყობიდან გამოსული ნივთიერი მასალის რაოდენობა და სათავსებში განფენა, რაც აქ მეურნეობის სხვადასხვა დარგების მიმდევარი მოსახლეობის არაერთი წლის განმავლობაში ბინადრობაზე მეტყველებს.
არქეოლოგიურმა კვლევამ ამ სოფლების მცხოვრებთა ეკონომიკის საფუძველზეც შეგვიქმნა წარმოდგენა, წარმოაჩინა მათი სამეურნეო საქმიანობის ძირითადი თუ დამხმარე მიმართულებები.
მოპოვებული ნივთიერი მასალის ანალიზით გამოირკვა, რომ კლდის სოფლების მოსახლეობა მისდევდა როგორც მიწათმოქმედებას (მემინდვრეობას, მევენახეობას,
მებაღეობას), ისე მესაქონლეობას (მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის და ღორის მოშენებას). შინამრეწველობის და ხელსაქმის დარგებიდან დადასტურდა მეთუნეობის, ხის ნივთების ხვეწის, ძვლის და ტყავის ნივთების დამზადების, მჭედლობის, ხალიჩა-ფარდაგებისა და ტანისამოსის ქსოვის ნიშნები. სოფლის მცხოვრებთა ეკონომიკურ მდგომარეობაში გარკვეული წვლილი შეჰქონდა მონადირეობის შედეგად მოპოვებულ პროდუქციასაც.
წარმოების ჩამოთვლილი დარგების პროდუქციის გარკვეული წილი, ალბათ, სასაქონლოდაც მზადდებოდა, რაზეც საცხოვრებლებში აღმოჩენილი ფული მეტყველებს - თუნდაც პრიმიტიული სავაჭრო ურთიერთობების გარეშე, სოფლის რიგით ბინადართა არაერთ ქვაბ-საცხოვრისში მათი მოხვედრა შეუძლებელი იქნებოდა.
ამ სოფლების მკვიდრ ოჯახთა სოციალურ სტრუქტურაზე შემდეგი შეხედულება შეგვექმნა. ქართლის ამ კლდის სოფლების პრაქტიკულად თითოეულსაცხოვრებელ ოთახში, რომლებიც ზომით შუა საუკუნეების თვალთახედვით საშუალო, 2-3 თაობიანი, მაქსიმუმ 5-10 წევრიანი ოჯახის ბინადრობისთვის თუ გამოდგება, დაფიქსირებულია ზემოთ აღნიშნული ტიპის კერა ან თონე კერა - ეს გარემოება იმას მიგვანიშნებს, რომ ასეთი “მიკრო-ოჯახები” ერთმანეთისგან პრაქტიკულად დამოუკუდებელ ყოფა-ცხოვრებასა და მეურნეობას მისდევდნენ.
ამრიგად, ამ სოფლების სავარაუდო სოციალური სტრუქტურა არ ეთანხმება ქართულ მეცნიერებაში გამოთქმულ თეორიას, რომლის მიხედვითაც გვიან შუა საუკუნეებში და XIX საუკუნის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებული, გაუყოფელი პატრიარქალური ტიპის ოჯახების ერთ კომლად ბინადრობის წესი, თითქოსდა განვითარებულ შუა საუკუნეებში გავრცელებული ტრადიციით იყო ნასაზრდოები. უნდა ითქვას, რომ გლეხთა ცალკეული ოჯახების ასეთივე მცირე ზომის საცხოვრებელ ოთახებში ბინადრობა დადასტურებულია საქართველოს განვითარებული შუა საუკუნეების მრავალი ქვით ნაგები ნასოფლარის არქეოლოგიური გათხრის დროსაც (მაგ., ნაჭივჭავები). ყოველივე ეს, იმას უნდა მიგვანიშნებდეს, რომ გლეხების გაუყრელი ოჯახების ერთ კომლად ბინადრობა შედარებით გვიანდელი მოვლენაა; შესაძლოა ცხოვრების ასეთი წესის ჩამოყალიბება გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში შექმნილი ექსტრემალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე იძულებითი შედეგი ყოფილიყო (მაგ., ამის შედეგად მოხერხდებოდა თითოეულ კომლზე ბეგარის ხელოვნური შემცირება; მტრის მცირე რაზმების მოულოდნელი თავდასხმის ერთობლივად მოგერიება და სხვ.).
