DSC_2317

ლაშქრობა მთიულეთში

იშვიათად მივდივარ ლაშქრობაში გეგმის გარეშე, მაგრამ შაბათს დილით მეგობრები რომ შევიკრიბეთ, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, საით და რამდენი ხნით წავიდოდით სალაშქროდ. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ დაუგეგმავ ლაშქრობებსაც ჰქონია თავისი ხიბლი! მე, ყოველი შემთხვევისთვის, ჩალაგებული მქონდა ყველაფერი 2-დღანი გასვლისთვის (კარავი, საძილე და სხვა საჭირო ნივთები) და GPS-ში მქონდა ჩაწერილი რამდენიმე მარშრუტი (მადლობა http://www.molashqre.ge -ს). გადავწყვიტეთ, თბილისურ სიცხეს მთიულეთში დავმალვოდით. მთიულეთი ჩემი მშობლიური მხარეა და, სამწუხაროდ, სხვა მხარეებთან შედარებით, ყველაზე ცუდად ვიცნობ, რამაც სალაშქრო მარშრუტის არჩევა ძალიან გამიადვილა. გეზი ავიღეთ სოფელ არახვეთისკენ.

ვიყავით სამნი. 8 აგვისტოს დილა იყო, ომიდან 7 წლის თავი. მისაქციელთან ერთი ავტოსტოპერი დავიმგზავრეთ, არტური, ხარკოვიდან. თავის მოგზაურობაზე მოგვიყვა, 15 ათასი კილომეტრი გაეარა ბოლო 2 თვეში ავტოსტოპით და უკვე სახლში ბრუნდებოდა. რაღაც სიმბოლური იყო ამ დღეს არტურის დამგზავრება, მის ქალაქში ხომ უკვე რამდენი ხანია ისვრიან. არც ერთ ომზე ბევრი არ გვილაპარაკია, თუმცა, გულის სიღრმეში, კი მაინტერესებდა, ბანაკის რომელ მხარეს იყო თვითონ, მაგრამ არ მიკითხავს. საინტერესო ბიჭი იყო, ბევრს ლაპარაკობდა იმ ენაზე, რომელზეც მე იშვიათად მიწევს ლაპარაკი. საქართველოთი აღფრთოვანებული ჩანდა, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართო. ალბათ ვართ. არტურს არახვეთთან დავემშვიდობეთ, ჩვენ კი მანქანა სოფლის მაცხოვრებელთან დავაბინავეთ და მუშტრის თვალით გავხედეთ მთებს მარშრუტის ასარჩევად.

არახვეთში ერთი ხნიერი კაცი გამოგველაპარაკა. თავი ვალდებულად ჩათვალა, დავეკვალიანებინეთ, გზა ესწავლებინა. გვირჩია, ლომისას სალოცავისკენ წავსულიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავიდან სხვა გეგმა გვქონდა, მომეწონა მისი შემოთავაზება და ლომისას გზას დავადექით. ტრადიციულად, ლომისას სალოცავზე სოფელ მლეთადან ადიან. მე არ მიყვარს ძალიან გაცვეთილი მარშრუტები და არახვეთიდან ასასვლელი არაორთოდოქსული გზის იდეა ძალიან მესიმპათიურა.

DSC_2246

ლაშქრობა სოფლის ორღობისა და ბოსტნების გავლით დაიწყო, რის შემდეგაც ლომისას ქედის ფერდობს მალევე მივადექით. თავიდანვე მოგვიხდა პირველი სირთულის დაძლევა – სოფლის ავი ძაღლები ყეფით გამოენთნენ, რომელთან შეკავებაც პატრონებს არ უცდიათ. როგორც აღმოჩნდა, არც იყო ამის მიზეზი, რადგან ძაღლური მოვალეობის მოხდის შემდეგ ცუგები მალევე დაგვიმეგობრდნენ და სოფლის ბოლომდეც გაგვაცილეს. პირველი აღმართი დამეწყრილი დაგვხვდა. მიწა სველი იყო ოთხივე კიდურის გამოყენებით და მომატებული ადრენალინით ძლივს მოვექეცით თავზე. აქ უკვე ბილიკი ვიპოვეთ და ავუყევით ფერდობს. მალე ჩვენს უკან ხედი გადაიშალა – სოფელი არახვეთი, ხადას ხეობა და მდინარეებს არაგვსა და ხადასწყალს შორის მოქცეული საინტერესო პლატო.

