samnaviani bazilikis arqiteqturuli tipis arsebobis etapebi saqarTveloSi

სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ გავრცელდა. ქრისტიანული ხუროთმოძღვრების წინაშე დასახული ახალი ამოცანების გადაწყვეტა, ცხადია, ქვეყანაში არსებული არქიტექტურული პოტენციალის გამოყენებით განხორციელდა. ქრისტიანული ტაძრის აგების რეგლამენტირებული მოთხოვნის პირობებში, ძირითადად, სწორედ ადგილობრივი სამშენებლო პოტენციალი განაპირობებდა საქართველოში საეკლესიო ხუროთმოძღვრების ფორმირებისა და განვითარების თავისებურებებს, რაც ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის გააზრებაშიც აისახა.
საქართველოს გეოგრაფიული თავისებურებანი და გეოპოლიტიკური მდებარეობა, განაპირობებდა სამშენებლო საქმის უძველესი დროიდან განვითარებას. ხელსაყრელი, მრავალფეროვანი ლანდშაფტური და კლიმატური პირობები უხსოვარი დროიდან მოსახლეობის არსებობის და შესაბამისი სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს ქმნიდა. ამასთან, ძველი ცივილიზაციის კერებთან სიახლოვე ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას იძლეოდა, რაც ხელს უწყობდა არქიტექტურული თუ კონსტრუქციული მიღწევების თანადროულად ათვისებას და, შედეგად, ხუროთმოძღვრების განვითარების სტიმულირებას. საუკუნეების განმავლობაში დასავლეთისა და აღმოსავლეთის მოწინავე კულტურის ცენტრებთან ინტენსიური ურთიერთობების შედეგად გამომუშავდა არქიტექტურული, კონსტრუქციული თუ სტილისტური ინოვაციების თანადროულად შეთვისების და თავისებურად გააზრების უნარი. საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურად აღიარების ხანაში ამგვარი სამშენებლო პოტენციალის არსებობამ ხუროთმოძღვრების წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტა განაპირობა. საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებულმა ინოვაციების შეთვისების უნარმა ხელი შეუწყო ქრისტიანული რელიგიის მოთხოვნებთან სწრაფ ადაპტირებას და შესაბამისად ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის გავრცელებას. თუმცა ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ტიპებისა და ფორმების გავრცელება ადგილობრივ ტრადიციების გათვალისწინებით განხორციელდა. შედეგად, ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის გააზრებამ საქართველოში შიდა სივრცის ცენტრული გადაწყვეტის პრინციპზე დაფუძნებული ტრადიციის ზეგავლენით თავისებური სახე მიიღო. ბაზილიკისთვის დამახასიათებელი ძლიერ წაგრძელებული გეგმარება და დასავლეთი შესასვლელის პრიორიტეტი საქართველოში კვადრატს მიახლოვებულმა გეგმარებამ შეცვალა, ხოლო უპირატესი მნიმვნელობა გრძივი ფასადების შესასვლელებს მიენიჭა. წინაქრისტიანულ ხანაში დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციის ცენტრებთან ურთიერთობების ბაზაზე შექმნილმა მრავალფეროვანმა მხატვრულ-სტილისტურმა რეპერტუარმა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში განსხვავებული დეკორატიული ფორმების გამოყენება განაპირობა. ამ პერიოდის ბაზილიკებში გვხვდება როგორც კლასიკური კაპიტელების, მარმარილოს ინკრუსტაციის, იატაკის მოზაიკის (მაგ.: ბიჭვინტა, ვაშნარი) მაგალითები, ასევე სასანური ირანის ხელოვნების გარკვეული გავლენით შექმნილი რელიეფური კომპოზიციები (მაგ.: ბოლნისის სიონი, ხაშმი).
