ვახტანგ ჯობაძე
(1917 – 2007)
(უცხოეთში მოღვაწე დიდი მეცნიერი და მამულიშვილი)

ერთი წელი შესრულდა, რაც ამ წუთისოფელს ვალმოხდილი განერიდა ჩვენი სახელოვანი თანამემამულე, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი – მედიევისტი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, ტაო-კლარჯეთისა და შავი მთის ქართველთა კოლონიის უბადლო მკვლევარი, ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის დეპარტამენტის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ჯობაძე. ვახტანგ ჯობაძე ქართველ მეცნიერთა იმ პლეადას მიეკუთვნებოდა, ვინც თბილისის უნივერსიტეტის სრული კურსი დიდი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით გაიარა.
იგი დაიბადა თბილისში, 1917 წლის 18 მარტს. 1935 წელს სკოლა დაამთავრა. 1940 წელს – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. ასპირანტურაში გიორგი ჩუბინაშვილთან მოხვდა, მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე: “სამცხის ათაბაგების პორტრეტული გამოსახულებები საფარასა და ჭულეში” და თითქოს გამოიკვეთა მისი მომავალი მოღვაწეობის კონტურები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ძირფესვიანად შეცვალა ვ. ჯობაძის შემდგომი ცხოვრება.
მართალია, მას, როგორც უნივერსიტეტის ასპირანტს, “ჯავშანი ჰქონდა” და ფრონტზე გაწვევა არ ეხებოდა, მაგრამ სრულიად ყმაწვილი მოხალისედ წავიდა ომში, ტყვედ ჩავარდა და ტყვეობის ჯოჯოხეთიც გამოიარა. მართალია ცოცხალი გადარჩა, მაგრამ იცოდა რა, სამშობლოში დაბრუნებულს დახვრეტა ან გადასახლება არ ასცდებოდა, იძულებული გახდა უცხოეთში დარჩენილიყო და ცხოვრების 60 წელზე მეტი საქართველოს გარეთ გაატარა.
უცხოეთის ცის ქვეშ უთვისტომოდ დარჩენილმა, დიდი ტანჯვითა და წვალებით მოახერხა ესწავლა გიოტინგენის, ფრაიბურგის, ერლანგენისა და სორბონის უნივერსიტეტებში, სადაც მისი ლექტორები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები – ეგზისტენციალიზმის უდიდესი წარმომადგენელი, ფილსოფოსი კარლ იასპერსი, არქეოლოგი ალფონს შნაიდერი (ნოქალაქევის პირველი გათხრების ხელმძღვანელი 1930-31 წლებში) და ცნობილი ანდრე გრაბარი. 1949 წელს ვ. ჯობაძე ფილოსოფიის დოქტორი გახდა ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნიმუშზე – ხახულის ხატზე დაცული დისერტაციისათვის. წლების განმავლობაში, ვ. ჯობაძე მუშაობდა ევროპის ქვეყნების სიძველეთსაცავებში, სადაც იკვლევდა იქ გაფანტულ ქართულ ძეგლებს.
1953 წ. ვ. ჯობაძე აშშ-ში დასახლდა. მუშაობდა ჰარვარდის, იუტისა და ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტებში, სადაც ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს განაგებდა. იგი უცხოეთში მოღვაწე ერთადერთი მკვლევარი იყო, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლას მიუძღვნა.