 

DSC_2251 DSC_2257 DSC_2270

ბილიკმა პატარა სალოცავამდე მიგვიყვანა. საინტერესო იყო იქ დატოვებული რკინის ფულის ნახვა. როგორც ჩანს სანთლის სანაცვლოდ ტოვებენ. აქედან ბილიკი დაიკარგა, მაგრამ გზის გაგნება არ გაგვჭირვებია – გაშლილი მდელოს ბოლოს ერთი ვიწრო გასასვლელი ჩანდა, მის ზემოთ ციცაბო ფერდობი იყო, ქვემოთ კი ისევ დამეწყრილი. ეს ადგილი რომ გავიარეთ, GPS-ს დავხედე და ნახევარი საათის გზა გვაშორებდა მლეთა-ლომისას ბილიკს. ვინანეთ, დიდი ზურგჩანთები რომ ტყუილად ვათრიეთ, არაფერი უჩანდა ამ მარშრუტს ორდღიანისა. სწრაფად გადავიარეთ დარჩენილი კილომეტრი და ლომისაზე ჩანთების გარეშე ავედით.

DSC_2322

მლეთადან ლომისასკენ დიდი “ტრაფიკი” იყო. ზოგი ფეხშიშველი ამოდიოდა, ზოგი კისერზე ბავშვით, ზოგიც შესაწირით. ხალხმრავლობა დაგვხვდა სალოცავშიც, დიდ ხანს არ გავჩერებულვართ, დავეშვით, ჩანთები ავკრიფეთ და ერთი ამოსუნთქვით ჩავიარეთ დაღმართი ქვემო მლეთამდე. მანქანა მოვიკითხეთ გვერდით სოფელში და გავემართეთ არაგვის ხეობაში, საბანაკე ადგილის მოსაძებნად.

გუდაურისკენ სეპრპანტინი რომ იწყება, პირველსავე მოსახვევში გრუნტის გზაზე გადავუხვიეთ და შევუყევით არაგვის ხეობას. რამდენიმე კილომეტში მდინარის გადაღმა დიდი და ლამაზი ჩანჩქერი შევნიშნეთ, იქვე მოსჩანდა ნასახლარები. შორიახლოს დავბანაკდით, ვივახშმეთ კოცონის გარშემო და გემრიელად დავიძინეთ. მეორე დღეს ხადას ხეობის დათვალიერება გადავწყვიტეთ.

დილას სანამ მზემ კარავი თონედ არ გვიქცია, არ ავმდგარვართ. ამ დღეს ბევრი სასიარულო არ გვქონდა და არც ვჩქარობდით. 11 იქნებოდა ბანაკი რომ ავშალეთ და ჩანჩქერის ახლოდან სანახავად წავედით. მისვლას ართულებდა ძროხების მიერ “დანაღმული” გზა. საბოლოოდ ჩანჩქერის ძირამდე ვერ მივაღწიეთ და გამოვბრუნდით.

ხადას ხეობას თავიდან მანქანით შევუყევით. სედანით ვიყავით და მალევე მოგვიწია გზის ფეხით გაგრძელება. ხადას ხეობა ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. კლდეები გამოქვაბულებით, ძველისძველი კოშკები, ჩანჩქერები, მჟავე წყლები და ბოლოს ალპური მდელოები – ყველაფერი იყო რისი ნახვაც სტუმარს გააბედნიერებს. სიმაღლე რომ ავწიეთ უკვე კარგად ვხედავდით ლომისას ქედს და ლომისას სალოცავს. ხადას ხეობის ჩრდილო-დასავლეთით კი გუდაურის გონდოლები ჩანდა. შუადღის მზე აჭერდა და დიდხანს აღარ გავჩერებულვართ აპლურში. უკან დავბრუნდით და თბილისის სიცხეს მოსაღამოებისას შევერწყით. გასვლა გამოვიდა საინტერესო და ლამაზი. დავრწმუნდი, რომ მთიულეთი ნამდვილად კარგი არჩევანია!

DSC_2380