სვანეთის  მოსახლეობა

1 2

ტანისამოსი და იარაღი
ხვნა-თესვა
მესაქონლეობა
მეფუტკრეობა
მონადირეობა
სწავლა-განათლება

სვანები წარმოადგენენ ოდესღაც ძლიერ  და მრავალრიცხოვან ხალხის ნაშთს, რომელიც ძველ დროში ბინადრობდა მცირე აზიაში და კავკასიონის ქედთან დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც მას სამხრეთიდან აწვებოდა სხვა ქართველ ტომთა მძლავრი ტალღა.
სვანები წარმოადგენენ ქართველების ერთ-ერთ ჯგუფს, ხოლო მათი ენა-ქართველი ენის შტოს, რომელიც თუმცა განსხვავდება თანამედროვე ქართულ ენისაგან, მაგრამ მაში მაინც მრავალ ქართულ სიტყვებს მოსძებნით და სიტყვების ფესვები კი ქართულია. სვანეთის გეოგრაფიული მდებარეობა მას მიუდგომლად ხდის და კარჩაკეტილი ცხოვრების წყალობით, სვანურ ენას თითქმის არ განუცდია არც ერთი ენის გავლენა და შენარჩუნებული აქვს აქნობამდე ის სახე, რანაირიც ჰქონდა მას სვანების ამ კუთხეში დამკვიდრების დროს.
ამჟამად სვანეთის ტერიტორიაზე, რომელიც 3291 ოთხკუთხ კილომეტრს უდრის, ცხოვრობს 17,951 მცხოვრები; ტომით ყველა სვანია. მათ შორის, ზემო სვანეთში ცხოვრობს 11,062 კაცი და ქვემო სვანეთში - 6895 კაცი. ამ მცხოვრებთა საერთო რიცხვს უნდა მივუმატოთ იმ სვანთა რაოდენობა, რომელიც ბოლო წლებში, სახნავი მიწების სიმცირისა და მოუსავლობის გამო, გადასახლდა აფხაზეთში და დააარსა ეგრეთ წოდებული „პატარა სვანეთი“ - დალის საზოგადოება. ხსენებული საზოგადოება 420 კომლისაგან შესდგება, ხოლო მის მცხოვრებთა რაოდენობა 4,500 კაცს აღემატება.
ამნაირად სვანთა საერთო რიცხვი 22,451 კაცს უდრის.
თვით სვანეთში (ზემო და ქვემო) სივრცის თითო ოთხკუთხ კილომეტრს ხვდება 5,4 კაცი.
სვანეთის სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა შორის არ არსებობს ტიპიური განსხვავება. ლახამურის საზოგადოების მცხოვრებლებს სვანები ებრაელების შთამომავლობათ სთვლიან, რომელთაც ვითომ დღევანდლამდე ებრაელთა ტიპი აქვთ შენახული, ამიტომ სვანები ერიდებიან მათ და ხსენებულ საზოგადოების ქალებს ცოლებათ არ ირთავენ.
ამჟამნად სვანეთი ორ ნაწილისაგან შედგება: ზემო (ენგურის ხეობა) და ქვემო ან სადადიანო (ცხენის-წყლის), მათ ჰყოფთ ერთმანეთისგან სვანეთის მაღალი ქედი.
ზემო სვანეთი ეხლა ცალკე მაზრად არის გამოყოფილი, ხოლო ქვემო სვანეთი კი შედის ლეჩხუმის მაზრის ფარგლებში.
მთა უშბასთან გამოიყოფა მერიდიანალურად ეგრედ წოდებული ბალის ქედი, რომელიც ჰყოფს ზემო სვანეთს ორ ნაწილად: თავისუფალ და სადადეშქელიანო სვანეთად.
სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთი თავიანთ ყოფილ მფლობელების თავად დადეშქელიანების და დადიანების სახელებს ატარებს, ხოლო ზემო სვანეთის აღმოსავლეთ ნაწილს თავისუფალი ჰქვია იმიტომ, რომ ამ კუთხეს უძველეს დროიდან აქვს ბრძოლით მოპოვებული. ეს თავისუფლებისათვის თავდადებული ხალხი ვერ დაიმორჩილა ვერც ერთმა სვანეთის ბატონ-პატრონმა და ბოლო დრომდე იგი ცხოვრობს თავის განსაკუთრებულ დამოუკიდებელ კანონების მიხედვით.
სადადეშქელიანო სვანეთი შესდგება 8 საზოგადოებისაგან (თემისაგან): ბეჩოს, ცხუმარის, ეცერის, ლახამულის, ფარის, თავრალის (ჩუბისხევის) ლენხერის და ჭვიბერისაგან.
თავისუფალ სვანეთში შედიან: უშგულის, კალას, იფარის, მულახის, მესტიის, ლენჟერის, და ლატალის საზოგადოებანი.
სულ, მაშასადამე, ზემო სვანეთი შესდგება 15 საზოგადოებისაგან.
ქვემო ანუ სადადიანო სვანეთი შესდგება: ლენტეხის, ჩოლურის და ლაშხეთის საზოგადოებისაგან.
თუ დავუმატებთ აფხაზეთში მყოფ დალის საზოგადოებას, მთელი სვანეთი შესდგება 19 საზოგადოებისაგან.
ზემო სვანეთის ცენტრად ითვლება მესტიის საზოგადოებისა.
ცხრილიდან ჩანს, რომ ნამეტან მჭიდროთ არის დასახლებული თავისუფალი სვანეთი, რაცა ერთ ოთხკუთხ კილომეტრზე მოდის 8,5 კაცი; მას მისდევს ქვემო სვანეთი (5,6 კაცი კილომეტრზე) და სუყველაზე ნაკლებად დასახლებულია სადადეშქელიანო სვანეთი (3,6 კაცი 1 კილომეტრზე).
სივრცის მიხედვით კი უკუღმათ, ნამეტნი სივრცე უკავია სადადეშქელიანო სვანეთს, შემდეგ ქვემოს და უკანასკნელ ადგილზე დგას თავისუფალი სვანეთი.