საქართველოში სამნავიანი ბაზილიკების მშენებლობის პირველი ეტაპი V, VI, VII საუკუნეებს მოიცავს და თანხვდება ქართული ხუროთმოძღვრების ადრეული შუა საუკუნეების პერიოდს. ეს ბაზილიკები მდებარეობს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველი ეტაპის სამნავიანი ბაზილიკების დიდი ნაწილი ძალზე ცუდად არის შემორჩენილი, ზოგიერთი გადაკეთებულია.
არსებული მონაცემები საშუალებას იძლევა პირველი ეტაპის ბაზილიკებში რამდენიმე ჯგუფი გამოვყოთ.
პირველი ეტაპის ერთგვარ საწყის საფეხურს წარმოადგენს V საუკუნის ორი ძეგლი _ ძველი შუამთა და მატანის ცხრაკარა. ეს ბაზილიკები მომცრო ზომისაა და თავისებური გადაწყვეტით ხასიათდება. უმთავრესია ცენტრულობის პრინციპის დომინირება, რაც მიიღწევა ნაგებობის პროპორციულ თანაფარდობით (სიგრძე-სიგანის შეფარდების სიმცირე), არქიტექტურულ სტრუქტურაში დასავლეთი ნავის არსებობით და მხოლოდ ერთი წყვილი საყრდენის გამოყენებით. სამნავიანი ბაზილიკისათვის ტრადიციული სამი ნავის გარდა დასავლეთი ნავის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამგვარ კომპოზიციურ სქემას, რომელიც გარკვეულ მსგავსებას ავლენს საქართველოში დადასტურებულ ქრიატიანობამდელი ხანის ცენტრული გეგმარების ნაგებობებთან (მაგ.: ციხიაგორა, დედოფლის მინდორი), უნდა უკავშირდებოდეს გარშემოსავლელის წარმოშობა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული სამეკლესიიან ბაზილიკებში და გვხვდება სამნავიან ბაზილიკებშიც.
ძველი შუამთისა და მატანის ბაზილიკების მნიშვნელობას განსაზღვრავს არა მხოლოდ მათი სიძველე (V ს.), არამედ არქიტექტურული გადაწყვეტის თავისებურება. ამ ძეგლებში განირჩევა როგორც ბაზილიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები (სამი ნავი, მათი პროპორციული თანაფარდობა, ნავების საყრდენებით გამიჯვნა [მატანში მხოლოდ ჩრდილოეთი ნავის] ე.წ. ბაზილიკური ჭრილის არსებობა, ასევე ამ არქიტექტურული ტიპისათვის უცხო ტენდენციები (სიგრძივი ღერძის სიმოკლე, ცენტრულობის პრინციპი). ამას გარდა აქ გამოიკვეთა ისეთი კომპოზიციური სქემა, რომელმაც შემდგომში ქართულ არქიტექტურაში ფართოდ გავრცელებული გარშემოსავლელის წარმოშობა განაპირობა.
სამნავიანი ბაზილიკების პირველი ეტაპის საწყისი პერიოდის ძეგლების შემდგომ ჯგუფს ქმნის თავისი მასშტაბით და არქიტექტურული ღირებულებით გამორჩეული ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფის  ძეგლები: ბოლნისის სიონი, წყაროსთავი, ურბნისი, ხაშმი, ანჩისხატი, კონდოლი, ნატკორა, ხირსა, ვაზისუბანი. თავისი პარამეტრებით ამ ჯგუფს უახლოვდება ნასტაკისის ბაზილიკა, რომლის მხოლოდ გეგმა იკითხება, სვეტიცხოველის და სავარაუდოდ წილკანის ბაზილიკა. ამ ძეგლებში სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის მთავარი კონცეფცია უკვე ნათლად არის გამოკვეთილი. ნაგებობებში ხაზგასმულია დასავლეთ-აღმოსავლეთი ღერძი, ინტერიერის მხატვრულ სახეს არქიტექტურული ფორმების განმეორებით მიღწეული რიტმი განსაზღვრავს. ნათლად განირჩევა შიდა სივრცის მთავარი და დაქვემდებარებული ნაწილები, რომელთა ურთიერთდამოკიდებულება ჰარმონიული წონასწორობის პრინციპს ეფუძნება.
