ქრისტეს საფლავი:
იერუსალიმი და მცხეთა

იერუსალიმის წმ. აღდგომის ეკლესიაში დგას პატარა სამლოცველო, რომელიც იერით ღია ცის ქვეშ აშენებულსა ჰგავს – ეს 1810 წელს განახლებული ქრისტეს საფლავი გახლავთ. ამავე დროს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარშიც იპოვება “ქრისტეს საფლავად” წოდებული მცირე სამლოცველო.
მე სამი კითხვის დასმას ვაპირებ:
1. როგორ გამოიყურებოდა XV საუკუნეში ქრისტეს ნამდვილი საფლავი იერუსალიმში;
2. რა დანიშნულება ჰქონდა სვეტიცხოვლის ტაძარში უფლის საფლავის მცხეთურ ასლს;
3. რა ნიშნებით მიამსგავსეს მცხეთური “საფლავი” მის იერუსალიმურ ნიმუშს.
იერუსალიმი კლდეებზეა აშენებული და იესუს ჟამს მდიდარი ოჯახების სამარხები პატარა ხელოვნურ გამოქვაბულებში იყო ხოლმე გამართული. იოსებ არიმათიელი, ვინც ქრისტეს დასაკრძალავად სამარხი გაიღო, მდიდარი ოჯახიდან იყო გამოსული. გოლგოთა იესუს  ჯვარცმის დროისათვის ქალაქგარეთ ყოფილა. მართლაც, ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ ნათქვამია, იესუ “გარეშე ბჭეთა ივნო”-ო (13,12). უფალი ჩვენი მახლობლად დაკრძალეს, მაგრამ არსებობს სხვა შეხედულებაც. საუკუნეზე ცოტათი მეტი ხნის შემდგომ, 160 წლის ახლოს, სარდელმა ეპისკოპოსმა მელიტონმა მოინახულა გოლგოთა და იგი “საშუალ ქალაქისა” მოიხსენია. მაშ მელიტონს ვერწმუნოთ თუ ბიბლიას? საბედნიეროდ, ორივე სარწმუნოა. იესუს ჯვარცმიდან 50-ოდე წლის აქეთ ქალაქი გაადიდეს. თუ სადმე საფლავები იყო, ჭირისუფლებმა გადაასვენეს თავიანთი მიცვალებულების ნეშტი ქალაქგარეთ და იქ ხელმეორედ დაკრძალეს. ამგვარი დაცლილი აკლდამები ქრისტეს საფლავის მახლობლადაც არის და ისინი ჰეროდე აგრიპას ზეობიდან მოყოლებული გამოუყენებელია.

ქრისტიანობის მთაყვანებელი რომის პირველი იმპერატორი კონსტანტინე გახლდათ. იერუსალიმელმა ქრისტიანებმა სთხოვეს კონსტანტინეს გოლგოთაზე ეკლესიის აშენება. მათ იცოდნენ გოლგოთის ადგილსამყოფელი და ნიადაგში ღრმად ჩაჭრილი კლდის ზოდიც, ხოლო როდესაც მშენებლები მოედნის მომზადებას შეუდგნენ, ქრისტეს საფლავსაც მიაგნეს. მათ წერილი გამოუგზავნეს კონსტანტინეს და მის კვალად იმპერატორმა ბრძანა შენობა სხვაგვარად აეგოთ – მასში არა მხოლოდ გოლგოთის კლდე, არამედ ახლად აღმოჩენილი აკლდამაც ჩაერთოთ. ევსები მოგვითხრობს, როგორ იქნა აღმოჩენილი ქრისტეს ნამდვილი საფლავი და საფეხურ-საფეხურ გვისურათებს მის გამოკაფვას. თავდაპირველი ხელოვნური გამოქვაბული ქრისტეს საფლავითურთ გამოაცალკევეს მისი მომცველი კლდისაგან და ევსები კესარიელის სიტყვისაებრ მორთეს ნარჩევი სვეტებითა და მრავალი სამკაულით, არც რა დაიშურეს მის „გასამშვენებლად”.