კლდის სოფლებში ცალკეული ოჯახების საცხოვრებელი ქვაბ-სათავსების გეგმარება, რაიმე მკვეთრად ჩამოყალიბებულ კანონზომიერებას ან სქემას არ ემორჩილება. ზოგიერთი ოჯახი სადა ფორმის, დაუნაწევრებელ ქვაბში ბინადრობდა და თითოეულ საყოფაცხოვრებო-ტექნოლოგიურ პროცესს ამ ერთიან სივრცეში ჰქონდა მიჩენილი გარკვეული ზონა: საკვების მოსამზადებელ-მისაღები, ხელსაქმის წარმოების, საძინებელი და სხვ. მეორე მხრივ, იმავე სოფლებში გვხვდება კლდის სახლები, სადაც საცხოვრებელ ოთახებს ძირითადი სივრციდან მეტ-ნაკლებად განცალკევებული ნიშა-ფართები ან, სულაც, დამატებითი სათავსები გააჩნიათ.
ასეთ საცხოვრებელ ჯგუფებში ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური მეთოდებით ხერხდება ძირითადი ქვაბების ცალკეული ზონების თუ დამატებითი ფართების ფუნქციური დიფერენციაცია. მაგ., მოპოვებული ნივთიერი მასალა ადასტურებს, რომ მცირე ზომის ნიშები, გამომდინარე მათი კონფიგურაციიდან, უფრო ხშირად საწყობია ან ოჯახის წევრთა ერთი ნაწილის საძინებელი ფართობის მოვალეობას ასრულებდა. ამის კარგი მაგალითია ნახიდურის მეორე კომპლექსში მიკვლეული ქვაბოვანი საცხოვრებლის მცირე ზომის განშტოება, რომლის ერთი კედლის გასწვრივ, დაწოლილი ადამიანის სიგრძეზე, სრულად შემორჩენილი აღმოჩნდა აღნიშნული ეპოქის ლოგინი: აქ თიხით კარგად მოტკეპნილ იატაკზე სქლად ყოფილა გაშლილი თივა, რომელზედაც თექის და ფარდაგის ნაჭრები იყო დაფენილი.
საწოლის მახლობლად მოწყობილი ყოფილა ადგილზე გამომწვარი თიხის, წრიული ფორმის კერა, რომლის დანიშნულებას უთუოდ ამ “საძინებელი ოთახის” გათბობა წარმოადგენდა.

naxiduris qvabTa meore kompleqsi
'saZinebeli oTaxis~ interieri. rekonstruqcia. Canaxati

გაცილებით უფრო კარგად არის ხოლმე შემონახული და ადვილად ამოსაცნობიცაა კვების პროდუქტების საწყობებად გამოყენებული ნიშა-სათავსები. მათი იატაკების ზედა კულტურულ ფენებში ხშირად არის შემორჩენილი სქელკეციანი თიხის ჭურჭლის, ქვევრების და დერგების ფრაგმენტები, კლდეში ამოკვეთილი სასურსათო ორმოები ან ქვევრის ძირების ჩასადგმელი ფოსოები. აქვე, როგორც წესი, ხშირად გვხვდება ხოლმე ხმარებისგან დაზიანებული სამზარეულოს და სუფრის ჭურჭლის ფრაგმენტები ცეცხლის ხანგრძლივად მოქმედების კვალით.