სამწუხაროდ, ამ ძეგლების დიდი ნაწილის ცუდი დაცულობის ან საფუძვლიანი გადაკეთების გამო, ძნელია მათი თავდაპირველი სახის სრულად აღდგენა, რაც მკვლევართა შორის ცალკეული ძეგლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობას წარმოშობს.
ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფის ძეგლები გამოირჩევა დიდი ზომით და ამ არქიტექტურული ტიპისათვის დამახასიათებელი ნათლად გამოვლენილი ნიშნებით. უმთავრესია დასავლეთ-აღმოსავლეთი ღერძის ხაზგასმა, რაც ნაგებობის პროპორციული განაწილებით და საყრდენების სიმრავლით მიიღწევა (მაქსიმუმი 5 წყ).
იმ ძეგლებში, სადაც საყრდენების რაოდენობა ნაკლებია, გრძივი ღერძის პრიორიტეტი თაღების ზომის გაზრდით არის შენარჩუნებული. საყრდენი და თაღი ქმნის ერთინ მოდულს, რომლის განმეორებადი გამოყენებით ყალიბდება ნაგებობის არქიტექტურული სტრუქტურა. ე.წ. დიდი ბაზილიკების გეგმა და სივრცობრივ-მოცულობითი გადაწყვეტა პროპორციულობისა და არქიტექტურული ნაწილების ურთიერთშეთანხმების პრინციპზეა აგებული. თავისი ზომითა და მდებარეობით გამოირჩევა საკურთხევლის აფსიდისაკენ მიმართული მთავარი შუა ნავი. გვერდითი ნავები დაქვემდებარებულ როლს ასრულებს, თუმცა მათი პროპორციები და არქიტექტურული გადაწყვეტა ნაგებობის საერთო წყობაში დამოუკიდებელი მნიშვნელობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
ამ ნაგებობებში იქმნება ერთიანი, ხალვათი სივრცე. არქიტექტურული ფორმების პროპორციები, საყრდენების რიგი, ზოგ შემთხვევაში საყრდენის ფორმა (ჯვრული, T-ს ფორმის), მასების ვერტიკალურ განვითარებას უწყობს ხელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ინტერიერში სივრცის შეგრძნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფის ძეგლების გეგმარება, სივრცობრივ-მოცულობითი გადაწყვეტა (ინტერიერი და ექსტერიერი) არქიტექტურული ტიპის ძირითად მოთხოვნებს პასუხობს, ცენტრულობის ტენდენცია ზოგ შემთხვევაში გარკვეულწილად მაინც ვლინდება. ეს უპირველეს ყოვლისა შესასვლელების პრიორიტეტული მნიშვნელობის საკითხს ეხება. საზოგადოდ, ბაზილიკაში მთავარი შესასვლელი დასავლეთის მხრიდან არის და ინტერიერის აღქმის ერთგვარ გასაღებს წარმოადგენს. რაც შეეხება ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფის ძეგლებს (ბოლნისის სიონი, ხაშმი), აქ უპირატესობა გრძივი ფასადის შესასვლელს ენიჭება. ეს არღვევს არქიტექტურული ტიპის ლოგიკურ სქემას და მასში სივრცის აღქმის სრულიად განსხვავებული, ცენტრული კომპოზიციისათვის დამახასიათებელი ელემენტი შემოაქვს.
პასტოფორიუმები ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფის უმეტეს ბაზილიკებში საკურთხევლის ორივე მხარეს არის გამოყოფილი, თუმცა ზოგიერთი, ძირითადად V და VI საუკუნის დასაწყისის ძეგლი, პასტოფორიუმების გარეშეა.