ორი საუკუნით გვიანღა ჩნდება ქრისტეს საფლავის გარე იერის ასახულობა. VI საუკუნეში ლითონის იერუსალიმელი ოსტატები ამზადებდნენ ჭურჭელს წმ. ადგილებიდან ევლოგიად ზეთის წამოსაღებად. მათზე საღვთო სჯულის სცენებია დაჭდეული, მათ შორის წმ. საფლავის წინ ანგელოზთან მოსაუბრე წმ. დედათა გამოსახულებანიც.

ლითონის ოსტატები ჩინებულად იცნობდნენ VI საუკუნის საფლავს და იგი რამდენიმე ნაირსახეობით წარმოგვიჩინეს. აქ უადგილო იქნებოდა ყველა მათგანის დახარისხება, მე უბრალოდ გაგაცნობთ ჩემს უახლეს რეკონსტრუქციას.
მორთულ-მოკაზმულ საფლავს სახურავი ოქროსა და ვერცხლის, გარეთა კედლები კი მარმარილოსი ჰქონია. რა თქმა უნდა, ის, მცირეოდენ ცვლილებებსაც განიცდიდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სპარსელებმა წმ. აღდგომის ეკლესია გადაწვეს. მაგრამ ვინაიდან მასში მუდამ ჟამისწირვას ატარებდნენ, საგულვებელია, რომ შვიდი საუკუნის განმავლობაში იგი არსებითად არ შეცვლილა.

ამის მერე კი მას თავს უბედურება დაატყდა - 1109 წელს ეგვიპტის ხელმწიფემ, ხალიფა ჰაკიმმა, უბრძანა თავის მხედართმთავრებს წმ. საფლავის დანგრევა - მათ შემოაძარცვეს მას კონსტანტინესეული ლითონის მორთულობა და თავდაპირველი კლდის ნაწილიც კი ჩამოკვეთეს. მაგრამ ჰაკიმის მმართველობა ხანმოკლე გამოდგა და წმ. საფლავი მალევე აღადგინეს. იგი წინანდელს ძალიან ჰგავდა და მისგან ორი რითამე განსხვავდებოდა: 1521 წლის მერე დახატული ვან-სკორელის სურათზე ჩანს, რომ წმ. საფლავს მაშინ ბრტყელი სახურავი ჰქონია, ოდინდელი ღია, ბჭისგვარი წინა მხარე კი კედლების ამოყვანით პატარა ოთახად უქცევიათ.
ეს ნაგებობაც ძირეულად არასდროს გადასხვაფერებულა - დე ბრუინის 1681 წლის სურათზე იგი ისეთივეა, როგორც XV საუკუნეში იქნებოდა.
ახლა მცხეთას მივუბრუნდეთ. წმ. საფლავის ამ ასლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ ის, რომ XV საუკუნეშია აგებული, როდესაც იერუსალიმში საქართველოს ეკლესიას დიდი გასავალი ჰქონდა.

mcxeTa. sveticxoveli. "uflis saflavi"

