ციხეთა შესწავლის ზოგიერთი საკითხი

ციხე - საქართველოს რელიეფის მშვენება, პირველ რიგში, მაინც მისი ისტორიის განუყოფელი, ორგანული ნაწილია.

თავისი ბუნებრივი და ისტორიული პირობების გამო, ჩვენი ქვეყანა ციხეთა განსაკუთრებული სიმრავლით ხასიათდება, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო ორი ათას წელს აღემატება. ქართველი კაცის მიერ შექმნილ ამ ნაგებობებში არა მარტო ციხის ლამაზი, მუქი სილუეტი მოჩანს, ან მისი ამგების ბუნება; - აქ იხატება წარსული საზოგადოების ძლიერებაც და შიშიც, იმედი და შემოგარენზე გაბატონებით გულდამშვიდება. სპეციალურად გამახვილებული თვალი იმასაც ამჩნევს, რომ „ციხეში წარმოდგენილია საზოგადოების არა მარტო ტექნიკური განვითარების  არა მარტო ქვისა და შურდულის ან შუბისა და მშვილდისრის, არა მარტო ფილაკევანისა და თოფ-ზარბაზნის ხანა, არამედ... თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი განვითარების სოციალური მომენტები. როდის და ვის ემსახურებოდა ციხე, ვის დაცვას, ვის ბატონობას, ან ვის დამონებას ჰგულისხმობდა ეს ნაგებობა“.

თავდაპირველი საწყისით, ციხე მტრისგან თავდასაცავი საშუალება იყო. გარეშე და შინაური მტრისაგან, ამიტომ მისი უძველესი მთავარი პირობა მიუვალობა იყო, ბუნებრივი თუ ხელოვნურად შექმნილი. ამის გამოა, რომ წინაქრისტიანული ხანის ასეთი ნაგებობანი, ისევე როგორც ადრე და განვითარებული შუასაუკუნეებისა, ამ მოთხოვნას ძირითადად აკმაყოფილებდნენ.

უკვე წინაქრისტიანული ხანის სიმაგრეებსაც ეტყობათ, რომ მიუვალობის გარდა, მათ შემქმნელებს სტრატეგიულად საინტერესო ადგილები აურჩევიათ: ქედზე გადასასვლელი, გზისპირი, ხეობის ველი...

ადრე შუა საუკუნეების დასაწყისიდანვე, საქართველოს ტერიტორიაზე უცებ მრავლდება ცალკეულ ხევებში აღმოცენებული რელიგიური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ცენტრების რიცხვი. ამას თან ახლავს შუა საუკუნეების ციხეთა გაძლიერებული მშენებლობა. თითქმის არ რჩება უციხო ხევი, ზოგან კი ის რამდენიმეა.

შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე იგებოდა არაერთი ახალი ციხე. რა თქმა უნდა, ცდილობდნენ უკვე არსებულის შეკეთებას, შენარჩუნებას, მაგრამ ყოველ დროს თავისი მოთხოვნილება ჰქონდა და ამიტომ ძველი ნაგებობა მუდამ როდი პასუხობდა ახალი დროის შეცვლილ პირობებს. იქმნებოდა ახალი ადმინისტრაციული ერთეული, იცვლებოდა პოლიტიკური სიტუაცია, სოციალური პირობები, გადიოდა ახალი გზა და თუ რომელიმე ამათგანს ძველი ციხე არ ადგებოდა, ის ყრუვდებოდა, შენდებოდა ახალი.

ციხისთვის ადგილის შერჩევას საქართველოში მრავალი მიზეზი განაპირობებდა. ეს იყო რელიეფის, ეკონომიკური დარაიონების სხვადასხვაობა, უძველეს ტომთა, თუ ადმინისტრაციულ ერთეულთა განლაგება და სხვა. არაერთი ძველი ციხე სწორედ ამ ტომთა საზღვრებზე ჩანს. მთისა და ბარის საზღვრადაც მრავალი ასეთი ნაგებობაა აღმართული, მაგრამ თითქმის ყველგან და ყოველთვის შუა საუკუნეთა ციხე, გზისაგან განუყრელია, მის „კარში“, „ყელში“, თუ უღელტეხილზე დგას.

ადრე შუა საუკუნეების „ხერთვისებში“ (ორი მდინარის შესაყარში) აგებული ციხეები მარტო იმიტომ კი არ შენდებოდნენ აქ, რომ ორი მხრიდან მდინარით იყვნენ მოზღუდულ-მიუვალნი, არამედ იმიტომაც, რომ ამ ორ მდინარეს ორი გზა მოჰყვებოდა, ე.ი. აქ გზასაყარიც იყო (ხერთვისი, სამშვილდე, დმანისი, ლორე და სხვა.).