მინაშენების კვალი ამ ჯგუფის უმრავლეს ძეგლშია დადასტურებული. მეტ-ნაკლებად სრული სახით შემორჩენილია ბოლნისის სიონის გალერეები და ვაზისუბნის გარშემოსავლელი. ამ ძეგლებში მაღალმხატვრულ დონეზეა გააზრებული როგორც მათი არქიტექტურული სახის გადაწყვეტის, ასევე ნაგებობის ძირითად ნაწილთან მიბმის პრობლემა; გათვალისწინებულია ძირითად მასასთან პროპორციული ურთიერთდამოკიდებულების, ნაგებობის სილუეტის გამომსახველობის საკითხი.
საქართველოს ბაზილიკების პირველი ეტაპის ამ ჯგუფის ძეგლების, ისევე როგორც საწყისი პერიოდის ბაზილიკების, მხატვრულ-დეკორაციული გადაწყვეტა, ძირითადად, სისადავით ხასიათდება. გასათვალისწინებელია, რომ უმეტესი ძეგლები კახეთში მდებარეობს, ხოლო ამ რეგიონის არქიტექტურულ ძეგლებს მორთულობა არ ახასიათებს. ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფის ძეგლებში გამორჩეულია ბოლნისის სიონის და ხაშმის რელიეფები. მხატვრული და იკონოგრაფიული თვალსაზრისით განსაკუთრებით ღირებულია ბოლნისის სიონის სვეტისთავები.
ქრონოლოგიურად და ნაგებობათა მასშტაბით ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფის ძეგლებს უახლოვდება დასავლეთ საქართველოს ბაზილიკები, რომელთაც რიგი თავისებურებანი ახასიათებს. ეს ბაზილიკებია: ბიჭვინთა, ნოქალაქევი, სეფიეთი, ალაჰაძე, ციხისძირი, განთიადი, ვაშნარი, ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა, ცაიში. აღნიშნული ძეგლები ცუდად არის შემორჩენილი. უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გეგმა იკითხება და ამიტომ რიგი საკითხების კვლევა ფაქტიურად შეუძლებელია. მეტნაკლებად ნათელი სურათის შექმნის შესაძლებლობას მათი აღმოსავლეთ საქართველოს ბაზილიკებთან მიმართებაში განხილვა იძლევა. დასავლეთ საქართველოში თლილი ქვით ნაგები ძეგლების გარდა გვხვდება კედლის წყობაში ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობა – ე.წ. ოპუს მიხტუმ წყობა, რაც აღმოსავლეთ საქართველოს ბაზილიკებისათვის არ არის დამახასიათებელი და ბიზანტიური არქიტექტურის გავლენაზე მიუთითებს. დასავლეთ საქართველოში შვერილაფსიდიანი ძეგლებია გავრცელებული, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე გამონაკლესის გარდა გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდებია. ბაზილიკებში პასტოფორიუმები არ არის (გამონაკლესია ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა, რომელიც გუმბათიანად არის გადაკეთებული), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ისინი არ აქვს მხოლოდ V-VI საუკუნეების რიგ ძეგლებს. ბაზილიკების დიდი ნაწილი წაგრძელებული გეგმარების, მრავალსაყრდენიანი (მაქსიმუმი 5წ ყ.), მასშტაბური ნაგებობებია. ამ ძეგლების შუა ნავის გვერდითებთან შეფარდება სჭარბობს აღმოსავლეთ საქართველოს ბაზილიკების შესაბამის მონაცემს. ძეგლების შუა ნავის სიგანე (გამონაკლისია ალაჰაძე) ასევე აღემატება აღმოსავლეთ საქართველოს ბაზილიკების შესაბამის მონაცემს.