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაცა და მისი მეზობლებიც ნაკლებად იცნობენ იერუსალიმური აკლდამის პირებს, დასავლეთის ეკლესიას კი ისინი მრავლად მოეპოვება. მაგ., ინგლისში, კემბრიჯში არის 1130 წლის ახლოს აშენებული წმ. საფლავის ეკლესია, რომლის გეგმა (მისი ამჟამინდელი სახით) იერუსალიმის წმ. აღდგომის ეკლესიას სიმრგვალით ჰგავს. თუმცა თავიდან, იგი, იქნებ, უფრო “რეალისტურიც” ყოფილიყო. იტალიის მრავალი ძეგლი წარმოადგენს ქრისტეს საფლავის მინაბაძს, გერმანიაში კი მისი წაბაძვით თერთმეტი შენობაა აგებული. ყველა ისინი XV საუკუნეში მცხეთური “წმ. საფლავის” შექმნამდეა აშენებული და მათ შორის, ახლანდელი თვალთახედვით, მხოლოდ აიხშტეტის ნაგებობაა “რეალისტური”.
რა თქმა უნდა, ამგვარი მსჯელობა შეკითხვასაც აღძრავს: აბა რა ხელი აქვთ იტალიის, გერმანიის თუ ჩემი შორეული კუნძულოვანი ბრიტანეთის ისტორიის მოვლენებს საქართველოს ზნე-ჩვეულებებთან?
ბერძნული მწერლობის შემსწავლელი ევროპელები იცნობენ სათეატრო კომედიებსა და ტრაგედიებს, მათ X საუკუნიდან მოკიდებული უწერიათ ქრისტიანულ თემებზე. ძალიან მდიდარია ამ მხრივ დასავლეთ ევროპაც.
გერმანიაში, სოფ. ექსტერშტაინის მიდამოებში შემონახულია კლდოვან ადგილას გამართული წარმართული ბაგინი. ამ ადგილს ქრისტიანები დაეპატრონენ და ერთ-ერთ კლდეში შექმნეს ქრისტეს საფლავის სარეცლის “ასლი”. შესაძლებელია იგი ნაწილი იყოს დეკორაციისა წარმოდგენისათვის, სადაც ქრისტეს ვნებანი თამაშდებოდა. იმართებოდა წარმოდგენები კონსტანტინოპოლშიც. 968-969 წლებში იტალიიდან კონსტანტინეპოლს ჩასულმა დესპანმა ჰაგია-სოფიაში ნახა ამგვარი რამ - “ივლისის თორმეტს რამდენიმე ბერძენი ჭაბუკი წარმოდგენით ზეიმობდა წინასწარმეტყველ ელიას ცად ამაღლებას”. ამასთანავე, წმინდა ქალაქი ორი გახლდათ. დასავლეთით ქალაქი კონსტანტინოპოლი იყო, ხოლო თუკი თვალს სამხრეთით მიაპყრობდით - იერუსალიმი. წარმოდგენები და მათგვარი ქმედებანი ზოგჯერ წმ. მიწის მოლოცვაშიც შედიოდა. ისინი მეტად მოკლე ყოფილა - მაგ., იორდანეში ნათლისღების ადგილას პილიგრიმები ბანაობდნენ, ინახად სხდებოდნენ მღვიმეში, სადაც მაცხოვარს უჭამია პური მოწაფეებითურთ, ხოლო გალილეას კანაში ისინი ავსებდნენ მათთვის ნაჩვენებ საწყაულებს. ასეთგვარად იერუსალიმის ჟამისწირვაც კი იყო შეფერილი. IV საუკუნეში, ეგერიას მონათხრობის თანახმად, კვირაობით მღვდელმსახურნი უკმევდნენ ქრისტეს საფლავს, აკლდამაში ნელსაცხებელთა მომტან წმ. დედათა მოსაგონებლად - მათ “ნელსაცხებელთმტვირთველნი” ეწოდებოდათ. X საუკუნისათვის იერუსალიმური ტიპიკონი გვამცნობს, რომ ბრწყინვალე ორშაბათს ამ მღვდელმსახურთ სანთლების მპყრობელი დედათდიაკონებიც ახლდნენ. იერუსალიმურ მსახურებაში შემავალი წარმოდგენები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ უცხოელ მომლოცველებზე. შინ, თუნდაც გალიასა და იტალიაში დაბრუნებისას, მათ მოკლე-მოკლე წარმოდგენები თავიანთ ჟამისწირვაშიც შეჰქონდათ. ასე, მაგალითად, 1077 წელს, ჩრდილოეთ იტალიაში, აკვილეაში, ტრიესტის მახლობლად წმ. საფლავი ააგეს. იგი დეკორაციას წარმოადგენდა მანამდე უკვე არსებულ სააღდგომო წარმოდგენისათვის. იგი ისე მოკლეა, რომ მე მას აქ მთლიანად მოვიყვან:
“დედები - ვინ გადააგორებს ჩვენთვის კარიდან ლოდს, რომლითაც, როგორც ვხედავთ, დახშულია წმ. საფლავი?