თუნდ ეს „ხერთვისიც“ ადრე შუა საუკუნეთა ეპოქის აღმოჩენა როდია: თვით ბეშთაშენის „ციკლოპური“ ნაგებობანი ენეოლითური ხანისა, სწორედ ასეთ „ხერთვისშია“ აგებული, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო მოგვიანო ხანის „შესაყარზე“ ზურტაკეტში (ასე ჰქვია მას ვახუშტის რუკაზე); ან ლოქის წყალ-ფოლადაურის „ჩათახ“-ში (თურქულენოვან მოსახლეობაში „ხერთვისს“ ნიშნავს), სადაც გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სიმაგრეა დამოწმებული.

თრიალეთიდან წამოსულ ხევებს გავაყოლოთ თვალი და ვნახავთ, რომ ყოველი ხეობით მიმავალ გზას, ზეგანზე ასვლისას, ძველი ციხე ჰკეტავს: ასთებია დეკ-ციხე - თეძმის ზემო წელზე, ცხირეთი და კლდეკარი, თავკავთის ციხე (კავთურას ხეობა), მუსის ციხე (მაშავერა), მოდამნახე, კლდეისი (ქცია) და სხვები.

სწორედ თრიალეთის ზეგანზე, მანგლისის ხეობით მიმავალ გზებზეა გოხნარისა და ბედენის წინაქრისტიანული ხანის ლოდოვანებიც...

როგორც ვხედავთ, ყოველი დროის მნიშვნელოვან გზას ციხე ახლავს. მაგრამ ადრე შუა საუკუნეებში ეს უბრალო დამთხვევა კი არ იყო, არამედ იმ სოციალური ვითარების ანარეკლი, რომელიც ქვეყნის შიგნით მომხდარ ძვრებს განაპირობებდა. „საერთოდ, ციხე ეს პოლიტიკური (და სოციალური) ბატონობის საშუალება (და ნიშანი) არა მარტო გზის ველზე იდგა, არამედ გზას თავისაკენ ეწეოდა: ამა თუ იმ ციხის „შემავალ“ ქვეყანაში გამვლელი, რასაკვირველია გვერდს ვერ აუქცევდა ამ ციხეს, ხოლო მთელი საქართველო ხომ გარკვეულ დროს ასეთი საციხისთაო ტერიტორიული ერთეულებისაგან შედგებოდა“.

ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების, საქართველოს ციხეთა უმრავლესობას, ზედ ეკრა მეტ-ნაკლები სიდიდის სოფელი. აქ ცხოვრობდა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ციხეში მჯდარი ფეოდალისა, მისი ამალისა, თუ ციხის ყოველ პირველ საჭიროებას აკმაყოფილებდა სურსათ-სანოვაგით, ციხეზე მუშაობით, თუ სამხედრო ძალით, ასეთ დასახლებებს „ციხის სოფლები“ ერქვა. აქედან შემოვიდა შემდეგ, ქართულ ტოპონიმიაში გავრცელებული სოფლის სახელიც - „ციხისძირი“. ამ მხრივ საინტერესოა სახელი „მოჯალაბეები“ მცირე დასახლებას რომ ჰქვია რაჭაში, მინდაციხის ძირში.

ციხის აგება უსათუოდ ნიშნავდა გარკვეული „ქვეყნის“ დაპატრონებას, იქ მცხოვრებლებზე გაბატონებას. ამის მოწმობაა „ქართლის ცხოვრების“ ჩვენებანი პირველ ქართლოსიან მეფეებზე, რომელთაგან თითქმის ყველა ციხისა, თუ ციხე-ქალაქის აგებით იწყებს თავის მოღვაწეობას.

„ძეგლი ერისთავთა“-ს მიხედვით, დვალთა მიერ მოწვეულმა როსტომ ბიბილურმა, მოსვლისთანავე ციხის შენება იწყო. ეს არ მოეწონათ ადგილობრივებს: მათ კაცი სურდათ, რომელიც პატივით იპყრობდა მოსახლეობას და არა მძლავრობით, ციხის აგებით კი, როსტომი უმოკლეს ხანაში დაეუფლება ჩვენს ქვეყანასო.

მიწებს, რომლებზედაც ციხე გაბატონდებოდა, ციხის „შესავალი ქვეყანა“ ეწოდებოდა: ციხის გამგებელს - ციხისთავი ერქვა, რომელიც საციხისთავოში შემოსულ სოფლებსაც განაგებდა. აქაურ მოსახლეობას ყოველგეარი „სათხოვარი“, ამ ციხისა, თუ მისი უფლისადმი მოეთხოვებოდა, „სამსახურებელი ციხეთა“ სრულდებოდა მუშაობით, გადაიხდებოდა ნატურით...

