ქართული მემკვიდრეობითი სახელებისათვის

1. ცნობილია, რომ გვარსახელი ესაა მემკვიდრეობითი სახელი, რომელიც სამი თაობის განმავლობაში მაინც გადაეცემა თაობიდან თაობას. ქართველ ხალხს გვარსახელების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია, რომელიც საისტორიო საბუთებით დასტურდება VIII-IX საუკუნეებიდან. თუმცა ქართული ეთნოგრაფიული მონაცემების გააზრებას იმ დასკვნისაკენ მივყევართ, რომ ქართველებში გვარსახელები უფრო ადრინდელი წარმონაქმნია და ჩვენში მოხდა გვაროვნული გვარის (род) ჯერ გვიანდელ გვარში (поздний род) გადაზრდა და შემდეგ გვიანდელი გვარისა _ გვარსახელში (фамилия). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადრეულ პერიოდში წარმოქმნილმა ყველა გვარსახელმა მოაღწია ჩვენამდე. გვარსახელი, როგორც გარკვეული სოციალური ერთეული, განსაკუთრებული ფუნქციით იყო აღჭურვილი და ის ჩვეულებრივ შეიძლებოდა გამქრალიყო და სხვა, ახალი გვარსახელი წარმოქმნილიყო. გვარსახელები უშუალო კავშირში იყვნენ მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებთან.
განსაკუთრებით ახდენდა მათზე გავლენას საგარეო ფაქტორი, ხშირი ომიანობა, დარბევები და ამით გამოწვეული მოსახლეობის მიგრაცია. ძველი გვარსახელები განსაკუთრებით შემორჩა საქართველოს იმ პროვინციებს, რომლებიც მეტნაკლებად გადაურჩნენ დარბევებს. ზოგიერთ პროვინციებში კი მთელი წყება ძირძველი ქართული გვარსახელებისა, საგარეო ფაქტორის ზემოქმედების გამო, მთლიანად ამოვარდა, დავიწყებას მიეცა.
ქართული გვარსახელები ძირითადად ოთხ ჯგუფად იყოფა: ეპონიმური, ეთნონიმური, გეოგრაფიული და პროფესიული. ამ ოთხი ჯგუფის გვარსახელებიდან პრიორიტეტი ეპონიმურ გვარსახელებს ეკუთვნით. ქართულ გვარსახელებში გამოყოფენ მეხუთე ჯგუფსაც, რომელსაც "შერქმეულ გვარსახელებს" უწოდებენ. ასეთი ჯგუფის ცალკე გამოყოფა დაუსაბუთებელია და ეს გვარსახელებიც ჩვეულებრივ-ეპონიმურ გვარსახელთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ "შერქმეული გვარი არსებითად გვარის ფორმით წარმოდგენილი მეტსახელია, უმეტესად ძე-ზე და შვილ-ზე დაბოლოებული" (ი. მაისურაძე, ქართული გვარსახელები, თბ., 1979, გვ. 51). ე.ი. ამ ჯგუფში შეყვანილ გვარსახელებს ჩვეულებრივ აკუთვნებენ იმ გვარსახელებს, რომლებსაც თიკუნები (მეტსახელები) უდევთ საფუძვლად. მეტსახელიც ხომ სახელია. ეს გვარსახელებიც ხომ წინაპრის სახელებიდან მომდინარეობენ და ამდენად არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ეს სახელი იქნება თუ მეტსახელი. პირდაპირ გვარის შერქმევა როგორც მეტსახელისა, საერთოდ არ ხდებოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც "შერქმეულ გვარებს" უწოდებენ გვარის დანაყოფის სახელებს (ს. მელიქიძე, "ონომასტიკა _ I", თბ., 1987, გვ. 297). ამ შემთხვევაშიც ტერმინი მორგებულად არაა გამოყენებული. ქართული საისტორიო საბუთებისა და ეთნოგრაფიული მონაცემების შესწავლამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მეორე და მესამე ჯგუფის (ეთნონიმური და გეოგრაფიული) გვარსახელების ერთი ნაწილი ეპონიმურ გვარსახელებს უნდა მივაკუთვნოთ. ეთნონიმურ დაგეოგრაფიულ გვარსახელებად მიჩნეული ზოგიერთი გვარსახელის ფუძეს ეპონიმი (წინაპარი მამაკაცის სახელი) წარმოადგენს და არა ეთნონიმი და ტოპონიმი.