ანგელოზი - ვის ეძებთ, ჰო, შიშნეულო დედანო, ამ საფლავის წინ მგლოვიარენო?
დედანი - ჩვენ ნაზარეველ იესუს ვეძებთ, რომელიც ჯვარს აცვეს.
ანგელოზი - ვისაც თქვენ ეძებთ, აქ არ არის. მაგრამ მსწრაფლ წარემართეთ და არქვით მის მოწაფეთ და პეტრეს, რომ იესუ აღდგა.
დედანი - ჩვენ საფლავად ტირილით მოვედით. ჩვენ ვიხილეთ უფლის ანგელოზი, ვინაც გვარქვა, იესუ აღდგაო.
ეპისკოპოსი - იხილეთ, მეგობარნო ჩემნო!
გუნდი - უფალი აღდგა!”
ეს მოკლე პიესა მეტად გავრცელებული გახლდათ და სწავლულნი სახელდებენ მას ლათინური სიტყვებით: ”Quem quaeritis”- “ვის ეძებთ?”
ასე რომ, ჩემი ვარაუდით, ჩვენ მივაგენით ერთ მიზეზს, რომლის გამო მცხეთელებს შეიძლებოდა მოსურვებოდათ ქრისტეს საფლავის აშენება - იგი იერუსალიმური წარმომავლობის მოკლე წარმოდგენის დეკორაცია უნდა ყოფილიყო. როგორც ვნახავთ, არსებულა სხვა მოტივიც.
თუ მცხეთურ საფლავს იერუსალიმურ ქრისტეს საფლავს შევადარებთ, ვნახავთ თუ არა მათ შორის რამ მსგავსებას? მცხეთური წმ. საფლავი ძალზე ქართულად გამოიყურება. მას ქართული ყაიდის გუმბათი აგვირგვინებს, რომელიც სრულებით არ ჰგავს იერუსალიმის წმ. საფლავის დამასრულებელ ფანჩატურს. მაგრამ ვიდრე ვიტყვით, ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელიაო, მათ გეგმებს დავხედოთ. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მარცხენა მხარეს ბურჯის კიდეს სამლოცველოს კედელი მისდევს. მაშინ რატომღა სცდება იგი მარჯვენა ბურჯს დაახლოებით ნახევარი მეტრით? ვიდრე პასუხს გავცემდეთ ამ კითხვას, ზოგი რამ უნდა გავარკვიოთ.
ხელოვნების ყველა ისტორიკოსს წაუკითხავს რ. კრაუთხაიმერის წერილი ხუროთმოძღვრული ასლების შესახებ. ეს შესანიშნავი თხზულება უამრავ საკითხს წამოჭრის. ერთ-ერთი კითხვათაგანი, რომლის გადაჭრაც ვცადე, ბაფთებს შეეხება. VI საუკუნის მწერალი აღწერს იერუსალიმში სვეტს, რომელზეც შოლტი სცეს ქრისტეს. მომლოცველნი მიდიოდნენ სვეტთან, ამზადებდნენ ნაჭრის ბაფთებს და მათ სვეტს შემოავლებდნენ... ისინი თან მიჰქონდათ ვითარცა “დალოცვანი” სნეულებისაგან საშველად.” ბაფთებს, ამას გარდა, ზომის ასაღებადაც იყენებდნენ. მაგალითებრ, XI საუკუნეში პადებორნის ეპისკოპოსმა იერუსალიმს აბატი წარგზავნა იერუსალიმის ეკლესიისა და წმ. საფლავის ზომათა მოსაპოვებლად - ისინი მოიშველიეს პადებორნის ახალი ეკლესიისათვის, რომელიც “იერუსალიმის ეკლესიის მინაბაძი” უნდა ყოფილიყო.
ახლა დავუბრუნდეთ ჩვენი მსჯელობის მთავარ საგანს, მცხეთის წმ. საფლავს - თუ გვეუბნება რასმე მისი ზომები? მოდით შიგნიდან დავიწყოთ.
შიგნით რომ შევალთ, მოპირდაპირე კედელი საკმაოდ დიდია, რათა შიგნით მიცვალებული დაეტიოს. იერუსალიმური სარეცლის ზომები თითქოსდა XII საუკუნიდანაა ცნობილი. გერმანული ასლებიდან გამომდინარე, იგი 1.93 მ-ის სიგრძისა უნდა ყოფილიყო. სვეტიცხოველში კი სივრცე 5 სმ-ით გრძელია, ალბათ, კუბოს მოსათავსებლად. ხოლო რაც სიგანეს შეეხება, აქ ორი კუბო უნდა ყოფილიყო. ცალკერძ, აქ დაკრძალვა ჯეროვანია, რადგან იერუსალიმის ქრისტეს საფლავი ქრისტეს აღდგომის ადგილი არის, ქრისტეს აღდგომა კი გარდაცვლილ ქრისტიანთა ცხოვნების იმედის მომცველიცაა - აკი დასავლეთის ეკლესიებში ქრისტეს საფლავი სამარხო ეგვტერების ნიმუშიც გამხდარა.

