სამეურნეო ცხოვრება ჯავახეთში

ჯავახეთი მდიდარი და ბარაქიანი მხარეა. მთელი შუასაუკუნეების მანძილზე, ვიდრე მას თურქ-ოსმალები დაიპყრობდნენ, იგი ქართლთან ერთად საქართველოს პურის ბეღელს წარმოადგენდა. ისტორიულად მომდინარე და ტრადიციულად მაღალგანვითარებული მისი სოფლის მეურნეობა, როცა ეს ქვეყანა გარეშე თუ შინაური მტრებისგან შედარებით მოსვენებული იყო, ფრიად მასშტაბურ და ინტენსიურ ხასიათს ატარებდა.
ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიის – ''"აღწერა სამეფოსა საქართველოსა"-ს მიხედვით ჯავახეთის მადლიანსა და ბარაქიან მიწა-წყალზე ბევრი სიკეთე ყოფილა. ვრცელსა და ნოყიერ იალაღებზე წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის უამრავი ჯოგი მიმოდიოდა. მისი ტბები და მდინარეები მდიდარი ყოფილა თევზით, აგრეთვე გარეული ნადირ-ფრინველით.
საქართველოში დღემდე საუკეთესოდ ითვლება ჯავახური თაფლი, რომელსაც თავის დროზე დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ. ჯავახეთი ცნობილი იყო აგრეთვე საუკეთესო და უხვმოსავლიანი პურეულით, რაც წერილობით წყაროებთან ერთად სამეურნეო დანიშნულების ძველი ხალხური მატერიალური კულტურის ძეგლებითაც აშკარად დასტურდება. წერილობითი წყაროებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია 'ქართლის ცხოვრება, ვახუშტის გეოგრაფია და'გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი, რომელშიც უხვადაა მოცემული ჯავახეთის სამეურნეო ცხოვრების  ამსახველი ფაქტიური მონაცემები. მაგალითად, თურქ-ოსმალთა მიერ XVI საუკუნის მიწურულში შედგენილი ''გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის'' მიხედვით ჯავახეთის ქრისტიანული მოსახლეობა მემინდვრეობიდან მიღებული, თითქმის ყველა პროდუქტით იყო დაბეგრილი, და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობითაც. თურქ-ოსმალთა მიერ ქართველებზე შეწერილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რაოდენობის გაანგარიშება-შეჯერების შედეგად მ. სვანიძე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გვიანფეოდალური ხანის ჯავახეთის მოსახლეობა, თურქების ბატონობის მიუხედავად, ეკონომიკურად საკმაოდ ყოფილა წელში გამართული.
ჯავახეთის ბარაქიან სამეურნეო ცხოვრებაზე მიგვითითებს აგრეთვე ისიც, რომ ''გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის''მიხედვით, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან ერთად ქართველებს გამოსაღები ზეთსა და თევზჭერაზეც ჰქონდათ შეწერილი. მოძალადე თურქ-ოსმალებს თევზჭერის გამოსაღებით დაბეგრილი ჰყოლიათ ტბისპირა მოსახლეობა. თევზჭერის'' გამოსაღების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ჯავახეთის მრავალთევზიანობაზე ლიტონ ნათქვამად აღარ მოგვეჩვენება. არა თუ წარსულში დღეისათვისაც კი, ჯავახეთის ტბებსა და მდინარეებში თევზი ჯერჯერობით კიდევ საკმაო რაოდენობითაა.
გარდა აღნიშნულისა, თურქ-ოსმალთა შეწერილი ''თევზჭერის'' გამოსაღები აშკარად მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ ჯავახეთში თევზჭერას რეწვის ხასიათი უნდა ჰქონოდა, და არა გასართობ-სამოყვარულო. წინააღმდეგ შემთხვევაში თურქები ასეთ გამოსაღებს ვერ შემოიღებდნენ.
ისტორიული ხასიათის წერილობით წყაროებთან და სამეურნეო დანიშნულების  ხალხურ მატერიალურ ძეგლებთან ერთად, რომლებზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი, ჯავახეთის დოვლათიან ცხოვრებაზე მეტყველებს სხვა მხარეში გადახვეწილი ჯავახელი ქართველის სინანულით ნათქვამი ლექსი:

მე ჯავახეთს რა მიშავდა,
მთვარე იდგა მზესავითა,
კალმახი და ქერის პური
წინ მეყარა ბზესავითა

ამჟამად უკვე არქეოლოგიურ ძეგლებად ქცეული სხვადასხვა ხასიათის სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები აშკარად მიუთითებენ იმაზე, რომ გვიანფეოდალურ ეპოქაში ჯავახეთისთვის დამახასიათებელი იყო მრავალპროფილიანი სოფლის მეურნეობა – მემინდვრეობა, მესაქონლეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა – მესაქონლეობის უპირატესობით. სოფლის მეურნეობის ოთხივე დარგი ინტენსიურ და ფართო ხასიათს ატარებდა და იმ დროსაც კი არ ამოძირკვულა, როცა საქართველოს ეს სამხრეთი ნაწილი თურქ-ოსმალთა უღელქვეშ იყო მოქცეული.
ჯავახეთში საუკუნეების მანძილზე მისდევდნენ  ქერის, ქერჭრელის, დიკის, ასლის, იფქლისა და დოლისპურის ჯიშის ხორბლეულის კულტივიზაციას. საკმაო რაოდენობით მოჰყავდათ აგრეთვე ოსპი, ბარდა, ცერცვი, მუხუდო, სელი და სხვა მემინდვრეობის კულტურები, რომელთაგან ბევრმა თავი ვეღარ შემოინახა და მთლიანად გაქრა სამეურნეო ცხოვრებიდან.
აღნიშნულთან ერთად, ჯავახეთში ძველი მიწათმოქმედების მაღალკულტურულ დონეზე მიგვითითებს აგრეთვე სახვნელი იარაღების ტექნიკურად დაწინაურებული მოდიფიცირებული ნაირსახეობანი და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღების სიმრავლე. ჯავახეთის წარსული სამეურნეო ყოფისთვის დამახასიათებელი სასოფლო სამეურნეო იარაღები – სალეწი, სანიავებელი, საფარცხი, სახვნელი და კიდევ ბევრი სხვა, ეთნოგრაფიული კვლევის საინტერესო ობიექტებს წარმოადგენენ და ზოგიერთი მათგანი უკვე შესწავლილია.
განვითარებული მიწათმოქმედებისათვის, კერძოდ კი მემინდვრეობის ინტენსიური წარმოებისათვის, უკვე ხსენებულ სასოფლო-სამეურნეო იარაღებთან ერთად ჯავახეთში სატრანსპორტო-საზიდი საშუალებებიც საკმაოდ განვითარებული იყო. საუკუნეობრივი   ხალხური ცოდნა-გამოცდილების საფუძველზე შექმნილი იყო ორი სახის ერთღერძიანი ურემი, რომლებიც ბჯისა და სახლის ურმების სახელწოდებით იყო ცნობილი. ''ბჯის ურემი'' დიდი ზომისა იყო და დაახლოებით ტონა-ნახევარ ტვირთს ეწეოდა. ეს ურემი ნამკალ-ნათიბის გადასატანად გამოიყენებოდა. რაც შეეხება ''სახლის ურემს'', იგი შედარებით მომცრო იყო და, როგორც სახელწოდებიდან ჩანს დიდი ტვირთისთვის არ იყო განკუთვნილი. მას იყენებდნენ წისქვილში საფქვავის წასაღებად, სამგზავროდ, ქვისა და ხის მასალის გადასაზიდად.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ წარსული ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელი ორბორბლიანი ურემი, სამხრეთ საქართველოში გავრცელებულ, შუა საუკუნეებიდან მომდინარე ქვის ცხენებსა და ვერძებზე ხშირადაა გამოხატული. ეს ფაქტობრივი მონაცემი იმის მაუწყებელია, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება – ქართული ორბორბლიანი ურემი, ჯავახეთში ძველთაგანვე გამოყენებული ყოფილა. როგორც უკვე ითქვა, ჯავახელ ქართველთა ტრადიციული სამეურნეო ყოფა-ცხოვრება, სხვა ხასიათის მონაცემებთან ერთად არქეოლოგიურ ძეგლებად ქცეული სამეურნეო დანიშნულების ხალხური ნაგებობის მიხედვითაც თვალნათლივ დასტურდება. ასე, მაგალითად: სამხრეთ საქართველოს ეს რეგიონი მარცვლოვანი და საერთო მემინდვრეობიდან მიღებული ფხვიერი ტიპის პროდუქტების შესანახი ჭურჭელ სათავსებითა და სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობების ნაირსახეობით ხასიათდებოდა. ჯავახეთში ჯერ კიდევ საკმაო ოდენობითაა შემორჩენილი მათი ამსახველი რეალიები – საქონლის ღია სადგომების, ზეთსახდელი ქარხნების, ხორბლეულის მიწისქვეშა საცავების – ქვითკირის ხაროების ნანგრევები. აქა-იქ ჯერ კიდევ მთლიანი სახითაა შემონახული ხის ბეღლები – ლაზამბარი და ხელამბარი, საფქვილე და სახორბლე შელესილი გოდრები, კოდები და ჩანახები და მრავალი მისთანანი, რომლებიც მატერიალურად ადასტურებენ ძველი სამეურნეო ყოფა-ცხოვრების დოვლათიანობას.
ხარო, სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელ-სათავსებიდან ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ორგინალურად ნაშენი ტრადიციული ნაგებობა, ხორბლეულის შესანახ, მიწის ქვეშ სპეციალურად ამოშენებულ საიდუმლო საცავს წარმოადგენდა.
თანამედროვე ჯავახეთში ძველქართული ქვითკირის ხაროები აქა-იქ ამჟამადაც საკმაოდ მოიძებნება. მართალია მათმა უმრავლესობამ ჩვენამდე უმთავრესად სანახევროდ დანგრეულ-იავარყოფილი სახით მოაღწია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც იძლევიან იმის საშუალებას, რათა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას ამ სამეურნეო ნაგებობის ფორმა-მოყვანილობასა და გაბარიტებზე.