ჩვეულებრივ, ეთნონიმურ გვარსახელებადაა მიჩნეული ბერძენიშვილი, თათრიშვილი (თათარაშვილი), თურქიაშვილი (თურქია, თურქაძე), თურქისტანიშვილი, ფრანგიშვილი, არაბაშვილი (არაბული, არაბიძე), ოსიშვილი, (ოსაძე), ჩერქეზიშვილი (ჩერქეზია, ჩარგაზია), ლეკიშვილი (ლეკიაშვილი). მიგვაჩნია, რომ ამ გვარსახელების გარკვეულ ნაწილს საფუძვლად მამაკაცის სახელი (ეპონიმი) უდევს და არა ეთნონიმი. აქ "გარკვეულ ნაწილს" ხაზს ვუსვამ, რადგან ერთ შემთხვევაში შესაძლებელია ბერძენიშვილის (ბერძნიშვილის) გვარის საფუძვლის ჩამყრელი მართლაც ეროვნებით ბერძენი იყო, მეორე შემთხვევაში კი გვარის საფუძვლის ჩამყრელს ბერძნულ ეროვნებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და მას საფუძვლად უდევს მამაკაცის სახელი _ "ბერძენა". ასეთი სახელი არაერთგზის გვხვდება ქართულ საისტორიო საბუთებში (ქართლის 1725-1740 წლის აღწერაში მოხისს დასახელებულია "ადუაშვილი ბერძენა" _ "საისტორიო კრებული", IV, ტფ., 1929, გვ. 25. "ბერძენი" ერქვა სახელად გვარად ბითაძეს 1830 წლის აღწერაში სოფ. ქვემო ხვითში). თუ ჩვეულებრივ მამაკაცის სხვა სახელებს შეიძლებოდა ეწარმოებინა გვარსახელი გვარის მაწარმოებლად, რატომ არ შეიძლება ასევე მამაკაცის სახელი "ბერძენა" ყოფილიყო? საისტორიო საბუთები და ეთნოგრაფიული მონაცემები გვაძლევენ საშუალებას გავარკვიოთ ზოგიერთი ე.წ. ეთნონიმური გვარსახელის ადრინდელი ქართული გვარი და მაშინ ცხადი იქნება, რომ ამ გვარების საფუძვლის ჩამყრელები იყვნენ არა სხვადასხვა ეთნოსთა წარმომადგენლები, არამედ ქართველები.
ქსნის ხეობის სოფელ საძეგურში მკვიდრობენ ოსიშვილიები. გადმოცემით ოსიშვილების ადრინდელი გვარია რაზმაძე. ოსიშვილთა რაზმაძეობა საარქივო მასალებითაც დასტურდება. 1860 წლის მოსახლეობის აღწერის დავთარში საძეგურში მცხოვრებ ყველა ოსიშვილს მიწერილი აქვს თავდაპირველი გვარი _ Осишвили он же Размадзе. რაც შეეხება კახეთის სოფ. კოშკში მცხოვრებ ოსიშვილებს, ისინი წარმომავლობენ ბერუკაშვილებისაგან. ჩუმლაყელი ოსიშვილები კი ძირად ნაცვლიშვილები არიან.
არაგვისა და ივრის წყალგამყოფ ქედზე სოფელ ზენამხარში თურქიაშვილები მკვიდრობენ. გადმოცემით თურქიაშვილების ადრინდელი გვარია სისაური. ისინი ეყმობიან კიდევაც ხევსურთა ერთ-ერთ ცნობილ სალოცავს "ხმალა". XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის დავთრები ამ გადმოცემას ადასტურებენ _ თურქიაშვილებს არაერთგზის მიწერილი აქვთ მეორე, ანუ ადრინდელი გვარი _ სისაური. საერთოდ, "თურქია" ჩვენს მთაში ერთ-ერთი გავრცელებული სახელი იყო. 1801 წელს თიანეთის სოფ. ჟებოტაში ცხოვრობდნენ "მათურელი თურქა" და "დოლიაშვილი თურქა" ("საქართველოს არქივი", III, 1927, გვ. 146).