თუ აღმოსავლეთ საქართველოს ბაზილიკებში სხვადასხვა ფორმის საყრდენი გამოიყენება, დასავლეთ საქართველოში ძირითადად გეგმაში კვადრატული საყრდენია დადასტურებული. სწორკუთხა ფორმაა ალაჰაძის ბაზილიკაში. ამასთან გამოვლენილია მარმარილოს კოლონის, აკანთის ფოთლიანი კაპიტელის (ბიჭვინტა), იონური კაპიტელის (ვაშნარი) ფრაგმენტები, რაც ბიზანტიის ხუროთმოძღვრებასთან კავშირზე მიუთითებს. დასავლეთ საქართველოს ძეგლებში აღმოსავლეთისაგან განსხვავებით პილასტრები არ გვხვდება. ბაზილიკებში სხვადასხვა სახის მორთულობის ელემენტების ფრაგმენტებია დადასტურებული – კლასილური კაპიტელები, იატაკის მოზაიკა, მარმარილოს ინკრუსტაცია, რაც ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტის მრავალფეროვნებაზე მეტყველებს.
დასავლეთ საქართველოს ძეგლებში პასტოფორიუმების, პილასტრების უქონლობა, სანათლავის მოწყობა გარკვეულწილად მათ ადრეულ თარიღს უკავშირდება. რაც შეეხება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებს შორის აღნიშნულ ზოგიერთ განსხვავებას, ეს გავლენის სხვადასხვა სფეროს არსებობით უნდა აიხსნას.
დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებში ე.წ. ოპუს მიხტუმ წყობის, შვერილი აფსიდის, ნარტექსის, ინტერიერის მორთულობის მრავალფეროვანი საშუალებების, კლასიკური კაპიტელების გამოყენება ბიზანტიური არქიტექტურის გავლენაზე მიუთითებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბაზილიკები მეტ სიახლოვეს აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს, კერძოდ, სირიის, სომხეთის ძეგლებთან ამჟღავნებს, ვიდრე ბაზანტიის ხუროთმოძღვრულ ნიმუშებთან. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევაში (მაგ.: ბოლნისის სიონის სვეტისთავები) სასანური ირანის ხელოვნების ერთგვარი გავლენაც აღინიშნება.ამრიგად, ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის გააზრება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მსგავსი მასშტაბისა და პროპორციების ნაგებობების სახით განხორციელდა. რაც შეეხება განსხვავების არსებობას, ეს სხვადასხვა კულტურული კავშირების არსებობით განპირობებული საქართველოს ხუროთმოძღვრების მრავალმხრივობის გამოხატულებად ისახება.
საქართველოს სამნავიანი ბაზილიკების მეორე ეტაპი მოიცავს VIII, IX და IX-X საუკუნეებით დათარიღებულ ძეგლებს და ქრონოლოგიურად თანხვდება ქართული არქიტექტურის გარდამავალ ხანას.
VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება ზედაზენი, ალვანი, თიანეთის სიონი, რევაზაშენი, ქვაბისხევი, აკურა, ბოდბე, ჟალეთი, ყაზბეგის ახალციხე, ყველაანთუბანი, ხევის სიონი მოსაბრუნის, კორინთას, ლოპოტის ხევის, ესბეკის, პარეხთას, ქობთავის ბაზილიკები.
ქართულ ხურითმოძღვრებაში გარდამავალი ხანა საინტერესო, ძიებებით აღსავსე პერიოდია. ამ დროს მრავლად იგება თავისებური, ორიგინალური გადაწყვეტით გამორჩეული ძეგლები. აღსანიშნავია, რომ ეპოქის ეს ნიშანი გარკვეუწილად სამნავიანი ბაზილიკის ტიპზეც ვრცელდება. ამ პერიოდის რიგ ბაზილიკებში აღინიშნება ისეთი არქიტექტურული ფორმები და კომპოზიციური სქემები, რომლებსაც პარალელი არ ეძებნება. მეორე ეტაპის სამნავიან ბაზილიკებში ძეგლთა ცალკეული ჯგუფების გამოყოფა არ ხერხდება. ამასთან ნათლად იკვეთება საერთო ნიშან-თვისებები, რაც ამ ეტაპის ძეგლების არქიტექტურული სახის განმსაზღვრელად გვევლინება.