საციხისთავო ტერიტორიული ერთეული სხვადასხვაგვარი იყო. იგი ზოგჯერ ხეობის ნაწილს მოიცავდა, ზოგჯერ მთელ ხეობას, ზოგან კი, ერთი ხეობის საზღვრებსაც სცილდებოდა. ეს დამოკიდებული იყო არა მარტო ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოზე, არამედ ეკონომიკურ-გეოგრაფიულზედაც. შესაძლოა რომელიმე ხევს არ ჰქონდა საზაფხულო საძოვარი, ან სარწყავი წყალი, ან გზა სხვა „ქვეყნებთან“ დასაკავშირებლად ან ტყე, ან სახიზარი... ამათ მოსაპოვებლად, ამ ხეობის მოსახლეობა მეზობელ ხევებს მიმართავდა - მათი საძოვრით, წყლით, გზით ისარგებლებდა... ასეთ შემთხვევაში პირველი ხევის სოფლებს, მეზობელი ციხისა, თუ მისი „უფლის“ სათხოვარი შეეწერებოდა. ჩამოთვლილ, და სხვა ფაქტორთა, მუდმივი დანაკლისი იწვევდა იმას, რომ ორი ეს მეზობელი ხევი შესაძლოა ერთ საციხისთავოში გაერთიანებულიყო. მაგ.: ატენის ციხის სათხოვარი, ხოვლის ხეობის სოფლებს რომ აწერიათ მოწმობს, რომ ეს ხევიც ატენის ცისის „შესავალი ქვეყანაა“ - სწორედ ზემოჩამოთვლილ საშუალებათა ნაკლებობის გამო.

უკვე შუა საუკუნეებში, ციხისთავი თავისი მდგომარეობით ძალიან დაწინაურიებული ჩანს. იგი საუკეთესო მამულებს ფლობს და ერთ-ერთი პირველთაგანია ირგვლივ მყოფ დიდებულთა და აზნაურთა შორის. „ძეგლი ერისთავთა“ მოგვითხრობს, რომ ცხრაზმისხეველნი შეპირდნენ როსტომ ბიბილურს ყოველი სურვილის შესრულებას. სხვა პატივთან ერთად მას მოუთხოვია „შუა ცხრაზმის ციხისთავისა ნაქონებნი სოფელნი და ქუეყანანი“ მერე კი ციხის შენებას შესდგომია.

ციხისთავის მდგომარეობა შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთნაირი არ იყო. ადრეულ ხანაში ქალაქის ციხისთავი, ამავე დროს ქალაქის თავიც იყო, მოქალაქეთა ბჭე და მაზავებელი.

„ევსტაითი მცხეთელის მარტვილობაში“, მცხეთელი ხელოსნები აქაურ ციხისთავს ეუბნებიან: „ამას ქალაქსა შინა ჴელმწიფე ხარ“... მაგრამ ასე არ იყო მუდამ. მაგალითად XI საუკუნეში ატენის ციხისთავი გორგანელი, მეფის მოხელე ერისთავის - მირიან თარხონის ძის ყმაა, თუმცა მასთან ერთად მონაწილეობს ატენის ქალაქის აშენებაში.

ციხისთავს პირადად ექვემდებარებოდნენ „ციხოვანნი“ - ე.ი. ციხის მცველნი. განვითარებულ შუა საუკუნეებში, როგორც საერისთავო სარგო იყო დაწესეხული, ისევე „საციხისთავო“ გადასახადი არსებობდა - საგანგებოდ ციხისთავისთვის. თანდათან ციხისთავის უფლება-მოვალეობანი იცვლებოდა და XVI საუკუნეში იხსენიება „ქუთაისისა ციხისთავთ-ციხისთავი“.

ციხეები ისევე, როგორც მათი „შესავალი ქვეყნებიც“ მეტ-ნაკლები სიდიდისა და მნიშვნელობისა იყო. სხვადასხვა დროს თავისი სტრატეგიული მდებარეობით და სიძლიერით, რომელიმე მათგანი მეტ გავლენას იხვეჭდა და ბატონობდა სხვებზე. ეს ბუნებრივად იწვევდა იმას, რომ აღებული მხარის უმნიშვნელოვანეს ციხეს, უფრო ძლიერი ხელისუფალი ეპატრონებოდა, რომელიც დაქვემდებარებულ ციხეებში მჯდომ ციხისთავებს განაგებდა. ასეთი ციხეები იყო ქვემო ქართლში - სამშვილდე, კახეთში - ბოჭორმა, შიდა ქართლში - უფლისციხე, აფხაზეთში - ანაკოფია... ამიტომაცაა რომ სამშვილდესა და ბოჭორმას წყაროები უწოდებენ კიდევ „დედა-ციხე"-საც, „უფლისციხე“ - თავისთავად მეტყველია, „მატიანე ქართლისას“ ცნობით კი, ანაკოფია ყოფილა „თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“; ქსნის ხეობაშიც ყოფილა „თავადი ციხე ქვენიფნევს“.