მან დიდხანს იმუშავა ტაო-კლარჯეთის, ანტიოქიისა და კვიპროსის ქართულ ძეგლებზე, რაშიც განუზომელი იყო მისი მეუღლის, ფილოსოფიის დოქტორის, საფრანგეთის, ინგლისისა და ესპანეთის თანამედროვე ლიტერატურის სპეციალისტის ირინე ბიბერის ღვაწლი, რომელმაც საკუთარი 6-სართულიანი სახლი გერმანიაში, თავის მაღაზიებით, გაყიდა და აღებული თანხით, თითქმის მეოთხედი საუკუნე ამუშავა ნოსტალგიამოძალებული მეუღლე ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებზე.
ბატონმა ვახტანგმა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოვლენასა და შესწავლას შეალია მთელი თავისი ენერგია.
ანტიოქიაში 13 ქართული მონასტერი მოიძია, გათხარა მხოლოდ სამი, მათგან ორი – წმინდა სვიმეონ საკვირველმოქმედის სავანე და წმინდა ბარლაამის მონასტერი – ადრექრისტიანული ხანისა. უფრო გვიანდელი პერიოდისაა შავი ჯვრის უნიკალური ქართული ტაძარი “ძელი ცხოვრების”, იგივე ჯვრის მონასტერი. მეცნიერმა მოახდინა ამ იშვიათი ძეგლის ლოკალიზება, მოცემული ეპოქისათვის ნიშნეული სივრცითი ფორმებისა და ხუროთმოძღვრული სკულპტურის საშუალებით, დაასაბუთა ქართველ კირითხუროთა და ადგილობრივ ოსტატთაგან მისი აგების თარიღი – 1040 წელი. ნათელყო, რომ ქართველ ოსტატთა ხელობის კვალი სხვა მონასტრებსაც ჭარბად ატყვია.
თითქმის მეოთხედი საუკუნე შეალია ბატონმა ვახტანგმა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისა გამოვლენასა და შესწავლას. ამ მიზნით ხანმოკლე თუ ხანგრძლივი შემოქმედებითი მივლინებით არაერთხელ იმოგზაურა თურქეთში. მას აქ გრიგოლ ხანძთელის მიერ VIII საუკუნის მიწურულსა და IX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული და ამოქმედებული ყველა მონასტერი აინტერესებდა.
დიდი იყო მისი დაინტერესება დავით კურაპალატის დროს X საუკუნის შუახანსა და XI საუკუნის დასაწყისში აგებული მონასტრებითაც. არაერთგზის მოიარა არტანუჯი, ენირაბატის ეკლესია, რომელიც მისი ფიქრით შესაძლოა შატბერდი იყოს, აგრეთვე ბორჩხისა და იმერხევის ქართული დასახლებანი. სამწუხაროდ, რიგ მიზეზთა გამო, აქ არქეოლოგიური კვლევების ჩატარება ვ. ჯობაძემ ვერ შეძლო. არადა, იქ უნიკალურ ძეგლთა საქართველოა. ტაო-კლარჯეთში დღემდე მეტნაკლები მხატვრული და ისტორიული ღირებულების მქონე 300-მდე ქართული ძეგლია შემორჩენილი და მათი ერთი ნაწილი უკვე დანგრევის პირასაა მისული. “უკეთეს” ყოფაშია დოლისყანა, ხახული, პარხალი, რომლებიც უკვე მეჩეთებად გადააქციეს. უჭირს სამკონქიანი დიდი საკათედრო ტაძრის შესანიშნავ მოდელად მიჩნეულ ოშკს. უჭირს მათთან ქართული გულით მისულ ჭირისუფალსაც, მით უფრო, ასე ხშირად მიმსვლელს და, ვინ იცის, იქნებ გულსაც კი უღალატია მისთვის, ცოლ-შვილისაგან წამოყოლილი უზარმაზარი სითბო და გაგება რომ არა. რომ არა მათი დიდი თანაგრძნობა და სიყვარული მათთვის იქნებ ჯერაც ბოლომდე გამოუცნობი საქართველოსადმი, მისი ბედისადმი.
1973 წელს ვ. ჯობაძემ ოშკის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ გუმბათქვეშა ბურჯის აღმოსავლეთ მხარეს ჩასმულ ფილაზე აღმოაჩინა ბაგრატ IV ერისთავთ-ერისთავისა და დავით III მაგისტროსის (შემდგომში დავით დიდი კუროპალატის) გამოსახულებანი, რომელთა არსებობა მანამდე არცერთ მკვლევარს არ აღუნიშნავს.