ახლა ორიოდე სიტყვა ლეკიაშვილებისა და ლეკიშვილების შესახებ. ეს გვარი ძირითადად გავრცელებული იყო კახეთში. ირკვევა, რომ ყველა ლეკიშვილს არა აქვს საერთო წარმომავლობა. ისიც ირკვევა, რომ კახეთის სხვადასხვა სოფლებში განსახლებულ ლეკიშვილებს და ლეკიაშვილებს საფუძვლად უდევთ ძირითადად მამაკაცის სახელი – "ლეკი", "ლეკია". თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ გვარსახელის საფუძვლის ჩამყრელი იყო ეროვნებით ლეკი. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დასკვნის გამოსატანად საჭიროა საისტორიო და ეთნოგრაფიული მონაცემების ერთ კომპლექსში გააზრება. XIX საუკუნის. მოსახლეობის აღწერის სხვადასხვა დავთრებიდან ცხადი ხდება, რომ ამ გვარების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა ქართული გვარებისაგან მომდინარეობს. მაგალითად, გრემელი ლეკიშვილები გამსახურდაშვილები ყოფილან, კალაურელი ლეკიშვილები _ ნაპირელები, ბოდბისხეველი ლეკიშვილები_მათეშვილები; შაქრიანელი ლეკიაშვილები დედაბრიშვილებისაგან წარმომავლობენ, ბოდბისხეველი ლეკიაშვილები – გაგოშვილებისაგან. იგივე შეიძლება ითქვას რუსიშვილების შესახებ. ერთ შემთხვევაში რუსიშვილების გვარს ეროვნებით რუსმა ჩაუყარა საფუძველი, მეორე შემთხვევაში კი გვარსახელს საფუძვლად უდევს მამაკაცის სახელი "რუსა" (XVIII ს-ის დასაწყისის აღწერაში კახეთის სოფელ მაღრანს დასახელებულია "რუსი ნაცვლიშვილი", 1801 წლის აღწერაში ყვარელში ფიქსირებულია "იმერლიშვილი რუსი"). შეიძლება დავასახელოთ ერთი მაგალითი, 1886 წელს აღწერით კახეთის სოფელ საბუეში ცხოვრობდნენ რუსიაშვილები. საარქივო დოკუმენტში მითითებულია მათი ადრინდელი გვარი – ბეჟიტაშვილი. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ჯავახიშვილების გვართან მიმართებაში.
ჯავახიშვილების გვარი ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში. აქ ჯავახეთიდან მოსახლეობის მიგრაცია ინტენსიური იყო XVII-XVIII საუკუნეში. აქედან მიგრირებულები ხშირად საფუძველს უყრიდნენ ახალ გვარს – ჯავახიშვილს. საისტორიო საბუთები საშუალებას გვაძლევს ამ ჯავახიშვილთა არა ერთი ადრინდელი გვარსახელი გავარკვიოთ. შეიძლება დავასახელოთ: ტეტიაშვილი, გაბრიელაშვილი, ჯუჯუნაშვილი, ელისაშვილი, სამანაძე, ივანიძე, სააკაძე... 1831 წლის აღწერაში ქართლის სოფ. ნაბახტევში ჯავახიშვილის გვარით ჩაწერილს მიწერილი აქვს: "თვრამეტი წელია (ე.ი. 1813 წ. – რ.თ.) გადმოსახლდა ჯავახეთიდან და ნაცვლად მაჰმადიანური სარწმუნოებისა მიიღო ქრისტიანობა (ქართული საქრწმუნოება)". სოფ. მარანში მცხოვრებ ჯავახიშვილებს კი 1831 წლის აღწერაში მიწერილი აქვთ, რომ წინაპრები ჯავახეთიდან გადმოსახლდნენ ასი წლის წინ. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ჯავახიშვილთა გვარის გარკვეულ ნაწილს საფუძვლად უდევს მამაკაცის სახელი –"ჯავახი", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელი იყო საქართველოში.
შეიძლება დავასახელოთ XIII-XIV საუკუნეში "სვანეთის კრების მატიანე" და "გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი". მამაკაცის სახელი "ჯავახი" უდევს საფუძვლად თავად ჯავახიშვილების გვარს.