zemo svaneTis mazra

qvemo anu sadadiano svaneTi

სვანური სოფლები ჩვეულებრივად გაშენებულნი არიან ხეობის სწორ ან ოდნავ დაგეზებულ ადგილებზე.
სვანები ცხოვრობენ ქვიტკირიან ორ სართულიან სახლებში თითქმის ყველა სახლს ამშვენებს ძველებური მაგარი, განსაკუთრებული სტილის 4-5 სართულიანი ოთხკუთხი კოშკი. სახლის გარშემო არტყია ქვის ღობე. ასაშენებლად ხმარობენ ფილაქანებს; მაგრამ სულ სხვანაირ სახლებს ვხვდებით მდინარე ნესკერის, ნაკრას და დალის ხეობაში. ამ, ტყით უხვად დაჯილდოვებულ, საზოგადოებაში ხის სახლებს აშენებენ, ამ სახლებს აქვთ მხოლოდ ერთი კარი და არც ერთი ფანჯარა, რის გამოც შიგნით თითქმის სრული სიბნელეა. სახლები ყავრით არიან გადახურულნი „რომელსაც ლურსმნის მაგიერ ადებენ ქვებს.
ქვითკირის სახლის ზემო სართულში სვანი ინახავს როგორც თივის სანოვაგეს, ისე საქონლის საკვებს: ბზეს, ჩალას და სხვა. ქვემო სართულში კი ზამთრობით მოთავსებულია მისი ოჯახი, რომელიც ხშირად, ძმათა გაუყრელობის გამო, 25 – 30 კაცისაგან შესდგება. სართულები კიბით არიან შეერთებულნი.
ზამთარში ქვედა სართულში ხალხთან ერთად მოთავსებულია საქონელიც, რომელიც მიბმულია კედლებთან, შუა ადგილას უნთიათ დიდი ცეცხლი, ცეცხლთან დგას კერა, დახურული ქვის ფილაქნით, რომელზედაც სვანები აცხობენ თავიანთ უმარილო პურს. სახლს აქვს ერთი კარი და 2-3 ვიწრო ფანჯარა, რის გამო იგი სინათლეს მოკლებულია, მაგრამ კარ-ფანჯარის ამნაირი მოყვანილობა გამოწვეულია იმით, რომ ზამთარში ოთახი ადვილად არ ცივდებოდეს. ოთახში დანთებულ ცეცხლისგან საშინელი კვამლი დგება, რომელიც ვერსად გადის და თუ დაუმატებთ ამას სუნს, რომელიც საქონლისაგან დგას და აუარებელ მკბენარს, ადვილად წარმოვიდგენთ, რა ბინძურ და ანტიჰიგიენურ პირობებში უხდება სვანს ცხოვრება, რაც ეჭვს გარეშე, ძალიან მოქმედებს მის ჯამრთელობაზე.
ოთახში მოიპოვება რამდენიმე ხის სკამი, ხოლო ოჯახის უფროსს უდგია განსაკუთრებული, ხშირად ჩუქურთმიანი, სკამი - „საკარცხვილი“. სტუმრებისათვის სვანებს აქვთ აგრეთვე ჩუქურთმიანი სავარძლები, რომელსაც „ლურგმალს“ უწოდებენ.
ჭერიდან კერასთან ჩამოშვებულ ჯაჭვზე ჩამოკიდებულია დიდი ქვაბი, რომელშიაც იხარშება ხორცი. გასანათებლად სვანეთში ნავთს თითქმის სრულებით არ ხმარობენ, მის მაგივრად ხმარობენ კვარს და არყის ხის გამხმარ ქერქს.
თუ დავუმატებთ ოთახის მოწყობილობას, ზოგიერთ ხის და სპილენძის ჭურჭელს და მოკლულ ნადირის რქებს, რომელსაც სვანი ინახავს ოთახის დასამშვენებლად, ამით თითქმის ამოიწურება სვანური ოჯახის მოწყობილობა,
ზაფხულობით სვანები გადადიან საზაფხულოდ აგებულ სახლებში, საქონელი კი ცალკე ბაგებში გადაჰყავთ.