მეორე ეტაპის სამნავიანი ბაზილიკების უმთავრეს მახასიათებელს წარმოადგენს გრძივი ღერძის დამოკლება და გეგმის კვადრატთან მიახლოვება; შესაბამისად საყრდენების რიცხვის შემცირება ორ და ზოგიერთ შემთხვევაში (რევაზა-შენი, ქვაბისხევი, აკურა) ერთ წყვილამდე. სამი ან მეტი წყვილი აღრიცხულ ძეგლებში საერთოდ არ გვხვდება. ამდენად ამ პერიოდის ბაზილიკები სიგრძე-სიგანის პროპორციული თანაფარდობით სრულიად აღარ შეესაბამება ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის მოთხოვნებს და ცენტრული ნაგებობისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ავლენს. ინტერიერში აღარ ხორციელდება საყრდენისა და თაღის განმეორებით შექმნილი რიტმული მონაცვლეობა, რაც ასე დამახასიათებელია ბაზილიკის არქიტექიტურული ტიპისათვის. შუა და გვერდითი ნავების გამმიჯნავი საყრდენების სიმცირის გამო იკვეთება მათი ერთიან სივრცედ ჩამოყალიბების ტენდენცია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაგებობაში მთავარი შესავლელი უმეტესად სამხრეთი მხრიდან არის და ინტერიერის აღქმაც შესაბამისად ხორციელდება, ნათელი ხდება, რომ მეორე ეტაპის ძეგლების ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა ფაქტიურად ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის ძირითადი ნიშნების უგულებელყოფის შედეგია.
შეიქმნა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი ცენტრული ნაგებობისათვის დამახასიათებელი ნიშნებით. მეორე ეტაპის ბაზილიკა აღარ არის წაგრძელებული გეგმარების, საყრდენების რამდენიმე წყვილის მქონე ნაგებობა, სადაც ინტერიერის მხატვრულ სახეს არქიტექტურული ფორმების (საყრდენი, თაღი)
მრავალჯერადი მონაცვლეობის პრინციპი განსაზღვრავს. ამ ძეგლებს ახასიათებს კვადრატს მიახლოვებული გეგმა, საყრდენების მინიმალური როდენობა, ერთიანი, ნაკლებად დანაწევრებული სივრცე. მეორე ეტაპის ძეგლები სარკმელების რაოდენობის სიმცირის მიუხედავად ძირითადად საკმაოდ კარგად განათებულია (გამონაკლისია ქობთავი), რაც განპირობებულია შედარებით მომცრო ზომის ნაგებობათა კვადრატს მიახლოვებული გეგმარებით, როცა ოთხი მხრით, კედლის ზედა ნაწილში განლაგებული სარკმელებიდან შემოსული სინათლის სხივი ცენტრში იყრის თავს.
მეორე ეტაპის სამნავიან ბაზილიკებში ნათლად არის გამოვლენილი ცენტრულ კომპოზიციასთან დაახლოვების და საკუთრივ ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის რიგი მახასიათებლების უარყოფის ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ ამ ეპოქის ბაზილიკები თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით და მნიშვნელობით ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში ვერ უტოლდება პირველი ეტაპის ძეგლებს, მაგრამ აღნიშნული თავისებურებების გამო სამნავიანი ბაზილიკის ტიპის საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენს.