XVIII საუკუნის არაგვის ხეობაში უაღრესად გავრცელებული სახელი იყო "თათარი". შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მცხეთელი თათარაშვილები მთიული ქავთარაძეებისაგან წარმომავლობენ. მსგავსი მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ზოგიერთ ე.წ. გეოგრაფიულ გვარსახელზეც. მხედველობაში გვაქვს ერთი წყება გვარებისა, რომლებიც ორმაგ (-ელ+-შვილი, -ელ+-ძე) სუფიქსს ირთავენ. შეიძლება დავასახელოთ მარგველაშვილი, ფავლენიშვილი, ჯაველიძე, ჩოხელაშვილი... ამ გვარებს საფუძველი ჩაუყარეს არა არგვეთიდან, ფავნისიდან, ჯავიდან, ჩოხიდან გადმოსახლებულებმა, არამედ პიროვნებებმა, რომლებიც ატარებდნენ საკუთარ სახელებს: მარგველა, ჯაველა, ჩოხელა... თუმცა ასეთი გეოგრაფიული ტიპის ორმაგსუფიქსიანი გვარები ქართულში ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს: დიღმელაშვილი, კოშკელაშვილი, გრემელაშვილი, ეგრისელაშვილი ნამდვილად სოფლებიდან დიღმიდან, კოშკიდან, ეგრისიდან გადმოსახლებულთაგან არიან წარმოქმნილი. ცნობილია ბევრი ასეთი გვარის ადრინდელი გვარიც. მაგალითად, დიღმელაშვილები გენებაშვილებისაგან მომდინარეობენ, ეგრისელაშვილები – ბერიძეებისაგან. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ყოველთვის საისტორიო და ეთნოგრაფიული მონაცემების ერთობლივი გააზრებაა საჭირო. ჩოხელის გვარი ნამდვილად გეოგრაფიული ტიპის გვარია.
რაც შეეხება ფშაველი ჩოხელაშვილების გვარს, ის სრულიადაც არაა მიღებული გვარსახელ ჩოხელზე -შვილი სუფიქსის დართვით. ჩოხელაშვილების გვარს საფუძვლად უდევს მამაკაცის სახელი "ჩოხელა", რომელიც მთაში ბოლო დრომდე ფართოდ იყო გავრცელებული. ჩოხელაშვილები წოწკოლაურებიდან წარმომავლობენ და ეს გვარი ფშავში ("ლაშარის ჯვრის დეკანოზი ჩოხელაშვილი ნადირა") 1750 წლის საბუთშია მოხსენიებული. ასეთივე ვითარებასთან გვაქვს საქმე მარგველაშვილის, სურამელაშვილის, ფავლენიშვილის, ჯაველიძის, გავაშელიშვილის (გავაშელიძის), ვარძიელაშვილის გვარებთან დაკავშირებით. ქართულ საისტორიო საბუთებში ხშირადაა დაფიქსირებული მამაკაცის სახელები "მარგველა", "სურამელა", "ფავლენა", "ჯაველა", "გავაშელი", "ვარძიელა". მაგალითად: 1715 წელს რუისის სამწყსოს დავთარში სოფ. ფრცას დასახელებულია "უწყენაშვილი მარგველა". 1755-1760 წლების საბუთში – ფალავანდიშვილი ფავლენ". XVI საუკუნის საეკლესიო საბუთში შეტანილი არიან "გავაშელ კვირკველია" და "გავაშელ კიტია". სწორედ ამ სახელებიდან მომდინარეობენ დასახელებული გვარები და არა ტოპონიმებიდან. ეს გვარებიც ეპინიმურ გვარსახელთა ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ. ამ შემთხვევაში მხოლოდ იმაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ აღნიშნულ სახელებს საფუძვლად უდევთ ტოპონიმიდან ნაწარმოები მამაკაცის სახელი.