ქვემო ქართლის კლდის სახლების ფარგლებში დანამდვილებით გამოხატულ, სტაციონარულ სანიტარულ-ჰიგიენურ მოწყობილობებს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ (თუ არ ჩავთვლით სანაგვედ გამოყენებულ ორმოებს). თუ მხედველობაში მივიღებთ ამ სოფლების არქეოლოგიური შესწავლისას მიკვლეულ, მოსახლეთა მაღალ ჰიგიენურ კულტურაზე მიმანიშნებელ ნივთიერ მასალას (სანელსაცხებლე ჭურჭელი, სავარცხლები, კოსმეტიკური მაკრატელი და სხვ.), უნდა ვიფიქროთ, რომ სანიტარული დანიშნულების ზონები (მაგ., საპირფარეშოები) დასახლებათა სტრუქტურაში უთუოდ იქნებოდა ჩართული, ოღონდ საცხოვრებელი ქვაბსათავსებისგან ოდნავ მოშორებით, უფრო ქვაბებისწინა ტერასების კიდეებში. საერთოდ, აღნიშნული ტერასები მხოლოდ გასავლელი შუკების როლს როდი ასრულებდა ამ სოფელთა სტრუქტურაში - ისინი ინტენსიურად ყოფილა ათვისებული საყოფაცხოვრებო მიზნით კლდის სახლთა ბინადრების მიერ (თუკი მათ ამისთვის საკმარისი სიგანე გააჩნდათ). არქეოლოგიური კვლევის შედეგად მრავალგზის დადასტურდა იმის ნიშნები, რომ ქვაბოვანი სათავსების წინ ხის კონსტრუქციებზე დაყრდნობილი ფარდულების თუ დერეფნების ტიპის სადგომები იყო მოწყობილი.

naxiduris qvabTa mesame kompleqsi
fasadis savaraudo rekonstruqcia.

საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კლდის სახლების ბინადარნი, აქტივობისა და დასვენებისთვის ასეთ დერეფნებს, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ალბათ, მეტად ინტენსიურად იყენებდნენ. მაგ., ზურტაკეტის ხეობის N1 კლდის სოფლის ტერასათა არქეოლოგიური კვლევის  შედეგად გამოვლინდა კლდის სახლების ინტერიერებში არსებული საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ასეთ დერეფნებში დუბლირების შემთხვევები: ერთი და იმავე ხანის და ტიპის თონე-კერიები მოწყობილი ყოფილა როგორც საცხოვრებელ ქვაბებში, ისე მათ წინ, ოდესღაც ხის კონსტრუქციებით შემოფარგლულ და გადახურულ ტერიტორიებზე. ამავე ფართობებზე დადასტურდა აქტიურ სამეურნეო საქმიანობაზე მიმანიშნებელი, მძლავრი კულტურული ფენები.
როგორც ვხედავთ, ქვემო ქართლის კლდის სოფლების ბინადარნი ყოფაცხოვრების სტილითა თუ სამეურნეო საქმიანობით, პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებოდნენ განვითარებული შუა საუკუნეების დანარჩენი, ასე ვთქვათ, “ჩვეულებრივი””ტიპის სოფლების მცხოვრებთაგან. მათ შორის სხვაობა მხოლოდ საცხოვრებელთა აღნაგობასა და ხუროთმოძღვრულ სტრუქტურაში მდგომარეობს, ამასთან, რიგ შემთხვევებში ამ კლდის სოფელთა მცხოვრებნი შეძლებისდაგვრად ცდილან თავიანთი კლდის სახლები ჩვეულებრივი, ქვის სახლებისთვის დამახასიათებელი ელემენტებით აღეჭურვათ. ამის დასტურია თუნდაც აღნიშნული დერეფნების მოწყობა, რაც, როგორც ჩანს, იმთავითვე ქართული ხალხური საცხოვრებლებისგანუყრელი ატრიბუტი იყო (აკი ასეთი “კარაპნების” სისტემას ვერც ვარძიის ხუროთმოძღვარმა აუარა გვერდი). მიუხედავად ამისა, უძველესი ქვაბების რეკონსტრუქციის გზით, შუა საუკუნეების ქვის სახლების გეგმარების ზედმიწევნითი რეფლექსია აქ შეუძლებელი იყო არა მხოლოდ ძნელად დასამუშავებელი ბაზალტოვანი ქანების გამო, არამედ მეტად დამრეცი რელიეფიდან გამომდინარეც. ალბათ, ამიტომაც არ ცდილან განვითარებულ შუა საუკუნეებში ქვემო ქართლის კლდის სოფლების ბინადარნი, ქვაბ-საცხოვრებლები ერდოიან-გვირგვინიანი გადახურვების მინაბაძებით აღეჭურვათ მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ ქვის საერო ხუროთმოძღვრებაში ასეთი სისტემები ჩვეულებრივი მოვლენა უნდა ყოფილიყო - დაახლოებით იმავე ეპოქის მესხეთის კლდის სოფლებში ხომ სახურავების გვირგვინული იმიტაციებით გაფორმება არცთუ იშვიათ მოტივს წარმოადგენდა.