bolonia. wm. stefane. "uflis saflavi"
მაგრამ შეუსაბამო ხომ არ არის, რომ აქ ორი კუბო ვიგულისხმოთ? იტალიაში, ბოლონიის წმ. სტეფანეს ეკლესიას XIII საუკუნის ნაგებობათა წყება ახლავს, რომელნიც იერუსალიმის ნაგებობათა გახსენებაა.
წმ. აღდგომის ეკლესიის შესატყვისი ნაგებობა აკლდამას შეიცავს და როგორც გეგმაზე დახედვით ვარკვევთ, მასში ორი სარეცელია - ერთი ქრისტესთვის, მეორე კი V საუკუნის ეპისკოპოსის, წმ. პეტრონიუსისათვის. ამრიგად, XIII საუკუნის ბოლონიაში არ ეთაკილებოდათ აქ ორი კუბო ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, სვეტიცხოვლის ქრისტეს საფლავის შიგნითაც ორი კუბო შეიძლებოდა ყოფილიყო.

მოდით ახლა სვეტიცხოვლის წმ. საფლავი გარედან გავზომოთ. იგი XV საუკუნეში დააგეგმარეს და ააგეს. მისი აშენებიდან ასე ერთი საუკუნის შემდეგ იერუსალიმს ძმა  ბერნარდინო ამიკო ჩავიდა. მან შეასრულა იერუსალიმის წმ. საფლავის გეგმა და რადგანაც იგი, საბედნიეროდ, პროფესიონალი ამზომველი იყო, მისო გეგმა ახლანდელებს არ ჩამოუვარდება.
ის, ალბათ, ასეთივე იქნებოდა XV საუკუნეშიც, როდესაც მცხეთის წმ. საფლავს აგეგმარებდნენ.
რატომღა ემიჯნება სვეტიცხოვლის წმ. საფლავი ერთ ბოძს, მეორეს კი ცოტათი გადასცდება? შეიძლება იმიტომ, რომ მისი ზომა იერუსალიმის წმ. საფლავისას დამთხვეოდა - მცხეთური წმ. საფლავის წინა კედლის სიგრძე 5,03 მია, რაც სავსებით შეესაბამება იერუსალიმურ გეგმას.
ამდენად, სვეტიცხოვლის წმ. საფლავი იერუსალიმის ქრისტეს საფლავის პირველ სადგომს წარმოადგენს. მაგრამ იერუსალიმში კარიბჭეში ტრაპეზიც არის განთავსებული. აიხშტეტის 1060 წლის “ასლის” მიხედვით, იერუსალიმურ ჟამისწირვაში ტრაპეზი წინა სადგომში ყოფილა, სამკვეთლო მაგიდად კი წმ. საფლავის შიდა ოთახის სარეცელი გამოიყენებოდა.
ასე, რომ, მცხეთური წმ. საფლავის აღდგენისას შიდა სადგომში შეგვიძლია ტრაპეზიც დავუშვათ. საქართველოში ეკლესიებს, როგორც წესი, ერთი ტრაპეზი აქვთ, მაგრამ მოგვეპოვება გამონაკლისებიც, მაგ. VIII საუკუნის გურჯაანის ტაძარი. ამდენად, პირადად მე ვფიქრობ, რომ მცხეთის წმ. საფლავის სწორი რეკონსტრუქცია ორ კუბოსა და ტრაპეზს უნდა ითვალისწინებდეს.
ამრიგად, ჩემი შეხედულებით, მცხეთის წმ. საფლავი და იერუსალიმური წმ. საფლავი ერთმანეთს ზომებით უიგივდებოდნენ. მცხეთის წმ. საფლავის სიგანე იერუსალიმური წმ. საფლავის კარიბჭის გარეთა სიგანეს უტოლდება. მცხეთური წმ. საფლავი მხოლოდ კარიბჭის “სახეა”, რომელიც შესაფერისი დეკორაცია იქნებოდა მენელსაცხებლე დედათა ანგელოზთან შეყრისა და ოთხთავის ამ მონაკვეთს დაფუძნებული ნებისმიერი წარმოდგენისთვის.