ჯავახეთის ქართველობა ხაროს უმთავრესად ეზო-კარმიდამოს ფარგლებში აკეთებდა. ზოგჯერ, არცთუ გამონაკლის შემთხვევაში, იგი უშუალოდ სახლის შიგნით – საბძელსა და კარაპანში იყო ამოყვანილი. ჯავახური ხარო, სხვა სამხრეთ ქართულ თანამოძმეთა მსგავსად, მუდამ ქვითკირით იყო ამოყვანილი და მოყვანილობით ქვევრის ფორმას იმეორებდა. იგი ხასიათდებოდა განიერი ტანით, ბრტყელი ძირითადად შევიწროებული ყელით. ჩვენს მიერ ფიქსირებულ ხაროთა უმრავლესობა სიმაღლით, ანუ სიღრმით 3 მ-ს არ აჭარბებდა. მისი წელი ყველაზე განიერ ნაწილში 2 მ-ზე ნაკლები იშვიათად იყო. რაც შეეხება ყელს, მასში მოზრდილი ადამიანი თავისუფლად ეტეოდა. ჯავახელ მოხუცთა გადმოცემით, ადრე უფრო მოზრდილი ხაროებიც ყოფილა, რომლებსაც მათი წინაპრები საპყრობილედაც კი იყენებდნენ.
როგორც უკვე ითქვა, ხაროს ნაგლეჯი ქვითა და კირხსნარის გამოყენებით – ქვითკირით აშენებდნენ. მისი სიღრმე-სიგანე, ანუ მოცულობა, ოჯახის შეძლებასა და დოვლათიანობაზე იყო დამოკიდებული. ხორბლის ჩაყრამდე ხაროს წინასწარ საგულდაგულოდ ამოაშრობდნენ, ცეცხლს ჩაუნთებდნენ. მერე გაანიავებდნენ, ფსკერზე გამხმარ თივას სქლად მოაფენდნენ, და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყრიდნენ შიგ გამშრალ-განიავებულ ხორბალს. ზემოდან კვლავ თივას დააფენდნენ და ქვის სარქველს დაახურავდნენ. თავდახურულ ხაროზე აუცილებლად მიწის სქელი ფენა უნდა დაყრილიყო, რომელსაც საგულდაგულოდ მოასწორებდნენ. ასე საიმედოდ ინახავდა გლეხი მოწეულ წირნახულს.
ხარო მიწისქვეშა საიდუმლო საცავს წარმოადგენდა. მისი ადგილსამყოფელი ხანდახან ისე იყო შენიღბული, რომ არათუ შემოსეულ მტერს, არამედ ზოგჯერ პატრონსაც უჭირდა მიგნება. საგანგებოდ გასაიდუმლოებული, ანდა სხვა რაიმე მიზეზით (მტრის შემოსევის შედეგად სოფლიდან უცბად აყრის გამო) მიტოვებული ხორბლით სავსე ხარო რამდენჯერმე იქნა მიკვლეული სომხებით დასახლებულ ძველქართულ სოფლებში.
საველე-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, საშუალო მოცულობის ხაროში 10 – 15 სომარი ხორბლეული ეტეოდა. თუ ვიანგარიშებთ, რომ ერთი 16 ფუთს უდრის, მაშინ საქმე 200 – 250 ფუთ ხორბლეულთან გვექნება. იგივე საველე ეთნოგრაფიული მონაცემებით, ჯავახეთში უფრო დიდი მოცულობის, დაახლოებით 20 სომარიანი ხაროებიც ყოფილა. აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ საშუალო შეძლების ოჯახს ყოველთვის ორი ხარო ჰქონდა. ყოველივე ეს ერთად აღებული იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ ჯავახეთის წარსული სამეურნეო ყოფისთვის დამახასიათებელი მემინდვრეობა მართლაც მასშტაბური ხასიათისა უნდა ყოფილიყო.
ხაროში ხორბლის შენახვის ხანგრძლივობა ნიადაგსა და ხორბლის ჯიშზე ყოფილა დამოკიდებული. კარგად გამომშრალი ხორბალი, სათანადო ნიადაგურ პირობებში, თითქმის თხუთმეტიოდე წლის განმავლობაში ინახებოდა.
სხვადასხვა მიზეზის გამო, ხაროში, არცთუ იშვიათად, მავნე გაზები გროვდებოდა და შიგ ჩასვლა ადამიანისთვის საშიში იყო. ამიტომ, როცა ხორბლის ამოღება უნდოდათ მას სარქველს მოხდიდნენ და რამდენიმე ხანს ასე ტოვებდნენ. ამის შემდეგ, შემოწმების მიზნით, შიგ ქათამს ჩასვამდნენ. თუ ქათამი  გაიგუდებოდა, მაშინ ხაროში ჩასვლა ადამიანისთვის საშიში იყო.
საველე-ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა, რომ ჯავახეთში ჩამოსახლებულ სომხებს ქვითკირის ხაროების მშენებლობის ტრადიცია არ ჰქონიათ. მაგრამ მის სამეურნეო დანიშნულებაში მალე გარკვეულან და კარგად შემონახული ხაროები სათანადოთაც გამოუყენებიათ. ადგილობრივი ქართველების მიბაძვით ხაროში ისინიც ჯერ ხორბალს ინახავდნენ. მაგრამ სულ მალე XIX საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან კარტოფილის კულტურის დანერგვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, ხაროები ამ უკანასკნელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შესანახ ორმოებად გადააქციეს.
ჯავახეთში ქვითკირის ხაროს შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანსა და დიდი ტევადობის სამეურნეო დანიშნულების საცავ-ჭურჭლეულს წარმოადგენდა ლაზამბარი, რომლის გაკეთების ტრადიცია ლაზმა ხითხუროებმა დანერგეს სამხრეთ საქართველოში. ამგვარ ამბრებს თავდაპირველად საშოვარზე ჩამოსული ლაზი ოსტატი ხუროები აკეთებდნენ. მაგრამ შემდეგ, ადგილობრივი ქართველობა მისი გაკეთების ხელოვნებას ისე დაეუფლა, რომ თითქმის შეუძლებელი ყოფილა მათი და ლაზი ხელოსნების ნახელავის გარჩევა.
ლაზამბარს თავდაპირველად ფიჭვის ნათალი ფიცრებისგან აკეთებდნენ. ბოლო ხანებში, დაახლოებით XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ნახერხ-გარანდულ მასალას ეძლეოდა უპირატესობა. სუფთად გარანდულ ფიცრებისგან მტკიცედ და კოხტად შეკრული ლაზამბარი (ლაზური ამბარი) საკმაოდ დიდი ტევადობის ჭურჭელ-სათავსს წარმოადგენდა. მისი საშუალო სიგრძე 18 – ''ფეხს'' (ადამიანის ტერფის ზომა) აღწევდა, სიგანე 15-16 – ''ფეხს', ხოლო სიმაღლე – 7-8 მტკაველს. ლაზამბარი სამი ნაწილისგან – ხაროსგან შედგებოდა. ყოველ ხაროს საკუთარი ხის სარქველი ჰქონდა მორგებული და მუდამ ერთი და იგივე ფხვიერი პროდუქტის შესანახად გამოიყენებოდა. ერთ ხაროში ყოველთვის ხორბალს ყრიდნენ, მეორეში – ქერს, მესამეში – რომელიმე პარკოსან კულტურას, უპირატესად კი ცერცვს.
ლაზამბარის შიგნით, ხაროების წინ, გამართული იყო ხაროების სარქველებთან მისადგომი ბაქანი – ფულაყა. ადამიანი ამ ფულაყის საშუალებით შედიოდა ლაზამბარში და უშუალოდ მიადგებოდა მისთვის სასურველ ხაროს. ლაზამბარი გარედან ურდულიანი ხის კარით იკეტებოდა. ბოლო ხანებში ურდული რკინის კოჭებმა და ბოქლომმა შეცვალა.
აღნიშნული სახის სამეურნეო დანიშნულების საცავ-ჭურჭლეულს, ჯავახეთის წარსული ყოფისთვის დამახასიათებელ ბანიან საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობა-კომპლექსში თავისი ადგილი უპირატესად კარაპანში ჰქონდა მიჩნეული.
ჯავახეთის ქართველობაში ლაზამბარის კეთების ტრადიცია ჩვენი დროის 30-იანი წლებიდან თანდათან მივიწყებას მიეცა. იგი აქა-იქ შემორჩენილია როგორც ეთნოგრაფიული რეალია, და თავისი არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლის.
ძველქართული ხალხური მატერიალური კულტურის ძეგლების სიუხვის თვალსაზრისით, ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო სოფელს წარმოადგენს ჯავახეთის მტკვრის, ანუ იგივე ფარავნის წყლის მარცხენა მხარეს არსებული ჯიგრაშენი. ეს სოფელი ორი ძველი და ახალი, ნაწილისგან შედგება და თურქეთიდან მოსული სომხებითაა დასახლებული. ჯიგრაშენის ძველ ნაწილს სოფლის ისტორიული ტერიტორია უკავია და იგი უშუალოდ, ჯავახეთის მტკვრის მიერ გაჭრილ ქარაფოვანი კანიონის თავზეა განლაგებული. სოფლის მეორე, ახალი ნაწილი, საკოლმეურნეო ცხოვრების შედეგად წარმოქმნილი, ახალქალაქ-ბოგდანოვკის გზადკეცილის სიახლოვეს მდებარეობს. ჯიგრაშენის თანამედროვე, ახალი ნაწილის დასახლება გაშლილია და ბაღ-ბოსტანში ჩადგმული სახლ-კარით ხასიათდება. ყოველი სახლ-კარი ყორით ან მავთულის ცხაურა ღობითაა შემოკავებული. საცხოვრებელი და მასთან დაკავშირებული სამეურნეო ხასიათის ნაგებობანი ახლებურადაა მოწყობილი. სოფლის ამ ნაწილში ძველებური ბანიანი ნაგებობების მშენებლობა კარგა ხანია უარყოფილია. დაახლოებით იგივე ითქმის იმ სოფლების ახალი უბნების შესახებ, რომლებიც ვაკე ადგილებზეა განლაგებული.
რაც შეეხება ჯიგრაშენის ძველ, მის ისტორიულ ნაწილს, სადაც 1971 წლისთვის ახალი ტიპის სახლებს ჯერ კიდევ ძველებური ბანიანი ნაგებობები სჭარბობდა, იგი ისევე ძველ, ჯგუფურ დასახლებას ექვემდებარება. საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობისაგან შექმნილი ცალკეულ ოჯახთა, განსაკუთრებით მოგვარეთა, სახლ-კარი ერთმანეთზეა მიდგმულ-მიშენებული. სოფლის ამ ნაწილშია თავმოყრილი უკვე არქეოლოგიურ ძეგლებად ქცეული ქართული ხალხური მატერიალური კულტურის ნაშთები, რომლებიდანაც პირველ რიგში აღსანიშნავია ქვის უზარმაზარი ვერძი და კლდეში ნაკვეთი საბაღბოსტნე ტერასები.