სწორედ ჩამოთვლილ გარემოებათა გამო, ქვემო ქართლის კლდის სოფლების საბოლოო გარეგნული სახე განვითარებულ შუა საუკუნეებში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ეთნოგრაფიულად დადასტურებულ კომპაქტურ, მთის კალთებზე ტერასებად განაშენიანებულ დასახლებებს უფრო ენათესავება, ვიდრე ამ რეგიონისთვის ისტორიულად დამახასიათებელ, შედარებით გაშლილ ეზო-კარიან სოფლებს.
როგორც ჩანს, განვითარებული შუა საუკუნეების ქვემო ქართლის კლდის სოფელთა გეგმარებაში, ერთმანეთს ხვდება ორი, განსხვავებული ტიპის საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრული ჩვევები და სწორედ ეს განაპირობებს მათ უნიკალურობას.
რა გარემოებანი შეიძლება გამხდარიყო შუა საუკუნეების ქვემო ქართლის მოსახლეობის ამ ნაწილის მიერ უძველესი ქვაბოვანი კომპლექსების აქტიური რეოკუპაციის მიზეზი?
ამ კითხვაზე პასუხისას არსებობს ერთი საცდური - ვინაიდან ამ კლდის სოფლების არქეოლოგიური კვლევისას მოპოვებული ნივთიერი მასალის უდიდესინაწილი XIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIV საუკუნეს განეკუთვნება, ამასთან მათში ცხოვრება სწორედ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზეა შემწყდარი გარეშე მტრის ექსპანსიის შედეგად, ჩნდება აზრი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ამ მხარის მოსახლეობის ნაწილის შედარებით კარგად გამაგრებულ კლდის სოფლებში მიგრაცია, ქვეყანაში შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური დესტაბილიზაციის შედეგი ყოფილიყო. შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიული პერიპეტიების შესახებ მემატიანეთა მონათხრობებში და თვით თემურ-ლენგის გამანადგურებელი ლაშქრობების აღწერებში ხომ საკმაოდ ხშირად გვხვდება ეპიზოდები საქართველოს ამა თუ იმ კუთხის მოსახლეობის ქვაბებში გახიზვნის შესახებ.
ასეთი მსჯელობა თეორიულად მისაღებია და ნაწილობრივ, ალბათ, შეეფერება კიდეც რეალობას, თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს შემდეგი ფაქტები.
როგორც აღვნიშნეთ, ამ კლდის ძეგლების არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული მასალა იმას მეტყველებს, რომ მათი ინტენსიური რეოკუპაცია შედარებით ადრე უნდა დაწყებულიყო. ქვაბოვანი სახლებისა თუ სამეურნეო სათავსების იატაკების გათხრისას აღმოჩენილი ნივთიერი მასალა საკმაოდ მოიცავს საქართველოს სამეფოს კულტურულ-ეკონომიკური აყვავების ხანაში, XII საუკუნესა და XIII საუკუნის პირველ ნახევარში დამზადებულ ნაკეთობებს. მრავლისმეტყველია ის გარემოებაც, რომ ამ კლდის სოფელთა არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული 30-მდე სპილენძის ქართული მონეტიდან მხოლოდ ერთი განეკუთვნება XIII-XIV საუკუნეთა მიჯნას, დანარჩენი კი XII საუკუნეში და XIII საუკუნის პირველ ნახევარშია მოჭრილი.
რამდენად რეალურია ამ რიგის მასალის XIV-XV საუკუნეების ყოფაში მოხმარების შესაძლებლობა? ცხადია, გარკვეულ რაოდენობას XII საუკუნეში დამზადებული ნივთებისა შესაძლოა XIV საუკუნემდეც მიეღწია, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს არასგზით არ ეხება ნუმიზმატიკურ მასალას, ამასთან, თიხის ნაწარმისთვის თითქმის 300-წლიანი უწყვეტი მოხმარება დიდ იშვიათობას წარმოადგენს, თანაც ასეთი დაშვება სრულიად არ შეესაბამება ჩვენს მიერ დაფიქსირებულ არქეოლოგიურ სურათს. განათხარი ფართობების სტრატიგრაფია მოწმობს, რომ კლდის სოფელთა უმრავლესობაში აღნიშნული, ადრეული ეტაპის მასალა (მონეტების გარდა), დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ძირითადად ხმარების დროს მწყობრიდან გამოსული ნივთების შესაძლო კონცენტრაციის ადგილებში: იატაკების მოტკეპნილობებში, ცხოვრების დროსვე გაუქმებულ სამეურნეო ორმოებსა და თონე-კერიებში, ნაგავსაყრელ ადგილებში.