ერთი მაგალითი ნათქვამის საილუსტრაციოდ: დავითის ისტორიკოსი აგვიწერს, რომ მთელი ქვემო ქართლი თურქებს ეპყრათ. აქაურ ყველა ციხეში თურქები იდგნენ. 1110 წელს ქართველებმა მოულოდნელად სამშვილდე აიღეს. „ცნეს რა თურქთა აღება სამშვილდისა, უმრავლესნი ციხენი... დაუტევნეს და ღამით მეოტ იქმნეს“, მიატოვეს ყველაფერი და გაიქცნენო. ეს იმიტომ, რომ სამშვილდე იყო ქვემო ქართლის უძლიერესი ციხე და აქვე უნდა მჯდარიყო თურქების მხედართუფროსიც.

უფრო ადრე X1 საუკუნეში, როცა ქვემო ქართლი მისი ციხეებით სომხებს ეჭირათ და სამშვილდეში ტაშირელი კვირიკიანი მეფე იჯდა, ბაგრატ IV-სათვის საკმარისი გახდა სამშვილდის აღება, რომ სომხები მაშინვე დანებებულიყვნენ....

საქართველოს მრავალრიცხოვან ციხეებს აგებულების დიდი სხვადასხვაობა ახასიათებთ; ეს ძირითადად მათი დანიშნულების მრავალგვარობით აიხსნება. ამას ემატება კიდევ ცალკეუღ მხარეთა თავისებურებანი, მშენებლობის ტრადიციები, რომელიც მხოლოდ იქაა და სხვაგან არ გვხვდება, კონკრეტული გარემოც თავის კვალს სტოვებს... მიუხედავად ამისა, ციხეთა აღნაგობაზე მსჯელობით, ცალკეული ტიპების გამოყოფით, შუა საუკუნეების სხვადასხვა ეპოქის ყველაზე დამახასიათებელ საკითხებს ვადგებით.

შემჩნეულია მაგალითად, რომ ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების ციხეთა უმრავლესობა საქართველოში, აგებულია მაღალ მთასა, ან ციცაბო კლდეზე, სადაც უადგილობის გამო, შედარებით მცირე ფართობია მოზღუდული, სამაგიეროდ ნაგებობა სიმაღლეშია წასული; ის ხანგრძლივ ცხოვრებასაც გულისხმობს. 

სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაა გვიანი შუა საუკუნეების ხანაში, როდესაც ციხეებიცა და გალავნებიც იგება ადვილად მისასვლელ ადგილებში, თან ისეთი მოცულობისა, რომელიც თავისუფლად დაიტევდა ირგვლივ მყოფ მთელ მოსახლეობას მტრის შემოსევის დროს.

ესაა ყველაზე თვალში საცემი და თან პრინციპული განსხვავება, რომელსაც შუა საუკუნეთა სხვადასხვა პერიოდები ქმნიან. რაკი ციხე გარკვეულ ქვეყანაზე ბატონობდა და იქ იჯდა მისი „უფალი“, ამიტომ მტრისთვის (შინაური, გარეული), რომელსაც ამ ერთეულის დაპყრობა სურდა, აუცილებელი იყო, პირველ ყოვლისა, ციხე და იქ შეფარებული „უფალი“ ჩაეგდო ხელში. სანამ ეს უკანასკნელი უვნებლად იჯდა თავის სიმაგრეში, თუნდაც ქვეყანა მტერს აეკლო, აქაური მოსახლეობა სხვას არავის სცნობდა ბატონად, მას არ შეეძლო ორი ბატონის ყმობა. მხოლოდ მისი „უფლის“ დამარცხება-შეპყრობის მერე ემორჩილება მტერს ამა თუ იმ „ციხის შესავალი ქვეყნის“ მოსახლეობა, ემორჩილება იმას, ვინც მის ციხეში დამკვიდრდება.