ვახტანგ ჯობაძემ თითქმის მთელი ცხოვრება უცხოეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოვლენას და შესწავლას შეალია და მისთვის მუდმივი თაყვანისცემის ობიექტი მისი დიდი მასწავლებელი ივანე ჯავახიშვილი იყო. ისიც ნიშანდობლივი და სიმბოლურია, რომ უკანასკნელად საქართველოში ბატონი ვახტანგი ამერიკიდან სწორედ ივანე ჯავახიშვილის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე ჩამოვიდა მოხსენების წასაკითხად. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მისი შემოთავაზებით მოვახერხე ინტერვიუს ჩაწერა, სადაც იგი თავის მასწავლებელს – ივანე ჯავახიშვილს იხსენებს. (ეს ჩანაწერი ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს “ოქროს ფონდში” ინახება).
ვახტანგ ჯობაძის თხემით ტერფამდე ქართველობა არამარტო უცხოეთში არსებულ ქართულ ძეგლებზე მრავალწლიან ურებასა და ტაო-კლარჯეთის ქართული მონასტრების ბერ-მონაზონთა მუდმივ შემწეობაში იკვეთებოდა, არამედ იგრძნობოდა სულ მცირე ნიუანსებშიც. თუნდაც მისი ქალ-ვაჟის ქართულ სახელებში (ეთერი და ოთარი), ან იმ გაუცნობიერებელ სიჯიუტეში, რომლითაც იგი თავის მეუღლეს, გერმანელ ქალს “ქართულად” ირინეს ეძახდა და იმ ლამაზ, წმინდა ქართულშიც, რომლითაც იგი მესაუბრებოდა ჩვენი შეხვედრის დროს.
ვახტანგ ჯობაძეს – მსოფლიოში აღიარებულ, ევროპული და აღმოსავლური ენების მცოდნე მეცნიერს – არცერთი დღე არ უცხოვრია საქართველოს გარეშე, თავისი ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულს საქართველოს გარეთ მდებარე ქართული კულტურის ძეგლების შესწავლითა და კვლევით ივსებდა. მის შრომებში ქართველი კაცის სიამაყე და წუხილი წარმოჩინდება უპირველეს ყოვლისა.
ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მეზობლად, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მთის კალთაზე შეყუჟულ ულამაზეს კარმიდამოში, რომელიც მაღალმთიანი იმერეთის პეიზაჟს მოგაგონებთ, ცხოვრობდა თავისი ქვეყნის სიყვარულით დამაშვრალი ქართველი მეცნიერი, რომელსაც შარშან, 18 მარტს 90 წელი უნდა შესრულდებოდა. ამ თარიღის მისალოცად და აღსანიშნავად ვემზადებოდით, მაგრამ ერთი თვით ადრე სამწუხარო ცნობა მივიღეთ შორეული ამერიკიდან.
ანდერძის თანახმად, ბატონი ვახტანგ ჯობაძის ფერფლი მისმა ქალიშვილმა – ეთერმა საქართველოში ჩამოასვენა და კუკიის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით მიაბარა მშობლიურ მიწას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაუხადეს და პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დამაშვრალ დიდ მეცნიერს. განუზომელია ვახტანგ ჯობაძის ღვაწლი და დამსახურება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ძეგლების კვლევის საქმეში. ჩვენ კი არასოდეს დაგვავიწყდება დიდი მეცნიერი და შესანიშნავი პიროვნება, რომელმაც მკაფიო მაგალითი მოგვცა სამშობლოს განუზომელი სიყვარულისა.