ვერძი და მის წინ არსებული ქვისავე ბატკნის ქანდაკება უშუალოდ ქარაფოვანი კანიონის პირას, საკოლმეურნეო ბოსლის უკანა ეზოშია დადგმული. ამაყად თავშემართული, მონოლიტური ქვისგან გამოქანდაკებული ვერძი ნატურალურზე თითქმის ხუთ-ექვსჯერ დიდია. შეღერებულ ყელზე შემოვლებული აქვს რელიეფურად გამოქანდაკებული საყელური. საყელურის ქვედა ნაწილზე უშუალოდ მკერდზე, ასევე რელიეფური ქანდაკით გამოყვანილია ჯვარი, რომელიც თავისი ფორმით ბოლნურს წააგავს. ვერძის ამაყად შემართულ თავს მორკალურად გამოყვანილი რქები ამშვენებს. უყურადღებოდ არც მისი ტანია დატოვებული. საქართველოში გავრცელებული ქვის ცხენ-ვერძებისგან განსხვავებით, რომელთაც ტანზე უამრავი საგნები აქვთ გამოხატული, ჯიგრაშენის ვერძზე'' მხოლოდ ერთი ნივთია – მეტიურა ცული. ამგვარი მოყვანილობის ცული მეცნიერებაში კოლხური ცულის გვიანდელ ანალოგიადაა მიჩნეული.
ჯიგრაშენული ვერძი ნატიფი ხელოვნებითაა გამოკვეთილი და მის კონფიგურაციაში თვალნათლივ შეიგრძნობა გალაღებული ვერძის, მამრის შეუდრეკელი სიძლიერე, რაც აშკარად მეტყველებს მისი ავტორის მაღალხელოვნებაზე.
ჯიგრაშენული ვერძის ორიენტაცია სამხრეთის მიმართულებითაა. მის წინ, ასევე სამხრეთის ორიენტაციით, თავჩაქინდრულ პოზაში ნატურალური ზომის ქვის ბატკანია გამოქანდაკებული, ვერძისა და ბატკნის ქანდაკებაში ქვის კვეთის ერთი და იგივე ტექნიკა და ხელოვნება შეინიშნება. ასევე ითქმის მათ ფორმა-მოყვანილობაზე.

ეჭვს გარეშეა, რომ ქვის ორივე ქანდაკება ერთი და იგივე ოსტატის თუ არა, მასწავლებელ-მოწაფის ნახელავი მაინც უნდა იყოს.
ქვისგან გამოქანდაკებულ ცხვარ-ვერძებთან და ცხენებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჯავახეთი მათი გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ კერას წარმოადგენს საქართველოში, ჯავახეთში ამჟამად თითქმის არ არის ისეთი სოფელი, ანდა ნასოფლარი მათი ნაშთი რომ არ იყოს შემორჩენილი. ქვის ცხვარ ვერძებისა და ცხენების სიმრავლე ჯავახეთში დადასტურებული აქვთ ივ. როსტომაშვილს, ექ.თაყაიშვილს, ნ. ბერძენიშვილს, ს. მაკალათიასა და ბევრ სხვას. ველზე წარმოებული მრავალი წლის კვლევა-ძიებისას ჩვენც არაერთხელ დავრწმუნებულვართ მათი გავრცელების სიხშირეში.
ჯავახური ცხვარ-ვერძებისა და ცხენთა ქანდაკებები ქვაზე კვეთის ტექნიკის, ფორმა-მოყვანილობისა და მათ ტანზე გამოხატული იარაღებისა და ნივთების მიხედვით, სხვა სამხრეთ ქართული თანამოძმეებისაგან არ განსხვავდებიან. პირიქით, ისინი ერთმანეთთან გენეტიკურ კავშირში არიან. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს უკვე ხსენებული 'ჯიგრაშენული ვერძი, რომლის მხატვრულ სკულპტურულმა ანალოგებმა სამწუხაროდ, ჩვენს დრომდე ვერ მოაღწიეს.
ქვისგან გამოკვეთილი ცხვარ-ვერძებისა და ცხენების ქანდაკებათა აქა-იქ შემორჩენილი უმრავლესობა, ამჟამად ძირითად ძველქართულ სასაფლაოებსა და ეულად მდგარ საყდარ-ნასაყდრალებთანაა. ჩვენდა სამწუხაროდ, დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად მათი რიცხვი თანდათან კატასტროფულად მცირდება. ანგრევენ, ეზიდებიან სხვა რესპუბლიკებში. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, შორს არაა ის დღე, როცა ქართველი ხალხის გენიით შექმნილი ეს ხელთუქმნელი და უნიკალური ძეგლები აღიგვებიან პირისაგან მიწისა.
საფლავის ძეგლად გამიზნული ჯავახური ცხვარ-ვერძი უმეტესად ნატურალური ზომისაა და ძირითადად თავჩაქინდრულად არიან გამოქანდაკებული. მათ, ისევე როგორც ქვის ცხენებს, ფეხები არა აქვთ. ქანდაკების საფუძველი, რომელშიაც ფეხები უნდა იგულისხმებოდეს მთლიანად მიწაშია ჩადგმული. მიწის ზემოთ დატოვებული ქანდაკების კორპუსზე ყველა შემთხვევაში რელიეფურად გამოხატულია მიწათმოქმედისა და მწყემსის ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ინვენტარი – კომბალი, გუთანი, ნაბადი, ჯამი, დოქი, ხურჯინი, ხანჯალი, ხმალი და არც თუ იშვიათად თოფი. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ქანდაკება პირდაპირ მიუთითებს მიცვალებულის საქმიანობაზე, პროფესიაზე, ისეთ ქანდაკებაზე, რომლის გვერდებზეც გამოხატულია მხოლოდ კომბალი, ნაბადი, ხანჯალი, და ზოგიერთ შემთხვევაში ბატკანიც, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ იგი მწყემსისთვისაა განკუთვნილი. ხოლო, რომლებზედაც გუთნეულია გამოხატული აუცილებლად მიწათმოქმედ მეურნეს უნდა ეკუთვნოდეს.
ქანდაკების იგივე ტექნიკა და ხელოვნებაა გამოყენებული ქვის ცხენებში, რომლებიც, ამჟამინდელი გავრცელების სიხშირის მიხედვით, ცხვარ-ვერძებს არ ჩამორჩებიან. ქვისაგან ნაქანდაკარი ნატურალური ზომის ცხენზე ხუთ-ექვსჯერ მცირეა. ქვის ცხენი, როგორც წესი, მუდამ შეკაზმული სახითაა გამოქანდაკებული. ზედ რელიეფურად გამოყვანილია მოსართავები, სადავე, ლაგამი, უზანგი და უნაგირი, რომელიც ფომითა და მოყვანილობით ინგლისური ტიპის უნაგირს ჩამოჰგავს. ეს კი იმის მაუწყებელი უნდა იყოს, რომ XIX საუკუნეში საყოველთაოდ გავრცელებულ ქართულ-კავკასიური ტიპის უნაგირამდე საქართველოში სხვა ტიპის უნაგირიც ყოფილა, რაც თავის მხრივ ფრიად საყურადღებო ფაქტიურ მონაცემს წარმოადგენს.
ცხვარ-ვერძების ანალოგიურად, ქვის ცხენების სხეულზე, გარდა უკვე აღნიშნულისა, რელიეფურადაა გამოხატული საბრძოლო იარაღები: შურდული, შუბი, ფარი, ხმალი, სატევარი, დამბაჩა, თოფი, საპირისწამლე. არცთუ იშვიათად, გამოქანდაკებულია აგრეთვე ყანწი და ტიკი. ცხენის ტანზე გამოხატული კონკრეტულად დაჯგუფებული საბრძოლო იარაღები საშუალებას იძლევა მეტ-ნაკლები სიზუსტით დავათარიღოთ ესა თუ ის ქანდაკება. მაგალითად, ზოგიერთი ცხენის ქანდაკებაზე გამოხატულია მხოლოდ ცივი საბრძოლო იარაღები საშუალებას იძლევა მეტ-ნაკლები სიზუსტით დავათარიღოთ ესა თუ ის ქანდაკება. მაგალითად, ზოგიერთი ცხენის ქანდაკებაზე გამოხატულია მხოლოდ ცივი საბრძოლო იარაღები – შუბი, შურდული, ხმალი და ფარი. ზოგზე გამოკვეთილია ერთიც და მეორეც, ე. ი. ცივიც და ცეცხლსასროლიც. საბრძოლო იარაღთა ასეთი დაჯგუფება რაღაც გარკვეულ კანონზომიერებაზე უნდა მეტყველებდეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ის ცხენი, რომელზედაც შურდული, შუბი და ხმალია გამოხატული უფრო ძველია, ვიდრე ის, რომელზედაც ცივთან ერთად ცეცხლმსროლელი იარაღებიცაა. ჯავახეთისათვის დამახასიათებელი ქვისგან გამოქანდაკებული ცხენ-ვერძები, რომლებიც ქართული ხალხური ხელოვნების იშვიათ ძეგლებს წარმოადგენენ, იმითაც არიან საყურადღებონი, რომ ისინი ერთდროულად ფეოდალური ხანის სამხრეთ საქართველოს სამეურნეო ყოფისა და მატერიალური კულტურის ამსახველ ფაქტიურ მონეაცემებსაც შეიცავენ. ასე რომ, აღნიშნული ძეგლები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები მიცვალებულის სახელის უკვდავსაყოფად იყენებდნენ წარსული ცხოვრების შესწავლის ერთ-ერთ თავისებურსა და უტყუარ წყაროს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით არანაკლები მნიშვნელობისაა ძველ ქართულ სასაფლაოებზე შემორჩენილი საფლავის ლოდები, რომლებზედაც, ცხენ-ვერძთა მსგავსად, გამოხატულია მიცვალებულის საქმიანობის ამსახველი საგნები და ინვენტარი.
როგორც უკვე ითქვა, ჯავახეთში ჩამოსახლებულ სომხებს ადგილზე დახვდათ სოფლები და ახლად მიტოვებული ნასოფლარები, სახცოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა ჯერ კიდევ გამოსაყენებლად ვარგისი კომპლექსები, და საერთოდ, ქართული ხალხური მატერიალური კულტურის უამრავი ძეგლები, რომლებიდანაც უმრავლესობა მზამზარეულად აითვისეს და მოთხოვნილებისამებრ გადააკეთეს. ათვისებულთა შორის იყო სახცოვრებელი თუ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი, ეკლესიები, ძველი ქართული სასაფლაოები და ა. შ.