ყოველ სახლს გარს არტყია პატარა ეზო, კალო და ხშირად ბოსტანი.


ტანისამოსი და იარაღი

svani

სვანის ტანისამოსი შეადგენს: პერანგი, ჩოხა, შარვალი, პაიჭები და ყაბალახი, შეკრული შინაური შალის ან ტილოს ქსოვილებისაგან. თავზე იხურავს სვანურ ნაბადის ქუდს, გარშემო ტყავით შემოკრულს, ზამთრობით კი ფაფახს. როგორც მამაკაცები ისე ქალები ზამთრობით ქურქებს ხმარობენ.

ქალამანი, რომელსაც ხმარობს სვანი ორნაირია: სახლში დადის ჩვეულებრივ, უბრალო მთლიან ქალამნებით, ხოლო მთებზე  და ყინულებზე სიარულის დროს იცვამს წვეტიან, ნაქსოვი ძირით ეგრეთ წოდებულ „ჯაბირს“ (ჩვენში მას  „ბანდულს უწოდებენ“). ფეხის სითბოსთვის იხვევენ განსაკუთრებული ბალახით („წერაქო“), რომელიც მუდამ აქვს მომარაგებული ყოველ სვანს. თოვლ-ყინულზე სიარულის დროს იკრავენ მრგვალ თხილამურებს და წრიაპებს.
ქალები პერანგზე იცვამენ შალის კაბას; თავზე მოსახვევს იხვევენ. შეძლებული სვანის ქალები იცვამენ აბრეშუმის პერანგებს, ხავერდის ქათიბებს და გულზე ნაქარგ „ჩაფრასტს“. ფეხსაცმელად ხმარობენ ქალამნებს და იცვამენ მამაკაცებივით პაიჭებს. ყელზე ჩამოცმული აქვთ მაივები, ხშირად ქარვისა ან გიშრისა; ხმარობენ აგრეთვე საყურეებსაც.