რაც შეეხება XIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIV საუკუნისთვის ტიპიურ არქეოლოგიურ მასალას, ეს ნაკეთობანი ძირითადად სხვაგვარ სტრატიგრაფიულ ვითარებაშია აღმოჩენილი: მათი დიდი უმრავლესობა მოხმარებული ყოფილა უშუალოდ კლდის სოფლებში ცხოვრების საბოლოოდ შეწყვეტის წინა პერიოდში და მტრის მიერ ამ ქვაბების დარბევის შედეგადაა დაზიანებული და მიმოფანტული (ამ მასალაში ბრძოლის დროს ნატყორცნ მონღოლური ტიპის ისრისპირებს და შურდულის ქვებსაც ხშირად ვხვდებით). ეს არქეოლოგიური სურათი სავსებით ეთანხმება ქართული წერილობითი წყაროების მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ-ლენგის ლაშქარს ქვემო ქართლი რამდენჯერმე ისე აუოხრებია, რომ ამ მხარეში საომარი მოქმედებისას დახოცილთა დამმარხავებიც აღარ დარჩენილან (ჩვენს ძეგლებზე ამ მოვლენის პირდაპირ დამადასტურებელი ფაქტებიც აღმოჩნდა - ადამიანთა ადგილზე ჩაკეცილი, დაუმარხავი ნეშტები).
როგორც ვხედავთ, ქვემო ქართლის კლდის სოფლების დიდ უმრავლესობაში ცხოვრების საბოლოოდ შეწყვეტის მიზეზების და ხანის შასახებ, ამ ძეგლების არქეოლოგიური კვლევის შედეგები პრაქტიკულად ცალსახა პასუხს იძლევა, რასაც ვერ ვიტყვით განვითარებულ შუა საუკუნეებში მათში ცხოვრების აღორძინების ვითარებაზე.
ჩვენი აზრით, ქვემო ქართლის დიდი ხნის წინათ მიტოვებულ ქვაბთა კომპლექსების რეოკუპაციას განვითარებულ შუა საუკუნეებში რამდენიმე ობიექტურმა გარემოებამ შეუწყო ხელი. უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო ქართული სახელმწიფოს არნახული პოლიტიკურ-ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც XI-XII საუკუნეთა მიჯნიდან დაიწყო და რომელმაც საუკუნეზე მეტ ხანს გასტანა. ცნობილია, რომ ამ “ოქროს საუკუნეს” საქართველოში მოსახლეობის სწრაფი ზრდა, “დემოგრაფიული აფეთქება” მოჰყვა.
ამ ეპოქაში, ჩვენი წინაპრები, ალბათ, იძულებულნი გახდნენ, განსაკუთრებული ზრუნვა გამოეჩინათ სასოფლოსამეურნეო სავარგულებზე, რითაც არცთუ ისე მდიდარია საქართველო. ვისაც კი ქვემო ქართლის მდინარისპირა პლატოებზე და დაბლობებზე ისტორიული ძეგლების მოძიების მიზნით უმოგზაურია, უთუოდ შეამჩნევდა, რომ შუა საუკუნეების ნასოფლარები ამ ფართობებზე დიდი სიმჭიდროვითაა მიმოფენილი. როგორც ჩანს, დაახლოებით XII საუკუნისთვის დადგა მომენტი, როდესაც სახნავ-სათესებად ვარგისი მიწების სამოსახლოებად შემდგომი გამოყენება ფრიად ნეგატიურ მოვლენებს გამოიწვევდა ეკონომიკაში, ამიტომ ჭარბმოსახლეობამ ამ მიზნით მიწათმოქმედებისათვის და საძოვრებისათვის გამოუსადეგარი, კლდოვანი ფერდობების ათვისება დაიწყო.