ასეთ პირობებში ბუნებრივია, რომ ციხე სულ უფრო მიუვალ ადგილზე შენდება, ეგუება ადგილის სივიწროვეს, სადაც ვეღარ მოთავსდება მისი დაცვის ყველა მსურველი, ე.ი. მათი საჭიროება ამ შემთხვევაში აღარაა, მთავარია ციხის მფლობელი და მისი უახლოესი წრე იყოს უვნებელი. ციხის გარეთ დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი იხიზნება დარან-გამოქვაბულებში, მიაშურებს ტყეს და მთას...

იგივე ითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით მისი ერთიანობის ხანაში, როდესაც მტერი ცენტრალურ ხელისუფლებას ებრძვის უმეტესწილად ხარკისა და პოლიტიკური გავლენისათვის.

გვიანი შუა საუკუნეების ხანაში საქართველო ერთიანი აღარაა. ცალკე საფეოდალო ქვეყნებად დანაწილებულს თავდასაცავი საშუალებანიც განსხვავებული უხდება. ყოველი მხრიდან მტერია მომდგარი, რომელიც თითქმის განუწყვეტლივ ესხმის თავს. ამას ემატება ლეკიანობაც... ეს ისეთი დროა, როცა მოთარეშე მტერი მოულოდნელად ხან აქ გაჩნდება, ხან იქ. რაკი ცენტრლური ხელისუფლება სუსტია, მტრის მიზანია ახლა რაც შეიძლება მეტი ნადავლი, მოსახლეობის მასიური გადასახლება, თუ ტყვეთა სყიდვა, ახლა ამა თუ იმქვეყნის პატრონის შეპყრობა მტრისთვის უპირველესი მიზანი აღარაა.

ყველა ზემოთქმული ქმნის პირობებს იმისა, რომ ფეოდალები თავის ციხე-დარბაზებს დასახლებულ ადგილებში აგებენ, თან მოსახლეობას, რომლის ფიზიკური მოსპობის საკითხი დგას, ეხმარებიან გალავნების მშენებლობაში, სადაც სწრაფად იხიზნება არა მარტო მთელი ხალხი, არამედ მათი ქონებაც.

საინტერესოა, რომ შუა საუკუნეების ციხეთა მშენებლობაში, აღწერილს გარდა შეინიშნება სხვა ტიპიც: ესაა მოზრდილი ციხეები, რომელთაც შედარებით ფართო ტერიტორია უჭირავთ. რა თქმა უნდა, თუ იყო ამის საშუალება, არჩევდნენ შეძლებისდაგვარად მიუვალ ადგილს, ზოგან კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან პუნქტებში (გზასაყარი დ   სხვა). ციხის მოუვალობას კედლების სისქით და მის დამცველთა მომატებული რიცხვით სცვლიდნენ. ამ ციხეებში აშკარა გამოიყოფა ციტადელი, რომელსაც გაბატონებული ადგილი უჭირავს და გალავანი, კოშკებით, ან ბურჯებით გამაგრაბული, რომელიც ზღუდავს სამეურნეო, თუ საცხოვრებელ ნაგებობათა კომპლექსს. ხშირად აქვეა პატარა ეკლესიაც.

აშკარაა, რომ აქ საქმე გვაქვს რეზიდენციასთან რომელიმე ქვეყნის „უფლისა“, რომელსაც შედარებით მრავალრიცხოვანი მსახურნი და „ერი“ ჰყავს. მშვიდობიანობის დროს არაა აუცილებელი ყველამ იქ იცხოვროს, შიშიანობის დროს კი, აქ მოსახლე ფეოდალთან, მის გალავანს აფარებენ თავს სხვებიც.

შესანიშნავია ამ მხრივ ცხირეთის ციხის (თეძმის ხეობაში) აგების ამბავი, აზნაურის მიერ პირველ პირში მოთხრობილი: „დაუწყე ჩემსა მამულსა შიგან ციხესა გება, დავდგი ჴევისა კერძოდ უკეთესი კოშკი შიგნით; და გარეთ უკეთესი სახიზნო ცხევერელთა ჰქონდეს. დავიდე ერთი დღე ანეული ციხისა ბეგარი, ერთი დღე სამკალი, ერთი დღე სალეწავი“.