ძველ ქართულ სასაფლაოებზე ჩამოსახლებულთ საფლავის ჩვეულებრივი ლოდების გარდა ქვისგან გამოკვეთილი ცხენ-ვერძთა ქანდაკებებიც საკმაო რაოდენობით დახვდათ. სულ მალე მათი წაბაძვით სომხებმაც დაიწყეს საფლავის ძეგლებად ქვის ცხენ-ვერძების გამოყენება. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ სათანადოდ ვერ აითვისეს ქართველებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ხელოვნება. ქართველთა მიბაძვით გამოქანდაკებული სომხური ცხენ-ვერძები კუთხოვანი კონფიგურაციით ხასიათდებიან. ისინი ტლანქად და უსიცოცხლოდ არიან გამოქანდაკებული. ამის დამადასტურებელ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს წინამდებარე ნაშრომში მოთავსებული, ს. დილითის (ძვ. დლივი) ძველ ქართულ სასაფლაოზე სომეხთა მიერ აღმართული ქვის ცხენების სურათი.
კვლავ დავუბრუნდეთ ჯიგრაშენს. ჯავახეთის სოფელ-ნასოფლართა უმრავლესი ნაწილისა არ იყოს, ჯიგრაშენშიც თვალნათლივაა შემორჩენილი ქვითკირის სახორბლე ხაროებისა და ზეთსახდელი ქარხნების ნაშთები და ქართველთა წარსული ყოფა-ცხოვრების ამსახველი სხვა რეალიები, რომლებიდანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ტერასული მეურნეობის უნიკალური სისტემა.
ხელოვნურად გაკეთებულ ტერასებზე წარმოებული მეურნეობა ჯავახეთისთვის უცხო როდია, პირიქით, იგი დამახასიათებელი და ოდითგანვე ტრადიციულად მომდინარე იყო, რომლის დამადასტურებელი ფაქტობრივი მონაცემები ჯერ კიდევ საკმაოდაა შემონახული. მაგალითად, ჯავახეთის მტკვრის ქვედა წელში, ტერასებზე გაშენებულ ხეხილის ბაღებს დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი. მაგრამ, ყველა სხვასთან შედარებით, ჯიგრაშენში არსებული იშვიათობის კატეგორიას განეკუთვნება.
ჯიგრაშენის ძველ ნაწილში, უშუალოდ ჯავახეთის მტკვრის მიერ შექმნილი ქარაფოვანი კანიონის ჩაყოლებაზე, ალაგ-ალაგ კიბისებური პატარა ბაქნებია გაკეთებული. ასეა შექმნილი ხელოვნური სამიწათმოქმედო სავარგული, ბაქან-ტერასა, რომელთა ფართი 2-5 კვ მ-ს შორის მერყეობს. ყოველი სატერასე სავარგული, გარდა იმისა, რომ კლდეში ღრმადაა შეჭრილი, ირგვლივაც ქვებითაა შემოკავებული. ამგვარად შემოკავებული რამდენიმე ათეული ბაქან-ტერასა დავითვალეთ, რომლებიც 1975 წელს კვლავ მოქმედებაში იყო.
სოფელში ორი ძველი წყაროა, რომლებიც დღეისათვის დაშრობის სტადიაშია. ამჟამად სახელმწიფოს მიერ ს. დილითიდან მილებით გამოყვანილი იქნა მშვენიერის სასმელი წყალი. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ჯიგრაშენი მაინც ურწყავ ადგილად ითვლება. როგორც ჩანს, ისტორიულადაც ასევე უნდა ყოფილიყო. ქარაფოვან ხრამში გამოკვეთილი ტერასები სარწყავ წყალს მოკლებული ყოფილან. მაშინ რა ფასი უნდა ჰქონოდა ურწყავ სავარგულს, და ისიც ხელოვნურად გაკეთებულ ბაქან-ტერასას? საქმე სულ ასე როდი იყო. ეს ტერასები უწყლობას არ განიცდიდნენ და აი, რატომ: აღნიშნული ტერასების თავზე, მთელ გაყოლებაზე ჩვენი წინაპრების მიერ კლდეში გამოკვეთილი პატარა წყალსატევებია განლაგებული. ორმოსებური მოყვანილობის ამ წყალსატევების დიამეტრი საშუალოდ ერთ მეტრს აღწევს. მათი სიღემე 30 – 40 სმ შორის მერყეობს. ყოველი წყალსატევის მტკვრისპირა მხარე, ფსკერთან გახვრეტილია და წარმოადგენს წყალსაწრეტს, რომელიც მუდამ დაგმანულ მდგომარეობაში იყო; მას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აღებდნენ. წყალსაწრეტის გარე მხარეს ტერასების მიმართულებით, სპეციალურად გაჭრილი წვრილი არხები ჰქონდა და ამ არხებით მიედინებოდა წყალი ტერასებისაკენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ტერასები ჯგუფურადაა გამოკვეთილი. თითო ჯგუფში სამი-ოთხი ტერასაა თავმოყრილი. ასე რომ, ყოველ ცალკეულ ჯგუფს თავისი საკუთარი სარწყავი სისტემა გააჩნია და მას მხოლოდ ამ უკანასკნელით უნდა ესაზრდოვა აღნიშნულთან დაკავშირებით, ბუნებრივია მკითხველს დაებადება კითხვა სარწყავ სისტემა-ორმოებში საიდან გროვდებოდა წყალი? ყოველ წყალსატევის თავში დღესაც შესამჩნევადაა მინიატურული წყალშემკრები არხები. ამ არხების საშუალებით შეკრებილი წვიმის წყალი გროვდებოდა სარწყავ წყალსატევში. გარდა ამისა, როგორც მოხუცებმა გადმოგვცეს, წყალსატევების ავსება სოფლის წყაროს საშუალებითაც ყოფილა შესაძლებელი. ჩვენს მიერ მოხსენიებული ორივე ძველი წყარო ხელოვნურ წყალსატევებიდან ორასიოდე მეტრითაა დაშორებული. ამ სამოცი-სამოცდაათიოდე წლის წინ წყაროდან ტერასებისკენ მიმავალი პატარა არხი ჯერ კიდევ შესამჩნევი ყოფილა. ჯიგრაშენში დასახლებულ სომეხთა წინაპრებს, რომლებიც მალე გარკვეულან ტერასების, წყალსატევებისა და წყაროს არხის მნიშვნელობაში სათანადოდ გამოუყენებიათ ჩვენს წინაპართა მარჯვენით შექმნილი სატერასე სისტემა. იგივე სომეხი მოხუცების გადმოცემით, მათ მამა-პაპათაგან, ვისაც კი შრომა არ ეზარებოდა, საბოსტნეებად აუთვისებიათ ტერასები. მაგრამ, როგორც ჩანს, აუთვისებიათ მხოლოდ მათი ზედა წყება და ისიც ნაწილობრივ. დანარჩენი, ანუ მათი ძირითადი ნაწილი უყურადღებოდ დაუტოვებიათ.
დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, ხელმეორედ ათვისებული ტერასების უმრავლესობა კვლავ უყურადღებოდ მიუტოვებიათ. ამგვარად, ბუნების ძალების ზემოქმედებითა და ადამიანის არცთუ პასიური დახმარებით, ქართველი კაცის გამრჯე მარჯვენით შექმნილი უნიკალური სატერასე სისტემა სანახევროდ განადგურებული იქნა.
მხოლოდ ერთი სოფლის, ჯიგრაშენის მაგალითიდან დავინახეთ, თუ რაოდენ მდიდარია ჯავახეთის ქართული ხალხური მატერიალური ძეგლებით, რომლებიდანაც ზოგიერთი მართლაც რომ უაღრესად მაღალგანვითარებული ყოფაცხოვრების მაუწყებელ უტყუარ ფაქტს წარმოადგენს. ერთ-ერთ ასეთ სამეურნეო დანიშნულების მატერიალური კულტურის ძეგლს განეკუთვნება ზეთსახდელი ქარხანა, რომელიც ჯავახეთში ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ხალხურ საწარმოს წარმოადგენდა.
ვახუშტი ბატონიშვილის ''გეოგრაფიისა'' და ''გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის'' მიხედვით გვიანფეოდალური ხანის ჯავახეთში, ქართველებს, სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან ერთად სელიც საკმაო რაოდენობით მოჰყავდათ. ამაზე მეტყველებს ხალხური ზეთსახდელი ქარხნების გავრცელების სიხშირე. ჯავახეთში იშვიათია ისეთი სოფელი, სადაც ზეთსახდელების ნაშთები არ მოიპოვებოდეს. სანახევროდ დანგრეული ზეთსახდელების ნაშთები ამჟამადაც საკმაოდ თვალნათლივ დასტურდება სომხებით დასახლებულ ისეთ სოფლებში როგორიცაა: თორია, ეშტია, დილითი, განძა, ჯიგრაშენი; აგრეთვე ბარალეთი, მურჯახეთი, კოთელია და სხვა სოფელი თუ ნასოფლარი. მაგალითად ს. თორიაში (რომელსაც ს. ჯიქიას გამოკვლევით თორიო უნდა რქმეოდა) თურქეთიდან ჩამოსახლებულ სომხებს ქართული ხალხური მატერიალური კულტურის სხვა ძეგლებთან ერთად (ჯერ კიდევ საცხოვრებლად ვარგისი რამდენიმე სახლი, ორი პატარა საყდარი, ქვითკირის ხაროები, ქვისგან გამოქანდაკებული ცხენ-ვერძები) ადგილზე დახვედრიათ, თითქმის ხელუხლებელი ზეთსახდელი. მის სამეურნეო დანიშნულებაში მაშინვე მიმხვდარან ჩამოსახლებულნი, შეუკეთებიათ აქა-იქ დაზიანებული კედლები. ზოგიერთი ხის ნაწილი გამოუცვლიათ და სულ ორიოდე წელიწადში, მას შემდეგ, რაც სელის კარგი მოსავალი მოუყვანიათ, მთელი სიმძლავრით აუმუშავებიათ. ანალოგიურ ვითარებას ჰქონდა ადგილი ეშტიაში, ფოკაში, განძასა და ზოგიერთ სხვა სოფლებში მაცხოვრებელ სომეხთა წარსულ სამეურნეო ყოფაში. ქართველთა ნაგები და სომხების მიერ განახლებული ზეთსახდელი ქარხნები, თითქმის ჩვენი დროის ოციან წლებამდე იყო გამოყენებაში. სამწუხაროდ სელი, ეს ძვირფასი სასოფლო სამეურნეო კულტურა, რატომღაც მივიწყებულ იქნა, და შესაბამისად ამისა ზეთსახდელებმაც დაამთავრეს თავიანთი ცხოვრება.