II. როგორც აღვნიშნეთ, გვარსახელი არის მემკვიდრეობითი სახელი, რომელიც სამი თაობის განმავლობაში მაინც გადაეცემა თაობიდან თაობას. ქართულ სინამდვილეში მხოლოდ გვარსახელი არაა მემკვიდრეობითი სახელი. მემკვიდრეობითი სახელია აგრეთვე გვარის დანაყოფის სახელიც, რომელიც საქართველოს უმეტეს მხარეებში დიდი მდგრადობით გამოირჩეოდა. ქართულ მეცნიერებაში მეორე მემკვიდრეობითი სახელის (გვარის განაყოფის სახელის) აღსანიშნავად გამოიყენება ორი ტერმინი: "შტო-გვარი" და "ქვეგვარი". პირველის შემოტანა სამეცნიერო ლიტარეტურაში ს. ჯანაშიას სახელთანაა დაკავშირებული, მეორისა – ვ. ბარდაველიძის. პირველი ენათმეცნიერთა სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა, მეორე _ ეთნოგრაფთა. მიგვაჩნია, რომ ორივე ეს ტერმინი ხელოვნურადაა შემქმნილი. ისინი სრულიად არ გამოხატავენ აღნიშნული სოციალური ერთეულის სახელწოდებას. ამას გარდა, მეორე მემკვიდრეობითი სახელის აღსანიშნავად ონომასტიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში შემოთავაზებულია ტერმინი "მეტგვარი" (ს. მელიქიძე). ეთნოგრაფიულ და ლინგვისტურ სამეცნიერო ლიტერატურაში გვარის განშტოებების (დანაყოფების) აღსანიშნავად გამოიყენებენ ზოგადი ეთნოლოგიური ლიტერატურიდან ნასესხებ ტერმინებს: "ფრატრია", "პატრონიმია". პირველი გვარის დანაყოფის მნიშვნელობით არასწორად გამოიყენებოდა 30-იანი წლების სამეცნიერო ლიტერატურაში. ამ ტერმინის ("ფრატრია") გამოყენება მიუღებელია, რადგან: ა) მას იყენებენ პირველყოფილი საზ-ის სოციალური უჯრედის აღსანიშნავად; ბ) "ფრატრია" წარმოადგენდა არა გვაროვნული გვარის დანაყოფების სახელწოდებებს, არამედ, პირიქით, ერთი ტომის ორი ან რამდენიმე გვარის გაერთიანებას. ერთი შეხედვით შეიძლება მისაღები ყოფილიყო ტერმინი "პატრონიმია", რადგან იგი თავისი შინაარსით აღნიშნავს მამის სახელს, ერთი საერთო წინაპრის შთამომავლებს (pater-მამა, onyma-სახელი), მაგრამ ამ ტერმინსაც კლასობრიობამდელი საზოგადოების გვარის დანაყოფებს უწოდებენ. თუმცა შეინიშნება სამეცნიერო ლიტერატურაში "პატრონიმია" უწოდონ კაპიტალიზმამდელი პერიოდის გვარების დანაყოფებს.
მეორე მემკვიდრეობითი სახელის (გვარის დანაყოფის სახელწოდების) აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ (ისტორიულ-გეოგრაფიულ) კუთხეში სხვადასხვა სიტყვა (ტერმინი) გამოიყენება: "მამანი", "მამიშვილობა", "ბუდობა", "კომობა", "ბაბუიშვილობა", "ბუნე", "სახიჯარი", "თოხუმი", "ქექილი", "ნარყი", "მეტსახელი", "გვარზე მეტი", "განაყრობა", "სამხუბი", "ლამხუბი", "თური", "დინო", "გამნარყი"... სამეცნიერო ლიტერატურაში გვარის დანაყოფის სახელადაა მიჩნეული "კილიც", მაგრამ როგორც ინეზა გაბელაიას მიერ აბაშის ხეობაში შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა, აქ "კილი" მხოლოდ გვარის მეტსახელია და არა გვარის დანაყოფის სახელი.