მკვლევარის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, დიდი მამულიშვილისადმი გამოსათხოვრად აღიქმება ვახტანგ ჯობაძის სულიერი მეგობრების, გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა სხვადასხვა დროს გამოთქმული მოსაზრებები და წერილები, რომელთა მცირე ნაწილს ვთავაზობთ ჟურნალ “თანამემამულეს” მკითხველს.
ანდრია აფაქიძე: “დიდია ქართველ ისტორიკოსთა, კერძოდ, ქართველი ხალხის ინტერესი ვახტანგ ჯობაძის მრავალმხრივი მამულიშვილური მოღვაწეობისადმი, იმ სამეცნიერო მიმართულებებისადმი, რომლებიც ქართველთმცოდნეობას ასე მწვავედ აკლდა უკანასკნელ ხანებამდე.
უცხოეთში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსისა და არქეოლოგის დიდად დასაფასებელმა მეცნიერულმა ერუდიციამ, ტაოკლარჯეთის ქართული მიწისა და შავი მთის ქართველთა ისტორიის უბადლო არქეოლოგიურმა, ხელოვნებათმცოდნეობითმა და საისტორიო გამოკვლევებმა, რომლებიც შეჯამებულია 1976 და 1986 წლებში ავტორის მიერ გამოქვეყნებულ ფუნდამენტურ ნაშრომებში, სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა “ქართველი ერისა და ქართული ცივილიზაციის ისტორიაში”.
ელენე მეტრეველი: “თავიდანვე მძიმე ბედი დაჰყვა შავი მთის ქართველთა კოლონიას თავისი ლიტერატურული სკოლით და ხელნაწერებით. მთავარი მიზეზი ამისა ის იყო, რომ მან ადრევე შეწყვიტა თავისი არსებობა. აოხრდა ეკლესია-მონასტრები, გაიბნა იქ შექმნილი ქართული ხელნაწერები. დღეს ქართული ეკლესია-მონასტრები (და არა მარტო ქართული) ნანგრევებად არის ქცეული. შავი მთა უკვე VI საუკუნიდან იზიდავდა ქართველებს. X-XI საუკუნეებში შავ მთაზე შეიქმნა ქართული მწიგნობრობის, მეცნიერული აზროვნების ძლიერი ცენტრი, რომელმაც განაგრძო ათონის სამწერლობო კერის ტრადიციები. აქ მოღვაწეობდნენ გიორგი შეყენებული, გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი და მათი თანამოაზრეები. ქართული მწერლობის ეს რეგიონი მოუხილავი და შეუსწავლელი დარჩათ გამოჩენილ მეცნიერებს: ალექსანდრე ცაგარელს, ნიკო მარს, ივანე ჯავახიშვილს და რობერტ ბლეიკს. არადა ისტორიული რაიონია, თავისი მდიდარი წარსულით და კულტურით, დიდი ხანია, ევროპის ორიენტალისტთა ცხოველი ინტერესისა და კვლევის საგანია. სწორედ ამიტომ დიდად დასაფასებელია, რომ ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორმა – არქეოლოგმა და ხელოვნებათმცოდნემ, ვახტანგ ჯობაძემ, თავისი მეცნიერული კვლევის ობიექტად შავი მთის ქართველთა კოლონიის ისტორია გაიხადა და ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად თავი არ დაუზოგავს.
ანტიოქიის ქართველთა მონასტრების შესწავლის შედეგები, ვ. ჯობაძემ 2 წიგნად გამოაქვეყნა. პირველი წიგნის მეოთხე თავში ავტორი სათითაოდ იკვლევს X-XI საუკუნეებში ანტიოქიის სანახებში არსებულ 14 ქართულ სავანეს. განხილვას იწყებს სვიმეონ მესვეტის (უმცროსის) მონასტრით, რომლის ტერიტორიაზე ქართული ეკლესია არსებობდა. მკვლევარი აქვე ეხება გიორგი შეყენებულის სენაკს, რომელიც წყაროების ცნობით, სვიმეონის მონასტრის მახლობლად მდებარეობდა. მონასტრის შემოგარენის შესწავლისას, ვ. ჯობაძემ სვიმეონის მონასტრის მახლობლად, მიუდგომელი კლდის ფერდობზე მიაგნო სენაკს, რომელიც, მისი აზრით, გიორგი შეყენებულის სამყოფელი უნდა ყოფილიყო.