 

svanebi
იარაღიდან სვანი ხმარობს: ხანჯალს, კაჟიან თოფს და დამბაჩას; ხმლის ხმარება არ არის გავრცელებული სვანეთში. სვანს მუდამ უკავია ხელში მაგარი და დიდი რკინით დაწვეტებული ჯოხი. თოფის წამალს, რომელსაც თვითონ სვანი ამზადებს, ინახავს ქამარზე ჩამოკიდებულ ვაზნაში, ხოლო ტყვიები უყრია ქისაში. სვანებში ახალი თოფების გავრცელების შემდეგ სვანს ხშირად გადაკიდებული აქვს მხარზე „პატრონტაში“. ქამარზე ჩამოკიდებული აქვს საკვესი და კაჟი. საზოგადოდ, სვანებს ძალიან უყვართ იარაღი და მას კარგადაც უვლიან.

   
ხვნა-თესვა

სახნავი მიწები სვანეთში მდებარეობენ მდინარეების სწორ ნაპირზე ან და სოფლების ახლო-მახლო მთების ფერდობებზე. მოხნული მიწები ჩვეულებრივ შემოღობილები არიან ქვის ღობით ან წნულით.
კლიმატური განსხვავებების გამო, სვანეთის სხვადასხვა კუთხეებში მიწის მეურნეობა არ არის ერთგვარი სვანეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საცა სოფლებს ძალიან მაღალი მდებარეობა უკავიათ, ნამეტან მკაცრ კლიმატურ პირობებში იმყოფება. აქ მხოლოდ ქერი მოჰყავთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად არც ქერი იძლევა კარგ მოსავალს და მოსახლეობა შიმშილობას განიცდის. შუა სვანეთის ჰავა ხელს უწყობს მეტ სითბოს მოყვარე მცენარეების კულტურის განვითარებას (მაგალითად სიმინდი), მაშინ როდესაც ჩუბიხევის და ლახამულის საზოგადოებებში და ქვემო სვანეთში ვაზიც კი ხარობს (რასაკვირველია, აქაურ ყურძენს არა აქვს ეკონომიური მნიშვნელობა).

svanuri guTani

მიწას ხნავენ ძალიან პრიმიტიულად სახნისით 3-4 ვერშოკის სიღრმეზე. სთესავენ: ქერს, პურს, შვრიას, სიმინდს, მუხუდოს, ცერცვს, ფეტვს, კანაფს. უმთავრესად გავრცელებულია ქერის თესვა, რადგანაც მისგან ხდიან არაყს, რომელსაც ძალიან ეტანებიან სვანები და რომელიც ღვინის მაგივრობას უწევს.
მიწის პრიმიტიულად დამუშავების გამო ნიადაგი არ იძლევა იმდენ მოსავალს, რომ რამდენიმედ მაინც უზრუნველჰყოს სვანეთის ცხოვრება.
მიწას ანოყიერებენ სასუქით, რომელიც გააქვთ ზამთარში მარხილებით.
პურს ლეწავენ კალოზე ჩვეულებრივი ქართული კევრებით. შიმშილის მოლოდინში, მუდამ შიშის ქვეშ მყოფი, მოსახლეობა მიმართავს ყოველგვარ ზომებს, რომლის საშუალებით, მისი აზრით, შეიძლება გადაინარჩუნოს თავისი თავი უბედურებისაგან. ამ მიზნისათვის სწირავენ მსხვერპლს, რომლისთვისაც არა ზოგავენ საქონელს, პურს და არაყს; კვირის და საეკლესიო უქმეების გარდა, უქმობენ პარასკევს და შაბათს.
უკანასკნელ წლებში სვანეთშიფეხი მოიკიდა მებოსტნეობამაც, თუმცა მეურნეობის ეს დარგი ჯერ-ჯერობით სუსტად არის განვითარებული. რამდენიმე ათეული წლის წინათ აქ შემოღებული კარტოფილის კულტურა ამჟამად გავრცელებულია მთელ სვანეთში; კართოფილს სთესავენ როგორც ბოსტნებში, ისე მინდვრებშიც. ბოსტანშივე სვანებს მოჰყავთ: კომბოსტო, სელი, თამბაქო, ხოლო დასავლეთ საზოგადოებებში გოგრა და ლობიოც.