გვარის დანაყოფის, განაყრობის სოციალური ერთეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მდგრადობა-სიმტკიცით ხასიათდებოდა. ერთი რამ ცხადია, რომ ის ცვალებადობას, ახლის წარმოქმნას უფრო ექვემდებარებოდა, ვიდრე გვარსახელი. თუმცა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, როგორც საისტორიო, ისე ეთნოგრაფიული და ლინგვისტური მონაცემებით ჩანს, მეორე მემკვიდრეობითი სახელიც თავისი წარმოშობით უაღრესად ძველია და თითქმის იმავე ხნოვანებისაა, რა ხნოვანებისაც არიან გვარსახელები, რომელშიც ისინი შედიან. აქ შეიძლება გავიხსენოთ რ. ხარაძისა და იზ. ჩანტლაძის ნაშრომები ხევსურული და სვანური გვარებისა და გვარის დანაყოფთა შესახებ. როგორც გვარსახელებს, მეორე მემკვიდრეობით სახელებსაც საფუძვლად უმეტესად მამაკაცის სახელები აქვთ. უფრო დიდ სოციალურ ერთეულსა (გვარსახელი) და მცირე სოციალურ ერთეულს (გვარის დანაყოფის სახელწოდება) შორის განსხვავება ისიცაა, რომ პირველი ძირითადად ფიქსირებული იყო და ფიქსირდება ოფიციალურ იურიდიულ და სხვა სახის დოკუმენტებში. მეორე სახელი კი არსად არ ფიქსირდება, მას იურიდიული ძალა არა აქვს და ის მხოლოდ ხალხის მეხსიერებაში არსებობს. ამასთანავე, მას ყოველთვის გარკვეული სოციალური შინაარსი ჰქონდა და აქვს. მეორე მემკვიდრეობითი სახელის მატარებელნი უფრო მრავალი სოციალური ვალდებულებებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ვიდრე გვარსახელის მატარებელნი. სოფელში სახელდებისას ძირითადად მეორე მემკვიდრეობითი სახელი გამოიყენებოდა. ს. მაკალათია მთის რაჭის შესახებ წერდა, რომ მხოლოდ "კომლობრივი სახელით შეიძლება აქ ადამიანის მონახვა. მაგალითად, თქვენ თუ იკითხავთ ივანე ლობჯანიძეს, მას ვერ გიჩვენებენ. უნდა იკითხოთ ივან ზვიადეენთ ლობჯანიძე, რომელი სახელით ეს კომლი ცნობილია და მაშინ კი გაიგებენ. მათში გვარს არ იხსენიებენ და ხშირად არც იციან ამა თუ იმ პირის გვარი, არამედ ჩვეულებრივ იტყვიან: მიხა ერმილეენთი, მამუკო ნინიკიანთი და სხვ." (ს.მ. 1987, გვ. 50). დავსძენთ, რომ გვარის მრავალრიცხოვნობის პირობებში, პიროვნების გვარის დანაყოფის სახელით მოხსენიება ერთადერთი პრაქტიკული გამოსავალიც იყო.
არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ხშირად გვარის დანაყოფებს ჰქონდათ ტენდენცია ახალ გვარად გარდაქმნისაკენ. ე.ი. რომ დავაკონკრეტოთ, ახალ გვარებს საფუძლად ედებოდა არა მარტო მამის სახელი, არამედ გვარის დანაყოფის სახელიც. ამის ტიპიურ მაგალითად ფშავი შეიძლება დავასახელოთ, სადაც გვიანფეოდალურ პერიოდში (XIX ს-ის ჩათვლით) მოხდა დედა-გვარიდან ახალი გვარსახელების წარმოქმნა. მამიშვილობათა სახელები პირდაპირ გვარსახელებად იქცნენ. ისიც მოხდა, ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში, გვარის დანაყოფთა სახელები გვარსახელებად რომ იქცა, მოგვიანო პერიოდში ამ ახალი გვარსახელების წარმომადგენლები ისევ დაუბრუნდნენ ადრინდელ გვარს და გვარის დანაყოფის ადრინდელი სახელი ისევ დანაყოფის სახელად აქციეს. ასეთი მოვლენა შენიშნული გვაქვს ხევში.