აქედან კარგად ჩანს ციხის შემადგენელი ნაწილები - კოშკი და სახიზნო. კოშკი ხანგრძლივი საცხოვრებელია, სახიზნო დროებითი. ამ ციხის გეგმარება ტიპიურადაა მიჩნეული IX-X საუკუნეთათვის. აღნიშნული პერიოდის ასეთი ციხეების გათვალისწინებით უნდა ვიფიქროთ, რომ ადრე შუა საუკუნეებში, საქართველოს ზოგიერთ სოფელს აზნაურის რეზიდენციასთან ჰქონია სახიზნო. არაა აუცილებელი, რომ გვიანი შუა საუკუნეების ციხე-გალავნების მსგავსად აქ დახიზნულიყო მთელი მოსახლეობა. ამას არ მოწმობს ამ ძველ ციხეთა არც რაოდენობა და არც ზომები. დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ამ ნაგებობათა ფართობს განსაზღვრავდა ფეოდალის „კარის ერმრავლობა“, რომელიც ანაზღაურებდა მიუვალობის დანაკლისს. საქართველოს ერთიანობა-ძლიერების ხანაში, ზემოთ აღწერილი ტიპის ციხეთა განვითარებამ, ზოგ შემთხვევაში მოგვცა ნამდვილი ფეოდალური ციხე-დარბაზი, ზოგან კი ის, ძველებურად, ციხე-კოშკად დარჩა.

ახლა ორიოდე სიტყვა ნაკლებად ცნობილ ზოგიერთ ციხეზე, რომლებიც ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერეების შედეგად აღმოჩნდა.

სახელი დეკ-ციხე პირველად ტოპონიმიის ჩაწერის დროს გავიგონეთ, თეძმის ზემო წელის დაზვერვებისას, მთააო - გვითხრეს. თრიალეთის ქედის ერთ-ერთი კლდოვანი მწვერვალი, თითქმის სრულიად გამოყოფილი, მნიშვნელოვნად შემოჭრილა თეძმის ხეობის მარჯვენა სანაპიროზე. თხემზე, რელიეფთან შეგუებით, ოთხკუთხა ციხე აღმართულა. მის მიერ მოზღუდული ფართობია დაახლოებით 20მX25მ. აქაა ერთი კოშკის ნანგრევი. მოჩანს თონე. ამოუშენებიათ წყლის 3 რეზერვუარი და ამოულესიათ. ციხე ნაგებია ნაგლეჯი, ადგილობრივი კლდის ქვით, შეძლებისდაგვარად თარაზული წყობაა დაცული. თხემზე მოსასვლელი ყოველი შესაძლებლობა გადაღობილია ცალკეული კედლებით. ცხადია, ამ ციხის მთავარი ძალა - უსაშველო მიუვალობაა. 

მთის ძირში დიდი ნასოფლარია, დარბაზული ეკლესიის მოზრდილი ნანგრევით. ეს საინტერესო კომპლექსი, ჩამოზვავებულ მიწაშია სანახევროდ ჩაფლული.

აქვე ადის თრიალეთს მიმავალი გზა (მით სარგებლობენ დღესაც) ტანისხევიდან, თეძმისხევიდან. მის მნიშვნელობაზე, ნათლად მეტყველებს ნახიდურები თეძამზე და აქაური ტოპონიმიაც: სავანეთი, ნადარბაზევი, ბოგირი.

დეკ-ციხე იშვიათად გვხვდება ქართულ წყაროებში. ვახუშტი ამ ადგილას ახსენებს დედა-ციხეს, რომლის აღწერა სწორედ ჩვენს მიერ აღმოჩენილს ემთხვევა. ისევ „დედა-ციხე“... სრულებითაც არაა გამორიცხული აქაც ისეთივე ზედწოდებასთან გვქონდეს საქმე, როგორც სამშვილდისა და ბოჭორმის შემთხეევებშია. იყო კი იგი ამ მნიშვნელობის ციხე? - ჩანს იყო. VII საუკუნის სომხური გეოგრაფია, რომელიც თანმიმდევრულად ჩამოთვლის საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებს, ასახელებს „ტანისხევს, რომლის თავშია დეკიციხე“. ტანისხევში აქ იგულისსმება თეძამ-ატენის ხეობანი და მათ შორის მყოფი ტერიტორია.

გამოდის რომ, VII საუკუნეში (და უფრო ადრეც), დეკ-ციხე ისეთი მნიშვნელობისაა ქართლში, რომ მისი ხსენება საჭიროდ უცვნია სომეხ გეოგრაფს (ასეთი შემთხვევა მასთან კიდევ ორია).

ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოსათვის თრიალეთის სასიცოცხლო მნიშვნელობა: ესაა მისი აუცილებელი საზაფხულო საძოვარი, ესაა მთავარი გზასაყარი, საიდანაც წახვალ ყოველი მიმართულებით. სწორედ თრიალეთს მიმავალ ერთ-ერთ უმოკლეს გზას კეტავდა დეკ-ციხეც. იგი კლდე-კარის მნიშვნელობის ციხე იყო, ოღონდ სომხურ გეოგრაფიაში ნახსენები ერთეულის - ტანისხევის უფლის საგამგეო, რომლის მეშვეობითაც ეს ბარელი ფეოდალი თრიალეთსაც უწევდა კონტროლს.