მებაღეობა სვანეთში სრულებით არ არის გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ ქვემო სვანეთში და ლახამულის საზოგადოებაში კლიმატური პირობები ხელს უწყობენ მის განვითარებას. ვაზი რომელიც ზემოთ ავღნიშნეთ, ხარობს ქვემო სვანეთში. სამწუხაროდ ზემო სვანეთისათვის არ არსებობს არავითარი ახალი სტატისტიკური მასალა და ქვემოდ ჩვენ მოგვყავს რიცხვები მხოლოდ ქვემო სვანეთის მეურნეობისათვის.



მესაქონლეობა

სვანეთში გავრცელებულია მსხვილფეხა საქონლის ჯიში: ადგილობრივი და ყარაჩავლური. ჩვეულებრივ შავი, თეთრ ლაქებიანი ადგილობრივი საქონელი ძალიან წვრილია, ძროხა იწონის 8-10 ფუთს.
ყარაჩავლური ჯიშის საქონელს სვანები ძალიან აფასებენ, როგორც სამუშაო საქონელს. იგი მოყვანილია მეზობელ ყარაჩავლეთიდან, საცა სვანები გადადიან საზაფხულო მუშაობაზე და ხელფასს მოზვრების სახით ღებულობენ. ყარაჩავლური ჯიშის საქონელი წითელი ფერისაა, ტანადი და ღონიერი, ხარი 30-32 ფუთს იწონის.
მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში მესაქონლეობის განვითარებისათვის კარგი პირობებია და მას შეეძლო დაეჭირა მნიშვნელოვანი ადგილი სვანეთის მეურნეობაში, იგი არ არის კარგ დონეზე დაყენებული. მესაქონლეობის განვითარებას სვანეთში ხელს არ უწყობს: ზამთრის ხანგრძლივობა, სათიბების მიუდგომლობა, უგზოობა, საძოვრების სოფლებისაგან დაშორება და მოსახლეობის უკულტურობა.

saxmari miwebis ganawileba qvemo svaneTSi (disetinobiT)

saqoneli qvemo svaneTSi

საშუალოდ, სვანს ჰყავს: 2 უღელი ხარი, 4-5 ძროხა, 2-3 ცხვარი, რამდენიმე ღორი და ცოტაოდენი ფრინველი.
რძის დამუშავებას ძალიან პრიმიტიულია და სადღვებელზე ან სეპარატორზე სვანს არავითარი წარმოდგენა არა აქვს. სვანები რძისაგან აკეთებენ მხოლოდ ყველს, მაწონს და ხაჭოს, კარაქს სრულებით არ ამზადებენ. ძროხებს მხოლოდ ქალები სწველიან, რადგანაც ვაჟებისთვის ეს ხელობა სათაკილოდ ითვლება.
მეცხენეობა ძალიან სუსტად არის გავრცელებული. ხშირად სვანეთში შეხვდებით ჯორებს, რომლებსაც სვანები ძალიან აფასებენ, როგორც ცხენზე უფრო ამტან და მარდ ტვირთ-მზიდავ საქონელს.
სტატისტიკური ცნობები მესაქონლეობის შესახებ არსებობენ მხოლოდ ქვემო სვანეთისათვის, რომელიც ქვემოდ მოგვყავს.

 

მეფუტკრეობა

მეფუტკრეობის განვითარებისათვის სვანეთში კარგი პირობებია, მაგრამ იგი ჯერ - ჯერობით არ არის სათანადოთ დაყენებული.
ფუტკარი თითქმის უმრავლესობას ჰყავს, ზოგიერთ ოჯახს კი 100 სკაც უდგია. სკები ხის ჯირკებისაგან არის გაკეთებული, იშვიათად შეხვდებით „დადანის“ სისტემის სკას; თაფლის ამოღების დროს სვანი, რომ თავი დაიცვას ფუტკრის კბენისგან, აგდებს მთელ სკის ძირს წყალში, რითიც ახრჩობს ფუტკარს და შემდეგ იღებს თაფლს. რა საკვირველია ასეთი უკულტურო ქცევით არ შეიძლება რომ მეურნეობის ეს დარგი განვითარებულიყო, მაშინ როდესაც რაციონალური მოვლით მას შეეძლო ღირსშესანიშნავი ადგილი დაეკავა სვანურ ეკონომიურ ცხოვრებაში.

svaneTis mefutkreoba

თაფლს სვანები ხმარობენ ოჯახში, ან იშვიათად ჰყიდიან, სანთლისაგან კი აკეთებენ საეკლესიო სანთლებს.