ზეთსახდელების გავრცელების სიხშირესთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ სოფელში ეს ხალხური საწარმო ორზე მეტიც კი ყოფილა. ასეთ სოფლებს განეკუთვნება: ბალანთა, ჭიხარულა, მოლითი (სამივე სოფელი ტერიტორიულად ამჟამად ბორჯომის რაიონზეა მიწერილი), ბალხო, ზაკვი, საღამო, ბარალეთი და სხვა. ყოველივე ზემოთქმული კი იმის მაუწყებელია, რომ ჯავახეთში მართლაც დიდი რაოდენობით მოჰყავდათ სელი.
ჯავახეთში ორნაირი სელი ითესებოდა – ბრტყელი და გრძელი. გრძელი სელის ბოჭკოსაგან კარგი ქსოვილი მზადდებოდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სოფელში ფართოდ შეჭრილმა ფაბრიკულმა მატყლის ქსოვილმა სწრაფად განდევნა სელის ქსოვილი. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, გრძელი სელის შემდგომ კულტივაცის აზრი აღარ ჰქონდა. ბრტყელი სელიდან კარგი და ბევრი ზეთი გამოდიოდა. ამის გამო შემოინახა მან კარგა ხანს თავი.
აგვისტოს მიწურულს, როცა სელი კარგად მოიწეოდა, მოთიბავდნენ. საძნე, ანუ იგივე ''ბჯის ურმით'', კალოზე მიიტანდნენ და პატარა ურემზე გამობმული კევრით ლეწავდნენ. ურმისა და კევრის დამძიმება ან ზედ დაჯდომა არ შეიძლებოდა. ხორბალთან შედარებით, სელი მსუბუქად უნდა გალეწილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სელის მარცვალი იმტვრეოდა და მისი შემდგომი გამოყენება ძნელდებოდა.
კალოზე გალეწილ სელის მარცვალს ჩვეულებრივ გაანიავებდნენ, გაასუფთავებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანდნენ ზეთსახდელში.
ჯავახური ზეთსახდელი ქარხანა ორი ნაწილისგან შემდგარი ერთი დიდი ბანიანი შენობა იყო. იგი შენდებოდა ჩვეულებრივად, ისევე როგორც საცხოვრებელი სახლი. უშუალოდ მის დიდ ნაწილში, რომლის ფართიც საშუალოდ 30 – 40 კვ. მ-ს შორის მერყეობდა, იყო გამართული ზეთის სახდელი მოწყობილობები. აქ იყო ქვის პატარა კალო, სელის საწნეხი დიდძელიანი ხის ჭახრაკი და მის ქვეშ არსებული ზეთის მოსაგროვებელი ქვის გეჯა.
ზეთსახდელი კალო ქვის ფილებით მოფენილი და ქვისავე ბორდურშემოვლებული სალეწი იყო. მისი დიამეტრი იშვიათად აღემატებოდა სამ მეტრს. კალოს ცენტრში ჩამაგრებული იყო რკინის პალო, რომელზედაც, თავის მხრივ, ჩამოცმული იყო ხელნა – გამწევი ძალის შესაბმელი მარტუღელი. მარტუღელი გადიოდა სალეწი დოლაბის – გელაზის ცენტრში და მერე იქედან – კალოს გარეთ, სადაც უკვე გაკეთებული ჰქონდა საკისრე, ანუ იგივე საქედე კორა და ტაბიკები. ქვის სალეწი დოლაბის – გელაზის სატრიალებლად ძირითადად კამეჩი გამოიყენებოდა. თუ კამეჩი არ იყო, მაშინ მას საგანგებოდ შერჩეული ღონიერი ხარით ცვლიდნენ. გამწევ ძალას ქედზე დაადგამდნენ მარტუღელს, ტაბიკებს შეკრავდნენ აპეურებით და ... საქონლის ძალას მოძრაობაში მოჰყავდა გელაზი. საქონელი კალოს გარშემო დადიოდა, გელაზი კი უშუალოდ შიგ კალოში მოძრაობდა, და ასე ილეწებოდა სელის მარცვალი, რომელსაც პერიოდულად ფიწალით ურევდნენ, ფენაფენა აწყობდნენ, რათა უკეთ გალეწილიყო.
ქვის კალოზე გალეწილი სელის მარცვალი ამის შემდეგ გადაჰქონდათ ზეთსახდელის მეორე განყოფილებაში, რომელიც პირველთან შედარებით რამდენიმე მცირე ოთახს წარმოადგენდა. შენობის ამ ნაწილში მოწყობილი იყო ღია, ბრტყელსახურავიანი ფურნე, რომელზედაც ყრიდნენ გალეწილ სელს. ფურნეს ქვემოდან შეუკეთებდნენ, კარგად გაახურებდნენ და მოხალავდნენ ზემოდან დაყრილ სელს. სელი მოხალვის შემდეგ აუცილებლად უნდა გაცრილიყო, რისთვისაც ფურნის გვერდით, ჭერზე ჩამოკიდებული იყო დიდი საცერი.
გაცრილი სელის მასას კვლავ ზეთსახდელის მეორე, დიდ ნაწილში გადაიტანდნენ და მოგრძო ოთხკუთხედად მოქსოვილ სქელ ქსოვილზე დაყრიდნენ, რომლებსაც შემდეგ კონვერტისებურად კეცავდნენ. ამგვარად დაკეცილ ხუთ-ექვს შეკვრას ქვის გეჯაში ჩააწყობდნენ და ზემოდან საგანგებოდ გამოთლილ სქელ ფიცრებს დააწყობდნენ. ყოველივე ამის შემდეგ საწნეხ ძელს, ჭახრაკს დაატრიალებდნენ და წნეხდნენ ... ასე იხდებოდა ზეთი. იგი გეჯის ძირში დატანებული სპეციალური ხვრეტილით გამოდიოდა და გროვდებოდა ხის გობში, რომლიდანაც მას სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში ასხამდნენ.
სელი და მისი ნაწარმი ჯავახეთში ფართოდ გამოიყენებოდა. როგორც უკვე ითქვა, სელის ბოჭკოსგან ამზადებდნენ ძაფს, რომლითაც დაზგაზე იქსოცებოდა სხვადასხვა დანიშნულების ქსოვილი – ქვედა და ზედა ტანსაცმლისთვის, ურმის ჩარდახის საფარად, სატომრედ, საფენად და ა. შ.
ქვის კალოზე გალეწილი, მოხალული და დაწნეხის შედეგად მიღებული სელის ზეთი გამოიყენებოდა საჭმლის დასამზადებლად, ჭრაქისთვის, ხარ-კამეჩის ქედის გასაპობად და ხალხურ მედიცინაში. მთელ გვიანფეოდალურ ხანასა და XIX საუკუნეში ჯავახური ზეთი გასაყიდათ გაჰქონდათ იმერეთში, შიდა ქართლში, მეზობელ სომხეთსა და თურქეთში.
ამას გარდა, ქვის გეჯაში დარჩენილი გაწურული სელის მასა – კოპტონი გამოიყენებოდა. კოპტონის საქონლის მაღალკალორიული საკვებია, რომელიც პირველ რიგში ეძლეოდა ზეთსახდელში მომუშავე საქონელს და ბაგურ კვებაზე მყოფ ძროხებს, რადგან რძეს მაღალცხიმიანობას აძლევდა. ასევე მაღალცხიმიანობითა და იშვიათი გემოთი გამოირჩეოდა ამ რძისგან დამზადებული ყველი.
საქონელთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჯავახეთში ოდითგანვე მისდევდნენ მათ სელექციას. სხვადასხვა ჯიშების შეჯვარების შედეგად გამოჰყავდათ უფრო გამძლე,  მეტი რძის მომცემი და ხორციანი მსხვილფეხა საქონელი. ინტენსიურად წარმოებულ მემინდვრეობასთან ერთად მესაქონლეობაც (განსაკუთრებით მსხვილფეხა მესაქონლეობა) ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა. ვახუშტი ბატონიშვილს ჯავახეთის შესახებ შემთხვევით როდი აქვს ნათქვამი –'ცხოვარნი, მროწლენი და ჯოგნი მრავალნი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთში ხანგრძლივი და ყინვიანი ზამთარი იცის, მესაქონლეობის ინტენსიური განვითარების პირობები მაინც არსებობს. როგორც ცნობილია, ფართო მასშტაბის მესაქონლეობის წარმოებისთვის აუცილებელია განვითარებული ბალახთესვის კულტურა და, რაც მთავარია, ნოყიერი იალაღების დიდი სავარგულები. ამას გარდა საჭიროა აგრეთვე საკმაო რაოდენობის კარგად მოწყობილი საქონლის საზამთრო სადგომები. ისტორიული ჯავახეთის სამეურნეო ყოფაში ეს სამი აუცილებელი პირობა სინქრონულად ავსებდა ერთმანეთს. წარსულში საქართველოს ამ კუთხეში არსებობდა საძოვრების მოვლა-პატრონობის ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიცია. იალაღების მცენარეული საფარი ყოველთვის შეუნელებელი ყურადღების ცენტრში იდგა. ნიადაგების ეროზიას მუდამ ებრძოდა ქართველი მეურნე. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა დიდი და ჰაერტევადი ბოსლების მშენებლობას. სამხრეთ საქართველოს მიწურბანიან საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსში ყველაზე დიდი ფართი მუდამ საქონლის სადგომებს, ბოსლებს ეკავა. თრიალეთსა და ჯავახეთში – ამ ყველაზე ფართო საიალაღო რეგიონში, ბოსლებს სახლების კომპლექსში 50, 70, 100 კვ. მ ან, ზოგ შემთხვევაში, უფრო მეტი ფართი ჰქონდათ დათმობილი. ასეთი დიდი ფართის მქონე ბოსლები მხოლოდ კულაკური ხასიათის დიდი ოჯახების პრივილეგიას როდი წარმოადგენდა; იგი საერთოდ დამახასიათებელი იყო ჯავახური ოჯახისათვის.
მესაქონლეობასთან დაკავშირებით მატერიალური კულტურა მხოლოდ დიდი ბოსლების არსებობით როდი ამოიწურება. ჯავახეთში, ისევე როგორც თრიალეთსა, და ნაწილობრივ მესხეთში ალპური საძოვრებისთვის მეტად დამახასიათებელი იყო სეზონური ხასიათის სამეურნეო დასახლებები, რომელთაგან უმრავლესობა უკვე არქეოლოგიურ ძეგლებად არის ქცეული. ამგვარი ხასიათის დასახლებები ჯავახეთის თითქმის ყველა მაღალმთიან საძოვარზეა წარმოდგენილი, მაგრამ განსაკუთრებული სიხშირით უფრო აბულ-სამსარის იალაღებზე დასტურდება.