IX საუკუნეში კლდეკარის აგებით ლიპარიტ ბაღვაში თრიალეთის ერისთავი ხდება. ამის მერე ეცემა სწორედ დეკ-ციხის მნიშვნელობაც, იგი ყრუვდება სამუდამოდ (აქ სხვა სამშენებლო ფენა აღარ ჩანს) და ახლა უკვე ბაღვაშები იმორჩილებენ ტანისხევსაც.

დეკ-ციხისაგან განსხვავებით, ოფრეთის ციხე ადრეული შუა საუკუნეების ციხეთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც შედარებით ადვილმისადგომია, სამაგიეროდ აქ დიდი ფართობია მოზღუდული ძლიერი კედლებით, რომლებშიც მრგვალი კოშკებია დატანებული. ზღუდის შიგნით არის ნაგებობათა მთელი კომპლექსი. აქვეა ადრე შუა საუკუნეების პატარა ეკლესია ნალისებური აფსიდით... ციხე ნაგებია საშუალო ზომის კვადრების თარაზული წყობით, კირხსნარზე.

ofreTis cixe
ციხე მდებარეობს შულავრისხევის ზემო წელზე, მის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ოფრეთის - სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. ადგილობრივნი ჩახლა-ბერდს უძახიან. თავისი გეგმით, აღნაგობით, ესაა ნამდვილი რეზიდენცია, ხანგრძლივად სადგომი აქაური „უფლისა“. ის უეჭველია ციტადელში იდგა, რომელიც აშკარად ბატონობს ციხის სხვა ნაწილებზე, ციხის გარეთ ნასოფლარია ხევის პირზე, რომლის სუფთა წყალს ალბათ სასმელად ხმარობდნენ მეციხოვნენი.

ოფრეთის ციხეც გზასაყარზე დგას. აქ იკრიბება წოფის, შულავრის, ტალავრის, მანხუტის ხევებიდან ამოსული გზები, მათ უერთდება ფოლადაურის ხეობაში გარდამავალი გზაც, შემდეგ „მგლის კარის“ უღელტეხილით გადახვალთ ტაშირში. ე.ი. ესაა სტრატეგიულად ძალიან ხელსაყრელი პუნქტი, რომელსაც ადრევე მიუქცევია ყურადღება. აქვე მახლობლად არის ცნობილი მონასტერი ხორაკერტისა.

ოფრეთის ციხეს, ყველაზე პირველად იხსენიებს სომეხი ისტორიკოსი X საუკუნისა უხტანესი. მისი აზრით, ამ ციხეში იყო დამწყვდეული შუშანიკ დედოფალი, V საუკუნის ქართლის პიტიახშის - ვარსქენის მეუღლე. ჩანს X საუკუნეში, ეს იმდენად განთქმული ციხე ყოფილა, რომ შუშანიკთან მის დაკავშირებას, ავტორს მაშინდელი მკითხველი დაუჯერებდა. აქვე ჩანს უხტანესის წარმოდგენა ციხის ხნოვანებაზე...

შემდეგ ოფრეთის ციხეს ასახელებს „მატიანე ქართლისა“ XI საუკუნის ამბებთან დაკავშირებით. იგი ეჭირა სომეხთა მეფის - კვირიკეს ძმას, სუმბატს, როდესაც ბაგრატ IV-მ ორივე ძმა შეიპყრო, განთავისუფლების საფასურად, ისინი სხვა ციხეებთან ერთად ოფრეთსაც სთავაზობენ ქართველთა მეფეს.

გვიანი შუა სუკუნეების ხანის ნაკვალევი ამ ციხეს არ ეტყობა და არც ამ ხანის წყაროებში გვხვდება მისი ხსენება.

ლოქის ციხე, ამავე სახელწოდების ქედზეა წამომდგარი. ეს ქედი ლალვარის მთის გაგრძელებაა და ტაშირს გამოჰყოფს დმანისხევისაგან. იგი საკმაოდ მაღალია და კარგ ამინდში ძალიან შორიდანაც თავისუფლად მოჩანს ქედზე მეჭეჭივით წამოზრდილი კლდოვანი ბორცვი. იგი ყოველი მხრიდან მიუვალია და კლდის ნაპრალები კედლებითაა ამოვსებული. ბუნებრივი მიუვალობა აქ კარგად გამოუყენებიათ: თხემს ყველგან არც აქვს კედელი. იგი იქ ამოუყვანიათ საიდანაც უფრო ადვილი ყოფილა მიდგომა. კედელთან სამი, თუ ოთხი კოშკი ამოუშენებიათ ოთკუთხა ფორმისა, ციხეში შემოსასვლელთან პაწია ეკლესიაა, რომელშიც ადრე შუა საუკუნეების სტელის ნატეხია დატოვებული ზედ „ბოლნური მედალიონით“. ციხე ნაგებია მოყვითალო, ადგილობრივი კლდის თანაბარი კვადრებით კირზე, დაცულია ჰორიზონტალური წყობა.