დიდი და საინტერესო სამუშაო ჩაატარა ვ. ჯობაძემ კსიოსის მთაზე ბარლაამის მონასტრის შესწავლისათვის. ქართული წერილობითი წყაროების და მონასტრის ადგილზე შესწავლისას გამოვლენილი ქართული წარწერების ორნამენტების და არქიტექტურული სკულპტურების საფუძველზე, ვ. ჯობაძემ უეჭვო გახადა, რომ X საუკუნის დამლევიდან XIII საუკუნემდე ბარლაამის მონასტერი ქართველების საკუთრება ყოფილა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვ. ჯობაძის მიერ ჩატარებული კვლევა-ძიება “ძელი ცხოვრების” ეკლესიის შესწავლისათვის. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები უეჭვოდ ადასტურებს, რომ ეს ძეგლი ქართულია, XI საუკუნეში ქართველი ხუროს მიერ აშენებული. “ძელი ცხოვრების” სახით ვ. ჯობაძემ ქართულ ხუროთმოძღვრებას შემატა XI საუკუნის პირველი ნახევრის კიდევ ერთი ბრწყინვალე ძეგლი”.
ვ.ჯობაძის წერილი დას – თინა ჯობაძეს: “სიბერის მიუხედავად კიდევ ვემსახურები ჩემ სამშობლოს: გერმანულ ენაზე დავწერე საშუალო საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების კატალოგი ბიბლიოგრაფიითურთ, დავურთე ნახაზები და 50 სურათიც. გამოვფინე გერმანიის უნივერსიტეტებში, რომ გერმანელებმა საქართველოს დადებითი მხარეც დაინახონ. ვაპირებ ამ გამოფენის მოწყობას ევროპის სხვა ქვეყნებშიც. 1999 წელს, ავსტრიაში შედგება სიმპოზიუმი “ქრისტიანობის გავრცელება კავკასიაში”, სადაც წავიკითხავ მოხსენებას და მოეწყობა გამოფენა “საშუალო საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ”.
ნინო ხარაზიშვილი: “მას არცერთი დღე არ უცხოვრია უსაქართველოდ. ქართული ხელოვნების სიძველეებთან მუდმივი შეხება უამებდა შორს დარჩენილი მამულის სევდას. ამან გააძლებინა, ამაზე უფრო კი რწმენამ, რომ სწორედ მისი აქ მოღვაწეობა და შრომა სჭირდებოდა ყველაზე მეტად მის საქართველოს... იმთავითვე გაიხლართა ბედის ლაბირინთებში და იქნებ განგებამაც ინება ასე, მთელს მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი სამშობლოსათვის, მისი ფართო საზოგადოებრიობისათვის ათეული წლების მანძილზე უცნობი რომ დარჩა.
სტუდენტობისას ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, უცხოეთში მოგიწევს დაფუძნებაც და მოღვაწეობაცო, არაფრით დაიჯერებდა. მასაც, როგორც ყველა ქართველს, თავისი სადაურობა ძვლამდე ჰქონდა გამჯდარი. ხელოვნება ადრიდანვე იტაცებდა – უკრავდა ვიოლინოზე, მამის სკულპტურული პორტრეტიც ოსტატურად გამოუძერწავს ცვილისაგან. კარგადაც ხატავდა... თავისებურად ნატრობდა მთელს დედამიწაზე მიმოფანტული ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლების მოხილვას. აი, ეს ნატვრა კი
ნამდვილად აუხდა უმძიმეს ფასად”.


სტატიის ავტორი – ივანე ჯაფარიძე;
სტატია აღებულია ჟურნალიდან – `თანამემამულე~, 3(29), მაისი-ივნისი, ლონდონი, 2008წ.

სასარგებლო ბმულები

http://www.nplg.gov.ge

http://ka.wikipedia.org

http://www.manuscript.ge

http://forum.ge

 


megobari saitebi

   

01.10.2014