აბულ-სამსარის იალაღები ამავე სახელწოდების ქედის ორივე მხარეზეა განლაგებული. ამ ქედზე აბულის ორი მთაა, ერთი დიდი აბულის სახელწოდებითაა ცნობილი, მეორეს პატარა აბული ეწოდება. დიდი აბულის მთა (3301 მ.) სამსარ-აბულის ქედის დამამთავრებელია და იგი აღნიშნული ქედის ყველაზე მაღალი მწვერვალია.
დიდი აბული, მართალია სამსარ-აბულის ქედის სისტემაში შედის, მაგრამ თავისი მდებარეობით თითქოს დამოუკიდებელი მდგომარეობა უჭირავს. მისი დამრეცად დავაკებული კალთები მაღალნოყიერი მცენარეული ხალიჩითაა დაფარული. აბულის იალაღები ზღვის დონიდან ძირითადად 2000-2500 მეტრზეა განლაგებული, რომელთა შემდეგ იწყება მორენები, მერე კი მუდმივი თოვლის კუნძულები.''.
აბულის იალაღები ანკარა წყაროებითა და მის კალთებზე მიმობნეული პატარა ტბებით ხასიათდება. ყველაზე მოზრდილი ტბა (რომლის სიგრძე 1974 წელს დაახლოებით 600 მ., ხოლო სიგანე 200 მ-ს უდრიდა) აბულის სახელითაა ცნობილი, დანარჩენი უსახელოა. აღნიშნული იალაღების საძოვარ-სავარგულები ამჟამად მხოლოდ ახალქალაქ-ბოგდანოვკის რაიონების სოფლებზეა განაწილებული და უნდა ითქვას, რომ სხვასთან შედარებით კარგად იყო მოვლილი და არც ეროზირებულად გამოიყურებოდა მათი ნიადაგი. მაგრამ ყველაზე კარგად მოვლილი მაინც აბულის ტბის ირგვლივ არსებული საძოვრებია და იგი ამჟამად ს. ეშტიას (ამ სოფელში კათოლიკე სომხები ცხოვრობენ) ეკუთვნის. რაც შეეხება საკუთრივ ტბას, ძლიერ დასანანია, რომ მთის ეს მარგალიტი უყურადღებობის გამო, ალბათ, მალე ნატბეურად გადაიქცევა.
აღნიშნულ იალაღზე დაწვრილებით იმიტომ შევჩერდით, რომ აქ ჯერ კიდევ თვალსაჩინოდაა ძველი ალპური მეურნეობისათვის დამახასიათებელი რეალიები – მწყემსური ქოხსახლებისა და საქონლის ღია სადგომების მრავალი ნაშთი, რომელთა უმეტესი ნაწილი აბულის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზეა განლაგებული. აქედან ერთ-ერთ, ყველაზე დიდსა და კომპაქტურად დაგეგმარებულს, პირობითად აბულის ტბის ნამოსახლარს ვუწოდებთ.
აბულის ტბის მესაქონლეთა ''ზაფხულ საჯდომი'' ბაზა-ნამოსახლარის ფართი-დაახლოებით ორი ათას კვ. მ-ზე ოდნავ მეტია და დასახლების მიხედვით ჯგუფურად თავმოყრილ ფორმას განეკუთვნება. იგი ორი ნაწილისგან შედგება: ერთი, შედარებით უძველესი, რომელსაც ციკლოპური წესით ნაგები საქონლის ღია სადგომები და დაახლოებით  ამავე სამშენებლო ხერხით ნაშენი ქოხსახლთა ნაშთები განეკუთვნება. მეორე ნაწილი, რომელიც უშუალოდ ამ დასახლებაშია ჩართული, გვიანფეოდალური ხანიდან მომდინარე უნდა იყოს. როგორც ადგილზე გადმოგვცეს, შედარებით ახალ ნამოსახლარში თურქმანულ-თურქული წარმომავლობის ტომებს უცხოვრიათ. ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც ჯავახეთის იალაღებზე ზილიანლის ტომები არცთუ იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა. ჯავახეთში მოსულები, ბუნებრივია, ისეთი საიდუმლო ადგილს შეარჩევდნენ. რომელიც საცხოვრებლად საუკეთესოთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. ასეთ ადგილებზე კი, როგორც უკვე ცნობილია, ქართველ ფეოდალებს ჰქონდათ თავიანთი მესაქონლე ყმა-გლეხებისთვის ე. წ. ''ზაფხულ საჯდომები'' – ალპური მეურნეობისათვის განკუთვნილი სეზონური ხასიათის ბაზა – დასახლებები. ერთ-ერთი ასეთი ''ზაფხულ საჯდომია'' უკვე ხსენებული ნამოსახლარი, რომელშიაც შეჭრილია უფრო გვიან მოსული მესაქონლეთა დასახლება.
აბულის ტბის საერთო დასახელებაში არეული ძველი ნაწილისათვის დამახასიათებელი ნაგებობანი გეგმაზე მრგვალი და მომრგვალო გეგმარებით გამოირჩევიან. ყველა მათგანი ლოდებითაა ნაგები და ზომებით ერთმანეთისაგან განსხვავდება. უფრო მრგვალების ფართობი 15-დან 30 კვ. მ-მდე აღწევს. ნაკლებად მრგვალები გაცილებით დიდებია. მათი ფართი 50-100 კვ. მ შორის მერყეობს. უეჭველია მათი სახით ჩვენ აქ საქმე გვაქვს ძველ მესაქონლეთა ნახელავ საქონლის ღია სადგომებთან, რომლებიც ესოდენ გავრცელებულია სამხრეთ საქართველოს ზეგანის იალაღებზე.
ადგილზე ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად გაირკვა, რომ დასახლების თვალსაჩინოდ შემორჩენილ ნაწილში რელიეფურად შეიმჩნეოდა საქონლის ღია სადგომთა ოციოდე ნაშთი და სავარაუდებელი ქოხსახლის მანიშნებელი ხუთიოდე ზეძირკველი, რომელთა გეგმარებაშიც აშკარად დასტურდებოდა კუთხურობის ტენდენცია.
გარდა აღნიშნულისა, ამ უძველეს დასახლებაში თვალნათლივ შეიმჩნევა ცენტრში ქოხსახლების, ხოლო მათ ირგვლივ საქონლის ღია სადგომთა შენების ტენდენცია. ქოხსახლებისა და საქონლის სადგომთა დაგეგმარების ანალოგიური ფაქტიური მონაცემები დაფიქსირებული გვაქვს თრიალეთში და, როგორც ჩანს აღნიშნული გარემოება შემთხვევითი არ უნდა იყოს. იგი გარკვეული, ცხოვრებისეული კანონზომიერებით უნდა იყოს განპირობებული.
აბულის ტბის მესაქონლეთა დასახლებაში მიკვლეული ნაქოხარები, თუ მათი ზეძირკვლების მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველა ნატეხი ქვით ნაშენი ერთსათავსიანი მწყემსური ტიპის ქოხსახლები უნდა ყოფილიყო. მათი კედლების წყობაში ყორულად შენების პრინციპი შეინიშნება. კედელთა კუთხეების შემკვრელად შედარებით უკეთ ნათალი ლოდებია გამოყენებული.
ნაქოხართა ზეძირკველების გეგმაზე აქა-იქ შესამჩნევად შემორჩენილი საკარეთა ქვედა ნაწილები ერთკარიანობაზე მიგვითითებენ. კარის ორიენტაცია ნაქოხრებში სამხრეთ-დასავლეთითაა. ეს მხარე უფრო გაშლილია და აქედან თითქმის მთელი ჯავახეთის პლატო მოჩანს. ამიტომაც კარის ორიენტაცია შემთხვევით არ უნდა იყოს აღებული. მით უმეტეს, რომ სამოსახლარის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე მთის დამრეცი კალთებითაა დაფარული.
ნაქოხრებში უკედლობის გამო საფანჯრეები, ბუნებრივია, არ დასტურდება. შეიძლება არც ჰქონდათ. რაც შეეხება გადახურვას, იგი ბანური უნდა ყოფილიყო. ბანის გამართვის ტრადიცია კი, როგორც ცნობილია, სამხრეთ საქართველოში ძალიან შორეული წარსულიდან მომდინარეა. და, რაც მთავარია, იალაღური ცხოვრების პირობებში მიწური ბანი ყველაზე ხელსაყრელი სახურავია. ჯერ ერთი, ადვილი გასაკეთებელია და მეორეც, ოთახის შიგნით ერთნაირად კარგად ინახავს სიგრილესა და სითბოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაქოხართა ირგვლივ თავმოყრილია ციკლოპური წესით ნაგები საქონლის ღია სადგომები, რომელთაგან ზოგიერთი თავისი ფართით 100 კვ. მ.-ს აღწევს, ზოგიც (შედარებით მცირე) 30-დან 40 კვ. მ.-მდე მერყეობს. საქონლის დიდ სადგომებს ქართველები ხალხამებს უწოდებენ, პატარებს კი – ბერას.
ბერა გეგმაზე მრგვალი მოყვანილობისაა, შემოზღუდულია ლოდებით და ორი საკარით ხასიათდება. ეთნოგრაფიულად ფიქსირებულ თანამედროვე ბერას მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძველში დადასტურებული ერთი საკარე ცხვრის ''შესადენი ყელი'' უნდა იყოს, ხოლო მეორე –'გასადენი' როგორც ცნობილია, ცხვარი გასადენ ყელში იწველება.
ძველ მესაქონლეთა ნამოსახლარის ბერათა ზღუდე, რომელიც დიდი ლოდებით უნდა ყოფილიყო შემოკავებული, ამჟამად არაა მთლიანი სახით შემონახული. დარჩენილია მხოლოდ მისი ზეძირკვლები, რომელთა ლოდები სანახევროდ, თუ მეტად არა, მიწით არის დაფარული. ლოდების სიმაღლე მიწის ზევით 40-70 სმ-ია. ზღუდეთა სისქე არათანაბარია და 40-60 სმ-ს შორის მერყეობს. რაც შეეხება მათ ''ყელთა'' სიგანეს, სტანდარტულის შთაბეჭდილებას ტოვებს და 70 სმ-ს არ აღემატება.
ბერასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მისი სახით ქართულ მესაქონლეობაში (წვრილფეხა მესაქონლეობაში) საქმე გვაქვს საუკუნეების მანძილზე შემოწმებულ ოპტიმალური ხასიათისა და ტრაფარეტული მოყვანილობის საქონლის ღია სადგომთან. იგი თავის დროზე დუალური დანიშნულებისა იყო: ბერა ერთდროულად ცხვრის საწველად და სადგომად გამოიყენებოდა. ამას გარდა, ბერა წარმოადგენს მოიალაღე მესაქონლეობის არსებობის მატერიალურად დამადასტურებელ ფაქტს. ამგვარი რამ ნორმადებისათვის უცხო იყო. მაგალითად, თურქეთში დღემდე მომთაბარე იურიკები ცხვარს დღედაღამ აძოვებდნენ და მოსაწველად მხოლოდ დილით მოჰყავდათ თავიანთ კარვებთან.
ღია, დიდი სადგომები, რომლებიც გეგმაზე ოვალურობის ტენდენციას ამჟღავნებენ, როგორც ჩანს, მსხვილფეხა საქონლისა უნდა ყოფილიყო. ამ მხარეში ჩამოსახლებული სომხებისათვის ბერაც და ხალხამიც ორივე აღილია. აღილი თურქული სიტყვაა და საქონლის სადგომს ნიშნავს.
ხალხამი მსხვილფეხა საქონლისთვის განკუთვნილი ელიფსური მოყვანილობის, დიდი მოცულობის ღია სადგომია. იგი ხასიათდება საკმაოდ განიერი, დაახლოებით 1,5-2 მ სიფართის ერთი კარით. ზღუდე დიდი ლოდებითაა ნაგები და მისი ამჟამინდელი სიმაღლე ერთ მეტრს არ აღემატება. დრომ თავისი გაიტანა. ზღუდის უმეტესი ნაწილი მიწაშია ჩასული. ასე რომ, მისი ზუსტი სიმაღლის დადგენისათვის არქეოლოგის წერაქვია საჭირო. რაც შეეხება ზღუდის სიგანეს, იგი ყველა ვარიანტში სტანდარტულად გამოიყურება და 70-80 სმ-ს შორის მერყეობს. როგორც სათანადო ადგილზე ითქვა, ძველებურ ხალხამებს შეძლებისდაგვარად კვლავ იყენებენ. მაგალითად, აღნიშნულ იალაღზე ეშტიელ სომხებს აღდგენილი აქვთ ერთი მათგანი, რომლის ფართობიც 100 კვ. მ-ს ოდნავ აღემატება. ამ ხალხამში მსხვილფეხა საქონელს აყენებენ ღამით.
ჩვენს დრომდე მოღწეულ ხალხამებისა და ბერათა რაოდენობისა და ფართობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ აშკარად დავინახავთ, რომ აბულის ტბის ირგვლივ არსებულ იალაღზე წარსულში უფრო მეტი რაოდენობით მსხვილფეხა საქონელს უნდა ეძოვა, ვიდრე წვრილფეხას. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც აქ შემონახულ ხალხამთა რაოდენობა და მათი საერთო ფართობი ინტენსიურად წარმოებულ ფართო მასშტაბის მსხვილფეხა მესაქონლეობის სასარგებლოდ მეტყველებს. 1974 წლისათვის აბულის ტბის შემოგარენში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო 16 ძველებური ხალხამი, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 1500 კვ. მ-ს უდრიდა. მათ რიცხვს უნდა დაემატოს აგრეთვე მორენებიდან დაგორებული უზარმაზარი ლოდებისაგან განადგურებული და დაფარული ხალხამები, რომელთა არსებობა იმ დროისთვის ჯერ კიდევ საკმაოდ შესამჩნევი იყო. თუ მორენული ლოდების მიერ დაკავებულ ტერიტორიასაც ვიგულისხმებთ, მაშინ ჩვენი ანგარიშით უკვე ხსენებულ 16 ხალხამს ათიოდე კიდევ უნდა დაემატოს, რაც, თავის მხრივ, უფრო ამაგრებს აქ მოტანილ შეხედულებას. თითოეულ ხალხამში, საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, 60-70 სული მსხვილფეხა საქონელი თავისუფლად უნდა დატეულიყო. ჩვენს მიერ სავარაუდებელი ხალხამების საერთო ფართობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ გამოდის, რომ ამ იალაღზე, მისი ინტენსიურად გამოყენების პერიოდში დაახლოებით 2000 სულამდე მსხვილფეხა საქონელი მაინც უნდა ყოფილიყო, რაც არ არის სიმართლეს მოკლებული. ცნობილია, რომ ასეთი მასშტაბის მესაქონლეობის წარმოება ფეოდალური ხანის საქართველოში მხოლოდ დიდ ფეოდალს თუ შეეძლო. დიდი მასშტაბის მესაქონლეობა კი, როგორც ''ქართლის ცხოვრებიდან'' ვიცით, X-XIII საუკუნეების სამხრეთ საქართველოში იშვიათი როდი იყო. ამის დამადასტურებლად ''კახა თორელის ჯოგების'' გახსენებაც საკმარისია. საქართველოს ისტორიაში ცნობილია, რომ XIII საუკუნის ოციან წლებში ჯავახეთში შემოჭრილი თათარ-მონღოლთა ურდოები პირველად კახა ერისთავის საქონლის ურიცხვ ჯოგებს გადაეყარნენ.
ანალოგიური ხასიათის ალპური ტიპის მესაქონლეთა ბაზანამოსახლარი დასტურდება აგრეთვე ერუშეთსა და ჩრდილის ქედების საქართველოს საზღვრებში მოქცეულ კალთებზეც, რომელთა ნანგრევები აქა-იქ აღდგენილია და კვლავ დანიშნულების მიხედვით გამოიყენება.
ციკლოპური წესით ნაგებ ძველ ნამოსახლართა ადგილმდებარეობა, ამ დასახლებათა ფორმის კომპაქტურობა, ნაქოხართა, განსაკუთრებით კი მსხვილფეხა საქონლის ღია სადგომთა სიმრავლე, იმის მიმანიშნებელია რომ მესაქონლეთა სეზონური ხასიათის სპეციალიზირებული სამეურნეო დასახლებები, ანუ იგივე ''ზაფხულ საჯდომები'' ჯავახეთში საკმაოდ დამახასიათებელი მოვლენა უნდა ყოფილიყო. ძველი საქართველოს მოსახლეობისთვის დამახასიათებელი ეს ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა – ''ზაფხულ საჯდომი'' – დაკავშირებულია მეურნეობის წარმოების გარკვეულ თავისებურებასთან და, როგორც აკად. ნ. ბერძენიშვილი წერდა, იგი მთისა და ბარის ურთიერთობის მატერიალურ გამოხატულებას წარმოადგენდა.
კოლექტივიზაციამდე, როგორც საველე ეთნოგრაფიული მასალა გვიჩვენებს, ჯავახელი ქართველი გლეხობაც საკმაოდ ინტენსიურად მისდევდა ბინადარ საიალაღო მესაქონლეობას. საქონლისათვის აგებდნენ საერთო სასოფლო ხალხამებს, ყველა მოიალაღე ოჯახს ჰქონდა ცხვრის საწველ-დასაყენებელი პატარა ბერა და ქვისგან ნაშენი ქოხსახლები. ჯავახელთა სანახევროდ მიწაში ჩადგმული ქოხსახლები დაახლოებით 14-17 კვ. მ ფართის მქონე ბანიანი ნაგებობა იყო. ჰქონდა ერთი პატარა კარი და ერთი სანათური, რომელიც ერთდროულად საკვამურის ფუნქციასაც ასრულებდა. ქოხში იდგა ერთი საკმაოდ გრძელი და განიერი ხის ტახტი, პატარა ღუმელი, რძის პროდუქტების დასამზადებელ-შესანახი თიხისა და ლითონის ჭურჭელი, საფქვილე კიდობანი და, ბუნებრივია, საწყლე კოკა-კუტალი.
აჭარისა და თანამედროვე მესხეთის ანალოგიურად იალაღური დასახლება ჯავახეთში პატრონიმული ნიშნით იყო დაგეგმარებული. სოფლის საერთო საძოვარზე რევოლუციამდე ყოველი გვარი ცალკე მიკროუბნად იყო დასახლებული. მონოგენურ უბნად დასახლებულ ყოველ ოჯახს ჰქონდა საკუთარი ქოხი, რომლის გასხვისება თანაუბნელ მოგვარეთა დაუკითხავად არ შეიძლებოდა. ასევე არ შეიძლებოდა ერთი რომელიმე სოფლის საბალახოზე სხვა სოფლის საქონლის გაშვება. საინტერესოა ისიც, რომ პატრონომიული ნიშნით გაერთიანებულ ყოველ მონოგენურ უბანს იალაღზე ჰქონდა ერთი საერთო ხალხამი, რომელშიაც ღამღამობით აყენებდნენ მსხვილფეხა საქონელს. ღამით სადგომ-საწველი ცხვრის ბერა და ხბოს ბაკი ყველა ოჯახს ცალკე ჰქონდა გამართული საკუთარი ქოხსახლის გვერდით.
მესაქონლეობასთან დაკავშირებით, ჯავახეთში თითქმის ჩვენს დრომდე შემორჩა ერთი საინტერესო ჩვეულება. მიუხედავად იმისა, რომ იალაღზე ოჯახები პატრონომიულ-მონოგენური ნიშნის დაცვით იყვნენ დასახლებული და საქონელსაც ერთად, ერთ საძოვარზე აბალახაბდნენ, ყველა გვარსა და მასში შემავალ ოჯახებს თავიანთი დამღა, საქონლის სერი ჰქონდათ. საქონელს ჯერ გვარის საერთო ნიშანს გაუკეთებდნენ და შემდეგ მის გვერდითვე დაუსვამდნენ საკუთარი ოჯახის სერს. სერის აღრევა, მით უმეტეს წინასწარი განზრახვით, ან მისი გადაკეთება სასტიკად იკრძალებოდა. საქონლის ქურდი და სერის გამყალბებელი სოფლის მიერ ერთნაირად იკიცხებოდა, ისჯებოდა.
თანამედროვე პირობებში, როცა საქონელი საერთო საკოლმეურნეო საკუთრებად იქცა, იალაღებზე პატრონომიულ-მონოგენური ნიშნით დასახლებამ დაჰკარგა თავისი ძველი მნიშვნელობა. ახლა თითქმის ყველა საზაფხულო საძოვარზე აშენებულია, ანდა მშენებლობის პროცესშია ახალი ტიპის საკოლმეურნეო ფერმები, რომლებიც გარკვეულად პასუხობენ მესაქონლეობის განვითარების თანამედროვე სისტემას.