სტატისტიკური ცნობები ქვემო სვანეთის მეფუტკრეობის შესახებ შემდეგნაირია:

 

მონადირეობა

სვანეთის უდაბურ ტყეებში და მიუდგომელ კლდეებში ბევრია სხვადასხვა ნადირი: დათვი, კვერნა, მელია, მგელი, არჩვი, ჯიხვი და სხვა. ამ ნადირზე მონადირეობენ სვანები, და მიუხედავად ნადირობის ძნელი პირობებისა, ისინი კარგი მონადირეები არიან. საჭიროა დიდი შეჩვევა აქაურ კლდეებთან, ფიზიკური ღონე, წინდახედულობა და ამტანი ხასიათი, რომ მონადირე უვნებელად დაბრუნდეს ნადირობიდან. მონადირეობა თითქმის სათაყვანისცემო ხელობათ ითვლება სვანეთში და ნადირობის ქალ-ღმერთს - „დალის“, რომელიც სვანეთის მიუდგომელ მთებში ცხოვრობს და ძალიან ლამაზიაო, სვანები დიდ თაყვანს სცემენ. სვანი სანადიროდ გათენებამდე ჩუმად იპარება, რათა არავინ დაინახოს და თან მიაქვს შესაწირავად არაყი, პური და სანთელი, უკანასკნელს უნთებს დალს და წმინდა გიორგის და გამარჯვებულ დაბრუნებას ეხვეწება. რომ თვალი არ ეცეს სვანის ნადირობას, მან მოკლული ნადირი ისე უნდა მიიტანოს სახლში, რომ არავინ ნახოს, მეტადრე ქალმა. მოკლული ნადირის რქებს სწირავენ ეკლესიას,ჰყიდიან ან ინახავენ ოჯახში, როგორც დასამშვენებელ ნივთს. მოკლულ ნადირს ხორცზე ჰპატიჟებენ მეზობლების და მართავენ ქეიფს. ტყავებისაგან იკერავენ ქურქებს ან ქუთაისში ჰყიდიან საცა უფრო დიდ ფასში გადის კვერნის ტყავი.


სწავლა-განათლება

როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, კულტურულად სვანეთი საქართველოს დანარჩენ კუთხეებთან შედარებით სუყველაზე ჩამორჩენილია. ამ 80 წლის წინ სვანეთში თითქმის სრულებით არ მოიპოვება წერა-კითხვის მცოდნე სვანი; ამჟამად მოსახლეობის 15-20%  წერა-კითხვის მცოდნეა.
ახლა სვანეთის ყოველ საზოგადოებაში გახსნილია სკოლა, სულ კი ამჟამად მთელ სვანეთში მოქმედებს 26 სკოლა, ხოლო სპეციალურ ტეხნიკურ ცოდნის გასავრცელებლად არსებობს სადურგლო, საზეინკლო და კერამიული სახელოსნოები, ამასთანავე ხალხში მესაქონლეობის და მეფუტკრეობის გასავრცელებლად მოწვეულია რამდენიმე სპეციალისტი. 70-მდე ობოლი ბავშვი ჩამოყვანილია თბილისში და იზრდება მთავრობის ხარჯზე თბილისის მთიელთა საბავშვო სახლში; რამდენიმე ახალგაზრდა სწავლობს მუშფაკში.
უკანასკნელ დროს იხსნება სხვადასხვა სოფლებში სამკითხველოები, ამასთანავე წარმოებს წერაკითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო მუშაობა. ამ მიზნით მესტიაში გაიხსნა პირველი სვანეთის კინოც.

საერთოდ მთავრობა აქცევს ყურადღებას, რათა ასწიოს კულტურული დონე მოსახლეობისა; თანხიდან, რომელიც ყოველწლიურად სვანეთზე იხარჯება, 25% ხვდება წილად სწავლა განათლების საქმეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გასაკეთებელია ამ დარგში.



1 2



megobari saitebi

   

01.10.2014