იერუსალიმში ქრისტეს საფლავი უფლის აღდგომის ადგილი გახლდათ, მცხეთაში კი, ვგონებ, აქ ორი ქრისტიანი წმინდანის კუბო იქნებოდა, მათი დიდებით აღდგომის მისანიშნებლად, და ტრაპეზი გარდაცვლილთათვის ჟამისწირვის აღსასრულებლად; ორივე ეს ვარაუდი დასავლეთის ეკლესიის ჩვეულებებითაა შემტკიცებული. მაგრამ ჩემი მოხსენება დასავლეთთან შედარებას როდი ემყარება, ჩემი საბუთიანობის ამოსავალი მსახურების მსგავსი წესების საერთო, იერუსალიმური წარმოშობაა.

დამატება

XIX საუკუნის დასაწყისში ქრისტეს საფლავში ხანძარი გაჩნდა. 1810 წლისათვის იგი გარედან მთლიანად ახლად შეამკეს, დიდწილად შიგნიდანაც. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წინანდელი ნაგებობის გარე სახე მთლიანად გამქრალია, ჩვენ უნდა დავადგინოთ კარიბჭის გარე სიგანე და შემდეგ ის წმ. საფლავის მცხეთურ ასლს შევაჯეროთ - 1808 წლამდე წმ. საფლავი ხომ არსებითად ერთსა და იმავე ნაგებობაში იყო მოქცეული, თუმცა ჯვაროსანთა ხანიდან, ცხადია, საჭირო გახდებოდა მისი დროდადრო შეკეთება.


ierusalimis uflis saflavis gegma amikos mixedviT da mcxeTuri "uflis saflavi"