loqi

თავისი მდებარეობით იგი ძალიან წააგავს კლდე-კარის ციხეს. აქვე მართლაც კლდეკარია გაჭრილი, რომლითაც ტაშირში გადადის გზა. ამ უღელტეხილზე მოდის გზები მაშავერისა და ფოლადაურის მდინარეთა აუზებიდან. კლდე-კარის ციხეს წააგავს იგი იმითაც, რომ ის ზეგანის ბატონის ციხეა, ტაშირის მფლობელისა. შემოსასვლელიც იმ მხრიდან აქვს და გადმოსცქერის ბოლნის-დმანისის ხეობებს. კარგ ამინდში აქედან მარნეულიც კი მოჩანს.

ლოქის ციხე იხსენიება „მატიანე ქართლისა“-ს ზემოხსენებულ ამბებში. XI საუკუნეში, როცა ქვემო ქართლი სომხებს ეკავათ, აქ იჯდა სომეხთა მეფის ერისთავი. იგი უნდა ყოფილიყო მბრმანებელი ამ ქედისა და მისგან ჩამოსული ხევების ზემო წელისაც. რომ ასეთი საბრძანებელი ერთეული შესაძლოა ადრეც ყოფილიეო, ამის გვაფიქრებინებს გვიანი შუა საუკუნეების ხანის საბუთებში დამოწმებული ფაქტები და ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა“-ს დართული სოფლების სია, სადაც ჩანს ტერიტორიული ერთეული ლოქი, თავისი ცხრა სოფლით.

ყველა აღწერილი ციხისაგან განსხვავებით, ჭაპალა XVIII საუკუნეშიც მოქმედი ციხეა. იგი მაშავერის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს სოფელ გოჩულოსთან, იქ სადაც იწყება მაშავერ-ქციის გაშლილი ველი. ყოველმხრივ იზოლირებულ, კლდოვან დიდ ბორცვზე აუშენებიათ იგი, თან მაქსიმალურად გამოუყენებიათ თხემის საკმაოდ ვრცელი ფართობი. ყველაზე მაღალ ადგილას ციტადელია, ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული გალავნის შიგნით, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები ჩანს. კლდეში სამი უზარმაზარი ორმოა ამოჭრილი წყლის შესანახად. ციხის კედლების წყობა, ძალიან წააგავს თბილისის ნარიყალას კედლებს, რომელიც განვითარებული შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება. ესაა „ფარდაგულად“ ნაგები ქვისა და აგურის ნარევი ბათქაშზე.

Wapalas cixe

ანაკრეფ მასალაში უმეტესად იმავე ხანის მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები გვხვდება, მაგრამ არის უფრო ძველი ფრაგმენტებიც. ციხის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ძალიან დიდი ნასოფლარია სამი ეკლესიის ნაშთით.

ჭაპალას იხსენიებს ვახუშტი, გიულდენშტედტი, სეხნია ჩხეიძე... ქართული საბუთების მიხედვით იგი სოლოღაშვილების სამკვიდროა. ამ საბუთებით ჩანს, რომ ჭაპალაში ყოფილა ციხე, სასახლე, წისქვილი, ვენახი ქვევრ-მარანი. ციხის მნიშვნელობას ზრდიდა გზები აქ რომ გადიოდა, ამ მხრივ აღსანიშნავია, ხიდები მაშავერაზე, რომლებიც სწორედ ციხის მიდამოებში გვხვდება. სახელწოდება „ჭაპალა“ გვიანდელია, ციხე კი აქ უფრო ადრე ყოფილა, ე.ი. მას სხვა სახელი ჰქონია. ირკვევა, რომ ესაა ქართულ და სომხურ წყაროებში კარგად ცნობილი ქაოზიანი-ქავაზინი, სამეფო ციხე, რომელიც შემდეგ ვარამ გაგელის გამგებლობაში შევიდა.

ამგვარს, და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხებს აყენებენ საქართველოს, კერძოდ კი, ქვემო ქართლის ციხეები, რომელთა გათხრა და შესწავლა არაერთ საინტერესო ეპიზოდს აამეტეველებს ჩვენი ისტორიისას.

 



სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი;

მასალა აღებულია წიგნიდან –  „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი, 2005 წ


 


megobari saitebi

   

01.10.2014