ახალქალაქის სოფელი ოკამის ეკლესია

foto

ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, მრავალფეროვანი ლანდშაფტით და ასეთივე მრავალფეროვანი ხუროთმოძღვრებით. რთული ისტორიული ვითარების მიუხედავად დიდია აქ არსებულ სიძველეთა ქრონოლოგიური დიაპაზონი, უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე. გარდა სხვადასხვა არქიტექტურული ნაგებობებისა, მნიშვნელოვანია ეპიგრაფიკის ნიმუშები, ეკლესიების ფასადებზე მრავლადაა შემორჩენილი ლაპიდარული წარწერები, ასევე მონუმენტური ფერწერის ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის ოთხი პორტრეტიდან ერთი აქ, ვარძიაშია შემორჩენილი. რაც შეეხება ქრისტიანულ ტაძრებს, ისინი გამოირჩევიან მკაცრი, სადა გადაწყვეტით, იგრძნობა ერთდროულად სისადავე და სიძლიერე, რაც აახლოებს მას ჯავახურ ბუნებასთან. აღსანიშნავია შიდა სივრცის დინამიზმი, ზესწრაფულობა, რაც კონტრასტშია გარე მასების სტატიკურობასთან და სიმკაცრესთან. იქიდან გამომდინარე, რომ ჯავახეთი მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე იმყოფებოდა, ამან განაპირობა ამ მხარის არქიტექტურის მრავალფეროვნება  და ამასთანავე მთის ბუნებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მრავლადაა უგუმბათო ნაგებობები, სარკმლების და შესასვლელების გადახურვა ბრტყელია, იგრძნობა მონუმენტურობა და სისადავე. აქ სომხების დასახლებამ დიდი გავლენა იქონია კულტურის ძეგლებზე, მათი კვალი დღესაც ეტყობა ქრისტიანულ ტაძრებს. სომხებმა და რუსებმა თითქმის მთლიანად დაშალეს ახალქალაქის XI საუკუნის ციხე და სამხედრო კაზარმები და სახლები აიშენეს. ბევრი ქართული ეკლესია მიითვისეს, ბევრი დაანგრიეს ან გადააკეთეს. მასიური ხასიათი მიიღო ეკლესია-მონასტრებზე ქართული წარწერების წაშლა-ამოფხეკამ და მათ ადგილზე სომხური წარწერების ჩასმამ. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა მაინც შემორჩა ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ისტორიული ძეგლები.
ახალქალაქის სოფ. ოკამში შემორჩენილია ეკლესიის ფრაგმენტები, ტაძარი ძლიერ დაზიანებულია, ფაქტობრივად შემორჩენილია ერთი, სავარაუდოდ, სამხრეთის კედელი. არსებული ფრამენტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ ის საკმაოდ დიდი ტაძარი იყო. უცნობია როდის აიგო, თუმცა იქიდან გამნომდინარე, რომ ის ნაგებია საკმაოდ დიდი  კვადრებით, რაც ადრეული პერიოდისთვისაა დამახასიათებელი, შესაძლებელია, რომ ადრეულ პერიოდში იყოს აგებული. ამას ადასტურებს ის რელიეფები რაც დღემდეა შემორჩენილი, მათ შორის ადრექრისტიანული სახეებიც, ბევრია ჯვრის გამოსახულებებიც. სამწუხაროდ ამ ტაძრის ქვები გამოიყენეს საავადმყოფოს ასაშენებლად, დღესაც გაირჩევა ეს ქვები ამ ნაგებობაზე, მათ შორის რელიეფური ქვებიცაა. ეკლესიაში იდგა სოფლის მაღაზია, რომელიც ამ ტაძრის ქვებით იყო ნაშენი, ის რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს. ადგილობრივთა მტკიცებით ოკამის ეკლესიის განადგურება იქ ადრე მცხოვრებ მაჰმადიან მოსახლეობას დაუწყია, მაგრამ არც მათი გადასახლების მერე აკლია ძეგლს უპატივცემლობა. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით შესაძლებელია ტაძრის აღდგენა, მითუმეტეს ის ერთადერთია სოფელში და საკმაოდ საინტერესო ძეგლს წარმოადგენს.

ბიბლიოგრაფია:

1. ჯავახეთი - მ. ბერიძე;
2. ჯავახეთი - კუკური მეტრეველი;
3. ჯავახეთი - ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი


1. სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი მზეონა ჩხეიძე;
2. ფოტოების ავტორი - სალომე გრიგალაშვილი

 


megobari saitebi

   

13.02.2016