ჯავახეთის იალაღები მხოლოდ ადგილობრივად წარმოებული მესაქონლეობისთვის როდია განკუთვნილი. როგორც ცნობილია, მის იალაღებზე საქონელი მოედინებოდა ქართლიდან, კახეთიდან, თუშეთიდან. ჯავახეთის საძოვრები ახალქალაქ-ბოგდანოვკის სოფლების გარდა აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონების სოფლებზეცაა განაწილებული. ამჟამად ცხვარი ძირითადად ქიზიყიდან მოედინება. ჯავახეთი, თრიალეთთან ერთად საქართველოს უმთავრეს საიალაღო საძოვარს წარმოადგენს.
ჯავახეთის ნოყიერბალახიანი საძოვრების დიდი დიდი ფართობები, უამრავი წყაროები, მდინარეები და ტბები თავის დროზე ნადირ-ფრინველის გამრავლებასაც უწყობდა ხელს, და უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეს სამხრეთ კუთხე ფაუნითაც მდიდარი იყო. გადმოცემების მიხედვით, არც თუ ისე შორეულ წარსულში საკმაოდ ბევრი ყოფილა გარეული ღორი, წავი, კურდღელი, მელა, მგელი, გარეული თხა, ირემი და ბევრი სხვა ცხოველი. ნადირ-ფრინველის სიუხვის გამო ჯავახეთი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კარგ სანადირო მხარედ ითვლებოდა. არცთუ იშვიათად, ქართველი მეფეები სანადიროდ მიდიოდნენ ჯავახეთში, კერძოდ ფარავნის შემოგარენში, სადაც ბევრი ირემი სცოდნია. ''ქართლის ცხოვრებაში'' დაცულ ცნობასთან ერთად, სადაც ჯავახეთში ირმებზე ჩატარებულ ნადირობაზეა ლაპარაკი, ირმების სიმრავლეზე მეტყველებს ქვემოთ მოყვანილი ხალხური ლექსი:

ჩვენს მეეს გაუმარჯვნია
თაფარავანის ტბაზედა
მოუკლავს ხარი, ირემი,
საისრე უდევს მკლავზედა.

მაგრამ დროთა განმავლობაში, მტრების გაუთავებელი და ხანგრძლივი შემოსევებისა და შინა აშლილობის შედეგად, არა მარტო ხალხი, მისი მეურნეობა და კულტურა მივიდა დაღუპვის პირამდე, არამედ დაიწვა და გაიჩეხა ტყეები, მოისპო ნადირ-ფრინველიც, მათი ზოგიერთი სახეობა სრულიად გადაშენდა. ჯავახეთში აღარ არის ირემი, გარეული თხა, წავი. იშვიათობას განეკუთვნება გარეული ღორი, გარეული ბატი, თქვენ წარმოიდგინეთ კურდღელი და ზოგიერთი სხვაც. რაც მტერსა და შინაურ ''მოყვარეს'' გადაურჩა, ისიც კატასტროფულადაა შემცირებული.
ნადირ-ფრინველის ზოგიერთი სახეობის გაქრობამ და ზოგისაც კატასტროფულად შემცირებამ თავისი გავლენა იქონია ნადირობასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებზე, და ისინი თანდათანობით დავიწყებას მიეცა.
ხანგრძლივი და ძნელად გადასატანი ავბედობის მიუხედავად, ჯავახეთის ქართველობამ მაინც შეძლო ჩვენს დრომდე მოეტანა ნადირობასთან დაკავშირებული რამდენიმე სამონადირო ფანდი და ხერხი.
არტაანისა და ჯავახეთის მტკვრის ხეობათა, აგრეთვე ჩრდილის ქედისა და აბულ-სამსარის ქედის კლდოვან ფერდობებზე ჯერ კიდევ საკმაოდ ბუდობს კაკბის გუნდები. კაკაბზე სანადიროდ ამჟამად, რასაკვირველია, მხოლოდ ცეცხლმსროლელი იარაღი – საფანტის თოფი გამოიყენება, რომლითაც უმოწყალოდ იჟლიტება ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება. წარსულში ასე როდი იყო. ჯავახელ ქართველებს ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად კარგად ჰქონდათ შესწავლილი კაკბის ბუნება და ჩვევები. მათი ღრმა რწმენით, კაკაბი კეკლუცი და პრანჭია ფრინველია. იგი თურმე განსაკუთრებით ჭრელჭრულსა და ბრჭყვიალა ნივთებს ეტანება. მონადირეები როცა კაკაბზე სანადიროდ წასვლას გადაწყვეტდნენ, ტანისამოსზე ჭრელჭრულ ქსოვილს, სარკისა და შუშის ნატეხებს დაიკიდებდნენ. ხელში დაიჭერდნენ ტყვიისთავიან მოკლე კეტს, რომელიც კაკაბზე მონადირის ერთადერთ იარაღს წარმოადგენდა. ასე მორთულ მოკაზმული და კეტით შეიარაღებული მონადირე მზის ამოსვლისას ''საკაკბე ადგილისკენ'' გასწევდა.
კაკაბს დილაადრიან უყვარს ხრიოკ ბუჩქნარში გოგმანი. ჩასაფრებული მონადირე შეამჩნევდა თუ არა მოგოგმანე კაკაბთა გუნდს, უხმაუროდ წამოდგებოდა და მზის მხარეს შეტრიალდებოდა. გაშეშდებოდა. მზის გულზე გაშეშებული, ჭრელჭრულად მორთულ-მოკაზმული და სარკისა და შუშის ნამტვრევებით აელვარებული მონადირე ანდამატივით იზიდავდა კაკაბთა გუნდს. ამ უცნაურად მოპრანჭულ-აელვარებული საგნით მოხიბლული კაკბები დანახვისთანავე მისკენ გასწევდნენ და ირგვლივ შემოეხვეოდნენ. მონადირესაც ეს უნდოდა. კეტის ერთი მოქნევით რამდენიმე კაკაბი ეწირებოდა საკუთარ ცნობისმოყვარეობას. სამწუხაროდ, კაკაბზე ნადირობის აღნიშნული ხერხი სრულიად მივიწყებულია, აღარ იყენებენ მას. სამაგიეროდ, თოფებით შეიარაღებული მონადირეები, რომლებიც ამჟამად კაკბებზე მეტად მომრავლებულები არიან განუკითხავად თარეშობენ და ანადგურებენ ისედაც კატასტროფულად შემცირებულ ჯავახეთის ფაუნას.
არცთუ შორეულ წარსულში, დაახლოებით ამ ასიოდე წლის წინ, ჯავახეთში, კერძოდ ცხრაწყაროსა და შავნაბადას შემოგარენში, გარეული ღორის კოლტიც საკმაოდ ყოფილა. ''ტახზე ნადირობა'', როგორც გარეულ ღორზე ნადირობა, ფრიად სავაჟკაცო საქმედ ითვლებოდა. გარეულ ღორზე ნადირობას ყველა ვერ ბედავდა. იგი დიდ ხიფათთან იყო  დაკავშირებული და, ამიტომაც, ამ საქმიანობას უაღრესად გამოცდილი და ძალგულოვანი მონადირეები მისდევდნენ. რაც მთავარია, ამ საქმეში ცეცხლმსროლელ იარაღს – თოფს არ იყენებდნენ, ტახზე სანადიროდ მხოლოდ შუბებით შეიარაღებულები მიდიოდნენ. სანადიროდ ხუთი-ექვსი შეამხანაგდებოდა, წინასწარ დათქვამდნენ თავშესაყარ ადგილს. ''ავ თვალს რომ არ დაეთარსა'', მონადირეები ჩუმად, უთენია იპარებოდნენ სოფლიდან.
მონადირეებმა წინასწარ იცოდნენ ''ღორის ბილიკები'', მათი მოძრაობის მარშრუტი და სწორედ ასეთ ადგილებში ჩასაფრდებოდა ხოლმე ყველაზე უშიშარი და ღონიერი ორი შუბოსანი მონადირე. გარეულ ღორზე მონადირეთა შუბი მაგარი, უხრავი ჯიშის ხისგან კეთდებოდა. იგი საგანგებოდ იყო გათლილი და შერუჯული. შუბს თავზე ჩამოცმული ჰქონდა წამახვილებული გრძელი შუბისთავი, რომელსაც წინასწარ საგანგებოდ ლესავდნენ ხოლმე. შუბისთავებს ადგილობრივ, ქართველი მჭედლები ამზადებდნენ.
როდესაც სახუნდარს საიმედოდ შენიღბავდნენ, მონადირეები ჯაგნარში იფანტებოდნენ. ისინი სარეკელებით ასტეხდნენ საშინელ ხმაურს და ყვირილს, მათ ყეფით უერთდებოდნენ სანადიროდ წაყვანილი ძაღლები. ხმაურისგან თავზარდაცემული, შეშინებული და დაფეთებული ღორის კოლტი ნაცნობი ბილიკით მიექანებოდა თავშესაფრისკენ. სწორედ აქ, მათ საიმედო ბილიკზე ელოდათ ყველაზე დიდი საშიშროება. თავდავიწყებით გაქანებული გარეული ღორებიდან ერთ-ერთი აუცილებლად შეასკდებოდა შუბმომარჯვებულ მონადირეებს და მათი მსხვერპლი ხდებოდა.
ტახზე ნადირობა არცთუ იშვიათად, მარცხითაც მთავრდებოდა. თუ მონადირეები მას შუბის ერთი დაკვრით ბოლოს არ მოუღებდნენ, აურზაურისაგან დაფეთებული და ჭრილობისაგან გაცოფებული გარეული ღორი (რა თქმა უნდა, თუ ის დიდი ტახი იყო) თავისი ეშვებით ფატრავდა შუბოსნებს. რადგანაც ტახზე ნადირობა დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა ჯავახეთში, ამიტომაც ''ტახზე მონადირეები'' არ ერიდებოდნენ მოსალოდნელ მარცხს. სამწუხაროდ, ამჟამად არა თუ ტახზე მონადირე, არამედ გარეული ღორის ხსენებაც აღარაა. ისიც კი არ ახსოვთ, როდის მოკლეს უკანასკნელად გარეული ღორი.

მოხუცი ჯავახი ქართველების გადმოცემით, ადრე მათ მამა-პაპათ მიმინოთი ნადირობაც სცოდნიათ. მიმინოს საშუალებით ნადირობდნენ მწყერზე, გარეულ იხვზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, გარეულ ბატზეც კი. სცოდნიათ აგრეთვე ხაფანგებისა და კაკანათების დაგება, სამგლე ორმოების მოწყობა და მრავალი სხვა რამ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამჟამად თითქმის ყველაფერი მივიწყებას მიეცა.


სტატიის ავტორი – თეიმურაზ ჩიქოვანი;
სტატია აღებულია წიგნიდან – „ჯავახეთი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982 წელი.

 

 


megobari saitebi

   

27.09.2015