ბერნარდინო ამიკომ წმ. საფლავი XVI საუკუნის გასულს აზომა და პირველმა გამოხაზა იგი მასშტაბით. რამდენად ღირებულია მისი მონაცემები?
ამიკო ფრანცისკანელი ბერი გახლდათ, რომელიც იერუსალიმს 1593-1597 წლებში იყო წარგზავნილი. ამ ხნის მანძილზე მან აზომა წმ. ადგილები და  იტალიაში დაბრუნებულმა ორგზის გამოსცა თავისი ნაშრომი. პირველად იგი რომში დაიბეჭდა 1609 წელს და გრავ ურები ა. ტემპესტიმ დაამზადა; საზომი ერთეული ამ წიგნში “ძველი რომაული მტკაველი იყო”, ცალკეა მოცემული აკლდამის გეგმაც, “ათი რომაული მტკაველის” (ე.ი. 22,34 სმ) ზომისა. გრავირებული სახით მისი ზომა 10,77 სმ-ია, წმ. საფლავის კარიბჭის სიგანე კი 23,6 სმ., ე.ი. პირველი გამოცემით სიგანე 4,47 მ გამოდის.
ახლა კი გაფრთხილება გვმართებს. ძველი არქიტექტურული საზომი ერთეულების გადაანგარიშებისას ჩვენ ისინი ახლანდელ სანტიმეტრებში გადმოგვყავს.
ზოგჯერ ისინი ამიკოს შემთხვევაში ზუსტი იქნება, ზოგჯერაც ისე უნაკლოდ როდი იმუშავებს, როგორც ჩვენ ვისურვებდით.
მეორე, 1619 წლის გამოცემა, უფრო მცირე ზომისაა, მისი გრავ ორი ჟ. კალოა, საზომი ერთეული კი “ნეაპოლის სამეფოში მიღებული ჩვეულებრივი მტკაველია”. 10 ნეაპოლური მტკაველი 4.26 (ან 4.27) სმ-ად გადმოდის. წმ. საფლავის კარიბჭის სიგანე აქ 9.95 სმ-ია, რაც 4.24 მ-ს გადმოგვცემს. 13%-ით ნაკლებია წინა ზომაზე, ეს კი სვამს კითხვას: მათგან რომელი უნდა ვარჩიოთ?
ამიკოს გეგმაზე ნაჩვენებია წმ. აღდგომის ეკლესიის გეგმარებიდან გამომდინარე როტონდა. ძმა ჰ უგ ვენსანსაც აქვს გაზომილი ეს როტონდა და მან მისი  შიდა დიამეტრი 20,33 მ-ით განსაზღვრა. თუ ჩვენ კვლავ ამიკოს გეგმას დავუბრუნდებით და წმ. საფლავის კარიბჭის სიგანეს ამ ცნობილ არქიტექტურულ ანაზომს დავადარებთ, ვნახავთ, რომ იგი აქ 5.10 სმ-ია.
მაგრამ ამიკოს მცირე გეგმა ზომით წმ. საფლავის ცალკე გეგმის ერთი მეშვიდედია. ის მეორე, ფლორენციულ გამოცემაშია გამოქვეყნებული და, ამიტომაც, მას მეტის მეტი მნიშვნელობა არ უნდა მივცეთ. მაგრამ მოზრდილი გამოსახულების მონაცემებსაც შემტკიცება უნდა და ჩვენ გვაქვს მის შესამაგრებლად მომლოცველთა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცნობები - რიტერი (1479წ.) ამბობს, სიგანე 5.18 მ.-აო, ხოლო ჰორნის (1730 წ-ს ახლოს) თქმით 5.08.21 ამრიგად, ამიკოს პირველი გამოცემის მოზრდილი გამოსახულება მეორე გამოცემაზე სანდო უნდა იყოს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მცხეთური “ასლის” სიგანეც - 5,03 მ. იერუსალიმური ნიმუშის მიბაძვის მცდელობაზე მიგვითითებს.



სტატიის ავტორი – ჯონ უილკინსონი;      

სტატია აღებულია ჟურნალიდან – „საქართველოს სიძველენი“, NN1, თბილისი, 2002წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014