შესაძლოა, სწორედ ამ დროს მიიპყრო ქვემო ქართლის მცხოვრებთა ერთი ნაწილის ყურადღება მდინარეთა კლდოვან კანიონებში არსებულმა უძველესმა ქვაბოვანმა კომპლექსებმა. გარდა აღნიშნული იძულებითი ნაბიჯისა, ქვაბებში სოფლების მოწყობა, ალბათ, იმ დადებითმა საყოფაცხოვრებო ფაქტორებმაც გამოიწვია, რაც თავის დროზე გათვალისწინებული ექნებოდათ ამ უძველესი დასახლებების პირველ ბინადრებს: მდინარესთან და სარწყავი მიწათმოქმედებისთვის გამოსადეგ სამეურნეო ტერასებთან სიახლოვე; კომპლექსების ფარგლებში კლდიდან გადმონადენი წყაროები; თუნდაც ზემოთ არაერთხელ აღნიშნული, შედარებით მოხერხებული საფორტიფიკაციო პოზიცია. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ასეთ მზამზარეულ ქვაბოვან კომპლექსებში შრომის მინიმალური დანახარჯით შეიძლებოდა საკმაოდ კომფორტული საცხოვრებელი გარემოს მოწყობა, გასაგები გახდება, რომ ამ ეპოქის ქვემო ქართლის რიგითი მცხოვრებნი მაინცდამაინც არ უნდა შეეწუხებინა ჩვეული ტიპის, ქვის სოფლებიდან ასეთ ადგილმონაცვლეობას.
სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიის აღნიშნული ხანმოკლე, შედარებით უშფოთველი მონაკვეთი, სულ მალე მრისხანე დამპყრობლების, მონღოლების ლაშქრობებმა შეცვალა, ხოლო პოლიტიკურად და ეკონომიკურად ისედაც დაქვეითებული ქვეყნის გაჩანაგებას თემურ-ლენგის გამანადგურებელმა შემოსევებმა დაუსვა წერტილი.
როგორც ჩანს, ქვემო ქართლის მოსახლეობის ნაწილი XIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIV საუკუნეში, მტრის გახშირებული შემოსევების კვალდაკვალ, კიდევ უფრო მეტად მიილტვოდა გამოქვაბული საცხოვრებლებისაკენ და კლდის სოფლების მისადგომებს ახალი თავდაცვითი სისტემებით ამაგრებდა. სამწუხაროდ, როგორც ჩვენს მიერ არქეოლოგიურად დაფიქსირებულმა, მტრის მიერ გაჩანაგების სურათმა დაგვანახა, ძლიერი მომხვდური ლაშქრის წინააღმდეგ ამ კლდის სოფლების დიდი ნაწილის არცთუ მომგებიანი საფორტიფიკაციო პოზიციები უძლური გამოდგა.

*******************

* უფრო მეტიც, რამდენიმე ქვაბ-სათავსში დავადასტურეთ ერთსა და იმავე სათავსში არსებული თონე-კერიების 2-ჯერ და 3-ჯერ განახლების შემთხვევაც კი - გამომწვარი თიხის ეს მოწყობილობები დროთა განმავლობაში, ექსპლუატაციისას დაზიანებულა და მათი შეცვლა იქვე ამოყვანილი (ან ოდნავ გადანაცვლებული) ანალოგიური თონე-კერიით გამხდარა საჭირო. ასეთი მოწყობილობის მოხმარების საშუალო ვადად 5 წელიც რომ ვიანგარიშოთ (მინიმალური დრო), ერთსა და იმავე ადგილზე 3-ჯერ ახალი თონე-კერიის ამოყვანას ათეულზე მეტი წელი დასჭირდებოდა, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ კომპლექსებში მხოლოდ დროებით თავშეფარებული მოსახლეობის ცხოვრებას.

1 2


სტატიის ავტორი – ნოდარ ბახტაძე, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი. თანდართული ნახაზები ეკუთვნის ავტორს.

სტატია აღებულია ჟურნალიდან – „საქართველოს სიძველენი“, N1, თბილისი, 2002წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014