წიკლაურთა გვარის ერთ-ერთი დანაყოფია გოთიენი: "გოთიეთ ვეძახით, გვარად წიკლაურები არიან". 1774 წლის აღწერაში სოფ. სიონში გოთიაური გვარადაა ჩაწერილი: გოთიაური თამაზის შვილი გია, იასე, გიორგი და პაპუა". აქ პირველი გვარია, მეორე – მამის სახელი და მესამე – სახელები. 1831 წელს ისინი კვლავ აღნიშნული გვარით, მაგრამ შეცვლილი ფინალით – ("გოთიაშვილი") არიან ჩაწერილი. 1886 წელს კი თავდაპირველ გვარს – წიკლაურს დაუბრუნდნენ. საისტორიო საბუთებით იმის შესაძლებლობაც გვეძლევა, დავადგინოთ რა ხნოვანებისაა ესა თუ ის მეორე მემკვიდრეობითი სახელი. მაგალითად, სტეფანწმინდელი ალიბეგაშვილების გვარი ოთხი განაყრობისაგან შედგება: "ხოტიენი", "ყაზგერენი", "იენი" და "ცაცვენი". ამ მამიშვილობებიდან ორს საფუძველი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩაყრია. 1774 წლის აღწერაში მოხსენიებული არიან ია და ყაზგერ ალიბეგაშვილები. ცალკე განაყრობას ქმნიდნენ ამა თუ იმ გვარში შესული სხვა გვარის წარმომადგენლები. მაგალითად, ხევის სოფ. ყაბონში მცხოვრებ კობიაშვილების გვარში შესული არიან ძირად ქისტის _ ხუტის შთამომავალნი, რომლებსაც "ხუტიეთ განაყრობას" უწოდებენ. 1774 წლის აღწერაში ფიქსირებულია "კობიაიძე ხუტის შვილი მგელი და ბეჟან".
ახლა მოკლედ უნდა დავუბრუნდეთ ისევ გვარის დანაყოფთა მეორე მემკვიდრეობითი სახელების აღმნიშვნელ სახელწოდებებს. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა სიტყვა გამოიყენება. უმეტესი მათგანი წარმოშობით ქართული ტერმინებია. გვაქვს უცხო წარმოშობის ტერმინებიც. მაგალითად, "ბუნე" გვარის დანაყოფს ეწოდება ზემო იმერეთში. თეიმურაზ ბაგრატიონის ლექსიკონით "ბუნი//ბუნია არაბულათ საფუძველსა ნიშნავს". მას მ. ანდრონიკაშვილი ირანულიდან შემოსულად თვლის. სამწუხაროდ, მეორე მემკვიდრეობითი სახელის აღმნიშვნელი სხვადახვა ქართული სიტყვები (დიალექტური სიტყვები) თითქმის არც ერთი არაა შეტანილი ქარული ენის განმარტებით ლექსიკონში. იშვიათად არიან ისინი განმარტებულნი დიალექტურ ლექსიკონებში, თანაც არასრულფასოვნად. ერთგვარი გამონაკლისია ქ. ძოწენიძის ლექსიკონი, რომელშიც "ბუნე" განმარტებულია, როგორც ერთი პაპის შთამომავალნი. როგორც აღვნიშნეთ, სამეცნიერო ლიტერატურაში გვარის სახელწოდების აღსანიშნავად ორი (უფრო სწორად სამი) ტერმინია შემოთავაზებული: შტო-გვარი, ქვე-გვარი და მეტგვარი. ჩვენ ეს ტერმინები შესატყვის ტერმინებად არ მიგვაჩნია და არც სრულად ასახავენ იმ სოციალურ ერთეულს, რომელზედაც გვაქვს ლაპარაკი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია გვარის დანაყოფის სახელწოდების აღსანიშნავად ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ერთი ტერმინი დამკვიდრდეს, რომელსაც ქართველი ხალხი ცოცხალ სასაუბრო მეტყველებაში იყენებს. ერთი და იმავე სოციალური ერთეულის (უჯრედის) აღსანიშნავად ენათმეცნიერმაც და ეთნოგრაფმაც ერთი ტერმინი უნდა გამოიყენოს. ამ თვალსაზრისით, ჩვენი აზრით, უპირატესობა ერთ-ერთ დიალექტურ ფორმას უნდა მიენიჭოს. ასეთ ტერმინად "მამიშვილობა" (ანდა "განაყრობა") მიგვაჩნია. საბოლოოდ კი ყველაფერი შეთანხმებაზეა დამოკიდებული.



სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან -  “ქართველური მემკვიდრეობა“,  I ტ, ქუთაისი, 1997 წ. გვ. 91-97.

 


megobari saitebi

   

01.10.2014