საქართველოს სამნავიანი ბაზილიკების მესამე ეტაპს განეკუთვნება X და XI საუკუნის დასაწყისის ძეგლები – ვერე, ოთხთაეკლესია, პარხალი, ურთა, სანაგირე, კვირიკეწმინდა. X საუკუნეს განეკუთვნება ასევე ზედა თმოგვის და სვეტის ბაზილიკები. ამ ეტაპის მნიშვნელობის განმსაზღვრელია ისეთი ძეგლები, როგორიცაა ოთხთაეკლესია და პარხალი. მათთან გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებს, თუმცა სრულიად განსხვავებული გეგმისაა სანაგირეს ბაზილიკა. რაც შეეხება ურთას ბაზილიკას, ის ძლიერ გადაკეთებულია. ვერე რიგი თავისებურებებით გამოირჩევა. კვირიკეწმინდა, რომელიც რაჭაში მდებარეობს, აღსანიშნავია იმით, რომ დასავლეთ საქართველოში VI საუკუნის შედგომ აგებულ სამნავიანი ბაზილიკის ნიმუშს წარმოადგენს.
საქართველოს სამნავიანი ბაზილიკების ბოლო, მესამე ეტაპის მრავალმხრივ გამორჩეული ძეგლები ოთხთაეკლესია და პარხალი თავისი მასშტაბით და არქიტექტურული ღირებულებით ისევე მნიშვნელოვანია ქართული არქიტექტურის ისტორიისათვის, როგორც ადრეული ბაზილიკები. ამ ძეგლებში მეორე ეტაპის ძეგლებისაგან განსხვავებით ნათლად არის გამოვლენილი არქიტექტურული ტიპის სახასიათო ნიშნები _ გრძივი ღერძი, საყრდენების რამდენიმე, ამ შემთხვევაში ოთხი წყვილი. ეს ნაგებობები ზომით და სიგრძე–სიგანის პროპორციებით ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფის ძეგლებს მოგვაგონებს, მაგრამ მთელი რიგი ნიშნებით მათგან განსხვავებულ არქიტექტურულ სახეს ქმნის.
მესამე ეტაპის ამ ძეგლებს და პირველი ეტაპის ბაზილიკებს შორის ძირითადი განსხვავება საყრდენების განაწილების პრინციპშია. ე.წ. დიდი ბაზილიკების ჯგუფის ძეგლებში საყრდენებს შორის მანძილი და თაღების სიმაღლე თანაბარია. ასეთი გადაწყვეტა ტრადიციულია სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპისათვის და მისი არქიტექტონიკის განმსაზღვრელია.
საქართველოში სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის მესამე ეტაპი ხასიათდება ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის ძირითადი ნიშნების (წაგრძელებული გეგმარება, საყრდენების რამდენიმე რიგი) ხელახალი წარმოჩენით. იმავდროულად რიგი არქიტექტურული ფორმების და კომპოზიციური სქემების თავისებურებაში ვლინდება თანადროული ეპოქის, ასევე გუმბათიანი არქიტექტურის გავლენა.
XI საუკუნის შემდგომ საქართველოში იგება ცალკეული ძეგლები, რომლებიც უკვე არსებული არქიტექტურული სქემების მეტ-ნაკლებად განსხვავებულ მხატვრულ დონეზე განხორციელების შედეგს წარმოადგენს და სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის თვისობრივად ახალ ეტაპს აღარ ქმნის.
ესენი არის XIII-XIV საუკუნეების ქლივანა, ჭარები და XVI საუკუნის იტრია. ეს ძეგლები საშუალო ზომის, ორი წყვილი საყრდენის მქონე ბაზილიკებია. ერთგვარი ასიმეტრიულობით გამოირჩევა ჭარები, რომელსაც ირეგურალური ფორმის ჩრდილოეთი სათავსი აქვს. მათ გარდა XVI – XVII საუკუნეებს განეკუთვნება ილემი და ნოსტე.





სტატიის ავტორი ნათელა ჯაბუა
მასალა აღებულია წიგნიდან – სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი საქართველოში. თბილისი, 2009წ.
მასალა ადაპტირებულია მარინა იტრიაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის
www.dzeglebi.ge


 

 


megobari saitebi

   

01.10.2014